Facebook Twitter

საქმე №ას-758-2022 26 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ნ–ნი, მ.კ–ნი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ნ–ნმა და მ.კ–ნმა (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის ან კომპენსაციის დაკისრების, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით ნ.ნ–ნის და მ.კ–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

მ.კ–ნმა და ნ.ნ–ნმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ აღარ აქვთ დავის გაგრძელების ინტერესი, უარს აცხადებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კასატორების შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით ნ.ნ–ნის და მ.კ–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია ასევე, რომ კასატორები უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

კასატორებმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორებს (მ.კ–ნი, ნ.ნ–ნი) განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მათ უფლება ერთმევათ კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მ.კ–ნს და ნ.ნ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, თითოეულს 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.კ–ნის და ნ.ნ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. მ.კ–ნის და ნ.ნ–ნის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. კასატორს ნ.ნ–ნს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ს/კ ......) მიერ 2022 წლის 4 ივლისს N1656941817 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი;

6. კასატორს მ.კ–ნს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ს/კ .......) მიერ 2022 წლის 4 ივლისს N1656941862 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი;

7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი