№ას-677-2023 31 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ო.გ.ჰ.პ.თ.ს. ვე თ.“
მოწინააღმდეგე მხარე – ა.შ–ვი
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „თ.ა.მ“, მ.ი–ვი, თ. ქ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ო.გ.ჰ. პ.თ.ს.ვ.თ–მა“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) წარადგინა სარჩელი შპს „თ.ა.მ“-ის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), მუსა იბადოვის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მეორე მოპასუხე“), ავთანდილ შახვერდოვის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მესამე მოპასუხე“), თურგუთ ქუჩიქის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სოლიდარულად 7700 აშშ დოლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 7700 აშშ დოლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1., ს.ფ. 361-366). ამავე კოლეგიის 29.04.2020 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით: მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 800 ლარისა და მთარგმნელობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 140 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მესამე მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და 3 პუნქტები, აგრეთვე გაუქმდა დამატებითი გადაწყვეტილება მესამე მოპასუხის ნაწილში. სარჩელი მესამე მოპასუხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ. 149-155). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ამავე სასამართლოს 05.07.2023 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დაწესებული ხარვეზის შევსების ვადა. კასატორმა კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.07.2023 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე ხარვეზის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.3, ს.ფ. 192,193).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.07.2023 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.57-65) და ჩაჰბარდა მის თანამშრომელს 21.07.2023 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ.194-196).
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 22.07.2023 წელს და ამოიწურა 26.07.2023 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 26.07.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია (ტ.3, ს.ფ.197).
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-495-2023, 10.05.2023წ.; №ას-138-2023, 04.05.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო.გ.ჰ. პ.თ.ს.ვ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე