გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-231-47-გ-03 25 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა ე. სართანიას სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. სართანიამ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. სართანიას და მესამე პირების: ნოტარიუს გ. დიხამინჯიას და ლ. ბახიას მიმართ და მოითხოვა სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმება, ... წილის გამოყოფა და აუქციონის შედეგების გაუქმება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ე. სართანიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. სართანიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგი საფუძვლით: ე. სართანიას სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი მოთხოვნას წარმოადგენდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 1 თებერვლის აუქციონის შედეგების გაუქმება, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63-ე 75-ე მუხლის 1-3 პუნქტების, 77-ე მუხლის 1-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო. პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიურო მმართველობის ორგანოს წარმოადგენს, რის გამოც განსახილველი სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტების თანახმად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი და რამდენჯერმე დაინიშნა სხდომა. მიუხედავად მხარეთა კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებისა, მხარეები არც ერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის განჩინებით ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. პალატამ მიუთითა, რომ ე. სართანიას ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე, არ მიიღო ზომები საქმეში სააღსრულებო ბიუროს ჩასაბმელად და საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე.
ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა ე. სართანია, რომელიც ხელოვნურად აჭიანურებს. საქმის განხილვას და ხელს უშლის სასამართლოს მისი მოთხოვნის დაზუსტებასა და სააღსრულებო ბიუროს მოპასუხედ ჩართვაში, რადგან მისი დასახელების პრეროგატივა მოსარჩელეს ეკუთვნოდა, რის გამოც სააპელაციო პალატა ვერ იყენებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებულ უფლებას მხარის დასწრების გარეშე გამოეტანა გადაწყვეტილება და ემსჯელა აპელანტის მოთხოვნაზე, რის გამოც საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსჯადი დავა გახდა, ხოლო ე. სართანიას სხვა მოთხოვნები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელთა მიმართ ადმინისტრაციული პალატა არაგანსჯად სასამართლოს წარმოადგენდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატების მოსაზრებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს რომ ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.
ე. სართანია სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სამემკვიდრო მოწმობის გაუქმებას, ქ. თბილისში ... წილის გამოყოფას და აღნიშნული ბინის აუქციონის წესით გაყიდვის შედეგების გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის (აპელანტის) ერთ-ერთ მოთხოვნას აუქციონის შედეგების გაუქმება წარმოადგენდა, მას მოპასუხედ სააღსრულებო ბიურო (აღმასრულებელი) არ დაუსახელებია. საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი იმ სახით, როგორიც წარდგენილი იქნა სასამართლოში, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას, ვინაიდან ე. სართანიას თავისი მოთხოვნის მოპასუხედ ადმინისტრაციული ორგანო არ დაუსახელებია. იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა დააზუსტებინებდა აპელანტს მოთხოვნას და საქმეში მოპასუხედ ჩაერთვებოდა სააღსრულებო ბიურო, მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ე. სართანიას მოთხოვნები წარმოადგენს სსკ-ს მე-11 მუხლით განსაზღვრულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რადგან მარტოოდენ მოთხოვნა, თუ იგი მიმართული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, არ ცვლის დავის განსჯადობას და სსკ-ს 85-ე მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებულ შედეგებს იწვევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება ეკ. სართანიას სააპელაციო საჩივრის განსჯადობაზე სწორია და იგი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. ე. სართანიას სააპელაციო საჩივარი გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3 განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.