საქმე № ა-4113-შ-110-2023 3 აგვისტო, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ქ.ქ., ბ. ქ. ჩ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას მე-5 უზენაესი სასამართლოს 07.04.2023 წლის გადაწყვეტილება N 2023/1175 სამკვიდროს მიღების თაობაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას მე-5 უზენაესი სასამართლოს 07.04.2023 წლის გადაწყვეტილებით N2023/1175 (შემდეგში ტექსტში „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) მოანდერძე ს.ქ–ის გარდაცვალებით მემკვიდრეობა განაწილდა შემდეგნაირად: 1 წილის მფლობელი გახდა ქ.ქ. (დაბადებული 14.01.1999, პირადობის ნომერი ...), ხოლო 1 წილის მფლობელი ბ. ქ. ჩ–ი (დაბადებული 07.10.1987, პირადობის ნომერი ....) (შემდეგში ტექსტში „შუამდგომლობის ავტორები“).
2. შუამდგომლობის ავტორებმა მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორებს უარი უნდა ეთქვათ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლით სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციისას, შემსრულებელი მხარე გადაწყვეტილებას არსებითად კი არ განიხილავს არამედ მხოლოდ მის ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში.
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
5. სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორების იურიდიულ ინტერესს სამკვიდროს მიღება და საქართველოში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გარდაცვლილ ს.ქ–ის საკუთრებაში არსებულ 33%-იან წილზე და საქართველოში მის საბანკო ანგარიშებზე რიცხულ თანხებზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს.
7. სსსკ-ის მე-11 მუხლი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
8. მოცემულ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროს მიღება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სამართლებრივი შედეგის გარეშე (საკუთრების მოპოვება სამკვიდროზე), შუამდგომლობის ავტორებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეთ ნამდვილი იურიდიული ინტერესი (იხ.: სუსგ საქმე №ა-2824-შ-78-2023, 01.06.2023წ.; №ა-2095-შ-58-2023, 26.04.2023წ.; Nა-1745-შ-44-2019, 16.04.2019წ.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 186-ე, 187-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ქ.ს და ბ.ქ. ჩ–ის უარი ეთქვათ მემკვიდრეების განსაზღვრის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას მე-5 უზენაესი სასამართლოს 07.04.2023 წლის გადაწყვეტილების N 2023/1175 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შაუმდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორებს დაუბრუნდეთ შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოთ, რომ მათი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე