Facebook Twitter

საქმე №ას-1268-2022 15 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ზ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სამინისტრო“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ზ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე" ), მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 27.10.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.05.2022 წლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 27.05.2022 წელს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე, რომელიც საქმის განხილვაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

4.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 372-ე, 387-ე, 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას.

4.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316.1, 317.1, 319.1, 327.1, 361.2, 115-ე, 8.3, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

4.4. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

4.5. დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოაგდენდა მოპასუხისთვის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) რეზიდენტურის სრული კურსის დაფინანსება კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება დაეფინანსებინა მოპასუხის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) რეზიდენტურის სრული კურსი, ხოლო მოპასუხემ (მაძიებელმა) იკისრა ვალდებულება დიპლომისშმდგომი განათლების (პროფესიული მზადების) რეზიდენტურის წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატის მინიჭების შემდეგ განეხორციელებინა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ სამი კალენდარული წლის განმავლობაში. განისაზღვრა მოპასუხის პასუხისმგებლობაც ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობის/პირობების შეუსრულებლობისას სამინისტროს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მაძიებელს, მოპასუხეს, მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით. სამინისტროს მიერ მოპასუხის დაფინანსება ხდებოდა ეტაპობრივად, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. სწავლის საფასურის სახით ჯამურად გაიცა 2550 ლარი.

4.6. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოპასუხემ წერილობით მიმართა სამინისტროს და წარადგინა პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4.7. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ყველა პირობაზე, მათ შორის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზეც პირგასამტეხლოს დაკისრების სახით, რაც მოიცავს მოსარჩელის მიერ მოპასუხის დასაფინანსებლად გაწეული თანხის ორმაგ ოდენობას. სადავო არაა, რომ ეს თანხა, 5100 ლარი მოპასუხეს უკვე გადახდილი აქვს. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს, რომ მას დამატებით ასევე შეუძლია მოითხოვოს 2550 ლარის ანაზღაურება მოპასუხისაგან, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან. იმ პირობებში, როდესაც მხარეები თანხმდებიან ურთიერთობის ცალკეულ დეტალებზე, მხარისთვის ბუნდოვანი, ამასთან, მოულოდნელი არ უნდა იყოს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესასრულებელი მოქმედებები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ კეთილსინდისიერად გადაიხადა ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო. საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეს არ ეკისრება ვალდებულება, შეთანხმების მიღმა არსებული რაიმე სახის ქმედება განახორციელოს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან.

4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რადგან სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) გამოუცხადებლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის და სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

10. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (სუსგ №ას-1337-2019, 02.03.2020წ.; სუსგ.№ას-2-2-2017, 14.07.2017წ.; სუსგ.Nას-81-2022, 31.05.2022წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა"მერიდიანი," თბილისი 2015, გვ.637). ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ№ას-920-2019, 27.11.2019წ. ).

12. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე მსჯელობისას ასევე უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე) (სუსგ. Nას-81-2022, 31.05.2022 წ.).

13. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 27.05.2022 წელს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე). აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საააპელაციო საჩივარში/ სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლოს გამო დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის ვალდებულების დარღვევის საფუძვლით უკვე გადახდილ პირგასამტეხლოსთან ერთად, დამატებით, სწავლის საფასურის დაკისრების თაობაზე.

14. განსახილველ შემთხვევაში სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლოს გამო დადგენილადაა მიჩნეული სააპელაციო საჩივარში /სარჩელში მითითებული გარემოებები მასზე, რომ:

14.1. 13.01.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს (მაძიებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც მოპასუხისათვის დიპლომისშემდგომი განათლების, რეზიდენტურის სრული კურსის დაფინანსება წარმოადგენდა. სამინისტრომ აიღო ვალდებულება მოპასუხის რეზიდენტურის სრული კურსი დაეფინანსებინა, ხოლო მაძიებელმა იკისრა ვალდებულება დიპლომისშემდგომი განათლების წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ სამი კალენდარული წლის განმავლობაში.

14.2. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას, სამინისტროს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება შეეწყვიტა და მოპასუხისთვის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა. 4.3.1, 4.3.2 და 4.3.3 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას ადგილი ექნებოდა, მაძიებლის მიერ სწავლის თვითნებურად შეწყვეტის ან დიპლომისშემდგომი განათლების /რეზიდენტურის პროგრამიდან გარიცხვის, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში დასაქმებაზე უარის თქმისა და დასაქმებისას საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევებში. ანუ საუბარია, ერთი მხრივ, განათლების მიღებისა და, მეორე მხრივ, კონკრეტულ პერიოდში განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში დასაქმების ვალდებულებაზე. ხელშეკრულება არ შეიცავდა გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნების ვალდებულებას შესაბამისი პირობებით დასაქმების ვალდებულის დარღვევისათვის.

14.3. სამინისტრომ მოპასუხის სწავლის საფასური აანაზღაურა 2250 ლარის ოდენობით.

14.4. მოპასუხემ კურსი წარმატებით დაასრულა და სახელმწიფო სერტიფიკატი მიიღო.

14.5. მოპასუხემ დაარღვია კონკრეტულ პერიოდში განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში დასაქმების ვალდებულება, რისთვისაც ნებაყოფლობით გადაიხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობით (5100 ლარი).

15. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ., პ.58). გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხემ კურსი წარმატებით დაასრულა და სახელმწიფო სერტიფიკატი მიიღო, განათლების მიღების ვალდებულება ჯეროვნადაა შესრულებული. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის სწავლის დაფინანსებაზე დახარჯული თანხის დაკისრების საფუძველი.

16. რაც შეეხება მეორე ვალდებულებას - განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაქმება არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, მან ვადის ამოწურვამდე პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვა საქმიანობის განხორციელებაზე, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველია. პირგასამტეხლო მოპასუხემ ნებაყოფლობით, სრულად გადაიხადა.

17. იმ პირობებში, როცა სწავლის ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, დარღვეულია განსაზღვრული დროით დასაქმების ვალდებულება და სამინისტროს ხელშეკრულებით განსაზღვრული აქვს მაძიებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ხელშეკრულების პირობების სხვაგვარი გაგება ეწინააღმდეგება მხარეთა კეთილსინდისიერებისა (სსკ-ის მუხლი 8.3 - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და სამართლიანობის (სსკ-ის მუხლი 325.1 - თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე) პრინციპებს.

18. განათლების მიღება პირის პიროვნული განვითრებისა და თვითგამორკვევის უფლების შემადგენელი ნაწილია, რაშიც მოპასუხეს 13.01.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში დაეხმარა სახელმწიფო. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივარში მოცემული მსჯელობა, რომ არსებობს სსკ-ის 352-ე მუხლის (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)) საფუძველზე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შესრულების და სარგებლის რესტიტუციის წინაპირობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვერ მოხდება განათლების დაფინანსებისათვის გადახდილი თანხის უპირობოდ უკან დაბრუნება.

19. მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული სწავლის საფასური ასევე ვერ შეფასდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით მისთვის მიყენებულ ზიანად. შესაბამისად, სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება ვერც სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების საფუძველზე.

20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია