საქმე №ას-545-2021 29 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ქ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.02.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს „ნ.ქ.ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მენარდე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“, „შემკვეთი“, „შემსყიდველი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 88 160.75 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 16.11.2011 წელს მოსარჩელეს (მენარდე) და მოპასუხეს (შემკვეთი) შორის გაფორმდა თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.14 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2.5%) დაბრუნება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შექმნილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მოხდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი დაბრუნდებოდა საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა დეფექტების გამოსწორებამდე არ აუნაზღაურდებოდა. ხელშეკრულება გაფორმებული იყო საქართველოს მთავრობის 04.11.2011 წლის N2134 განკარგულების საფუძველზე.
3.2. ხელშეკრულების ფარგლებში მენარდემ საავტომობილო გზის მეორე ეტაპის პირველ ლოტით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, სულ 1 763 215 ლარის სამუშაო, შეასრულა. შესრულებული სამუშაოების პარალელურად მოპასუხემ ხარისხის დაცვის მიზნით დააკავა თანხა - 26.11.2011 წელს - 47 312.10 ლარი, 16.12.2011 წელს - 40 848.65 ლარი.
3.3. დაკავებული თანხა, ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოს 5% და არა, მთლიანად მეორე ეტაპის პირველი ლოტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებაა (მხარეთა ახსნა-განმარტება, ტ. I, ს.ფ. 36).
3.4. საქართველოს მთავრობის 28.12.2012 წლის N2076 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 04.11.2011 წლის N2134 განკარგულება და განისაზღვრა, რომ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია მოეხდინა და 01.09.2013 წლამდე მთავრობისათვის წარედგინა სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებები. თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. საქართველოს მთავრობას რაიმე გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით არ მიუღია.
3.5. 13.08.2013 წელს შედგა მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მეორე ეტაპის პირველ ლოტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ინვენტარიზაციისა და მიღების შესახებ აქტი. შემსყიდველის მიერ დანიშნულმა კომისიამ დაასკვნა, რომ თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზების მეორე ეტაპის პირველ ლოტზე სამშენებლო სამუშაოები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით იყო შესრულებული.
3.6. 10.11.2017 წლის შემკვეთის პასუხით, 19.02.2018 წლისა 25.05.2018 წლის წერილების თანახმად, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის დაკავებული ხარისხის 5%-ის, ანუ 88 160.75 ლარის არსებობა აღიარებულია, დავალიანების გადაუხდელობის მიზეზად მითითებულია ის, რომ 28.12.2012 წლის საქართველოს მთავრობის N2076 განკარგულებით თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სამუშაოების შესრულების მიზანშეწონილობა ძალადაკარგულად გამოცხადდა.
3.7. 11.04.2018 წელს შემკვეთსა და მენარდეს შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომლის თანახმადაც, 01.01.2018 წლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 786 836.51 ლარი იყო.
3.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 88 160,75 ლარის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). უდავოა, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა (სსკ-ის 630-ე მუხლი) და წესზე (სსკ-ის 648-ე მუხლი) შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული 5%-ის დაბრუნება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შექმნილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ მოხდებოდა.
3.9. სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
3.10. უდავოა, რომ მენარდემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ხელშეკრულების ფარგლებში 1 763 215 ლარის სამუშაოები შეასრულა. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების პარალელურად შემკვეთმა ხარისხის დაცვის მიზნით დააკავა 26.11.2011 წელს - 47 312.10 ლარი და 16.12.2011 წელს - 40 848.65 ლარი. მხარეები არ დავობენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 04.11.2011 წლის N2134 განკარგულების საფუძველზე იყო დადებული, რომლითაც შემკვეთს თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა. ასევე, უდავოა, რომ საქართველოს მთავრობის 28.12.2012 წლის N2076 განკარგულებით საქართველოს მთავრობის 04.11.2011 წლის N2134 განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამავე განკარგულებით დადგინდა, რომ შემსყიდველს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია უნდა მოეხდინა და 01.09.2013 წლამდე მთავრობისათვის წარედგინა სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებები. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელების თაობაზე არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაოები შემკვეთის ინიციატივით, მენარდის ბრალის გარეშე შეწყდა და მხარეებისთვის როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, ასევე სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროსაც უცნობია, საერთოდ გაგრძელდება, თუ არა ამ გზის მშენებლობა.
3.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 24.02.2021 წელს გამართულ ზეპირ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ დაკავებული 5% - 88 160, 75 ლარი, მენარდის მიერ უკვე შესრულებული და არა სამომავლოდ შესასრულებელი ვალდებულებიდან იყო დაკავებული. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების 2.14 მუხლის, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე აზრობრივი განმარტებიდან, ცალსახად და მკაფიოდ დგინდება შესრულების 5%-ის დაკავების მიზნობრიობა, კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 5%-ის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავდა.
3.12. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შემკვეთს რაიმე პრეტენზია ჰქონდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით ან/და მენარდეს დამატებითი ვადა დაუწესა. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო. მოპასუხეს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა, მას ამ თვალსაზრისით შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, პირიქით, როგორც საქმის მასალებში არსებული ერთადერთი და შეუცილებადი მტკიცებულებით დგინდება, შემკვეთის მიერ დანიშნულმა კომისიამ დაასკვნა, რომ თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზების მეორე ეტაპის პირველ ლოტზე სამშენებლო სამუშაოები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით იყო შესრულებული. გარდა ამისა, 10.11.2017 წლის წერილით შემკვეთის მიერ თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის დაკავებული ხარისხის 5%-ის, ანუ 88 160.75 ლარის, არსებობა აღიარებულია, დავალიანების გადაუხდელობის მიზეზად კი მითითებულია ის, რომ 28.12.2012 წლის საქართველოს მთავრობის N2076 განკარგულებით თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ დოკუმენტში მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს უხარისხობაზე საუბარი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის 636-ე მუხლის შემადგენლობა, რომლის თანახმადაც, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში კი, ზიანი სწორედ უკვე უნაკლოდ შესრულებული სამუშაოს 5%-ის დაკავებაში და მისი მენარდისთვის დაუბრუნებლობაში გამოიხატა.
3.13. მოპასუხის განმარტებით, 11.04.2018 წელს შედგენილი ურთიერთშედარების აქტით შეთანხმდნენ რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 786 836.51 ლარი იყო, თუმცა მისი ანაზღაურება გადავადებული იყო ხელშეკრულების საბოლოო შესრულებამდე. შემკვეთის მტკიცებით, მენარდისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ დაკავებული თანხის დაბრუნება ვალდებულების სრულად შესრულებამდე არ მოხდებოდა, ურთიერთშედარების აქტზე ხელმოწერით კი მან სწორედ ეს ნება გამოავლინა, შესაბამისად, ვინაიდან მეორე ლოტით გათვალისწინებული ვალდებულებები ბოლომდე არ შესრულებულა, თანხის დაკისრების წინაპირობებიც არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა მენარდეს მისი ბრალის გარეშე, შემკვეთის ინიციატივით არ მიეცა. შესაბამისად, პირობა, რომელიც ურთიერთშედარების აქტით იქნა გათვალისწინებული, შემკვეთის ბრალით ვერ შესრულდა და მისი შესრულების პერსპექტივაც არ იკვეთება, ამასთან, სახეზეა მენარდის ქონებრივი დანაკლისი (დაკავებული 5%) და ამ ქონებრივი დანაკლისის გამომწვევი ქმედება (განკარგულების გამოცემა), რაც სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლიანს, ხოლო სააპელაციო საჩივარს უსაფუძვლოს ხდის.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილისა (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 636-ე (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) მუხლების საფუძველზე.
9. სსკ-ის 636-ე მუხლით ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (№ას-1634-2019 04.03.2020წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წინაპირობებია: მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს ნაწილის შესრულება; სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა. ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან (სუსგ Nას-1016-977-2016, 30.05.2018წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ: მენარდემ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 1 763 215 ლარის სამუშაოები შეასრულა; მოპასუხემ ხარისხის დაცვის მიზნით დააკავა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, ჯამში - 88 160, 75 ლარი. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სამუშაოები შეწყდა შემკვეთის ინიციატივით, მენარდის ბრალის გარეშე და უცნობია, საერთოდ გაგრძელდება, თუ არა ამ გზის მშენებლობა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს მთავრობის 04.11.2011 წლის N2134 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც შემსყიდველს დაევალა თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნული განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 28.12.2012 წლის N2076 განკარგულებით და დადგინდა, მოპასუხეს მოეხდინა შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და მთავრობისათვის 01.09.2013 წლამდე წარედგინა სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებები. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელების თაობაზე არ მიუღია). სადავო არ არის, რომ მოპასუხეს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხარისხთან მიმართებით არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ არსებობს სსკ-ის 636-ე მუხლის შემადგენლობა, რომლის თანახმადაც, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას, რომ დაკავებული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ დამდგარა, ვინაიდან სამუშაოები სრულად არ შესრულებულა და ამასთან, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთშედარების აქტითაც თანხის გადახდა გადავადებული იქნა ხელშეკრულების პირობების საბოლოო შესრულებამდე, როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშიც მართებულად აღინიშა, სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა მენარდეს მისი ბრალის გარეშე, შემკვეთის ინიციატივით არ მიეცა, შესაბამისად, პირობა, რომელიც ურთიერთშედარების აქტით იქნა გათვალისწინებული, შემკვეთის ბრალით ვერ შესრულდა და მისი შესრულების პერსპექტივაც არ იკვეთება, რაც საფუძვლიანს ხდის სარჩელს მოპასუხისთვის დაკავებული თანხის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია