Facebook Twitter

№ას-824-2022

25 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.ბ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ–ი, ი.შ–ი, ბ.ქ–ი, დ.ქ–ი, ლ.ქ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ვ.ქ–ის, ი.შ–ის, ლ., ბ., დ. და ლ.ქ–ების მიმართ (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

- ი.შ–ი, ლ., ბ., დ. და ლ.ქ–ები ცნობილ იქნენ ვ.ქ–ის უფლებამონაცვლეებად;

- უძრავი ქონება მდებარე, ქარელის რაიონი, სოფელ ..... (N .........) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ი.შ–ის, დ.ქ–ის, ლ.ქ–ის, ბ.ქ–ისა და ლ.ქ–ის 1/5 წილის პროპორციულად;

- ი.შ–ს, ლ., ბ., დ. და ლ.ქ–ებს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 12 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGGL000248297-5072487 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 61 448.79 ლარი, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 55 600 ლარი, პროცენტი 3356.13 ლარი და პირგასამტეხლო 2492.66 ლარი;

- დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N ......;

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: ი.შ–ისა და ლ.ქ–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ნივთები (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა: ტ.1, ს.ფ. 180-181).

1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ი.შ–ი, ლ., ბ., დ. და ლ.ქ–ები ცნობილ იქნენ ვ.ქ–ის უფლებამონაცვლეებად; უძრავი ქონება მდებარე, ქარელის რაიონი, სოფელ .... (N.....) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ი.შ–ის, დ.ქ–ის, ლ.ქ–ის, ბ.ქ–ისა და ლ.ქ–ის სახელზე 1/5 წილის პროპორციულად; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 59456 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 55 600 ლარი, პროცენტი 3356 ლარი და პირგასამტეხლო 500 ლარი; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N .....; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფდა არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, დადგინდა მოპასუხეების: ი.შ–ისა და ლ.ქ–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ნივთების სარეალიზაციოდ მიქცევა.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:

5.1. 2017 წლის 12 დეკემბერს სს „ს.ბ–სა“ და ვ.ქ–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGGL00248298-5072487 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით ან ეკვივალენტით სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი.

5.2. 2017 წლის 12 დეკემბის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGGL00248298-5072487 ხელშეკრულებით, ერთი მხრივ, სს „ს.ბ–სა“ და მეორე მხრივ, ი.შ–ს, ვ., ლ., ბ., დ. და ლ.ქ–ებს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება NGAH000248313, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქარელის რაიონი, სოფელი ...., ს.კ. ......

5.3. ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 12 დეკემბერს სს „ს.ბ–სა“ და ვ.ქ–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NGCLCS000248314-5073487-6787181, რომლის თანახმად, ვ.ქ–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 60 000 ლარის ოდენობით, წლიური 13.5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების ვდა განისაზღვრა 37 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

5.4. 2017 წლის 12 დეკემბრის NGCLCA00248314-5073487-6787181 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს.ბ–სა“ და ი.შ–ს შორის 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა სოლიდასრული თავდებობის ხელშეკრულება.

5.5. 2017 წლის 12 დეკემბრის NGCLCA00248314-5073487-6787181 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს.ბ–სა“ და ლ.ქ–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

5.6. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 120 000 ლარით.

5.7. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა სს „ს.ბ–ის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ იყო წარმოდგენილი ვ.ქ–ის სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, არ იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით - ფაქტობრივი ფლობით აქვთ მიღებული მამკვიდრებელ ვ.ქ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. მათ შორის, ქარელის რაიონის, სოფელ .... მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ......) 1/5 წილი.

5.9. პალატის მოსაზრებით, მოპასუხეები ცნობილ იქნენ ვ.ქ–ის მემკვიდრეებად და სამკვიდრო ქონება - იპოთეკით დატვირთული სახლის 1/5 ნაწილი მათ სახელზე აღირიცხა ისე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, თუ რა გზით მიიღეს მათ სამკვიდრო. საქმეში არ არის წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა, ხოლო სარჩელი არ შეიცავს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ რაიმე მითითებას.

5.10. პალატამ მიიჩნია, რომ დაზუსტებული სარჩელით ვ.ქ–ის უფლებამონაცვლეებად ი.შ–ის, ლ., ბ., დ. და ლ.ქ–ების ცნობა მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია და ვინაიდან, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ვ.ქ–ი იყო უკვე გარდაცვლილი, სასამართლოს უნდა ემსჯელა მის მიმართ წარდგენილი სარჩელი განუხილველად დატოვების საკითხზე.

6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სადავოდ გახადა ის საკითხები, რაც პირველ ინსტანციაში არ ყოფილა სადავო.

6.2. მოპასუხეების მიერ დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო უფლებამონაცვლეობა და როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეების ვალდებულების არსებობა.

6.3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ ყველა დასახელებული პირი ცხოვრობს იპოთეკის საგნის მისამართზე. დაადასტურეს, რომ სამკვიდროს მიღების თაობაზე არ მიუმართავთ ნოტარიუსისთვის და არც უარი განუცხადებიათ სამკვიდროს მიღებაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

14. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

15. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით დაყენებული მოთხოვნების საფუძვლიანობის გასარკვევად, ჯერ შესამოწმებელი და გამოსაკვლევია მოსარჩელის სტადიაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობასა და დასაბუთებულობაზე მიუთითებენ.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. სასამართლო მტკიცების სუბიექტებად სამოქალაქო პროცესში გვევლინებიან მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, თანამონაწილეები. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება - დადასტურება. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას (ას-559-2019 04.12.2019წ.).

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენ მნიშვნელოვან გარემოებათა წრეს, მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგნის განსაზღვრის აუცილებლობას, რის გამოც არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხაშურის რაიონული სასამართლოსთვის ხელახლა დაბრუნების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით და განმარტავს: სსსკ-ის 385-ე მუხლით განისაზღვრება ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა არსებობაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძველია: „სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ორი საფუძველი, კერძოდ: ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას (ას-132-2022, 29.10.2022წ.).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1118-1145-2011, 10.01.2012 წ.).

20. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია.

21. მიმდინარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ (გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია) ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საფუძველმა განაპირობა საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რიგ გარემოებათა დაუდგენლობა და დაუდგენელი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სარჩელის საფუძვლიანობის შეუმოწმებლობა არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ვ.ქ–ის სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, არ იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით - ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული მამკვიდრებელ ვ.ქ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის, ქარელის რაიონის, სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ......) 1/5 წილი. პალატის მოსაზრებით, მოპასუხეები ცნობილ იქნენ ვ.ქ–ის მემკვიდრეებად და სამკვიდრო ქონება - იპოთეკით დატვირთული სახლის 1/5 ნაწილი მათ სახელზე აღირიცხა ისე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, თუ რა გზით მიიღეს მათ სამკვიდრო. საქმეში არ იყო წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა, ხოლო სარჩელი არ შეიცავდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ რაიმე მითითებას. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ირკვეოდა, რომ ვ.ქ–ის პირველი რიგის მემკვიდრეები - ბ., დ. და ლ.ქ–ები სადავო ბინაში არ ცხოვრობენ, რაც გამორიცხავდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ამ მოპასუხეებმა სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს. პალატამ ასევე განმარტა, რომ გაურკვეველი იყო მოპასუხეთა მიერ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და მამკვიდრებლისგან მიღებული აქტივების ოდენობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იყო გამოკვლეული და დადგენილი სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რაც შეუძლებელს ხდიდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს „ს.ბ–ის“ მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას მოპასუხეების მიერ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. მართალია, მოსარჩელე 2018 წლის 19 დეკემბრის განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისთვის ვ.ქ–ის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა სარჩელის შეტანის შემდგომ, თუმცა, საქმეში არსებული დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც წარდგენილია სწორედ ვ.ქ–ის გარდაცვალების შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე არ შეიცავს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელ სავალდებულო ფაქტობრივ წინაპირობებს - მოპასუხეების მიერ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა გზით და ვინ მიიღო ვ.ქ–ის სამკვიდრო, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ასევე არ შეიცავს მითითებას, რომელი სათანადო ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კი უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან და მათი სამართლებრივი შეფასებიდან.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა მართებულად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი მითითებებით, რაც, გარდა იმისა, რომ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მართებულად მოძიებას უკავშირდება, იმავდროულად უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე განხორციელებას.

25. მართლმსაჯულება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანით ხორციელდება. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სამართლებრივი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია პირის რომელიმე უფლების შეზღუდვისკენ, საჭიროებს დასაბუთებას. თუ სასამართლო არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ან ასაბუთებს არასაკმარისად, მაშინ შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დასაბუთებული უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა კი, წაგებულმა მხარემ უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მის წინააღმდეგ და რა საფუძვლით, რა კონკრეტულ ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, სხვაგვარად მის მიმართ არ იქნება განხორციელებული ეფექტიანი მართლმსაჯულება (იხ. სუსგ №ას-730-698-2016, 07.04.2017 წელი).

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 972. 80 ლარის 70% – 2080.96 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 972.80 ლარის (საგადახდო დავალება #39978, რეფერენსი 21920172, გადახდის თარიღი 11.07.2022) 70% – 2080.96 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე