Facebook Twitter

საქმე №ას-1539-2022 14 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის N63 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N82 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (ყოფილი ა(ა)იპ „თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღი“), ა(ა)იპ „თბილისის N212 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N202 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N172 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N209 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N24 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N83 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის N39 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.11.2019 წლის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს: ააიპ „თბილისის N63 საბავშვო ბაგა–ბაღს“ დაეკისრა 13 198.4 ლარის, ააიპ „ქ. თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღს“ - 13 296.95 ლარის, ააიპ „თბილისის N212 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 13 534.2 ლარის, ააიპ „ქ. თბილისის N202 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 13 906.5 ლარის, ააიპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 13 957.6 ლარის, ააიპ „თბილისის N172 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 14 548.9 ლარის, ააიპ „თბილისის N209 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 14 592.7 ლარის, ააიპ „თბილისის N24 საბავშვო ბაგა-ბაღს“ 14 676.65 ლარის, ააიპ „თბილისის N83 საბავშვო ბაგა-ბაღს“ 14 713.15 ლარის, ააიპ „თბილისის N39 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 14 946.75 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ააიპ „თბილისის N63 საბავშვო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა 3835 ლარის, ააიპ „ქ. თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღს“ - 3894 ლარის, ააიპ „თბილისის N212 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 3953 ლარის, ააიპ „ქ. თბილისის N202 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 4071 ლარის, ააიპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 4071 ლარის, ააიპ „თბილისის N172 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 4248 ლარის, ააიპ „თბილისის N209 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 4248 ლარის გადახდა, ააიპ „თბილისის N24 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 4307 ლარის, ააიპ „თბილისის N83 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 4307 ლარის, ააიპ „თბილისის N39 საბავშვო ბაგა-ბაღს“ 4366 ლარის გადახდა.

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 26.11.2019 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით გადაწყდა იურიდიული მომსახურების ანაზღაურების საკითხი.

2. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.11.2019 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დამატებითი გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღურებაზე უარის თქმის ნაწილში. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გადაწყვეტილება და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება/დამატებითი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს. განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელეს (მიმწოდებელი) და მოპასუხეებს (შემსყიდველი) შორის 14.09.2017 წელს დაიდო ხელშეკრულებები მოსარჩელის მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებისა და კვებითი მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულებები იდენტური შინაარსისაა, განსხვავებულია მხოლოდ მათი ღირებულება.

3.2. ხელშეკრულებების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს N63 ბაგა-ბაღის 343, ააიპ „ქ. თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღის“ (ამჟამად ა(ა)იპ „თბილისის N82 საბავშვო ბაგა-ბაღი“) 296, N212 ბაგა-ბაღის 278, N202 ბაგა-ბაღის 329, N2 ბაგა-ბაღის 370, N172 ბაგა-ბაღის 322, N209 ბაგა-ბაღის 363, N24 ბაგა-ბაღის 325, N83 ბაგა-ბაღის 388, N39 ბაგა-ბაღის 406 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 18.09.2017 წლიდან 22.12.2017 წლის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

3.3. ხელშეკრულებების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ხდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ბაგა-ბაღების და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები.

3.4. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 11.5 პუნქტით, ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3.5. ხელშეკრულებების დანართი N1-ით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები (თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი. ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%–ია. მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს; შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს).

3.6. ხელშეკრულებების დანართი N1-ით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები (თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან. მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დრო, არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი); შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი). თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მოწოდებული საქონელი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს).

3.7. 14.09.2017 წლის ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელემ ააიპ „თბილისის N63 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 13198.4 ლარის, ააიპ „ქ. თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღს“ (ამჟამად ა(ა)იპ „თბილისის N82 საბავშვო ბაგა-ბაღი“) - 13296.95 ლარის, ააიპ „თბილისის N212 საბავშვო ბაგა-ბაღს“ – 13534.2 ლარის, ააიპ „ქ. თბილისის N202 საბავშვო ბაგა-ბაღს“ – 13906.5 ლარის, ააიპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 13957.6 ლარის, ააიპ „თბილისის N172 საბავშვო ბაგა-ბაღს“- 14548.9 ლარის, ააიპ „თბილისის N209 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 14592.7 ლარის, ააიპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 14676,65 ლარის, ააიპ „თბილისის N83 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 14713.15 ლარის, ხოლო ააიპ „თბილისის N39 საბავშვო ბაგა-ბაღს“ – 14946.75 ლარის მომსახურება გაუწია.

3.8. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მოპასუხეების სახელით უარი თქვა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის მოტივით.

3.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 14.09.2017 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი, დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 03.04.2015 წლის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე პუნქტის „პ“, „უ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული პროდუქტებია. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხეებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტის, „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.

3.10. დადგენილია, რომ სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული. შესაბამისად, ადგილი აქვს ნაკლიან შესრულებას. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 490-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 491-ე, 492-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც მხარეს უნდა ესარგებლა ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის, ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა გააჩნდათ. აპელანტის პოზიცია მასზე, რომ კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ ერთიანი ვალდებულების ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნებოდა განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქოსამართლებრივ წესრიგს.

3.11. მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა დადებული. ამგვარი ხელშეკრულების შესრულებაზე წარმოშობილი მხარის პრეტენზიები უნდა შეფასებულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ე.წ „სუბსიდიური წესით“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად საკითხის მოწესრიგება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს არა ვალდებულების შეუსრულებლობას, არამედ ვალდებულების ნაკლიან შესრულებას, აპელირება სსკ-ის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების გარეშე გადახდილის დაბრუნების საკითხი უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით წყდება, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

3.12. პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა უსაფუძვლოა. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე რძის ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია (რძის ცხიმის შემცველობა 80% (+/- 0,5)), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ რძის ცხიმის შემცველობა მასში 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც რძის ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დადგენის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი კვლევა, მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქმის მასალებს ერთვის პროდუქტის მიმწოდებლის შპს „ა.წ–ის“ მიმართვა, რომლის თანახმად 80%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80.0%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებების ყოველმხირივ, სრული და ობიექტური შეფასებიდან გამომდინარე პალატამ დაასკვნა, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული სურსათი „კარაქის“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან. შესაბამისად, კარაქის მიწოდების ნაწილში მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3.13. პალატამ ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 477.2 და 417-ე მუხლები. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებით გამოიყენეს ისე, რომ მოსარჩელისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა, ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება არ მოუთხოვიათ. ამრიგად, წარმოიშვა მიღებული და გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, რომლის სახელშეკრულებო ვადებში აუნაზღაურებლობამ გამოიწვია პირგასამტეხლოს დარიცხვა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი და პირგასამტეხლოს განსაზღრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ნაცვლად 0.5%-ით, სრულად უზრუნველყოფდა პირგასამტეხლოს ფუნქციას.

3.14. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 494-ე, 394-ე, 408-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე არსებითად დაემყარა იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაასაბუთა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი წინაპირობის - ზიანის არსებობის ფაქტი იმ პირობებში, როდესაც მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენიათ, ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დასაბუთებულობის თვალსაზრისით განვითარებული მსჯელობა საფუძველს აცლის შეგებებულ სარჩელს, რაც მისი უარყოფის საფუძველია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა (შეგებებული სარჩელის ავტორებმა) შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, ყველი „იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში მოპასუხეების ვალდებულების არარსებობას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, ხელშეკრულების იმგვარი დარღვევაა, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან პროდუქტის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, მას არ ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს თანხის დარჩენილი ნაწილი, ხოლო ის რაც უკვე ანაზღაურებულია, გადახდილია ვალდებულების გარეშე და ექვემდებარება დაბრუნებას.

9. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი, ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტის მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020წ.). დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოუთხოვია. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეები (შეგებებული სარჩელის ავტორები) არ უთითებენ, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. კასატორები მიიჩნევენ, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორების მითითება არასწორია. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას და არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. ამასთან, ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. სუსგ Nას-1057-2020 , 20.01.2022წ.). შესაბამისად, საფუძვლიანია სარჩელი ნასყიდობის საფასურის გადასახდელი ნაწილის დაკისრების თაობაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ - უსაფუძვლო.

10. კასატორების პრეტენზია ასევე შეეხება მიწოდებული პროდუქტის - „კარაქის“ ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების არარსებობას. კასატორის განმარტებით, მიმწოდებელმა მიაწოდა ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს და არ არსებობდა მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.

11. დადგენილია და შედავებული არ არის, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მხასიათებლებთან (სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020წ., პ. 89). გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სარჩელი ნასყიდობის საფასურის აუნაზღაურებელი ნაწილის და სახელშეკრულებო ვადებში თანხის გადაუხდელობის გამო გონივრული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ხოლო ვარგისი მატერიალურსამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნას უკვე გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „თბილისის N63 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N82 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ყოფილი ა(ა)იპ „თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღი“), ა(ა)იპ „თბილისის N212 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N202 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N172 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N209 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N24 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N83 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის N39 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა(ა)იპ „თბილისის N63 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 211362256) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1910.46 ლარის (საგადახდო დავალება 5174994156, გადახდის თარიღი 20.12.2022წ.) 70% – 1337.32 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. ა(ა)იპ „თბილისის N82 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ყოფილი ა(ა)იპ „თბილისის მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა-ბაღი“) (ს/ნ: 204900090) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1866.60 ლარის (საგადახდო დავალება 221219160214780, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.) 70% – 1306.62 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. ა(ა)იპ „თბილისის N212 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 211351721) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 1886.90 ლარის (გადახდილი თანხა 1012.50 ლარი, საგადახდო დავალება 221219160330659, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.; გადახდილი თანხა 874.40 ლარი, საგადახდო დავალება 5175171130, გადახდის თარიღი 24.01.2023წ.;) 70% – 1,320.83 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. ა(ა)იპ „თბილისის N202 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 206034343) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2030.44 ლარის (საგადახდო დავალება 221219162404142, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.) 70% – 1421.30 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. ა(ა)იპ „თბილისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 202055667) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 1,937.20 ლარის (გადახდილი თანხა 1035.70 ლარი, საგადახდო დავალება 221219161243960, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.; გადახდილი თანხა 901.50 ლარი, საგადახდო დავალება 230124132645779, გადახდის თარიღი 24.01.2023წ.) 70% – 1 356.04 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

7. ა(ა)იპ „თბილისის N172 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 203851992) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2082.20 ლარის (საგადახდო დავალება 221219155115253, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.) 70% – 1,457.54 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

8. ა(ა)იპ „თბილისის N209 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 204423025) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2120.30 ლარის (საგადახდო დავალება 221219153942266, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.) 70% – 1,484.21 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

9. ა(ა)იპ „თბილისის N24 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 202056194) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2127,20 ლარის (საგადახდო დავალება 221219160206918, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.) 70% – 1,489.04 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

10. ა(ა)იპ „თბილისის N83 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 204915208) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2104,60 ლარის (საგადახდო დავალება 221219154705644, გადახდის თარიღი 19.12.2022წ.) 70% – 1,473.22 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

11. ა(ა)იპ „თბილისის N39 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 202055701) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2356,60 ლარის (საგადახდო დავალება 221222141945076, გადახდის თარიღი 22.12.2022წ.) 70% – 1,649.62 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

12. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია