Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-23-25-გ-03 8 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ჩ-მ, როგორც არასრულწლოვანი შვილის, გ. ჩ-ს, წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ვ. ჩ-სა და ე. ჩ-ს მიმართ, მესამე პირად მიუთითა ნოტარიუს ს. ბ-ეზე.

ე. ჩ-ა და ვ. ჩ-ა დაქორწინდნენ 1982 წელს, ხოლო 1987წ. 25 ივლისს შეეძინათ შვილი გ. ჩ-ა. 1991წ. 14 აგვისტოს მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა. 1992 წელს მოპასუხე ვ. ჩ-მ მოახდინა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინის პრივატიზება. იმ დროს აღნიშნულ ბინაში ჩაწერილები იყვნენ თავად ვ. ჩ-ა, დედამისი, ამჟამად გარდაცვლილი ელ. ჩ-ა და მოპასუხის არასრულწლოვანი შვილი გ. ჩ-ა. 2000წ. 21 ნოემბერს ვ. ჩ-მ გააუქმა სადავო ბინაში გ. ჩ-ს რეგისტრაცია.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის არასრულწლოვან შვილ გ. ჩ-ს სადავო ბინაში შესაბამის ფართზე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება მოპასუხის თანაბრად.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:

1. მისი შვილის, გ. ჩ-ს, ცნობა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინის 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ, მისთვის ბინაში შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა და ტექაღრიცხვის სამსახურისთვის დავალება, რათა ამ უკანასკნელს შეეტანა სათანადო ცვლილებები რეესტრში;

2. ქ. თბილისში, ... მდებარე ¹12 ბინაში გ. ჩ-ს რეგისტრაციის აღდგენა.

მოპასუხე ვ. ჩ-მ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მისი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა დედის ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 იანვრის გაადწყვეტილებით ე. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და ითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოდან სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინებით მოცემული საქმე და სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაც იყო ბინის პრივატიზაციის გარიგებიდან გამომდინარე, კერძოდ, ბინაზე საკუთრების უფლების ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა და სადავო ბინის მისამართზე რეგისტრაციის აღდგენა, რაც განეკუთვნებოდა საჯარო სამართლის სფეროს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 14 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემული საქმე იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადი იყო იმ საფუძვლით, რომ, მართალია, დავის საგანი გამომდინარეობდა ბინის პრივატიზების ხელშეკრულებიდან, მაგრამ არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების ან ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ ყოფილა. ამდენად, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სასამართლო განხილვის საგანი არ იყო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, ხოლო მოთხოვნა საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამოკიდებული იყო ძირითად მოთხოვნაზე და დამოუკიდებლად ვერ განიხილებოდა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეში როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე იყვნენ ფიზიკური პირები და მათ შორის არსებული ურთიერთობა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული დავის საგანს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით მოცემული საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახაო საქმეთა სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ არც სარჩელსა და არც სააპელაციო საჩივარში არ იყო დაყენებული მოთხოვნა ბინის პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამდენად, სასამართლო განხილვის საგანი არ არის ბინის პრივატიზების ხელშეკრულების კანონიერება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავა შეეხება იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, შესაბამისად, დავის საგანს არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, არც ადმინისტრაციული გარიგების კანონიერება და არც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, როგორც ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელეც და მოპასუხეც მხოლოდ ფიზიკური პირები არიან და მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.