საქმე №ას-959-2023 01 აგვისტო, 2023 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელით
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - კ.ო–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ო–ვი, ა.ო–ვი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კ.ო–ვმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.ო–ვის და ა.ო–ვის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მათთვის ზიანის ანაზღაურების სახით, 20286,86 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 2-16).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 233-245).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, კ.ო–ვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი (ტომი I, ს.ფ. 282-284).
4. 2022 წლის 08 დეკემბერს, აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა კ.ო–ვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 297).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, აღნიშნული კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. 2023 წლის 29 ივნისს კ.ო–ვმა კვლავ წარმოადგინა კერძო საჩივარი იმავე მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 264-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობასა და აღსრულებას უზრუნველყოფს. სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამავე დროს, „ახდენს არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გარანტირებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია იმთავითვე პირობადებულია ახლად აღმოჩენილი გარემოებებით საქმის განახლების შესაძლებლობით. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა დაცულია მანამ, სანამ კანონით განსაზღვრული წესით არ დადგინდება მისი მცდარობა. სათანადო პროცედურის პირობებში, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მცდარობის დადგენის შემთხვევაში მისი გაუქმება, არათუ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ ამ უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-40).
11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს სააპელაციო პალატის იმ განჩინებას, რომელიც მან ერთხელ უკვე გაასაჩივრა და უზენაესი სასაამრთლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, შედეგად, ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული კერძო საჩივარი ერთხელ უკვე იყო უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი, რაც, როგორც აღინიშნა, არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში შევიდა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული განჩინება, რომელიც ხელახალ განხილვას აღარ ექვემდებარება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 264-2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ო–ვის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე