№ას-1212-2022
09 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.გ–ძე, ნ.ი–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უძრავი ქონების მესაკუთრედ მოპასუხის ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ს–ძემ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი.გ–ძისა და ნ.ი–ძის (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბორჯომი, ………, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N …………….½ წილის მესაკუთრედ ი.გ–ძის ცნობა და მისთვის თანხის დაკისრება (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-16).
1.1. მოპასუხეებმა სასამართლოში წარადგინეს შესაგებელი და მიუთითეს, რომ სარჩელს არ ცნობდნენ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.ს–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სასამართლოს დადგენილად მიჩნია, რომ ლ.ს–ძემ მოპასუხე ი.გ–ძეს გადასცა 1500 ლარი.
2.2. საქმეზე სადავო არ გამხდარა, რომ ი.გ–ძეს ლ.ს–ძისათვის მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.
2.3. მოპასუხეები - ნ.ი–ძე და ი.გ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2012 წლის 29 ნოემბრიდან. საქმეზე წარმოდგენილი განქორწინების მოწმობის შესაბამისად, მოპასუხეები განქორწინდნენ 2019 წლის 20 მაისს.
2.4. უძრავი ქონება, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბორჯომი, ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ....... წარმოადგენს მოპასუხე - ნ.ი–ძის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ი–ძის საკუთრებაში აღირიცხა 2018 წლის 24 აგვისტოს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
2.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მხარეებს შორის სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ და მიიჩნია, რომ, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნებას, მითითებული სამოქალაქო დავის ფარგლებში შეფასება ვერ მოხდებოდა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ს–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე ი.გ–ძეს მოსარჩელე ლ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა ი.გ–ძის უძრავი ქონების, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბორჯომი, ........ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ........ ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ი.გ–ძე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მოსარჩელე ლ.ს–ძის კუთვნილ ფულად თანხას 1500 ლარის ოდენობით. ი.გ–ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების გამო, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
5.2. ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან ცალსახად დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელით იყო მოთხოვნილი, აღნიშნული ფაქტი სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია და მოპასუხე ი.გ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის სახით 1500 ლარის გადახდა.
5.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ი.გ–ძის უძრავი ქონების, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბორჯომი, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ....... ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახე სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი იყო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. პალატამ მიუთითა, რომ გასათვალისწინებელი იყო დავის საგანი, თავად მოთხოვნა და მისი მოცულობა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა და იმ პირობებში როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო კანონიერ ძალაში შესული და სააღსრულებო წარმოების არც დაწყება და არც შეფერხება მოპასუხის გადახდისუუნარობის გამო არ დგინდებოდა, არ არსებობდა სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ს–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ი.გ–ძის ცნობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის საკითხზე. მეუღლეთა საერთო ქონება შეიძლება გაიყოს ქორწინების შეწყვეტის შემდეგად, რაზეც მოპასუხეები აპელირებენ.
6.2. აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შემდგომ ვალის გადახდევინება მოხდებოდა მისი წილიდან თანასაკუთებაში. აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, კი ი.გ–ძისთვის დაკისრებული თანხა აღუსრულებელი დარჩება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ი.გ–ძის ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან (სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო სამართალწარმოების ამოცანაა განიხილოს და გადაწყვიტოს დავა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით. მართალია, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი, სსსკ-ის მე-3 მუხლი), მაგრამ იმ მომენტიდან, როცა საქმის წარმოების ინიცირებას მოახდენს, ის იბოჭება საპროცესო სამართლის ნორმებით დადგენილი წესებით. მან საქმის წარმოების დასაწყებად ზედმიწევნით მკაცრად უნდა დაიცვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესები (სუსგ. ას-662-662-2018, 05.07.2018).
14. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელის შინაარსი ყოველთვის უნდა აკმაყოფილებდეს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ის ვალდებულია მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ.ს–ძე მოითხოვდა მოპასუხე ი.გ–ძისათვის თანხის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მხარეებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. ლ.ს–ძის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბორჯომი, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .......... ½ წილის მესაკუთრედ ი.გ–ძის ცნობა. მართალია, მოსარჩელე აღნიშნულ საკითხს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ხდიდა სადავოდ, თუმცა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
15. კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, ან, საჭიროებისამებრ, მხარეებმა მოითხოვონ ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
16. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ი.გ–ძის ცნობის საკითხს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ხდიდა სადავოდ. სარჩელში აღნიშნულია, რომ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, ქონება შეძენილი იყო ქორწინების განმავლობაში. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის (მოპასუხისათვის თანხის დაკისრება) დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღსრულებისაკენ. თუმცა, სარჩელი არ შეიცავს დასაბუთებას, მოპასუხის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკისა და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის იმგვარი ხელისშემშლელი გარემოებების არსებობაზე, რომელიც შესაძლოა გახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორი. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებლობას, მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.
17. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ი.გ–ძის უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირა და მოპასუხეის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
19. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს უნდა დაუბრუნდეს ჯ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ლ.ს–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N14688080988, გადახდის თარიღი 05.10.2022) 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე