Facebook Twitter

საქმე №ას-525-2023

07 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - პ.ჩ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების გაუქმება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჯ.ჯ–მა, მოპასუხე - ნ.ლ–სა და პ.ჩ–იას მიმართ, თანხის დაკისრების და ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ჯ.ჯ–ის სარჩელი მოპასუხეების - ნ.ლ–სა და პ.ჩ–იას მიმართ დაკმაყოფილდა; ნ.ლ–ს ჯ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 42 254,582 ლარი; ბათილად იქნა ცნობილი ნ.ლ–სა და პ.ჩ–იას შორის 2022 წლის 07 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე (ს/კ ……).

3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ნ.ლ–სა და პ.ჩ–იას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით, პ.ჩ–იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ნ.ლ–ს სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ.ჩ–იას წარმომადგენელმა თ.კ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისთვის დადგენილ კანონით გათვალისწინებულ ვადებში, კერძოდ, 2022 წლის 25 დეკემბერს, სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. თუმცა, გზავნილი უკან დაბრუნებულა, ისე რომ არ მომხდარა მისი ინფორმირება რაიმე სახით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მის მიერ საქმის დაბრუნების შესახებ სისტემის მეშვეობით ინფორმირება განხორციელდა მხოლოდ მას შემდგომ, რაც 2023 წლის 18 იანვარს შევიდა სისტემაში და დახვდა ნიშანი - დაბრუნებულ საქმეებზე. რის შემდეგაც დაუყოვნებლივ, 2023 წლის 18 იანვარს წარადგინა სააპელაციო საჩივარი ამავე სისტემის მეშვეობით. სისტემამ მოახდინა საჩივრის საქმესთან დაკავშირება და სასამართლოსთვის/მოსამართლის გადაცემა.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მტკიცებულების სახით საქმის მასალებს დაურთო სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემიდან ამონაბეჭდი და საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიმართვის განაცხადი, გზავნილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.

10. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის 06 იანვარს მას ჩაუტარდა ყბა-სახის ოპერაცია და 2 კვირა იმყოფებოდა სახლში ამბულატორიულ მკურნალობაზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

15. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. (შედ ის. სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წელი). ამგვარად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებს, რისი შეცვლაც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ შეუძლია.

16. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

19. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებები:

20.სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2022 წლის 18 ნოემბერს, რომლის გამოცხადებასაც აპელანტის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, რადგან აღნიშნულ სხდომამდე, 2022 წლის 09 ნოემბერს, ჩატარდა მთავარი სხდომა, რომელსაც აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა და ამ სხდომაზე გადაწყვეტილების 2022 წლის 18 ნოემბერს გამოცხადების თაობაზე მიეთითა (ტომი II, ს.ფ. 110), რაც ასევე დასტურდება მხარეთა ხელმოწერით.

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.11.2022წ. განჩინების ასლი გაეგზავნა პ.ჩ–იას წარმომადგენელს თ.კ–ს (იხ. ტომი II, ს.ფ. 127), აპელანტის სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე. შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი 2022 წლის 16 დეკემბერს, ჩაიბარა იურისტმა თ.ძ–მა (იხ. ტომი II, ს/ფ.128).

22. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იწურებოდა 2022 წლის 30 დეკემბერს, 12 სთ-ზე.

23. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მასზედ, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 18 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებაზე, სადაც მიუთითებს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა მოხდა სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. თუმცა, გზავნილი უკან დაუბრუნდა. კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებაზე, (იხ. ტ. II, ს.ფ. 183-184) სასამართლო საქმის რეგისტრაციის სერვისის მონაცემებზე, სადაც აღნიშნულია, რომ თ.კ–ს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარი შემდეგი მითითებით "სააპელაციო საჩივარი შეიტანეთ საქმის განმხილველ სასამართლოში". ამავე მტკიცებულებით ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი, თ.კ–ის მიერ, საბოლოოდ აიტვირთა სასამართლოს ელექტრონულ სისტემაში, 2023 წლის 18 იანვარს.

24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ შემდეგ მტკიცებულებაზე, (იხ. ტ. II, ს.ფ. 185) კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელ თ.კ–ის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე შედგენილ განცხადებაზე, რომლითაც ითხოვს ინფორმაციას, თუ რა ნომრით მოხდა 2022 წლის 25 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრის დარეგისტრირება ecourt.ge სისტემაში და როდის მოხდა გზავნილის უკან მობრუნება.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებს.

ამგვარად, ზოგადი წესის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში, რომელიც არის ერთიანი საერთო სასამართლოებისათვის, კანონით განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებული სააპელაციო საჩივარი, ჩაითვლება ვადის დაცვით წარდგენილად. აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, როდესაც კონკრეტულ სასამართლოში შეცდომით დარეგისტრირებული სააპელაციო/საკასაციო საჩივარი(მატერიალური ფორმით წარდგენილი), თავად ამ სასამართლოს მიერ ეგზავნება უფლებამოსილ სასამართლოს.

26. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც მხარეს აღძრული აქვს პრეტენზია, რათა მას არ შეეზღუდოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, ხოლო საკითხის სწორად გადასაწყვეტად საქმეზე დამატებით შესასწავლი და დასადგენია ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, აპელანტის მიერ როდის იქნა დარეგისტრირებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების ერთიან სისტემაში. საკასაციო პალატა, კვლავ მოიხმობს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონს, რომლის შესაბამისად განმარტავს, რომ ელექტრონული მომსახურების რეგულაციები (დროის კვალიფიციური აღნიშვნა) იძლევა ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისა და თარიღის სიზუსტის დადგენის შესაძლებლობას.

29. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ჩ–იას წარმომადგენლის თ.კ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი