Facebook Twitter

საქმე №ას-500-2019 18 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ტ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე _ ლ.პ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ტ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ყადაღისგან გათავისუფლდეს მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი -„ჰიტაჩი“, სარეცხი მანქანა - „ე–ი“; 3. ტელევიზორი - „ე–ი“ (შემდგომში - „სადავო მოძრავი ნივთები“).

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2015 წლის 04 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ N1/5394-14 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ლ.პ–ი (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) დაჯარიმდა 200 ლარით;

4.2. 2016 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ N1/5322-16 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, თავდაპირველი მოპასუხე დაჯარიმდა 300 ლარით;

4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 14 მარტის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის (კრედიტორის) სასარგებლოდ, მოვალე თავდაპირველი მოპასუხის მიმართ არსებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: მაცივარი - „ჰიტაჩი“, სარეცხი მანქანა - „ე–ი“, კომპიუტერი - „ასერი“, პრინტერი - „Canon“, ტელევიზორი - „ე–ი“;

4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ NA16130929 და NA15041350 საქმეზე, 2017 წლის 14 მარტს ყადაღა დაედო მოვალე თავდაპირველი მოპასუხის სახელზე რიცხულ მოძრავ ნივთებს, მდებარე: ქ. თბილისში, .......... დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის;

4.5. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ....., რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;

4.6. საქმეში წარმოდგენილი სს „ლ.ბ–ის“ ცნობითა და ამონაწერით მ.ტ–ძის სახელზე 2008 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ფულადი გზავნილების შესახებ, „ე–ის“ ფირმის სარეცხი მანქანის საგარანტიო ტალონით, „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივრის სახელმძღვანელო ინსტრუქციით, „ე–ის“ ფირმის ტელევიზორის საბუთითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივნისის N1/5394-14 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თავდაპირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 200 ლარის გადახდა, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის N1/5322-16 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თავდაპირველი მოპასუხე დაჯარიმდა 300 ლარით.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტა, რომ, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს კრედიტორს, რომლის სასარგებლოდაც უნდა მოხდეს აღსრულება და თანხა წარმართულ უნდა იქნეს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ იგი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა და ყადაღისგან ქონების გათავისუფლების საქმეებზე ვერ ჩაითვლება სათანადო მხარედ. ამდენად, პალატის შეფასებით, მოპასუხე განსახილველ დავაში წარმოადგენს სათანადო მხარეს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 პუნქტიდან [თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული] გამომდინარე, კასატორი წინამდებარე საქმეში არასათანადო მოპასუხეა. მოცემულ შემთხვევაში აღსრულება არ მიმდინარეობს მოპასუხის გადაწყვეტილების საფუძველზე და არც მისი მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ ანალოგიურ საქმეში (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.) სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლთან დაკავშირებით.

13. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მხოლოდ იმ არგუმენტზე უთითებს, რომ მოცემულ დავაში იგი არასათანადო მოპასუხეა.

15. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლების თანახმად, კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის სასარგებლოდაც უნდა მოხდეს აღსრულება (იხ. წინამდებარე განჩინების 4.3. და მე-5-მე-6 პუნქტები).

16. მსგავს საქმეებში კასატორის სათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის განხილვისას, როდესაც კრედიტორია სახელმწიფო, არსებითია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟი ირიცხება სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხოლო, დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-779-994-08, 23 თებერვალი, 2009 წელი; №ას-722-675-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; №ას-1951-2018, 21 მაისი, 2020 წელი; №ას-1614-2018; 14 ივლისი, 2020 წელი).

17. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საქმეს (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეში საკასაციო პალატას არ დაუდგენია მოპასუხის არასათანადოობა, არამედ სასამართლოს განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში იმის გამოსარკვევად, წარმოადგენდა თუ არა იგი სათანადო მოპასუხეს დავაში.

18. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი