Facebook Twitter

ას-238-2023

06 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „დ.ჯ–იას“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 470 600 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 3-19).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ სარჩელს არ ცნობდა, თუმცა იქვე და სასამართლოს ზეპირ მოსმენაზე აღიარა ვალდებულების არსებობა 8369.74 ლარის ნაწილში. განმარტა, რომ მოსარჩელეს არასწორად ქონდა გაანგარიშებული პირგასამტეხლო და ასევე მიუთითა მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე შპს „დ.ჯ–იას“ მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 41 848.70 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების დანართის მიხედვით განსაზღვრული იყო ცალკეული საქონლის მიწოდების ვადები. კერძოდ: სპეც. უნიფორმა ზამთრის ლურჯი ფერის მიწოდებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, საველე ზამთრის უნიფორმა, ნაცრისფერი მიწოდებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, უნიფორმა საველე, ზამთრის ქურთუკი და შარვალი, ღია ყავისფერი მიწოდებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში, ზამთრის უნიფორმა ქურთუკი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული მიწოდებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, შარვალი მათბუნებლით, კომუფლირებული, ლურჯი, ციფრული მიწოდებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. შესაბამისად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ: სპეც. უნიფორმა ზამთრის ლურჯი ფერის მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს წლის 15 მარტისა, საველე ზამთრის უნიფორმა, ნაცრისფერი მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2021 წლის 15 მარტისა, უნიფორმა საველე, ზამთრის ქურთუკი და შარვალი, ღია ყავისფერი მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2021 წლის 23 თებერვლისა, ზამთრის უნიფორმა ქურთუკი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2021 წლის 15 მარტისა, შარვალი მათბუნებლით, კომუფლირებული, ლურჯი, ციფრული მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2021 წლის 15 მარტისა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2020 წლის 15 დეკემბერს, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N849 ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისთვის ზამთრის საველე უნიფორმის სახელმწიფო შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ, ასევე მიწოდების ვადების შესახებ ასახული იყო ხელშეკრულების დანართებში - ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში. ხელშეკრულების მე-9 მუხლით შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელი საჯარიმო ღონისძიებების შესახებ დებულებები. 9.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით. 9.6. მუხლით კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო შემსყიდველისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

5.2. 2020 წლის 21 დეკემბრის შეთანხმებით ხელშეკრულების 7.1. მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო ლარში, 2020 და 2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მათ შორის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით 650 000 ლარი, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით 650 000 ლარი.

5.3. 2021 წლის 15 აპრილის შეთანხმებით ხელშეკრულებაში, კერძოდ, ხელშეკრულების 2.5. მუხლში, შეტანილ იქნა ცვლილება. ცვლილების შედეგად ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე. შეთანხმებით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება შეთანხმების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2021 წლის 31 ივლისი.

5.4. 2021 წლის 24 მაისის შეთანხმებით ხელშეკრულებაში კიდევ ერთხელ იქნა შეტანილი ცვლილება. კერძოდ, ხელშეკრულების 2.5. მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

5.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით ვერ უზრუნველყოფდა 2020 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული N849 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიწოდებას, მიმწოდებელს აღნიშნულ თარიღამდე უნდა წარმოედგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც იქნებოდა არანაკლებ 2021 წლის 31 აგვისტო.

5.6. ხელშეკრულების დანართის მიხედვით განსაზღვრული იყო ცალკეული საქონლის მიწოდების ვადები.

5.7. მიღება-ჩაბარების აქტებზე, შემოსავლის ზედდებულებზე, სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე დაყრდნობით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, დადგენილია რომ მისაწოდებელი პროდუქციის ნაწილი მოსარჩელეს მიეწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ნაწილი კი ვადის დარღვევით.

5.8. მოპასუხეს 2021 წლის 08 სექტემბრის წერილით ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 300 000 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 470 600 ლარს. თანხის გადასახდელად მოპასუხეს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა. სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სარჩელის წარდგენის დროისთვის თანხა გადახდილი არ ქონდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 5.9. პალატამ მიუთითა, რომ შესასრულებელი ვალდებულების ნაწილი მოპასუხის მიერ შესრულდა ვადაგადაცილებით. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულება ხდებოდა პანდემიის გავრცელების პირობებში. ასევე გაითვალისწინა საქმის კონკრეტულ გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან და მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას პირგასმტეხლოს შემცირების შესახებ, ხელშეკრულების შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-მდე. მიუთითა, რომ სადავო არ იყო 7 380 ლარის ღირებულების საქონლის მოსარჩელისათვის მიწოდება ვადის დაცვით. შესაბამისად, მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო მართებულად იქნა გამოთვლილი 1 292 620 ლარიდან და დაანგარიშდა 0.05%-ის ოდენობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს. 6.2. მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ. სასამართლოს კი არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, როდესაც დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა.

6.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მთავარი მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს უნდა გააჩნდეს შემაკავებელი ეფექტი. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.8. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.

14. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება - მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.

15. კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები Nას-1292-2019, 24.12.2020წ; N ას-386-2019, 02.04.2021წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

17. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგN ას-186-2021, 25.03.2021წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დადებისას მოპასუხე თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. ამ მხრივ საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება.

19. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

20. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მისაწოდებელი პროდუქციის ნაწილი (7380 ლარის ღირებულების პროდუქტი) მოსარჩელეს მიეწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ნაწილი კი (1292620 ლარის ღირებულების პროდუქტი) ვადის დარღვევით. კერძოდ: საველე ზამთრის უნიფორმა, ნაცრისფერი 1 951 ცალი, 308 258 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 02 აპრილს; სპეც. უნიფორმა ზამთრის ლურჯი ფერის, 630 ცალი, 99 540 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 20 აპრილს; საველე ზამთრის უნიფორმის, ნაცრისფერი, შემდეგი პარტია, 336 ცალი, 53 088 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 20 აპრილს; ზამთრის უნიფორმა ქურთუკი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული 1 895 ცალი, 212 240 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 20 აპრილს; შარვალი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული 1 895 ცალი, 162 970 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 20 აპრილს. სპეც. უნიფორმის ზამთრის ლურჯი ფერის, შემდეგი პარტია 820 ცალი, 129 560 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 13 მაისს; საველე ზამთრის უნიფორმის შემდეგი პარტია, ნაცრისფერი 1 977 ცალი, 312 366 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 13 მაისს; ზამთრის უნიფორმის, ქურთუკი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრულის, შემდეგი პარტია 40 ცალი, 4 480 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 13 მაისს; შარვალი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული, შემდეგი პარტია 40 ცალი, 3 440 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 13 მაისს. საველე ზამთრის უნიფორმის, ნაცრისფერი, შემდეგი პარტია, 36 ცალი, 5 688 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 24 ივნისს; ზამთრის უნიფორმის, ქურთუკი მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული, შემდეგი პარტია 5 ცალი, 560 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 24 ივნისს; შარვლის მათბუნებლით, კომუფლირებული ლურჯი, ციფრული, შემდეგი პარტია 5 ცალი, 430 ლარის ღირებულებით, მოსარჩელეს მიეწოდა 2021 წლის 24 ივნისს.

21. პალატის შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ვადაგადაცილებით შესრულდა შესასრულებელი ვალდებულების ნაწილი, პირგასამტეხლო მართებულად დაანგარიშდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით მიწოდებული ხელშეკრულების საგნის ღირებულებიდან. კერძოდ, საქონლის პერიოდულად მიწოდების დროისათვის არსებული ვადადარღვეული დღეებისა და მისაწოდებელი საქონლის ღირებულების გათვალისწინებით. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველი ცალკეული მიწოდებისას არსებული შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა (ვადის დარღვევით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.05%, ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული 0.01%-სა), ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ადეკვატური და გონივრულია.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გაანგარიშების საფუძვლისა და მისი გონივრული ოდენობის თაობაზე, ითვალისწინებს არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ადეკვატური და გონივრულია.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე