საქმე № ას-658-2023 21 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ა–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ი.ა–ს მოსარჩელე ა.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 23000 აშშ დოლარის გადახდა.
2. 2022 წლის 04 აპრილს სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 აგვისტოს განჩინებით აპელანტ ი.ა–ს წინამდებარე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე - აპელანტს დაევალა: 920 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.
6. 2022 წლის 17 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა ი.ა–მა, რომელმაც წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და სახელმწიფო ბაჟის 198.93 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
8. 2022 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა ი.ა–მა, რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაუხდელ ნაწილში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა პირადად 10.01.2023წ.. თუმცა, სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა უშედეგოდ გავიდა, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
11.ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა განჩნების გაუქმება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არსებობდა სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით არსებული ბაჟის გადავადების საფუძველი, რაც სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. საჩივარს ერთვის შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის თანახმად, ი.ა–ს 01.2021-დან 01.2023 წლების პერიოდში არ უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რისი შეუსრულებლობაც განჩინების გაუქმების საფუძველია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ა–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
19. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, რადგან აპელანტმა არ შეავსო ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, კერძოდ, აპელანტმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 21 დღიანი ვადა, რომლის აღდგენაც დაუშვებელია თუ არ არსებობს შესაბამისი სახის საპატიო საფუძველი (სსსკ-ის 65-ე მუხლი).
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულების განხილვა და ამის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების გაუქმება არარელევანტურია, რადგან მხარეს არ დაუსაბუთებია გარემოება მტიცებულების სააპელაციო ინსტანციაში წარდგენის შეუძლებლობის შესახებ. თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ განჩინება მიიღო არა აღნიშნული შუამდგომლობის (ბაჟის გადახდის გადავადების) არ დაკმაყოფილების, არამედ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შესაბამისად, კერძო საჩივრის დასაბუთებაც კი, რაც გადავადების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობას განიხილავს, არ ეხმიანება განუხილველად დატოვების განჩინებას, რადგან ამ უკანასკნელის დასაბუთება ეხება არა შუამდგომლობის არ დაკმაყოფილებას, არამედ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაშვების გამო საჩივრის განუხილველად დატოვებას, ამ უკანასკნელის შესახებ კი კერძო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე სახის შედავება.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში წარედგინა შესაბამისი სახის შუამდგომლობა, რადგან აღნიშნული ვადის უმოქმედობით გაცდენის შემთხვევაში, მხარეს დამატებით წარმოეშობა ვალდებულება, დაამტკიცოს ვადის გაშვების საპატიო გარემოება. განსახილველ საჩივარში, ასეთი გარემოების თუნდაც მითითების მცდელობაც კი არ არის, აღნიშნულის დაკმაყოფილება კი აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლომ შეძლოს საჩივრის შინაარსობრივი განხილვა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩვრის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც, სწორად იქნა ი.ა–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოცებული.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე