საქმე №ას-1296-2018 31 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ა–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სს „ტ.ქ–ი“, ზ.ლ–ძე, გ.ნ–ძე, ე.ნ–ძე, ზ.გ–ძე, ბ.გ–ი, მ.ჩ–ი, ა.ს–ძე, ჯ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებათა რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის დადგენილებით სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა შემდეგი სახის ცვლილებები: სს „ტ.ქ–ი“ გაიყო ორი თანაბარი წილის სააქციო საზოგადოებად: ერთ სააქციო საზოგადოებას ეწოდა სს „ტ.ქ–ი“. თითოეული სააქციო საზოგადოება სამართალმემკვიდრე ხდება იმ საწარმოების, რომელთა ბაზაზეც აგრძელებენ საქმიანობას; სს „ტ.ქ–ის“ საწესდებო კაპიტალი დადგინდა 48704 აშშ დოლარის ოდენობით, ანუ ეროვნულ ვალუტაში 63314 ლარი, სადაც ერთი აქციის ნომინალური ღირებულებაა 1,30 ლარი; სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) ა.ა–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) უ.გ–ნი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; გ) ე.ნ–ძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; სს „ტ.ქ–ის“ დირექტორი რ.ბ–ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა ბ.გ–ი (ტ. 1, ს. ფ. 265).
2. სამეწარმეო რეესტრში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებს საფუძვლად დაედო სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2003 წლის 22 სექტემბრის საერთო კრების ოქმი (№1-13151), რომლის თანახმად, კრებას ესწრებოდნენ სს „ტ.ქ–ის“ საწესდებო კაპიტალის 53,1% მფლობელი აქციონერები. კრებას თავმჯდომარეობდა სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე -მოსარჩელე. კრების დღის წესრიგი ითვალისწინებდა შემდეგი საკითხების განხილვას: 1) სს „ტ.ქ–ის“ გაყოფა; 2) სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შეტანა; 3) წესდების დამტკიცება; 4) სხვა საკითხები (ტ. 1, ს.ფ. 263-264).
3. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციით ვერ დადგინდა სააქციო საზოგადოების საიდენტიფიკაციო მონაცემები და, ვინაიდან დამატებით არ იქნა წარდგენილი სუბიექტის იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტ. 2, ს. ფ. 21, 44). ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სს „ტ.ქ–ის“ ორ ნაწილად გაყოფის შედეგად წარმოქმნილი მე-2, გამოყოფილი საწარმო არ დარეგისტრირებულა და არ არსებობს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმთა აუდიო-ჩანაწერები).
4. სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის და 14 სექტემბრის კრებებზე იმ მოტივით, რომ ჯერ კიდევ 2005 წლის 22 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით სს „ტ.ქ–ი“ გაიყო ორ ნაწილად, მოწვეულნი იყვნენ მხოლოდ ის აქციონერები, რომლებიც გაყოფის შედეგად დარჩენილი 48704 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალის მქონე სს „ტ.ქ–ის“ აქციონერები იყვნენ და, ვინაიდან, მოსარჩელის აზრით, ამ დავის მესამე პირთაგან ზოგიერთები აღარ არიან გაყოფის შედეგად არსებული სს „ტ.ქ–ის“ აქციონერები, ისინი არც კრებებზე ყოფილან მოწვეულნი და მათ არც ხსენებულ კრებათა მუშაობაში მიუღიათ მონაწილეობა (იხ. 2016 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო-ჩანაწერი - 15:10:53-დან 15:13:48-ის ჩათვლით).
5. 2010 წლის 04-08 ივნისის კრების ოქმით ირკვევა, რომ კრებას ესწრებოდა სს „ტ.ქ–ის“ ხმის უფლების მქონე აქციონერთა 37,66% (ტ. 1, ს. ფ. 21), ხოლო 2010 წლის 14 სექტემბრის კრების ოქმით ირკვევა, რომ კრებას ესწრებოდა სს „ტ.ქ–ის“ ხმის უფლების მქონე აქციონერთა 42,23% (ტ. 1, ს. ფ. 76).
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა:
6.1. სააგენტოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა:
6.1.1. 2014 წლის 10 ივნისით დათარიღებული, ხარვეზის დადგენის შესახებ №B14060788/3 გადაწყვეტილება;
6.1.2. 2014 წლის 11 ივლისით დათარიღებული, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №B14060788/5 გადაწყვეტილება;
6.1.3. 2014 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №236398 გადაწყვეტილება.
6.2. სს „ტ.ქ–ის“ (ს/კ .....) აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრების ოქმის და აქციონერთა 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრების ოქმის, ასევე ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისის სხდომის №1 და 2010 წლის 17 აგვისტოს სხდომის №2 ოქმების საფუძველზე დადგენილი რეგისტრაციაუნარიანი მონაცემების რეგისტრაციაზე მოპასუხის დავალდებულება.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ ზ.ლ–ძე, ე.ნ–ძე, ზ.გ–ძე, გ.ნ–ძე, ბ.გ–ი, მ.ჩ–ი და ა.ს–ძე. ხოლო, ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ ჯ.ბ–ძე და სს „ტ.ქ–ი“.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
10. საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისის სხდომის №1 ოქმი არის შემდეგი შინაარსის: სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ აღნიშნული საბჭოს ახლადარჩეული წევრები - ნ.ც–ი და მოსარჩელე. ამ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა და სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის საკითხი. სხდომის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნ.ც–ი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან მიმართებით ნ.ც–ისა და მოსარჩელის ერთობლივი გადაწყვეტილებით სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა მოსარჩელე, ხოლო რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხს, სხდომაზე დამსწრე პირთა გადაწყვეტილებით ბ. გ–ი გათავისუფლდა სს „ტ.ქ–ის“ დირექტორობიდან და აღნიშნული საწარმოს დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე. ოქმს ხელს აწერს ნ.ც–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-30);
10.2. სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 17 აგვისტოს №2 ოქმი არის შემდეგი შინაარსის: ამ სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მოსარჩელე და ნ.ც–ი, ასევე აქციონერები - საინვესტიციო კომპანია „ვ. და კ.ს“ წარმომადგენელი მოსარჩელე, გარდაცვლილი თ. ბ–ის მემკვიდრის (მეუღლის) ვ. კ–ის მინდობილი პირი თ. კ–ძე, გარდაცვლილი ნ. ჩ–ვის მემკვიდრის (მეუღლის) დ. გ–ის მინდობილი პირი მ. ჩ–ი. ამ აქციონერების, მოსარჩელისა და ნ.ც–ის დასწრების გათვალისწინებით დადგინდა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ (წარმოდგენილნი იყვნენ) აქციათა 37,66%-ის მფლობელი აქციონერები. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ეხებოდა სს „ტ.ქ–ის“ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების რეგისტრაციას. სხდომაზე დამსწრე და წარმოდგენილმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და აქციონერებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილებას: ა) სს „ტ.ქ–ის“ დირექტორად დანიშნულია და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მოსარჩელე; ბ) დაევალოს მოსარჩელეს უზრუნველყოს სს „ტ.ქ–ის“ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32-35);
10.3. 2014 წლის 9 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს და წარუდგინა სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრების ოქმი, აქციონერთა 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრების ოქმი, სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისის სხდომის №1 და 2010 წლის 17 აგვისტოს სხდომის №2 ოქმები, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის №2/684-11 და 2014 წლის 31 მარტის №2/1527-13 გადაწყვეტილებები და ამ დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა სს „ტ.ქ–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში შემდეგი სახის ცვლილებების შეტანა (რეგისტრაცია): ა) სს „ტ.ქ–ს“ გამოეყო ქონება საწესდებო კაპიტალის ნომინალური ღირებულებით 15949 აშშ დოლარი და მიმდინარეობს რეორგანიზაცია; ბ) სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს - უ.გ–ნს, ე.ნ–ძეს და მოსარჩელეს ვადის გასვლის გამო შეუწყდათ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილება; გ) სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა სამით და ამ საბჭოს წევრებად არჩეულნი იქნენ ნ.ც–ი და მოსარჩელე; დ) სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია მოსარჩელე; ე) სს „ტ.ქ–ის“ დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 112-115);
10.4. სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტმა 2014 წლის 10 ივნისს გამოიტანა №B14060788/3 გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღის განსაზღვრის ფაქტობრივ საფუძვლებად მიეთითა შემდეგი: ა) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 17.08.2010 წლის სხდომის ოქმი №2, სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისის №1 სხდომის ოქმი, აქციონერთა 2010 წლის 14 სექტემბრის ოქმი, აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის საერთო კრების ოქმი უკვე განხილულ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ და იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ წარედგინა სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, 2010 წლის 13 სექტემბრის №B10094241/9, 2010 წლის 9 ნოემბრის №B10111559/6, 2011 წლის 15 მარტის №B11017219/6, 2011 წლის 30 სექტემბრის №B11107383/7 გადაწყვეტილებებით უარი ეთქვა მოსარჩელეს მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებაზე; ბ) არ დგინდებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება იყო თუ არა კანონიერ ძალაში შესული; გ) მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 18 ნოემბრის №B13112540/3 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამასთან, სააქციო საზოგადოებას არ ჰყავს არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 161-162);
10.5. ხარვეზის დადგენის შესახებ სააგენტოს 2014 წლის 10 ივნისის №B14060788/3 გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მოსარჩელემ კვლავ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, დამატებით წარუდგინა სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი №3, რომლითაც სამეთვალყურეო საბჭომ ი.ბ–ძის, ნ.ც–ისა და მოსარჩელის შემადგენლობით მიიღო გადაწყვეტილება ი.ბ–ძის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. ამის მიუხედავად, სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტმა 2014 წლის 11 ივლისს გამოიტანა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება №B14060788/5 (იხ. ტ. 1, ს.ფ. 172);
10.6. მოსარჩელემ გაასაჩივრა სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივნისის ხარვეზის დადგენის შესახებ №B14060788/3 გადაწყვეტილება და 2014 წლის 11 ივლისის №B14060788/5 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუმცა აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა სააგენტოს მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს მიღებული №236398 გადაწყვეტილებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 188-193).
11. საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2003-2005 წლებში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 14.6. პუნქტის თანახმად, საწარმო, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე საწარმო ერთეულია, შეიძლება დაიყოს მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად და მათ გააგრძელონ საქმიანობა როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (გაყოფა ნატურით). შემადგენლობაში მყოფი საწარმო წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციულად განცალკევებულ ერთეულს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო. ნატურით გაყოფა დაიშვება საბალანსო ღირებულებით. თუ დადგინდა უფრო მაღალი ღირებულება, იგი უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ნატურით გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორები ნატურით გაყოფილ საწარმოში მონაწილეობდნენ სხვადასხვა წილობრივ საფუძველზე. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე. იმავე კანონის 54-ე მუხლის 54.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოებაში საერთო კრებაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების (საწარმოს) გაყოფის შესახებ.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოთა ნატურით გაყოფა ხორციელდება გაყოფის გეგმის საფუძველზე, რომელსაც პარტნიორები (აქციონერები) საერთო კრებაზე ამტკიცებენ. გაყოფის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) დეტალურ დახასიათებას, თუ რა უნდა გამოეყოს საწარმოს; ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, რომელიც უნდა შეიქმნას გაყოფილი ქონების საფუძველზე; გ) პარტნიორთა (აქციონერთა) წილობრივი მონაწილეობის შესახებ მონაცემებს იმისდა მიხედვით, თუ ვინ რჩება ძველ და ერთიანდება გამოყოფილ საწარმოში; დ) ინფორმაციას საზოგადოების კრედიტორებთან მოლაპარაკების შესახებ; ე) გაყოფის შედეგად შექმნილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობას. საწარმოს გაყოფის თაობაზე პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებისათვის არსებით პირობებად მიიჩნევა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხზე შეთანხმება. მათზე ან მათგან რომელიმეზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში არ მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რასაც საწარმოს გაყოფა ჰქვია.
13. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის დადგენილებით სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა სს „ტ.ქ–ის“ ორ თანაბარ საზოგადოებად გაყოფა სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2003 წლის 22 სექტემბრის საერთო კრების ოქმის საფუძველზე.
14. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2003 წლის 22 სექტემბრის საერთო კრების ოქმი არ შეიცავს ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმებას, როგორებიცაა გამოსაყოფი ქონება; იმ საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც უნდა შეიქმნას გაყოფილი ქონების საფუძველზე; პარტნიორთა (აქციონერთა) წილობრივი მონაწილეობის შესახებ მონაცემები იმისდა მიხედვით, თუ ვინ რჩება ძველ საწარმოში და ერთიანდება გამოყოფილ საწარმოში. აღნიშნული ცხადყოფს, რომ არ არსებობს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზედაც როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლებელი იქნებოდა იმ იურიდიული შედეგის მიღწევა, რაც სს „ტ.ქ–ის“ გაყოფას განაპირობებდა.
15. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამეწარმეო რეესტრში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი, ის იმთავითვე განწირული იყო უშედეგობისათვის. სწორედ ამ არაფრის მომცემი სარეგისტრაციო მონაცემების არსებობა განაპირობებს მოსარჩელის აქტიურობას უკვე გაყოფის რეგისტრაციის შემდეგ შეიქმნას ისეთი დოკუმენტები (იგულისხმება აქციონერთა საერთო კრების ოქმები), რომლებიც შესაძლებელს გახდიდა 2003 წლის 22 სექტემბრის საერთო კრების ოქმით მოსაწესრიგებელი ურთიერთობის შინაარსის - არსებითი პირობების განსაზღვრას.
16. სასამართლომ აღნიშნა, რომ სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრებისა და აქციონერთა 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრების ოქმთაგან არცერთი არ ასახავს სს „ტ.ქ–ის“ უმაღლესი მმართველი ორგანოს - აქციონერთა კრების ნებას. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტსა [თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები)] და 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე [ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე] და აღნიშნა, რომ სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა არც 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრება და არც 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრება არ მოწვეულა 97408 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალის ფარგლებში არსებულ აქციათა მესაკუთრეთათვის (აქციონერთათვის) და აღნიშნული კრებები მიზნად ისახავდა საწარმოს გაყოფის მიზნით განპირობებული ხელშეკრულების (აქციონერთა საერთო კრების) არარსებობის პირობებში რეგისტრირებულ, სრულიად გაურკვეველ და უშინაარსო მონაცემზე დაყრდნობით, გამოყოფილი საწარმოს არარსებობისას და, შესაბამისად, მის აქციონერთა იდენტიფიცირების შეუძლებლობის დროს, სამართლებრივად გაუგებარი თავყრილობის ჩატარებას. ამასთან, გადაწყვეტილებაუნარიანი არც 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრება და არც 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრება იყო, რადგან ამ კრებათა ოქმების შესაბამისად, გადაწყვეტილებაუნარიანობისათვის აუცილებელი კვორუმი ნაანგარიშებია არა 97408 აქციიდან, არამედ მისი ნახევრიდან - 48704 აქციიდან. ამდენად, გარიგებები (აქციონერთა საერთო კრების ოქმები), რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე ცდილობს საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემთა ცვლილებების დარეგისტრირებას, სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებებია და მათ შექმნის დღიდან არ გააჩნიათ სამართლებრივი ძალა (მნიშვნელობა).
17. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით [სააქციო საზოგადოებაში აქციონერთა საერთო კრების კომპენტენციაა აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა] და აღნიშნა, რომ სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისის სხდომის №1 და სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 17 აგვისტოს სხდომის №2 ოქმების შინაარსის თანახმად, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს სრული, სამკაციანი შემადგენლობის წევრებმა, გადაწყვეტილებები მიიღო ორმა პირმა - მოსარჩელემ და ნ.ც–მა. ისინი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მოქმედებდნენ აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრების იმ გადაწყვეტილებათა საფუძველზე, რომელშიც იგულისხმებოდა საწესდებო დანაწესის ცვლილება - სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შემცირება 3 წევრამდე, მოსარჩელისათვის, უ.გ–ნისათვის და ე.ნ–ძისათვის ვადის გასვლის გამო სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა და ნ.ც–ისა და მოსარჩელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩევა. იმის მიუხედავად, რომ ეს ცვლილებები არ დარეგისტრირებულა სამეწარმეო რეესტრში, მოსარჩელეს და ნ.ც–ს ხელი არ შეშლიათ ემოქმედათ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სტატუსით. თუმცა, მთავარია ის გარემოება, რომ აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის მორიგი საერთო კრების ოქმი, ისევე როგორც 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრების ოქმი, არ არის შედეგუნარიანი გარიგებები მათი უცილოდ ბათილობისა და არარაობის გამო. შესაბამისად, მათ საფუძველზე შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოც, მისი გადაწყვეტილებებიც არალეგიტიმურია სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით.
18. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა და მისი დაკმაყოფილებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იურიდიული ინტერესის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ინტერესი ფორმალურად გამოიხატება მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციაში, მაგრამ მისი მიღწევა შეუძლებელია იმ უცილოდ ბათილი გარიგებების პირობებში, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე ცდილობს მისთვის სასურველი მონაცემების დარეგისტრირების მიღწევას. ამასთან, მართალია, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები - უარი ცვლილებათა რეგისტრაციაზე არაა და ვერც იქნებოდა ზემოთ განვითარებული მოტივებით ნაკარნახევი, მაგრამ რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებების უცილოდ ბათილი ხასიათის გამოვლენა გამორიცხავს მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
20. 2018 წლის 10 აპრილს მოსარჩელემ (აპელანტმა) სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნა დააზუსტა შემდეგნაირად: ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივნისისა და 11 ივლისის გადაწყვეტილებები, აგრეთვე, სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება; განხორციელდეს იურიდიულ პირთა რეესტრში სს „ტ.ქ–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2010 წლის 04-08 ივნისისა და 14 სექტემბრის საერთო კრებების გადაწყვეტილებების საფუძველზე.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
23. სააპელაციო პალატის მითითებით, საწარმოს რეორგანიზაციის საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის 144 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს გაყოფა (დაყოფა) წარმოადგენს საწარმოს რეორგანიზაციის ერთ-ერთ სახეს, რომლის დროსაც საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი სამართლებრივი ფორმით. ამავე მუხლის მიხედვით, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას, გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება.
24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის 14.6 მუხლზე, რომლის მიხედვით, საწარმო, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე საწარმო ერთეულია, შეიძლება დაიყოს მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად და მათ გააგრძელონ საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტებმა, საკუთარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (გაყოფა ნატურით). სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმა იძლევა საწარმოს ნატურით გაყოფის დეფინიციას. საწარმოს გაყოფა, ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საწარმოს რეორგანიზაციის ფორმას. ეს კი ხდება მაშინ, როცა საწარმო ერთდროულად საქმიანობის რამდენიმე სახეს მისდევს, რის გამოც მისი ორგანიზაციულად მართვა მეტად რთული ხდება. მითითებული ნორმის საფუძველზე საწარმოთა დაყოფის დროს ერთი საწარმო იყოფა რამდენიმე დამოუკიდებელ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ და თავდაპირველი საწარმო წყვეტს თავის არსებობას. როგორც წესი, დაყოფის შედეგად წარმოშობილ საწარმოებში ძველი საწარმოს პარტნიორები მონაწილეობენ იმავე პროცენტული ოდენობით, როგორც დაყოფილ საწარმოში.
25. სააპელაციო პალატის მითითებით, სს „ტ.ქ–ის“ აქციონერთა 2003 წლის 22 სექტემბრის საერთო კრების ოქმი არ შეიცავს ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმებას, როგორიცაა გამოსაყოფი ქონება, იმ საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც უნდა შეიქმნას გაყოფილი ქონების საფუძველზე, პარტნიორთა (აქციონერთა) წილობრივი მონაწილეობის შესახებ მონაცემები იმის მიხედვით, თუ ვინ რჩება ძველ საწარმოში და ერთიანდება გამოყოფილ საწარმოში. ამდენად, პარტნიორთა შორის კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა შეთანხმება საწარმოს გაყოფის თაობაზე. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ტ.ქ–ის“ გაყოფა არ მომხდარა.
26. სააპელაციო პალატის მითითებით, 2010 წლის 4-8 ივნისის საერთო კრება და 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო, რადგან გადაწყვეტილებაუნარიანობისათვის აუცილებელი კვორუმია, თუ მას ესწრებიან ხმების ნახევარზე მეტის მქონე აქციონერები, რაც მოცემულ შემთხვევაში ნაანგარიშებია არა 97408 აქციიდან, არამედ -მისი ნახევრიდან, 48704 აქციიდან. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობის საფუძველს. სსკ-ის 54-ე მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული კრების ოქმები მათი შედგენის დღიდან ბათილია და მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი.
27. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით კანონიერად ცნო სს „ტ.ქ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 14 ივნისისა და 17 აგვისტოს სხდომის ოქმები №1 და №2, აგრეთვე, აქციონერთა 2010 წლის 04-08 ივნისის საერთო კრების ოქმები.
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარში ასევე მან იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
31. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
33. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ რევიზია გაუკეთა მტკიცებულებად წარდგენილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს და აქციონერთა კრებების გადაწყვეტილებებს. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის დადგენილებას, რომლითაც დადგენილი არის სს „ტ.ქ–ის“ ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა, რაც სასამართლოს მიერ იმავდროულად ანუ 2005 წლის 22 ივნისს დარეგისტრირებულია იურიდიულ პირთა რეესტრში; სააპელაციო სასამართლომ რევიზია გაუკეთა კანონიერ ძალაში შესულ აქციონერთა კრებების ოქმებს, რომლებიც დავის საგანს არ წარმოადგენდა. მათ შორის, აქციონერთა 2010 წლის 04-08 ივნისისა და 2003 წლის 22 სექტემბრის კრების ოქმებს, ასევე 2010 წლის 14 სექტემბრის კრების ოქმს. არცერთი კრების ოქმი აღძრული სარჩელით დავის საგანი არაა, რითაც სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით, აქციონერთა კრების ოქმის გასაჩივრების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადაა ერთი წელი. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აქციონერთა კანონიერი კრების ოქმის გაუქმება; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სააქციო საზოგადოების გაყოფის წესს სრულად შეესაბამება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის საერთო კრებისა და 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრების ოქმები ბათილად მიიჩნია სსკ-ის 54-ე მუხლისა [ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს] და 61.1 მუხლის საფუძველზე [უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან]. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ეწოდება ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (61 I). ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ. გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ გადააქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება, ვერც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მოწონება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონი არ ითვალისწინებს ბათილი გარიგების გამოსწორების შესაძლებლობას. ბათილი გარიგების ბათილად მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო რაიმე პროცედურის დაცვა: შეცილება, გარიგების ბათილობის მოთხოვნა ან სასამართლოს მიერ მისი მიჩნევა ბათილად, რადგან უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, გვ. 314).
35. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე და იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ პარტნიორთა შორის კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა შეთანხმება საწარმოს გაყოფის თაობაზე, რის გამოც აქციონერთა 2010 წლის 4-8 ივნისის საერთო კრება და 2010 წლის 14 სექტემბრის საერთო კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
36. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408.3 მუხლი: საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
38. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
39. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2018 წლის 7 თებერვლის განცხადება, 2018 წლის 4 აპრილის განცხადება, 2018 წლის 18 აპრილის განცხადება, 2018 წლის 23 მაისის განცხადება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 აპრილის წერილი), მთლიანობაში „24“ ფურცლად (ტ. 4. ს.ფ. 254-271; 404-409).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის ა.ა–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს ა.ა–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს შპს „ა. ტ–ის“ (ს/კ .....) მიერ 2018 წლის 8 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. კასატორს ა.ა–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2018 წლის 7 თებერვლის განცხადება, 2018 წლის 4 აპრილის განცხადება, 2018 წლის 18 აპრილის განცხადება, 2018 წლის 23 მაისის განცხადება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 აპრილის წერილი), მთლიანობაში „24“ ფურცლად (ტ. 4. ს.ფ. 254-271; 404-409);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე