Facebook Twitter

საქმე №ას-489-2022

31 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჯ–რი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ა.ჯ–რმა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“), სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის მიმართ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მე-2 მე-3 და მე-4 წინადადების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. 2017 წლის 30 ივნისს, მოსარჩელესა (დასაქმებული) და მოპასუხეს (დამსაქმებელი) შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება N342- ის საფუძველზე მოსარჩელე, იკავებდა პროექტ „ლივლივის“ რეჟისორის თანამდებობას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, 2019 წლის 1-ლი თებერვლიდან მას არ აძლევს შესაძლებლობას, შეასრულოს უვადო შრომითი კონტრაქტით განსაზღვრული სამუშაო და, შესაბამისად, მიიღოს ანაზღაურება.

2.2. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებობდა ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის შესახებ დათქმა. მოსარჩელე აცხადებს, რომ მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში, გაიმარჯვა 40 კანდიდატს შორის, წარადგინა სცენარი, ამიტომ ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით დადების ნაწილში, ხელშეკრულებას მიიჩნევს ბათილად, რადგან დაკავებულ თანამდებობასთან მისი შესაბამისობა იმთავითვე ლოგიკური და დადასტურებულია.

2.3. 2017 წლის 21 ნოემბრის წერილით, მოსარჩელეს დამსაქმებელმა გადასცა 2017 წლის 1 -ლი აგვისტოს N233-კ ბრძანება, სადაც მიეთითა, რომ ა.ჯ–რი გათავისუფლდა სამუშაოდან. აღნიშნულ ბრძანებაში არ არის აღნიშნული გათავისუფლების რეალური საფუძველი და დასაბუთება, რასაც მოსარჩელე უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

3.2. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო გამოსაცდელი ვადით. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 23 მაისის ოქმით დასტურდება, რომ საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების მიუხედავად, კომისიამ გასცა რეკომენდაცია, შერჩეული პროექტების განსახორციელებლად მომზადების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამუშაოების დრო გახანგრძლივდა ორი თვით, ანუ, კონკურსში გამარჯვება არ ნიშნავდა იმას, რომ მოსარჩელე უცილობლად დააკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც მას განესაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით, სწორედ აღნიშნული განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით დადებას.

3.3. გარდა ამისა, მოპასუხემ განაცხადა, რომ მოსარჩელესთან მართლზომიერად შეწყდა დადებული ხელშეკრულება, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი სიუჟეტი გასცდა სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს და მისი განთავსება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა საეთერო ბადეში განსათავსებლად. აღნიშნულის შესაბამისად, პროექტ „ლივლივის“ 2017 წლის 1 აგვისტოდან დახურვის შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, ა.ჯ–რმა გაასაჩივრა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

5.2. ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 30 ივნისის N342 შრომითი ხელშეკრულების 2.4. მუხლის მე-2, მე-3, მე-4 წინადადებები, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 1-ლი აგვისტოს N233-კ ბრძანება და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს ა.ჯ–რის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 20 000 (ხელზე ასაღები) ლარის ანაზღაურება.

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება ბათილი იყო იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელესთან ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა შეთანხმდა. პალატის მითითებით, განსახილველ დავაში დამსაქმებელმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის წარდგენა იმ მტკიცებულებებისა, რომლითაც დადასტურდებოდა გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმების ობიექტური საფუძვლის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ დასძინა, რომ, გარდა 2017 წლის 30 ივნისის შრომითი ხელშეკრულებისა, მოდავე მხარეთა შორის არსებობდა კიდევ ერთი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო 2016 წლის 28 ივნისს, ტელესერიალ „დღეების და ღამეების“ შემოქმედებით ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე საქმიანობის განსახორციელებლად, ამ ხელშეკრულების მოქმედება გრძელდებოდა 2016 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 3 ივლისამდე. ამის გათვალისწინებით, ვინაიდან კანონი გამოსაცდელი ვადის დაწესებას დასაქმებულისთვის მხოლოდ ერთხელ უშვებს, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის მანამდე არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რისი გათვალისწინებითაც, განსახილველი ურთიერთობის გამოსაცდელი ვადით განსაზღვრა, prima facie, დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებულ პირობა იყო, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლისათვის ცნობილი იყო დასაქმებული პირის პროფესიული და საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევები, რის გამოც ხელშეკრულება ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის დაწესების ნაწილში, ბათილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

5.4. სააპელაციო პალატამ სადავო ხელშეკრულება მიიჩნია რა გამოსაცდელი ვადის გარეშე დადებულად, გამოიკვლია გათავისუფლების საფუძვლები. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სიუჟეტის ჟანრი სცდებოდა სატელევიზიო მელოდრამას, რაც გახდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. სასამართლოს აზრით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სცენარი წინასწარ იყო შეთანხმებული დამსაქმებელთან. მოსარჩელემ გაიმარჯვა კონკურსში და ამის შემდგომ ავტორების, რეჟისორებისათვის წინადადებებისა და მითითებების მიცემა შესაძლოა, შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად განხილულიყო, რაც შეუთავსებელია კონსტიტუციით აღიარებულ შემოქმედების თავისუფლების პრინციპთან.

5.5. ზემოაღნიშნული საფუძვლით, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. იმ უდავო ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ პროექტი, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, დაიხურა და აღარ არსებობდა, ამიტომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებლად მიიჩნია და მისთვის კომპენსაციის (20 000 ლარი (ხელზე ასაღები)) გადახდის ვალდებულება დაადგინა.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორის მტკიცებით, არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების ბათილად ცნობის საფუძვლები. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, რაკი მოდავე მხარეთა შორის 2016 წლის 28 ივნისს დადებული იყო ხუთდღიანი შრომითი ხელშეკრულება, 2017 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების განმეორებით, გამოსაცდელი ვადით, გაფორმება დასაქმებულის მხრიდან არაკეთილსინდისიერად, ზემოქმედებით ჩამოყალიბებული პირობაა. კასატორს მიაჩნია, რომ შრომის კოდექსის მე-9 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) არ უნდა განიმარტოს ფორმალურად და ზედაპირულად, ეს ნორმა კრძალავს არა ერთი და იმავე დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმებას, არამედ - ერთი და იმავე სამუშაოსთან დაკავშირებით, ერთი და იმავე დასაქმებულთან ორჯერ (ან მეტჯერ) გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმებას. კასატორი დასძენს, რომ ორივე ხსენებულ შემთხვევაში, დასაქმებულს დაევალა სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება, კერძოდ, 2016 წელს დადებული ხუთდღიანი ხელშეკრულებით, მხარეს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, სერიალ „დღეები და ღამეების“ ერთი ეპიზოდი (სერია) უნდა გადაეღო. 2017 წლის ხელშეკრულებას კი, წინ უძღოდა დამსაქმებლის მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ სრული სერიალის კონცეფცია (სინოფსისი), თუმცა მოგვიანებით კვლავაც ევალებოდა სრული პროექტის წარმოდგენა, რაც ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში, დასაქმებულის ვალდებულება იყო არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სერიის გადაღება, არამედ სცენარის დაწერაც, რაც თავისთავად განსხვავებული შინაარსის საქმიანობაა. აღნიშნულის შესაბამისად, კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის, როგორც სცენარისტის, სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა მოითხოვდა საპრობაციო პერიოდის განსაზღვრას.

6.2. კასატორი დამატებით უთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სცენარი გასცდა სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხუთივე ეპიზოდი გაჯერებული იყო მაუწყებლის მიერ დადგენილ საეთერო ბადესთან შეუსაბამო სცენებით, ვინაიდან ისეთი ჩვევების პოპულარიზაციას უწყობდა ხელს, რაც არაჯანსაღი ცხოვრების წესს ახალისებდა. ამიტომ, დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის უნარ-ჩვევები შეუსაბამო იყო სცენარისტის უფლება-მოვალეობებთან, რის გამოც შეჩერდა პროექტის მიმდინარეობა და დასაქმებული გამოსაცდელ ვადაში გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არსწორად ცნო დადგენილად, თითქოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სცენარი წინასწარ იყო შეთანხმებული დამსაქმებელთან. კასატორი ამტკიცებს, რომ დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავოდ გენერალური დირექტორის ის ბრძანება, რომლითაც სცენარის შეუსაბამობის გამო, პროექტი დაიხურა. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, სერიალის სრული სცენარი სადავო ბრძანების გამოცემამდე მოსარჩელეს არ წარუდგენიადამსაქმებლისთვის, შესაბამისად, შეუძლებელია, იგი შეთანხმებული ყოფილიყო. კასატორი, აგრეთვე, განმარტავს, რომ სინოფსისის კომისიის მიერ დადებითი შეფასება, სერიალის სრული სცენარის შეთანხმებად არ უნდა იქნეს გაგებული, ვინაიდან სინოფსისი მთლიანი სცენარის მხოლოდ მონახაზია, კონტური და მასში არ არის ასახული სრული სერიალის სიუჟეტი და დიალოგების შინაარსი.

6.4. კასატორის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ის პირობა ბათილად იქნებოდა ცნობილი, რომლითაც იგი გამოსაცდელი ვადით დაიდო, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან, მაუწყებლის გენერალური დირექტორის N232-კ ბრძანებით, პროექტ „ლივლივზე“ მუშაობა აღარ გაგრძელდა და დაიხურა. მოსარჩელეს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გაუხდია სადავოდ ეს ფაქტი, მეტიც, მის მიერ არაა გასაჩივრებული პროექტის დახურვის შესახებ ბრძანება, რაც ნიშნავს, რომ ბრძანება კანონიერია. ამიტომ, ვინაიდან პროექტის დახურვასთან ერთად გაუქმდა, როგორც მოსარჩელის, ისე ყველა ის თანამდებობაც, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად იყო საჭირო, მოსარჩელე პროექტის დახურვის შედეგად მაინც დაკარგავდა სამუშაოს.

6.5. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას და მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მოხმობის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია რაიმე სახის განმარტება ან კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე დაიანგარიშა კომპენსაციის ოდენობა. კასატორის მტკიცებით, დასაქმებული გამოსაცდელ ვადაში სამსახურიდან, რომ არ გათავისუფლებულიყო, იგი მიიღებდა მხოლოდ ორი თვის შრომის ანაზღაურებას - 8 000 ლარს, ვინაიდან აგვისტოდან პროექტი დაიხურა და მასთან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის), მაინც შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება.

6.6. კასატორის განცხადებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 1-ლი აგვისტოს შემდგომ, დასაქმებულის სასარგებლოდ აღარ შეუსრულებია არანაირი სამუშაო, მის მიერ დაწერილი ხუთი ეპიზოდიც წარდგენილი იყო 2017 წლის 1-ლ აგვისტომდე, რაც ადასტურებს , მან იცოდა პროექტის დახურვის შესახებ. ამის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად არ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2017 წლის 30 ივნისს, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ა.ჯ–რს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N342, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე, პროექტ „ლივლივის“რეჟისორის თანამდებობას იკავებდა;

- ხელშეკრულებით დასაქმებული თანახმა იყო, განეხორციელებინა ამ თანამდებობით განსაზღვრული შრომითი საქმიანობა იმ პირობებით, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებითა და დამსაქმებლის ორგანიზაციაში მოქმედი შინაგანაწესით (1-ლი მუხლი). ხელშეკრულების 2.1. მუხლით დასაქმებულის სამუშაო ადგილად განისაზღვრა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას 68. დასაქმებულს თავისი შრომითი მოვალეობების შესრულება უნდა დაეწყო 2017 წ. 1 ივლისიდან (2.2. მუხლი).

- ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია: სეზონური სამუშაოს შესრულების ვადით; დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს (ფუნქციების) აღწერილობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით (2.4. მუხლი); შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომლის გასვლის შემდეგ, თუ დასაქმებული აგრძელებს შრომითი მოვალეობების შესრულებას, გამოსაცდელი ვადა მიიჩნევა წარმატებით დასრულებულად და წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ხელშეკრულების 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით; გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით.

- დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

- ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 5,000 ლარს. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 2018 წლის 1-ლ მარტამდე.

- სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 1 აგვისტოს N233-კ ბრძანებით მედიაწარმოების ბლოკის ქართული ფილმების გარე გადაღების, შერჩევა-მონიტორინგის სამსახურის პროექტ „ლივლივის“ რეჟისორი ა.ჯ–რი საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა სამუშაოდან. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მედიაწარმოების დირექტორ პ.ქ–ძის მოხსენებითი ბარათი.

- 31.07.2017 წლის მედიაწარმოების დირექტორ პ.ქ–ძის მოხსენებით ბარათში (სატელევიზიო სერიალ „ლივლივის“ პროექტის განვითარების შეფასება), რაც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას, აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეთანხმების თანახმად - პირველი ხუთი ეპიზოდის სცენარი არ შეესაბამება მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებსა და მოლოდინს. შეფასების ავტორმა შეუძლებლად მიიჩნია მაუწყებლის მიერ დადგენილ ბადეში ამ პროექტისთვის განსაზღვრულ ზოლში (20:30 სთ) მისი ჩვენება კვირაში სამჯერ. სიუჟეტი სცდება სატელევიზიო მელოდრამის ჟანრს. მოქმედი პერსონაჟები გამონაკლისის გარეშე მკვეთრად გამოხატული უარყოფითი გმირები არიან - 15 წლის გოგონა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებს, ერთობა კლუბებში, სადაც ამ ასაკის გოგონებს არაფერი ესაქმებათ. გოგონას მეგობარი კლაბერი პედოფილია, მამა - უპასუხისმგებლო, გაბოროტებული დედა კი სიუჟეტის პერსპექტივაში ნარკოდილერი ხდება.. და ა.შ.. სცენარში უხვად არის გამოყენებული არანორმატიული ლექსიკა და ეროტიკული სცენები, ზოგადად უადგილო და ხელოვნური ეპატაჟი, რაც - სერიალის რეალიზების შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას ქმნის ბადის ხსენებულ ზოლში მის განსათავსებლად. სცენარის კონცეფციის შეცვლა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, რაც შეუძლებელს ხდის უახლოეს ხანში ფილმის გადასაღებლად ისედაც დაგვიანებული ტენდერის გამოცხადებას, რაც იწვევს დაწყების თარიღის გადაწევას და, შესაბამისად, ახალი სეზონისთვის სერიალის პირველი 12 ეპიზოდის დასრულებას. მოხსენებითი ბარათის ავტორმა მიიჩნია, რომ პროექტი უნდა შეჩერდეს. მაუწყებლის მხრივ არამიზანშეწონილი იქნებოდა მსგავსი ძვირადღირებული რისკის გაწევა. ავტორებს უნდა მიეცეთ წინადადება, სურვილის შემთხვევაში, იმუშაონ სცენარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკასა და მოთხოვნებთან შესაბამისად და მხოლოდ შემდეგ განახლდეს 48-ეპიზოდიანი სერიალის რეალიზებაზე მოლაპარაკებები.

- სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2017 წლის 13 აპრილის N78 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის 2017 წლის 13 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა 2017 წლის 13 აპრილს გამოცხადებული კონკურსი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების ორ ჟანრში - მძაფრსიუჟეტიანი ან დეტექტიური და მელოდრამა - სცენარების შესარჩევად (შემდგომში - „შერჩევა“), რომლის ფარგლებში სცენარების წარმოდგენა ხორციელდებოდა ელექტრონულად, მაუწყებლის ვებგვერდზე - www.gpb.ge განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 13 აპრილის N78 ბრძანებით დამტკიცდა სცენარების შერჩევის პროცედურა, რომლის თანახმად შეიქმნა შესაბამისი კომისია 9 წევრის შემადგენლობით (შემდგომში - „კომისია“) (სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 13.04.2017წ. N78 ბრძანება), ხოლო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა პ.ქ–ძე. კომისიის 2017 წლის 23 მაისის სხდომაზე შეჯამდა შერჩევის მეორე ეტაპის შედეგები, რომლის თანახმად: შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული 15 სცენარიდან: 10 მძაფრსიუჟეტიან/დეტექტიურ და 5 მელოდრამატულ ჟანრში, კომისიის წევრების მიერ შერჩევის პროცედურით განსაზღვრული ღია კენჭისყრის შედეგად ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: ს.ჯ–ი/ბ.ჯ–ი „ლივლივი“ - 6 ხმა. შერჩევის მეორე ეტაპზე ღია კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით შესარჩევი კომისიის წევრებმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 -2018 წლის საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების ორი ჟანრის - მძაფრსიუჟეტიანის ან დეტექტიურისა და მელოდრამის სცენების შერჩევის შედეგად საუკეთესო პროექტებად დასახელდა: მელოდრამა - ს.ჯ–ი /ბ.ჯ–ი „ლივლივი“ – 6 ხმა. კომისიამ გასცა რეკომენდაცია, შერჩეული პროექტების განხორციელების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროექტებზე მოსამზადებელი სამუშაოების დროის ორი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

- 2017 წლის 4 ოქტომბერს ა.ჯ–რმა განცხადებით მიმართა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოითხოვა 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბრის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხოლო 2017 წლის 14 ნოემბრის განცხადებით, მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის ბრძანების ჩაბარება. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 21.11.2017 წლის N5005/02 მომართვით ა.ჯ–რს ეცნობა, რომ მხარეთა შორის 30.06.2017 წელს N342 შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან. ამავე მომართვით მოსარჩელეს გაეგზავნა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის 01.08.2017 წლის N233-კ ბრძანება.

- გარდა 30.06.2017 წლის შრომითი ხელშეკრულებისა, მოდავე მხარეთა შორის არსებობდა კიდევ ერთი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო 2016 წლის 28 ივნისს, ტელესერიალ „დღეების და ღამეების“ შემოქმედებით ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე საქმიანობის განსახორციელებლად, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება გრძელდებოდა 2016 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 3 ივლისამდე.

11. განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გამოსაცდელი ვადით დადების შესაძლებლობა, რის შემდგომაც განიხილება დამსაქმებლის უფლება გამოსაცდელ ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან მიმართებით.

12. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებსა და ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-634-2021, 04.11.2021წ).

13. სადავო ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნტის თანახმად (წინამდებარე გადაწყვეტილებაში გამოყენებული იქნება სადავო ურთიერთობის წარმოშობისას, ანუ 2017 წლის 1-ლი აგვისტოს მოქმედი კანონმდებლობა), შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელ ვადაში შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის მოტივით (სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მესამე პუნქტი, იხ. ტომი 1, ს.ფ. 31). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა. გამოსაცდელი ვადა ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. ამდენად, გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა (მრავალ სხვათა შორის იხ. სუსგ. საქმეზე Nას-17-2021, 20.05.2021წ.). გამოსაცდელი ვადა ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შეუსაბამობაზე არ შეიძლება გავრცელდეს მტკიცების ის სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. სწორედ ამიტომ, შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს წინასწარი გაფრთხილების, კომპენსაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ვალდებულებას (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-142-134-2017, 18.04.2018წ.).

15. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-1350-2019, 27.11.2019 წ.).

16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ხელშეკრულების გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რის გამოც მისი არგუმენტები გასაზიარებელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, სადავო ხელშეკრულების დადებამდე, 2016 წელს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხუთი დღის ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სააპელაციო პალატის მიერ გამოსაცდელი ვადის უკანონოდ ცნობის საფუძველი. საქმის მასალების კვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შეფასების შედეგად, გასაზიარებელია კასატორის პოზიცია, რომლის თანახმად, გამოსაცდელი ვადა განმეორებით არ დაწესებულა, ვინაიდან ორივე ხსენებულ შემთხვევაში, დასაქმებულს დაევალა სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება, კერძოდ, 2016 წელს დადებული ხუთდღიანი ხელშეკრულებით, მხარეს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, სერიალ „დღეები და ღამეების“ ერთი ეპიზოდი (სერია) უნდა გადაეღო (ტომი 1, ს.ფ. 34-36), ხოლო 2017 წლის ხელშეკრულებას, წინ უძღოდა დამსაქმებლის მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ სრული სერიალის კონცეფცია - სინოფსისი (სინოფსისი არის მოკლე, უაღრესად კონკრეტული, ლაკონიური და საქმიანი თხრობა. სინოფსისში მითითებული უნდა იყოს, რა ტიპის ტექსტის შექმნას გეგმავს ავტორი და როგორ წარმოუდგენია მას დაგეგმილი სამუშაოს შესრულება). თუმცა მოგვიანებით. მოსარჩელეს კვლავაც ევალებოდა სერიალის სრული პროექტის წარმოდგენა (იხ. ტომი 1., ს.ფ. 24-27). პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში, დასაქმებულის ვალდებულება იყო არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სერიის გადაღება, არამედ სცენარის დაწერაც, რაც თავისთავად განსხვავებული შინაარსის საქმიანობას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს დადებული ხელშეკრულება ძალინ მცირე, 5 დღიანი მოქმედების ვადით იყო განსაზღვრული და ამ შემთხვევაში, არც გამოსაცდელი ვადა არ დადგენილა, რაც სრულიად უადგილოდ აქცევს მოსარჩელის მსჯელობას, გამოსაცდელი ვადის განმეორებით დადებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხუთდღიანი ხელშეკრულების დადება, დასაქმებულის პროფესიის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულს უნარ-ჩვევების შემოწმების ქმედით სამართლებრივ მექანიზმსა და იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის გამო, დამსაქმებელს აღარ ჰქონდა თანამშრომლის დასაკავებელ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის შეფასების აუცილებლობა. პირველ შემთხვევაში, ცხადი იყო დამსაქმებლის ნება - ა.ჯ–რს ხუთ დღეში გადაეღო სერიალის მხოლოდ ერთი სერია, ხოლო სადავო შემთხვევაში, დამსაქმებლის განზრახვას წარმოადგენდა მოსარჩელესთან გრძელვადიანი შრომითი ურთიერთობა, რაც სამუშაოს სპეციფიკის, მოსარჩელესთან წარსულში გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების არარსებობისა და ამ პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის დანაწესების შესაბამისად, სრულიად ამართლებდა მოსარჩელესთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადებას.

17. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2017 წელს ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით დადება, ვერ შეფასდება დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებულ პირობად. როგორც წესი, ამგვარი კვალიფიკაცია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ისეთ შემთხვევებშია, როდესაც გამოსაცდელი ვადით დასაქმდება ის პირი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მსახურობს დაწესებულებაში და საქმიანობის ძირითადი არეალიც არ სცილდება ერთ ან მსგავს მიმართულებებს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-550-2021, 25.02.2022 წ.), ასეთი შემთხვევა კი, განსახილველ შემთხვევაში არ ვლინდებოდა.

18. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის მე-9 მუხლი (გამოსაცდელი ვადა. 29.09.2020 №7177 ცვლილებამდე) ადგენს, რომ დამსაქმებელი არ არის შეზღუდული და შებოჭილი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის (29.09.2020 №7177 ცვლილებამდე) გამოყენებით, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინასწარი ინფორმირებისა და გარკვეული კომპენსაციის გაცემის წესებს შეიცავს.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელს ევალება დასაქმებულის თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ საკუთარი ვარაუდის დამტკიცება.

20. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დასაქმებისას, მხარეები წერილობით ავლენენ ნებას, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებში წარიმართოს მხარეთა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შემდგომი ტრანსფორმაცია ვადიან თუ უვადო ურთიერთობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ საპრობაციო პერიოდში რამდენად გამოავლინა პირმა (დასაქმებულმა) შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა, რაც უთუოდ გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე, მის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამსაქმებლის შესწავლა-დაკვირვებას და მისი დასკვნის (მოსაზრების) მნიშვნელობას შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესატყვისობის თაობაზე. საპრობაციო პერიოდში დასაქმებული პირის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ დამსაქმებლის დადებითი მოსაზრება, შესაძლოა საფუძვლად დაედოს, ამ უკანასკნელის მხრიდან დროებით (გამოსაცდელი ვადით) დასაქმებული პირისადმი შეთავაზებას შემდგომ ვადიან/უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე. „...გამოსაცდელი ვადა არ არის დამოუკიდებელი შრომითი ხელშეკრულება, იგი უფრო გამოცალკევებული სახელშეკრულებო დებულებაა. გამოსაცდელი ვადის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა განისაზღვრება, როგორც ნებაზე დამოკიდებული პირობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს პირობა წარმოშობს მხარეთა საზიარო მოლოდინს მომდევნო შეფასებით პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მათ შორის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გაანალიზდეს“ (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი - ანდრეა ბორონის რედაქტორობით, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“ - გვ. 99, შდ იხ. ასევე ას-227-216-2017 13.10.2017წ)

21. გამოსაცდელ ვადას (საპრობაციო პერიოდს), ერთგვარ ექსპერიმენტსაც უწოდებენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. სშკ-ის მე-9 მუხლი ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) არასრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესახებ 1994წ. # 175 კონვენციას და ევროპის საბჭოს 97/81/EC დირექტივას არასრული განაკვეთის შესახებ ჩარჩო შეთანხმების თაობაზე. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამუშაოს შესრულება ანაზღაურებადია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება (სშკ-ის 9.2 მუხლი). სშკ-ის 9.3-ე მუხლი დამსაქმებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, რაც გამოიწვევს გამოსაცდელი ვადით დასაქმების მოდიფიცირებას ვადიან ან უვადო შრომით ურთიერთობაში, ასევე, დამსაქმებელს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს აქვს უფლება, შეწყვიტოს დასაქმებულთან საპრობაციო პერიოდის დათქმით გაფორმებული ხელშეკრულება. საკანონმდებლო მოწესრიგება აკონკრეტებს, რომ იმ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაზე, რომელიც გამოსაცდელი ვადის პირობით არის დადებული, არ ვრცელდება ორგანული კანონის 38.8-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ მხარეები სახელშეკრულებო პირობებში სხვა რამეზე არ შეთანხმებულან (სშკ-ის 9.4-ე მუხლი). ორგანული კანონის 38.8-ე მუხლი, რომელიც არ გამოიყენება მე-9 მუხლით დადგენილი გამოსაცდელი ვადით გაფორმებული ხელშეკრულებებისათვის, ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკანონიერად (ბათილად) იქნება ცნობილი დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ, რაც კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოსაცდელი ვადით პირთან (დროებით დასაქმებულთან) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის პრეროგატივაა და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომლის გამოყენებაც დამსაქმებელს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია. (იხ. სუსგ-ები Nას- 227-216-2017მ 13.10.2017წ; Nას-142-134-2017, 18.04.2018 წ; Nას-871-2020, 18.12.2020 წ; Nას-1378-2022, 1.03.2023; Nას-1442-2022, 16.03.2023 წ.).

22. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია გამოსაცდელი ვადით დასაქმებულ პირთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზების მტკიცების ტვირთის დამსაქმებლისთვის დაკისრების შესახებ.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ჯ–რის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს სულ 600 ლარი, ამიტომ, ა.ჯ–რს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის ვალდებულება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 53-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ჯ–რის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ა.ჯ–რს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

მირანდა ერემაძე