Facebook Twitter

საქმე №ას-1546-2018 5 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ა–ი“, ი. ა–ძე, შ. ა–ძე, ლ. ა–ძე, ნ. ა–ძე, თ. ა–ძე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - პ.შ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ.გ–ძე, გ.ჭ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა:

1.1. სოლიდარულ მოვალეებს შპს „ა–ს“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ზ. ა–ძეს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ი. ა–ძეს (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), შ. ა–ძეს (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) და ლ. ა–ძეს (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“) სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 27.10.2011წ. გაფორმებული NFW7.51 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ.ნების გადახდა, ჯამში 329 708,75 აშშ დოლარის ოდენობით;

1.2. დადგინდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ.ნების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ნ. ა–ძის (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, 413 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მდებარე ქ. ქობულეთი, დ. ...... (საკადასტრო კოდი №..........), ასევე თ. ა–ძის (შემდგომში - „მეშვიდე მოპასუხე“) და მეოთხე მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, 312 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მდებარე ქ. ქობულეთი, ......... (საკადასტრო კოდი № ......), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით მეორე მოპასუხის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მესამე მოპასუხე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 27.10.2011 წ. გაფორმებული NFW7.51 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ.ნების გადახდა, ჯამში 329 708,75 აშშ დოლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ 195 296,81 აშშ დოლარის, 20 850,93 აშშ დოლარისა და 1463,1 აშშ დოლარის გადახდა;

4.2. პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ 195 296,81 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 90 029,53 აშშ დოლარისა;

4.3. პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ 6319,85 აშშ დოლარის, 658,8 აშშ დოლარისა და 89,96 აშშ დოლარის გადახდა;

4.4. პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ 6319,85 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 1021,99 აშშ დოლარისა.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2011 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება:

5.1.1. ამ ხელშეკრულებით პირველ მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცა, ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე, ბანკისგან სესხად აეღო 300 000 აშშ დოლარი;

5.1.2. ამ ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებმა;

5.1.3. გარდა ამისა, ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მეექვსე მოპასუხის კუთვნილი ქონება, საკადასტრო კოდით ......, და მეორე მოპასუხის კუთვნილი ქონება, საკადასტრო კოდით .......;

5.1.4. 2013 წლის 4 სექტემბერს მეორე მოპასუხემ იპოთეკით დატვირთული ქონება აჩუქა მეშვიდე და მეოთხე მოპასუხეებს;

5.1.5. იპოთეკის ხელშეკრულებათა 5.6. პუნქტების თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალის დასაფარად, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლებოდა.

5.2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 6 სექტემბერს პირველმა მოპასუხემ ბანკისაგან ისესხა 205 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 121 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 13,7%;

5.3. 2014 წლის 4 აპრილს პირველმა მოპასუხემ ბანკისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 53 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 11,75%;

5.4. 2014 წლის 4 დეკემბერს სესხის ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა შემცირდა წლიურ 10%-მდე;

5.5. გენერალური ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

5.6. პირველი მოპასუხის საქმიანობის საგანს სასტუმრო მომსახურება შეადგენდა და სწორედ ამ მიზნით გამოიყენა მან სესხად აღებული თანხა;

5.7. 2015 წლის 10 მაისს იპოთეკით დატვირთულ ფართში, რომელშიც საოჯახო სასტუმრო იყო განთავსებული, გაჩნდა ხანძარი და პირველი მოპასუხის კუთვნილი ქონება მთლ.ნად დაიწვა;

5.8. ამის შემდეგ, პირველმა მოპასუხემ ვალდებულების შესრულება შეწყვიტა;

5.9. 2016 წლის 15 იანვარს ბანკმა სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და თანხის დაკისრება მოითხოვა;

5.10. ამ დროისათვის, 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოპასუხის დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენდა: ძირითად თანხას - 195 296,81 აშშ დოლარს და სარგებელს - 20850,93 აშშ დოლარს. ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით მოვალეს კრედიტორისათვის სარგებლის სახით სულ 110 880,46 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ამის შესაბამისად, სხვაობა ხელშეკრულების მოშლამდე გადასახდელ და სრულ სარგებელს შორის შეადგენს 110 880,46-20 850,93=90 029,53 აშშ დოლარს. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო ამ პერიოდისათვის 14631,15 აშშ დოლარი იყო;

5.11. 2016 წლის 15 იანვრისათვის 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოპასუხის დავალ.ნება კრედიტორის მიმართ შეადგენდა: ძირითად თანხას - 6319,85 აშშ დოლარს და სარგებელს - 658,8 აშშ დოლარს. ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით მოვალეს კრედიტორისათვის სარგებლის სახით სულ 1680,79 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ამის შესაბამისად, სხვაობა ხელშეკრულების მოშლამდე გადასახდელ და სრულ სარგებელს შორის შეადგენს 1680,79-658,8=1021,99 აშშ დოლარს. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო ამ პერიოდისათვის 899,69 აშშ დოლარი იყო;

5.12. 2017 წლის 29 მაისს მეორე მოპასუხე გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ საქმეში მესამე მოპასუხე ჩაერთო.

6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის სესხი უნდა დაებრუნებინათ და სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა გადაეხადათ, თუმცა, ამავდროულად სასამართლომ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეცდომით დაადგინა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში გადასახდელი სარგებლის ანაზღაურება დაეკისრათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გადაიხადონ იმ პერიოდის სარგებელი, რა პერიოდშიც მათ სესხით არ უსარგებლ.თ, რაც დაუშვებელია. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბანკმა სარჩელი 2016 წლის 15 იანვარს აღძრა და სესხის სრულად დაბრუნება მოითხოვა. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა კრედიტორს უნდა აუნაზღაურონ 2016 წლის 15 იანვრამდე გადასახდელი პროცენტი. ხოლო, 2016 წლის 15 იანვრის შემდეგ, სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი, ე.ი. ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხეებს მისთვის ვალი დროულად რომ დაებრუნებინათ.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე კომერციული ბანკია და მისი საქმიანობის ძირითადი საგანი სესხად გაცემული თანხიდან სარგებლის მიღებაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სხვადასხვა სახის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი წლიურ 10%-ს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადონ სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის წლიური 10%, 2016 წლის 15 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობისა.

9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 0,5% შეამცირა 0,05%-მდე და მოპასუხეებს 2013 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დააკისრა პირგასამტეხლოს, 1463,1 აშშ დოლარის, ხოლო 2014 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე - 89,96 აშშ დოლარის გადახდა.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუძლეველი ძალა ჩვეულებრივ პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებაა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ გარემოების არსებობს მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება.

11. სააპელაციო პალატის აზრით, იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, საჭიროა, იგი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მოვლენის დადგომა არ უნდა იყოს დამოკიდებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე, ე.ი. მოვლენა არ უნდა იყოს გამოწვეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებით ან უმოქმედობით; ბ) მოვლენა უნდა იყოს უჩვეულო, ე.ი. არ უნდა იყოს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის ჩვეულებრივი და, შესაბამისად, მოვლენის დადგომა მათთვის უნდა იყოს მოულოდნელი; გ) მისი თავიდან აცილება შეუძლებელი უნდა იყოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაში; დ) ეს შეუძლებელს უნდა ხდიდეს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას.

12. სააპელაციო პალატა დაეთანხმა მოპასუხეებს, რომ პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა სწორედ ხანძარმა გამოიწვია, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ამ მოვლენის დაუძლეველ ძალად მისაჩნევად აუცილებელი გარემოებები მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს. კერძოდ, მათ ვერ დაამტკიცეს, რომ მოვლენა არ იყო გამოწვეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებით ან უმოქმედობით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაში. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლებელი ძალით იყო გამოწვეული.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეც რომ ყოფილიყო, ეს სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან მოპასუხეებს არ გაათავისუფლებდა. ამ მოტივით, სსკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე, მათ შეეძლოთ მოეთხოვათ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება, თუმცა ამგვარი მოთხოვნით სარჩელი მათ არ აღუძრავთ. სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის და 2019 წლის 18 იანვრის განჩინებებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით განისაზღვრა მოპასუხეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვა. სასამართლო პროცესები გაიმართა 2020 წლის 16 სექტემბერსა და 5 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

20. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოპასუხე მხარეს ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვა და გაუნადგურდა სახლთმფლობელობა და პრაქტიკულად მოესპო შემოსავლის ერთადერთი წყარო - საოჯახო ტიპის სასტუმრო, რაც წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას და, რის გამოც უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისაგან.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფორს-მაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა შეუძლებელს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალს (იხ. სუსგ საქმე №ას-30-367-09, 23 ივლისი, 2009 წ.).

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ., რომ 2015 წლის 10 მაისს იპოთეკით დატვირთულ ფართში, რომელშიც საოჯახო სასტუმრო იყო განთავსებული, გაჩნდა ხანძარი და პირველი მოპასუხის კუთვნილი ქონება მთლ.ნად დაიწვა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.7. პუნქტი). აღნიშნულ ფაქტზე აპელირებენ კასატორებიც, თუმცა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ხანძრის შედეგად ქონება განადგურდა, არ შეიძლება გახდეს მისი დაუძლეველ ძალად მიჩნევის საფუძველი, რადგან, როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ იქნა აღნიშნული, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მოვლენა არ იყო გამოწვეული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებით ან უმოქმედობით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის საჭირო წინდახედულობისა და გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს (პირველ მოპასუხეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა–ის“, ი. ა–ძის, შ. ა–ძის, ლ. ა–ძის, ნ. ა–ძის და თ. ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ა–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს თ.ტ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 8 იანვრის N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე