Facebook Twitter

№ას-377-2023

10 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ფ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.კ.ტ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „უ.კ.ტ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ფ.ბ–ს“ მოსარჩელე შპს „უ.კ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15365 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ფ.ბ–ს“ შპს „უ.კ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 15365 ლარის წლიური 11%-ის გადახდა 2017 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინებით შპს „ფ.ბ–ის“ განცხადება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „უ.კ.ტ–ის“ სარჩელის გამო მოპასუხე შპს „ფ.ბ–ის“ წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს „უ.კ.ტ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ფ.ბ–ს“ შპს „უ.კ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15365 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ფ.ბ–ს“ მოსარჩელე შპს „უ.კ.ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15365 ლარის წლიური 11% გადახდა 2017 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე; შპს „ფ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „უ.კ.ტ–ის“ მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (ძირითადი სარჩელით) და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „ფ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ფ.ბ–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით შპს „ფ.ბ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 1321.77 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 18 აპრილს.

2023 წლის 24 აპრილს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - კვირას, ხოლო 24 აპრილი იყო პირველი სამუშაო დღე) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით და შემოსავლების სამსახურის მიმართ შპს „ფ.ბ–ის“ არსებული დავალიანების ამსახველი დოკუმენტაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „ფ.ბ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 1321.77 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს, მ.ჯ–ას, ჩაბარდა 2023 წლის 15 მაისს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „ფ.ბ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 15 მაისს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს, მ.ჯ–ას, (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.3, ს.ფ. 168; მინდობილობა - ტ.2, ს.ფ 181).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 20 მაისს, მაგრამ, ვინაიდან 20 მაისი იყო შაბათი - არასამუშაო დღე და მომდევნო დღეც იყო არასამუშაო - კვირა დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 22 მაისს, ორაშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 22 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ფ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია