საქმე №ას-685-2023
19 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ჰ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ქ–ი, ა.ნ–ვა (მოპასუხე, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა.ნ–ვას სარჩელი მოპასუხეების ა.ჰ–ვასა და ქ.ქ–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობასა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 26 ივნისს ა.ჰ–ვასა და ქ.ქ–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მოსარჩელე ა.ნ–ვას აღუდგა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, გამზირი: ......., ფართი N65, სადარბაზო 2, სართული 12, 62.82 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N .....
2. 2018 წლის 26 ივნისს დადებულად ჩაითვალა ფულადი ვალდებულების არსებობის ხელშეკრულება ა.ჰ–ვასა და ქ.ქ–ს შორის და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: კრედიტორი - ქ.ქ–ი, მოვალე - ა.ჰ–ვა, ფულადი ვალდებულება განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და ა.ჰ–ვას მიერ თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 26 ივნისს დადებულად ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულება ა.ნ–ვასა და ქ.ქ–ს შორის, ა.ნ–ვას კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ქ. თბილისი, ......, ფართი N65, სადარბაზო 2, სართული 12, 62.82 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ......
3. მოსარჩელეს უარი ეთქვა უფლებრივად თავისუფალი ნივთის (ქ. თბილისი, ....... ფართი N65, სადარბაზო 2, სართული 12, 62.82 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N .......) საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ა.ჰ–ვამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ჰ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოცემულ საქმეზე შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 2018 წლის 26 ივნისს დადებულად ჩაითვალა სესხის ხელშეკრულება ა.ჰ–ვა და ქ.ქ–ს შორის და მის უზრუნველსაყოფად, ქ.ქ–ის სასარგებლოდ, 2018 წლის 26 ივნისს დადებულად ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულება ა.ნ–ვასა და ქ.ქ–ს შორის, ა.ნ–ვას კუთვნილ უძრავ ქონებაზე: მდებარე, ქ. თბილისი, გამზირი: ......., ფართი N65, სადარბაზო 2, სართული 12, 62.82 კვ.მ, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ........
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ - ა.ჰ–ვამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით ა.ჰ–ვას დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) და გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ლ.ლ–ძეს, ჩაბარდა 2023 წლის 20 ივნისს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
2023 წლის 14 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნული განცხადება საკასაციო სასამართლოს მიერ დატოვებული იქნა რეაგირების გარეშე, ვინაიდან მითითებული განცხადება წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა, რადგან ა.ჰ–ვას წარმომადგენელ ლ.ლ–ძეს მინდობილობით საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება მინიჭებული არ ჰქონდა (იხ. მინდობილობები - ტ.2, ს.ფ. 58- 63).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით ა.ჰ–ვას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილის მიღების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 20 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს - ლ.ლ–ძეს (იხ. ტომი 2 ს.ფ. 175; მინდობილობები - ტ.2, ს.ფ. 58- 63).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 21 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 25 ივნისს, მაგრამ, ვინაიდან 25 ივნისი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 26 ივნისს, ორშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ჰ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია