№ას-1151-2022
09 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ი.ო–ძე, ტ.მ–ძე, ვ.ჯ-გ–ი, ე.ჯ-ო–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (სს „ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ფ.ს–ომ“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ი.ო–ძის, ტ.მ–ძის, ვ.ჯ-გ–ის, მ. ო–ძისა და ე.ჯ-ო–ძის (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ, თანხის დაკისრება დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-15).
1.1. მოსარჩელის სარჩელზე შესაგებელი წარადგინეს ი.ო–ძემ, ტ.მ–ძემ, ვ.ჯ-გ–მა და ე.ჯ-გ–მა და მიუთითეს, რომ ი.ო–ძე, ტ.მ–ძე და ე.ჯ-გ–ი ცნობდნენ სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირი თანხის - 18065.45 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ფ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ - 23207.07 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 18065.45 ლარი, პროცენტი 4841.68 ლარი, პირგასამტეხლო 225.04 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 63.90 ლარი და ამონაწერის განახლების საფასური 11 ლარი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი.ო–ძემ, ტ.მ–ძემ, ვ.ჯ გ–მა და ე.ჯ-ო–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოს და სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2017 წლის 19 დეკემბერს სს „ფ.ბ.ს–ოსა“ და ი.ო–ძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N130780.3300.004, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 32000 ლარის ოდენობით, 1492 დღის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეებმა შესრულების ვადაგადაცილებისათვის გაითვალისწინეს ჯარიმა (პირგასამტეხლო) - ვადაგადაცილებული თანხის 0.25%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.2. 2017 წლის 19 დეკემბრის თავდებობის წერილებით ვ.ჯ-გ–მა, ტ.მ–ძემ, ე.ჯ-ო–ძემ და მ. ო–ძემ იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის ი.ო–ძის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 48 800 ლარით.
5.3. 2019 წლის 19 დეკემბერს ი.ო–ძესთან გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 32 000 ლარით, სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%-ით.
5.4. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი და მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა დავალიანების დაფარვის შესახებ.
5.5. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანებამ სს „ფ.ბ.ს–ოს“ (უფლებამონაცვლე სს „კ.ბ–ი“) მიმართ შეადგინა 23 196.43 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 18065.45 ლარი, პროცენტი - 4841.68 ლარი, ჯარიმა 225.04 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 63.90 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. პალატამ მიუთითა, რომ ძირითადი მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეებმა ვალდებულება სრულად ცნეს. შესაბამისად, წარმოიშვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით დარიცხული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და ვინაიდან, სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაში იყო სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან, არსებობდა მოპასუხეებისათვის მისი დაკისრების საფუძველი.
5.7. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისას მხედველობაში იქნა მიღებული ხელშეკრულების ტიპი, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, ვადაგადაცილების პერიოდი, ის ეკონომიკური ინტერესი, რაც კრედიტორს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ გააჩნდა და არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ აპელანტების პოზიციის გაზიარების საფუძველი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ო–ძემ, ტ.მ–ძემ, ვ.ჯ გ–მა და ე.ჯ-ო–ძემ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სიცოცხლის დაზღვევის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორების მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. სასამართლოს პროცენტის სახით უნდა დაეკისრებინა მხოლოდ 3 თვის პროცენტი და შეემცირებინა პირგასამტეხლო.
6.2. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი ვადის პერიოდის პროცენტს, მოპასუხეების პოზიცია კი იყო ის, რომ ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა სარჩელის შეტანის გზით, სარჩელის შეტანამდე და სარჩელის შეტანის შემდგომ არსებული პროცენტი მოპასუხეებს არ უნდა დაკისრებოდათ საპატიო მიზეზის გამო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 2017 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
15. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ. საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).
16. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
17. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
18. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). 19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
20. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაირღვა, შესაბამისად, წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეებს ეცნობათ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი შეწყვეტის შესახებ და მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.
23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვთ კვალიფიციური შესაგებელი სესხის სარგებლისა თუ პროცენტის დაკისრების უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამატეხლოს შემცირების თაობაზე. მოპასუხეები მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლნენ, რომ ძირითადმა მოვალემ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რის გამოც სესხის სარგებელი და პირგასამტეხლო საპატიო მიზეზით არ უნდა დაკისრებოდათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახით დაეკისრათ 225.04 ლარის გადახდა, რც შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ ვერ ჩაითვლება.
24. სასესხო ვალდებულების საპატიო მიზეზით შეუსრულებლობის თაობაზე მოპასუხეთა მტკიცებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის მოვალემ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეიბოჭა თავი სახელშეკრულებო ვალდებულებით და მასვე ევალებოდა სესხის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელშეკრულებო ვალდებულების (სესხის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის) შესრულებისგან მოვალის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. ამ საკითხის სხვაგვარად მოწესრიგება გაუმართლებლად ხელყოფდა კრედიტორის ინტერესებს, რომელიც მოვალისგან კეთილსინდისიერად მოელის სახელშეკრულებო ვალდებულების დროულ და ჯეროვან შესრულებას. აქედან გამომდინარე, კასატორების მტკიცება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტირებულობას.
25. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის შემცირებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილი პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებშიც, უნდა შემოწმდეს დაცულია თუ არა ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი. პალატა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელდა ცვლილება და აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, ამავე მუხლში კვლავ ცვლილება შევიდა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა.
26. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100%, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია.
27. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სარგებლის ოდენობა წლიური 20%-ით განისაზღვრა, 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა, რა დროსაც კანონმდებლობით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობა 100%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 20%, შესაბამისობაშია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართანაც. 28. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2017 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – წლიური 20% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. მხოლოდ მითითება პროცენტისა და სარგებლის დაკისრების საფუძვლის არარსებობაზე კი არ შეიძლება გასაჩივრებული განჩინების დასკვნების არასწორად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის არსებითად დაშვების საფუძველი გახდეს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირეს. შესაბამისად, მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 31. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. 32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ო–ძის, ტ.მ–ძის, ვ.ჯ-გ–ისა და ე.ჯ-ო–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ი.ო–ძეს (.......), ტ.მ–ძეს (.......), ვ.ჯ-გ–ს (........) და ე.ჯ-ო–ძეს (.......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი N28775700, გადახდის თარიღი 07.10.2022) 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე