Facebook Twitter

საქმე №ას-287-2021 09 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ “ს.გ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ომ“ (ამჟამად - ა(ა)იპ “ს.გ.ს–ო“) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „სააგენტო“) 26.02.2013 წელს დაამტკიცა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. პროექტის ფარგლებში ფერმერებს და აგრო-საწარმოებს საფინანსო ინსტიტუტებისგან უნდა მიეღოთ სამი სახის შეღავათიანი კრედიტი: 1) უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის; 2) შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის (საბრუნავი საშუალებებისა და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით); 3) შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის (ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით).

2. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მოსარჩელესა და სს „პ.ბ–ს“ (შემდგომში - „ბანკი“) შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკი გასცემს მეწარმეზე შეღავათიან აგროკრედიტს, ხოლო კრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას.

3. ხელშეკრულების თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა დასაშვებია მხოლოდ დანართი №2-ში მითითებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნით, ხოლო გაუთვალისწინებელი საქმიანობისათვის აგროკრედიტის გაცემის უფლებამოსილება ბანკს გააჩნია სააგენტოსგან წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

4. ხელშეკრულების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მეწარმესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მეწარმის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი; მიიღოს ინფორმაცია ბანკის მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის პორტფელის შესახებ; მეწარმის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში, შეუწყვიტოს მას თანადაფინანსება. სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში ბანკისთვის წერილობითი შეტყობინება.

5. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მოსარჩელესა და შპს „თ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 2013 წლის 27 სექტემბერს შედგა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, რომლის თანახმად, სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში განეხორციელებინა საკრედიტო ხელშეკრულებით სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 12%-ის ოდენობით (შემდგომში „თანადაფინანსება“).

6. შეთანხმებით განისაზღვრა თანადაფინანსების მიზნობრიობა: ა) ღვინის ქარხნის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები; ბ) ვენახის სარემონტო სამუშაოები; გ) ძირითადი საშუალებების შეძენა ღვინის ქარხნისთვის. შეთანხმებაში გათვალისწინებულ იქნა შემდეგი ძირითადი პირობა: სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევას, შეწყვეტს მიმღების თანადაფინანსებას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მიმღებს მოსთხოვოს მიღებული თანხის უკან დაბრუნება.

7. მოპასუხესა და ბანკს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, 2013 წლის 27 სექტემბერს დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც აღინიშნა, რომ საპროცენტო სარგებლის ნაწილის (მიზნობრივი თანადაფინანსება) გადახდას მსესხებელი უზრუნველყოფდა როგორც საკუთარი, ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მიღებული სახსრებით.

8. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად პირობებზე: კრედიტი გაიცა ეტაპობრივად; ამასთან, კრედიტის დამტკიცება არ წარმოშობდა სესხის გაცემის თაობაზე ბანკის უპირობო ვალდებულებას; პროექტის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 350 000 აშშ დოლარით, საიდანაც პირველი ტრანშის სახით გამავალი კრედიტის მოცულობა შეადგენდა 200 000 აშშ დოლარს; კრედიტის ვადა - 84 თვე; პროცენტის მოცულობა - წლიური 13%; კრედიტის მიზნობრიობა - ძირითადი საშუალებები/რემონტი. ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ საკომისიოსა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებზე.

9. შეთანხმების პერიოდში მოსარჩელის მიერ განხორციელდა მოპასუხის მხრიდან აგროკრედიტის თანხის მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი. შედგა საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმები:

ა) 05.12.2013 წელს შედგენილ ფორმაში აღინიშნა, რომ მოპასუხის მიერ სხვა სამუშაოებთან ერთად, მოხდა სარების არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის შეძენა;

ბ) 06.05.2014 წელს შედგენილ ფორმაში აღინიშნა, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად, მოხდა ვენახის ბეტონის სარების საამქროს მოწყობა, ასევე ვენახის გასხვლა, გადახვევა, მოხვნა, ვენახის კულტივაცია, გაფურჩქვნა და წამლობა.

10. 05.12.2013წ. ფორმის შინაარსის სისწორე დაადასტურა მოპასუხის დირექტორმა გ.გ–მა, ხოლო 06.05.2014წ. შედგენილ ფორმას მოპასუხის სახელით ხელს აწერს საზოგადოების 60% წილის მფლობელი პარტნიორი, თ.გ–ი.

11. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მიზნობრიობის დარღვევის მოტივით, პროექტის საველე მონიტორინგის საკითხების განმხილველმა კომისიამ 2014 წლის 06 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისათვის თანადაფინანსების მოხსნის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ბენეფიციარის მიერ მოხდა ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადება, ასევე, სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენება, რაც თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების მიზნიდან გადახვევას წარმოადგენდა.

12. სააგენტომ თანადაფინანსება შეწყვიტა 2014 წლის 28 ივნისიდან, რის შესახებაც მოპასუხეს ეცნობა 2014 წლის 30 ივნისის წერილით. თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ ეცნობა ასევე ბანკს, რომელსაც დაევალა, აღარ მოეხდინა სესხის პროცენტის საგრანტო თანადაფინანსებისთვის სააგენტოს ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა.

13. თანადაფინანსების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხეს ბანკთან გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მე-2 ტრანშით გათვალისწინებული კრედიტის თანხით - 150 000 აშშ დოლარით აღარ უსარგებლია.

14. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 15 495,15 აშშ დოლარის დაბრუნება.

15. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

15.1. მოსარჩელე 2013 წლიდან ახორციელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“, რომლის ფარგლებშიც იგი უსასყიდლოდ ახდენს ბენეფიციარების საგრანტო დაფინანსებას. კერძოდ, ბენეფიციარების მიერ კომერციულ ბანკში შეღავათიანი აგროკრედიტის აღების შემთხვევაში, სააგენტო იხდის (თანადაფინანსება) აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის ნაწილს;

15.2. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა მოპასუხე, რომელთანაც 2013 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელემ გააფორმა შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შეთანხმება, რომლის თანახმად, აგროკრედიტის თანხა გახარჯული უნდა ყოფილიყო შემდეგი მიზნობრიობით: ღვინის ქარხნის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები; ვენახის სარემონტო სამუშაოები; ძირითადი საშუალებების შეძენა ღვინის ქარხნისთვის;

15.3. შეთანხმების მე-2 მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განეხორციელებინა სესხის ხარჯვის მონიტორინგი. ხოლო, თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდებოდა სესხის მიზნობრიობის დარღვევა, იგი უფლებამოსილი იყო თანადაფინანსება შეეწყვიტა;

15.4. 05.12.2013 წელს ჩატარებული პირველი მონიტორინგის შედეგად, მოსარჩელემ გამოავლინა შეღავათიანი აგროკრედიტის თანხით სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის შეძენის ფაქტი, რაც სცდება შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას. აღნიშნული დირექტორმა ხელმოწერით დაადასტურა; ხოლო, 06.05.2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის თანხით მოპასუხემ მოაწყო ბეტონის სარების (ვენახის სარები) საამქრო. მონიტორინგის ოქმში ასევე დაფიქსირდა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის ნაწილი მოხმარდა ვენახის გასხვლა/გადახვევას, მიწის მოხვნას, ვენახის კულტივაციას, გაფურჩქვნას და წამლობას. აღნიშნული აქტის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა მოპასუხის 70% წილის მესაკუთრემ;

15.5. ზემოაღნიშნული ხარჯები არ შეესაბამება თანადაფინანსების შეთანხმებით განსაზღვრულ მიზნობრიობას, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელის მიერ შექმნილმა საველე მონიტორინგის საკითხების განმხილველმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დახმარების (თანადაფინანსების) შეწყვეტის შესახებ;

15.6. შეთანხმების მე-2 მუხლით მხარემ დაადასტურა, რომ მიზნობრიობის დარღვევის გამო თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, სრულად დაუბრუნებს სააგენტოს მიღებული დახმარების თანხას. შესაბამისად, ვინაიდან დაირღვა პროექტის მიზნობრიობა, სააგენტო ითხოვს გადაცემული თანადაფინასების თანხის დაბრუნებას.

16. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 27.09.2013წ. შეთანხმების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ ბეტონის სარების მინი საამქროს ვითომდა კრედიტის სახსრებით დამზადების ფაქტი; 2013 წლის 05 დეკემბერს და 2014 წლის 06 მაისს (აღნიშნულ დოკუმენტზე ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი) შედგა საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმები, სადაც დაფიქსირდა ვენახის სარის ყალიბის, სარის არმატურის შეძენისა და ვენახის სარის მინი საამქროს დამზადების ფაქტები, თუმცა არსად ყოფილა მითითებული, რომ აღნიშნული მასალების შეძენა განხორციელდა თანადაფინანსების ხარჯებით. მოპასუხეს გააჩნდა საკუთარი ფულადი სახსრები; შეღავათიანი აგროკრედიტით გაცემული თანხა დაიხარჯა მიზნობრივად, ხოლო სადავო საამქრო დამზადდა მოპასუხის კუთვნილი პროდუქციის, ღვინომასალის რეალიზაციიდან მიღებული თანხით; მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენის 30.03.2015წ. №02-150/03 რეკომენდაციით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოპასუხისათვის თანადაფინანსების აღდგენა, რაც მოსარჩელემ არ გაითვალისწინა.

17. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 53 760 აშშ დოლარისა და 7 540 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით, 558 544 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

18. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, შეთანხმების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 30 ივნისს ეცნობა ბანკს, რის გამოც ამ უკანასკნელმა აღარ გასცა სესხის მეორე ტრანში 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გამიზნული იყო ღვინის ჩამოსასხმელად. აღნიშნულის გამო, მოპასუხე იძულებული გახდა განეხორციელებინა არსებული სესხის რეფინანსირება და ღვინის ჩამოსხმის ნაცვლად შედარებით იაფად გაეყიდა მოწეული ყურძენი, ასევე ესარგებლა აუდიტორისა და ადვოკატის დახმარებით, რის გამოც მას მიადგა ზიანი 612 304 აშშ დოლარისა და 7 540 ლარის ოდენობით.

19. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ/მოსარჩელემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თანადაფინანსების თანხის დაბრუნების მიზნით, 15 495,75 აშშ დოლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

21. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

23. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

24. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მისი 60% წილის მფლობელი პარტნიორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, სამეწარმეო რეესტრის 25.09.2013წ. ამონაწერში მოპასუხის დირექტორად მითითებულია გ.გ–ი, ხოლო თ.გ–ი არის 60% წილის მფლობელი პარტნიორი; 10.12.2014წ. და 25.12.2014წ. ამონაწერების მიხედვით, დირექტორი კვლავ გ.გ–ია, ხოლო თ.გ–ი არის საწარმოს 70% წილის მფლობელი პარტნიორი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2010 წელს თ.გ–ი წარმოადგენდა როგორც მოპასუხის დირექტორს, ისე 60% წილის მფლობელ პარტნიორს და იგი 2017 წლის მდგომარეობითაც საწარმოს დირექტორი იყო. ამდენად, თ.გ–ი 2014 წლის 06 მაისს შედგენილ საველე მონიტორინგის სპეციალურ ფორმაზე ხელმოწერისას იყო არა მხოლოდ საზოგადოების პარტნიორი, არამედ აქტიურად მონაწილეობდა საწარმოს საქმიანობაში და მისი მხრიდან ფორმაზე ხელმოწერით საწარმოსთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტის შინაარსი. ამასთან, თავად მხარეთა შეთანხმება თანადაფინანსებაზე სააგენტოს ანიჭებდა უფლებას, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს მოეხდინა სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეეწყვიტა თანადაფინანსება.

25. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352.1 და 405.1 მუხლები. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს - მოპასუხის მხრიდან რამდენად მიზნობრივად განიკარგა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში თანადაფინანსებით მიღებული თანხები.

26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნიდან გადახვევას უკავშირებს: ერთ შემთხვევაში სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის შეძენას, ხოლო მეორე შემთხვევაში ბეტონის სარების (ვენახის სარების) საამქროს მოწყობას და საბრუნავი საშუალებების შეძენას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე განმარტავს, რომ სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის შეძენა, ასევე, ბეტონის სარების საამქროს მოწყობა საკუთარი სახსრებით განახორციელა. ამასთან, ბეტონის სარების დამზადება უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მიზნობრიობაში მითითებული ბეტონის სარების შეძენა. ამდენად, თანადაფინანსების თანხა ეფექტურად გამოიყენა და საბოლოო ჯამში ეს პროექტის მიზნებს არ სცილდებოდა.

27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის საკუთარი სახსრებით შეძენაზე მიუთითებს, შესაბამისად, ადასტურებს, რომ მათი შეძენა აგროკრედიტის მიზნობრიობას სცილდება, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ რა სახსრებით მოხდა მათი შეძენა, ამ უკანასკნელს ეკისრებოდა, თუმცა მას ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ მსჯელობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს მტკიცებულებები არც სააგენტოსთვის წარუდგენია. 18.05.2015წ. წერილიდან ირკვევა, რომ სააგენტო მოპასუხეს სთხოვდა 01.09.2013 - 30.06.2014 წლის პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრისა და სასაქონლო ზედნადებების რეესტრის წარდგენას, სადაც ასახული იქნებოდა მოპასუხის მხრიდან კონკრეტულ პერიოდში შეძენილი პროდუქცია და დაფინანსების წყარო.

28. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №004002718 დასკვნაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 377-382), რომლითაც, მისი მოსაზრებით, არ დგინდება აპელანტის მიერ სესხის მიზნობრივად ხარჯვის ფაქტი. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევ პერიოდში მოპასუხის მიერ შეძენილია როგორც სამშენებლო მასალები, ისე ელექტრო, სამეურნეო, ქიმიური საქონელი და ავტომანქანის ნაწილები, მაგრამ აღნიშნული საქონელი იყო თუ არა კონკრეტულად გამოყენებული 2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებით, წარდგენილი მასალებით არ დგინდება. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სესხის მიზნობრივად ხარჯვის დასადასტურებლად სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა შესაბამის პერიოდში მისი ანგარიშიდან პროექტის მომსახურე ანგარიშზე თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რამაც საერთო ჯამში 119 942 ლარი შეადგინა და რაც რამდენჯერმე აღემატება როგორც არმატურისა და ყალიბის, ისე საამქროს მოწყობის ხარჯებს.

29. ბეტონის სარების (ვენახის სარების) საამქროს მოწყობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ კვლავ მიუთითა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“ გათვალისწინებული მიზნობრიობის პირობების დარღვევას - მოპასუხის მხრიდან ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადება თანადაფინანსების შეთანხმებით კონკრეტულად არ ყოფილა გათვალისწინებული. სასამართლოს განმარტებით, შესაძლოა, საამქროს დამზადებით მართლაც ჰქონოდა ადგილი თანხის ეფექტურად ხარჯვას (საწარმოს განმარტებით, საკუთარი სიმძლავრეებით ბეტონის სარების დამზადება უფრო მომგებიანი იყო ვიდრე ბეტონის სარების შეძენა), მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პროექტის მიზანი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პირობა, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო, ასევე შეთანხმებული იყო თანადაფინანსებით მიღებული სახსრების მხოლოდ ამ მიზნით გამოყენება, მოპასუხის პოზიცია გაზიარებული ვერ იქნებოდა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხის არამიზნობრივი დანიშნულებით ხარჯვის ფაქტს, რაც სააგენტოს თანადაფინანსების შეწყვეტისა და ამავდროულად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების უფლებას ანიჭებდა.

31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

32. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

32.1. სასამართლომ არ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები: გარიგების შინაარსი, სააგენტოსა და სესხის მიზნობრიობა, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა, რომ კასატორმა დაარღვია შეთანხმების პირობები (სესხის მიზნობრიობა) დაუსაბუთებელია;

32.2. სასამართლომ ასევე არ განმარტა, თუ რა წარმოადგენდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ არსებით პირობას - ვენახის სარემონტო სამუშაოებს. მხოლოდ სიტყვა-სიტყვითი განმარტებითაც ცხადია, რომ აღნიშნული პირობა გულისხმობს ვენახის სარებისა და მისი სამაგრის (მავთულის) შეცვლას. არსებობს ვენახის სარის შეცვლის ორი გზა: შეძენა ან მეხუთედ ფასში დამზადება. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ აპელანტის მიერ წარმოებული ვენახის სარი ხმარდებოდა მხოლოდ მის ვენახს (არ ხდებოდა მისი რეალიზაცია, მითითებულია 06.05.2014წ. აქტში), ცხადია, რომ არ მომხდარა პროექტის მიზნების დარღვევა, მითუმეტეს, რომ აღნიშნული საამქრო (არმატურისა და ყალიბების ჩათვლით) მოეწყო აპელანტის ღვინომასალის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით და ვენახის რემონტი განხორციელდა უფრო ნაკლები დანახარჯებით, რაც წარმოადგენდა როგორც დაფინანსების ასევე სახელმწიფო პროექტის მიზანს;

32.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის გარეშე, სააგენტოს არ შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისივე მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო ვერანაირად ვერ დაკარგავდა ინტერესს შესრულებისადმი. ამასთან, იმავე კოდექსის 405.3 მუხლით დადგენილია იმპერატიული მოთხოვნები ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობის შესახებ, რომლის თანახმად, სააგენტოს უარი ხელშეკრულებაზე დაუშვებელი იყო დარღვევის არარსებობისა და შესაგებლის დაუყოვნებლივ წარდგენის გამო;

32.4. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ კასატორის ანგარიშიდან პროექტის მომსახურე ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხებმა სადავო პერიოდში საერთო ჯამში შეადგინა 119 942 ლარი, რაც რამდენჯერმე აღემატება როგორც არმატურისა და ყალიბის, ასევე საამქროს მოწყობის ხარჯებს. სასამართლომ კასატორისგან მოითხოვა მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კონკრეტულად მათ მიერ ჩარიცხული თანხებით მოხდა როგორც არმატურისა და ვენახის სარების ყალიბის, ისე სადავო საამქროს მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის შეთანხმების შეწყვეტის საფუძველი გახდა ბეტონის სარების მინი საამქროს მოწყობა და არა არმატურისა და ყალიბების შეძენა, რაც სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა. აღნიშნული დასტურდება როგორც მოსარჩელის წერილით, ისე მონიტორინგის 05.12.2013წ. აქტითა და მასზე შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობით;

32.5. პროექტის მიზნობრიობიდან გადახვევის შემთხვევაშიც კი, კასატორის მიერ მოხდა თანხის ეფექტური ხარჯვა, რაც აღიარებულია როგორც სააგენტოსა და ბიზნეს ომბუდსმენის, ასევე, ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ (ხარჯის 5-ჯერ შემცირება). ამდენად, მოპასუხეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურად განხორციელების გამო, რაც უკანონო და არასამართლიანია;

32.6. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 06.05.2014წ. მონიტორინგის აქტზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ. იმ პერიოდში სამეწარმეო რეესტრში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირად რეგისტრირებული იყო სხვა პირი, რის გამოც სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება როგორც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის დანაწესს;

32.7. გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებებს. კერძოდ, ერთ შემთხვევაში სასამართლო უთითებს შემდეგს: სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის შეძენა რომ აგროკრედიტის მინზობრიობას სცილდებოდა, მოპასუხისთვის სადავო არ იყო, ხოლო, მეორე შემთხვევაში, განმარტავს, რომ აპელანტის პოზიციით, არ მომხდარა მიზნიდან გადახვევა და იგი ემსახურებოდა აგროკრედიტის საერთო მიზანს;

32.8. სასამართლომ ზემოაღნიშნული უსწორო ფაქტობრივი გარემოებების გასამყარებლად მოიშველია სააგენტოს 2015 წლის 18 მაისის წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საგადასახადო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა. თუმცა, სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 28 ივნისიდან სააგენტოს შეწყვეტილი ჰქონდა გარიგება აპელანტთან და ამგვარი დოკუმენტაციის გამოთხოვის ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა;

32.9. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კასატორს სააგენტოდან მიღებული თანხებიდან ერიცხებოდა ნაშთი, ანუ სრულად არ ჰქონდა აღნიშნული სახსრები გამოყენებული;

32.10. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა საგადასახადო (ბიზნეს) ომბუდსმენის რეკომენდაცია;

32.11. კასატორის მიერ სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლო ისე დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004002718 დასკვნას, რომ არც კი გამოიკვლია კასატორის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა და ის გარემოება - სააგენტოს წარდგენილი რა დოკუმენტაციით ისარგებლა ექსპერტიზის ბიურომ (ანუ სრულად წარედგინა თუ არა ექსპერტს ფინანსური დოკუმენტაცია), რაც უკანონო და უსამართლოა.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

34. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

35. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მხრიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული თანადაფინანსების შეწყვეტის მართლზომიერება.

36. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თანადაფინანსება შეუწყვიტა ამ უკანასკნელის მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მიღებული სესხის მიზნობრიობის დარღვევის მოტივით. შესაბამისად, თანადაფინანსების შეწყვეტის მართლზომიერების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მხრიდან პროექტის მიზნობრიობის დარღვევას.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საველე მონიტორინგის საკითხების განმხილველი კომისიის 06.06.2014წ. გადაწყვეტილების თანახმად (რომლის საფუძველზეც მოხდა თანადაფინანსების შეწყვეტა) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 21-22), თანადაფინანსების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა პროექტის მიზნობრიობის დარღვევა, რაც გამოიხატა ბენეფიციარის მიერ ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადებასა და სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენებაში; სააგენტოს 30.06.2014წ. წერილის შესაბამისად (რომლითაც მოპასუხეს ეცნობა თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23), თანადაფინანსების შეწყვეტის საფუძველად ასევე მითითებულია ბეტონის სარების მინი საამქროს დამზადება. კომისიის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ იგი მიღებულ იქნა პროექტის საველე მონიტორინგის სამსახურის მიერ 2014 წლის 06 მაისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით (იხ. 06.05.2014წ. საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმა, ტ. 1, ს.ფ. 19-20).

38. აღნიშნულისგან განსხვავებით, სარჩელში თანადაფინანსების შეწყვეტის საფუძვლად კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებთან ერთად მითითებულია დამატებით ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა მოპასუხის მიერ სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის შეძენა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თანადაფინანსების შეწყვეტის მართლზომიერების შეფასებისას არასწორად იმსჯელა ამ უკანასკნელ გარემოებებზე, ვინაიდან, მიუხედავად სარჩელში მითითებისა, ისინი საველე მონიტორინგის სამსახურის 06.06.2014წ. გადაწყვეტილებით თანადაფინანსების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენდა. ამავე დროს, სასამართლომ არ გამოიკვლია იმავე გადაწყვეტილებაში მითითებული თანადაფინანსების შეწყვეტის სხვა საფუძველი, რომელიც მოპასუხის მიერ სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენებას შეეხება.

39. კასატორი დამატებით დავობს, რომ ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადება არ შეიძლება სესხის მიზნობრიობის დარღვევად ჩაითვალოს, ვინაიდან მან განახორციელა სესხის თანხის ეფექტური ხარჯვა, კერძოდ, ბეტონის სარების დამზადება შესაძლებელი იყო ხუთჯერ ნაკლები დანახარჯით, ვიდრე მათი შეძენა. შესაბამისად, თანხის ეფექტური ხარჯვა არ შეიძლება მოპასუხეს მიზნობრიობის დარღვევად შეერაცხოს, რაც სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც, ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა (იხ. სუსგ საქმე №ას-1166-2019, 06 აპრილი 2020 წელი).

41. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 27 სექტემბერს დაიდო შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, რომლის თანახმად, სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განეხორციელებინა ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება; თანადაფინანსების მიზნობრიობას წარმოადგენდა: ღვინის ქარხნის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ვენახის სარემონტო სამუშაოები და ძირითადი საშუალებების შეძენა ღვინის ქარხნისათვის; შეთანხმების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განეხორციელებინა ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი; ერთ-ერთი ასეთი მონიტორინგისას დადგინდა მოპასუხის მიერ ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადებისა და სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენების ფაქტი, რაც, სააგენტოს შეფასებით, თანადაფინანსების მიზნობრიობის დარღვევას წარმოადგენდა; აღნიშნული საფუძვლით სააგენტომ შეწყვიტა მოპასუხის მიმართ თანადაფინანსება.

42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). იმავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

43. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებია: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ გასვლა.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის - როგორც მეორეული მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური - დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას (იხ. სუსგ საქმე №ას-294-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

45. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო.

46. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეთა შორის 2013 წლის 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გავიდა (მოსარჩელემ მოპასუხეს თანადაფინანსება შეუწყვიტა) სესხის მიზნობრიობის დარღვევის მოტივით, თუმცა კასატორი სადავოდ ხდის მიზნობრიობის დარღვევის ფაქტს და უთითებს, რომ ბეტონის ჩამოსასხმელი მინი საამქროს მოწყობით რეალურად მოხდა სესხის თანხის ეფექტური ხარჯვა, ვენახის რემონტი განხორციელდა უფრო ნაკლები დანახარჯებით, ვინაიდან ბეტონის სარების დამზადება უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვდა, ვიდრე მათი შეძენა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია.

47. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ბეტონის სარების დამზადება ნამდვილად მოითხოვდა თუ არა ნაკლებ დანახარჯებს ბეტონის სარების შეძენასთან შედარებით, რამდენად ნაკლები იყო აღნიშნული დანახარჯი და ამ გზით რეალურად ხდებოდა თუ არა სესხის თანხის ეფექტური ხარჯვა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია იმის შეფასება, ბეტონის საამქროს მინი ქარხანის დამზადება წარმოადგენდა თუ არა თანადაფინანსების მიზნობრიობის დარღვევას.

48. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია რა მოიაზრებოდა საველე მონიტორინგის სამსახურის 06.06.2014წ. გადაწყვეტილებაში მითითებულ „საბრუნავ საშუალებებში“, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენებას და სცდებოდა თუ არა აღნიშნული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობას.

49. ერთ-ერთ მსგავს საქმეში საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია მხარეთა შორის დადებული შეთანხმების არსებითი პირობის - მიზნობრიობის დარღვევის შესახებ და განმარტა შემდეგი: „ხელშეკრულების მიზანი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მიღწეულად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ, ღვინის მარანი მოწყობილია, მოსარჩელის მიერ მინის ბოთლებისა და კორპის ხის თავსახურების შეძენა და შემდგომში, დაგვიანებით დოკუმენტის წარდგენა, ხელშეკრულების მნიშვნელოვნად და მისი მიზნობრიობის დარღვევად, არ უნდა შეფასდეს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1069-2021, 23 დეკემბერი, 2021 წელი). ამდენად, იმისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი სესხის მიზნობრიობის დარღვევას, ასევე უნდა დადგინდეს/შეფასდეს, არსებულ მდგომარეობაში, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად მიღწეული ან მიღწევადია ხელშეკრულების საბოლოო მიზანი.

50. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მითითება სარის არმატურისა და ვენახის სარის ყალიბის საკუთარი სახსრებით შეძენის შესახებ, წარმოადგენს სესხის მიზნობრიობის დარღვევის აღიარებას. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნული მითითებით არათუ დაადასტურა, არამედ სრულიად უარყო სესხის მიზნობრიობის დარღვევის ფაქტი.

51. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა საქმეში არსებული საგადასახადო ომბუდსმენის 30.03.2015წ. №02-150/03 რეკომენდაცია, რომლის თანახმად, „იმ პირობებში, როდესაც კომპანიის ქმედებით არ შეფერხებულა გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროცესი (რაც წარმოადგენს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საერთო მიზანს) და ამავე დროს, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მოხდა თანხის ეფექტურად და რაციონალურად გამოყენება, საფუძველს მოკლებულია სააგენტოს პოზიცია კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნული საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმა. ის ფაქტი, რომ კრედიტის თანხით კომპანიამ ბეტონის სარების საამქრო შეიძინა, საკითხის მხოლოდ ზედაპირული შეფასების შედეგად შეიძლება იქნეს მიჩნეული კრედიტის არამიზნობრივ გამოყენებად, თუმცა ამ გარემოებების კომპლექსურად (დადებითი ეფექტების გათვალისწინებით) შეფასებით, საკმარისი საფუძველი არსებობს, რომ საამქროს შეძენა ვენახის სარემონტოდ გათვალისწინებულ სამუშაოდ ჩაითვალოს.... განსახილველ შემთხვევაში, ბეტონის სარების საამქროს შეძენა ფორმალური თვალსაზრისით რომც ჩაითვალოს დარღვევად, საქმის გარემოებების (სარების საამქროს შეძენის დანიშნულების) გათვალისწინებით, დარღვევის არაარსებითი ხასიათის გამო, სააგენტოს მაინც არ წარმოშობია ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 108-110). სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია სააგენტოს მხრიდან მოპასუხისათვის თანადაფინანსების შეწყვეტა მართლზომიერად, რომ აღნიშნული გარემოებებისთვის შეფასება არ მიუცია.

52. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ სსიპ „ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 13.06.2018წ. №004002718 დასკვნას, აღნიშნული დასკვნის თანახმად: „გამოსაკვლევ პერიოდში მოპასუხის მიერ შეძენილია როგორც სამშენებლო მასალები, ასევე ელექტრო, სამეურნეო, ქიმიური საქონელი და ავტომანქანის ნაწილები, მაგრამ აღნიშნული საქონელი კონკრეტულად გამოყენებული იყო თუ არა 2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად განსაზღვრული მონაცემებით, წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 377-382). ამდენად, სათანადო მასალების არარსებობის გამო, ექსპერტის მიერ ვერ დადგინდა მოპასუხის მიერ სესხის მიზნობრივად/არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აღნიშნული დასკვნით არ დგინდება სესხის მიზნობრივად ხარჯვა, არ არის მართებული.

53. საველე მონიტორინგის 06.04.2014წ. სპეციალურ ფორმაზე ხელმომწერი პირის, მოპასუხის პარტნიორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნულ ფორმაში მითითებული ინფორმაცია - მის მიერ ვენახის ბეტონის სარების შეძენის ნაცვლად ვენახის ბეტონის სარების ჩამოსასხმელი საამქროს მოწყობა, ასევე, სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენება. გარდა ამისა, მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით თანადაფინანსების შესახებ განისაზღვრა სააგენტოს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განეხორციელებინა სესხის ხარჯვის მონიტორინგი, ხოლო, თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდებოდა სესხის მიზნობრიობის დარღვევა, შეეწყვიტა თანადაფინანსება, რაც ბენეფიციარის მხრიდან თანხმობას ან დადასტურებას არ მოითხოვდა. შესაბამისად, კასატორის მითითება ზემოაღნიშნულ ფორმაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არის რელევანტური.

54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

55. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს წინამდებარე განჩინების 46-48-ე პუნქტებში მითითებული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი სესხის მიზნობრიობის დარღვევას, ხოლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ასევე შეაფასოს - რამდენად ჰქონდა ამ ტიპის დარღვევას არსებითი ხასიათი და რამდენად შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული დარღვევა ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტის საფუძველი.

56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

57. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

58. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2720 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 147,86 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ–ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. შპს „თ–ას“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მ.ყ–ის (პ.ნ. ......) მიერ 2021 წლის 25 თებერვალს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2 720 (ორი ათას შვიდას ოცი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 147,86 (ას ორმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი