აქმე №ას-176-2023 16 ივნისი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 22 თებერვალს გ.გ–ძესა (შემდეგში „მოსარჩელე“, „დამზღვევი“ ან „მოსარგებლე“) და სს „ს.კ.უ–ს“ (შემდეგში „მოპასუხე“, „სადაზღვევო კომპანია“, „მზღვეველი“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზე, ამავე დღეს გაიცა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი №MHL – 959666 (შემდეგში „პოლისი“).
2. პოლისის თანახმად, დამზღვევსა და მოსარგებლეს წარმოადგენდა მოსარჩელე, უფლებამოსილ მძღოლებს - მოსარჩელე და ქ.ლ–ძე (შემდეგში „მძღოლი“ ან „დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი“), ხოლო დაზღვევის ობიექტს - „TOYOTA“-ს მარკის, „PRIUS“-ის მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით .... (შემდეგში „დაზღვეული ავტომანქანა“).
3. სადაზღვევო რისკებად განისაზღვრა: სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (ავტოკასკო) - ხანძარი, სეტყვა, მიწისძვრა, სხვადასხვა საგნის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება/ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები; მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მესამე პირის (გარდა მძღოლისა და მგზავრებისა) სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და/ან ქონებისთვის ზიანის მიყენება; მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა - უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლისა და/ან მგზავრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება.
4. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა - 7 500 აშშ დოლარით - ავტოკასკოს შემთხვევაში და 5 000 აშშ დოლარით მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევასა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის თითეულ შემთხვევაში; ასევე განისაზღვრა სადაზღვევო პრემია და გადახდის წესი: 342,60 აშშ დოლარი ჯამურად (85,65 აშშ დოლარი, ოთხი გადახდა); დაზღვევის პერიოდი მოიცავდა დროს 2019 წლის 22 თებერვლიდან 2020 წლის 22 თებერვლამდე.
5. მზღვეველს დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
6. ხელშეკრულების მე-7 მუხლით შეთანხმდა გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდებოდა. კერძოდ, ხელშეკრულების 7.7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, თუ ავტოტრანსპორტისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო ავტოტრანსპორტის მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნისას ან იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებისას, რომლებიც უკუნაჩვენებია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მიუხედავად ბრალეული მხარისა (დამზღვევის ან მესამე პირის), ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის) თანახმად მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებდა უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურებაზე. 7.7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა თუ ავტოტრანსპორტისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო სიჩქარის გადაჭარბებით 30 კმ/ს-ზე მეტი სიჩქარით, წითელზე გავლით, გარდა იმ შემთხვევბისა თუ აღნიშნული აუცილებელია მესამე მხარის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენისათვის).
7. 2019 წლის 11 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა პოლისით უფლებამოსილი მძღოლი - ქ.ლ–ძე. მან გზაზე მარცხნივ შეხვევის მიზნით, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანას. შედეგად, მძღოლმა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2 და მე-7-მე-8 მუხლის მოთხოვნები და დაჯარიმდა 250 ლარით. აღნიშნული ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელემ გაასაჩივრა, თუმცა იგი არ გაუქმებულა.
8. მძღოლის სახელზე გამოწერილი ჯარიმა გადახდილია;
9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 აპრილის №002286820 დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „შემთხვევის ადგილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო გზაზე სადაც ადგილი ჰქონდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას, განთავსებული იყო საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“, რომელიც ავალდებულებდა მძღოლს ემოძრავა მხოლოდ პირდაპირ. ნიშნის მოქმედება ვრცელდებოდა სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმული იყო ნიშანი. 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის დასაწყისში იყო დადგმული, ვრცელდებოდა უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავდა მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდებოდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე. შესაბამისად, ნიშნის მოქმედების ზონაში ავტომობილ „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლს ქ.ლ–ძეს უნდა ემოძრავა პირდაპირ და არა მარცხნივ“. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილის მონაკვეთზე საპირისპირო სავალი ნაწილები ერთმანეთისაგან გაყოფილი იყო ჰორიზონტალური მონიშვნის უწყვეტი ღერძულა ხაზით, რომელიც წყდებოდა ერთ-ერთ მონაკვეთში, კერძოდ, საცხოვრებელი კორპუსებიდან გამოსასვლელის გასწვრივ. აღნიშნულ მიდამოში ღერძულა ხაზის გასწვრივ, გზის სავალ ნაწილზე მკრთალად აღინიშნებოდა უწყვეტი ღერძულა ხაზიც, რომელზეც საღებავი ფაქტიურად წაშლილი იყო და მძღოლის სამუშაო ადგილიდან ნაკლებად შესამჩნევი იყო“.
10. მზღვეველმა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მძღოლმა სამართალდარღვევა ჩაიდინა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
11. სასარჩელო მოთხოვნა:
11.1 დამზღვევმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სადაზღვეო კომპანიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის, 2 975 ლარის, მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.
11.2 მოსარჩელის განცხადებით, მის საკუთრებაში არსებული და დაზღვეული ავტოსატრანსპირტო საშუალება, მართალია, დაზიანდა უფლებამოსილი მძღოლის, ქ.ლ–ძის მიერ მანევრირების წესების დარღვევის შედეგად, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უსაფუძვლოდ არ აანაზღაურა დამდგარი შედეგი და მიუთითა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რაც არასწორია და არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულის საპირისპიროს ადასტურებს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა.
12. მოპასუხის შესაგებელი:
12.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა სამართალდარღვევა ჩაიდინა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, მიღება-ჩაბარების დოკუმენტით ავტომობილის შეკეთების ხარჯის გაწევის ფაქტი ვერ დადასტურდება და იგი ვერ გაუთანაბრდება თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 975 ლარის ანაზღაურება.
14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:
14.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799.1-ე, 829-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი და მძღოლი მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით, რაც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ განიხილებოდა.
15.2. სასამართლომ ასევე შეაფასა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 820-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ფაქტი და მხარეები სადავოდ ხდიდნენ ამ ავტომანქანის აღდგენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტოსურათებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდებოდა, თუ რა ოდენობის ხარჯი გასწია მოსარჩელემ დაზღვეული ავტომანქანის შეკეთებისთვის, მოპასუხეს კი არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ხარჯის სხვაგვარად გამოთვლის ან/და გაქარწყლების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
16. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ სადაზღვეო შემთხვევა არ შედიოდა პოლისით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და მსგავს საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე #ას-1306-1226-2015; #ას-943-901-2013; #ას-1319-1257-2014 და ა.შ).
16.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მძღოლი არ მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით და ეს დასკვნა იმ მსჯელობით გაამყარა, რომ ღერძულა ხაზის გასწვრივ გზის სავალ ნაწილზე მკრთალად აღინიშნებოდა უწყვეტი ღერძულა ხაზი, რომელზეც საღებავი ფაქტიურად წაშლილი და მძღოლის სამუშაო ადგილიდან ნაკლებად შესამჩნევი იყო. კასატორის აზრით, ორივე ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, განემარტა, თუ რატომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და შედავება ან თავად სამართალდამრღვევი მძღოლის მიერ გაცხადებული ინფორმაცია, რომ მან შეგნებულად გადაწყვიტა მოკლე გზით სამსახურში მისვლა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა მოცემულ ადგილზე დაუშვებელი იყო შეხვევა, რასაც კრძალავდა საგზაო ნიშანიც 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“. თუ ღერძულა ხაზი წაშლილი იყო და ისიც გზის მცირე მონაკვეთზე და შემთხვევის ადგილზე, საგზაო ნიშანი ხომ ვერ იქნებოდა მძღოლისთვის შეუმჩნეველი. მძღოლმა უგულებელყო ეს ნიშანი. შესაბამისად, სახეზეა მოძრაობის წესების ისეთი დარღვევა, რომელიც უნდა შეფასდეს უხეშ გაურთხილებლობად.
16.4. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა როგორც დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისა და შეკეთების ხარჯის, ისე მხარის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ბრალის ხარისხის სათანადო შეფასება სააპელაციო სასამართლოს მიერ. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ მძღოლის ქმედება არასწორად შეაფასა და იგი ნაცვლად უხეში გაუფრთხილებლობისა, დააკვალიფიცირა მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც, არასწორად დაადგინა, რომ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით.
21. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014 , 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
22. ამდენად, საკასაციო პრეტენზიის საფუძვლიანობის კვლევისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან აშკარაა უხეში გაუფრთხილებლობა თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ საქმე Nას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).
24. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებსა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე ერთობლივად და განმარტავს, რომ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით შეთანხმდა გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც დამზღვევს ათავისუფლებდა სადაზღვევო ანაზღაურებისგან. მათ შორისაა 7.7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც შეთანხმდა, რომ სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, თუ ავტოტრანსპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო ავტოტრანსპორტის მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნისას ან იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებისას, რომლებიც უკუჩვენებაშია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მიუხედავად ბრალეული მხარისა (დამზღვევის ან მესამე პირის), ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის) თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებდა უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურებაზე. ამდენად, ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაზე (სსკ 829-ე მუხლის დანაწესი) მითითებით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
25. საკასაციო პალატამ სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია. მაგალითად, საქმეში Nას-1479-2019, 21.01.2020წ., სადაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცველ გარემოებაზე, დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა გაზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლეოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.
26. სხვა საქმეში (იხ. სუსგ საქმე #ას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი), რომლითაც დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, სადავო იყო სწორედ სამინისტროს უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საქმეში საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილზე მოქმედი საგზაო ნიშნების უგულებელყოფისა და სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის არსებობის გამო სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
27. მსგავსი განმარტება გააკეთა საკასაციო სასამართლომ საქმეებში Nას-943-901-2013, Nას-1319-1257-2014 და უხეშ გაუფრთხილებლობად შეაფასა უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების (მანევრირების წესებისა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფა) დარღვევა („ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს“ (იხ. სუსგ საქმე Nას-943-901-2013); „ავტოავარია გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ - „ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მძღოლის მიერ მანევრირების წესების უგულვებელყოფამ, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამასთან, წარმოდგენილი ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით .... შეჯახებამდე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1319-1257-2014).
28. ამდენად ზემოაღნიშნული განმარტებებით ნათლადაა გამიჯნული, თუ რა შემთხვევებში შეიძლება სამართალდამრღვევი მძღოლის ქმედება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად და რა შემთხვევებში - მარტივ გაუფრთხილებლობად.
29. წინამდებარე საქმეში, ვინაიდან სადავოა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ბრალის ხარისხის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სათანადო შეფასება, საკასაციო პალატა ზემოთ მითითებულ მსჯელობებთან ერთად ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2019 წლის 11 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ ტერიტორიაზე;
ბ) დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა ქ.ლ–ძე, რომელმაც გზაზე მარცხნივ შეხვევის მიზნით გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანას. შედეგად, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა;
გ) დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი მუშაობდა სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“;
დ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმით ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევად ცნობილი იქნა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, რომლიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2-ე, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინეული სამართალდაღვევისთვის დაჯარიმდა 250 ლარით;
ე) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 აპრილის №002286820 დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერის და ფოტომასალის მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, კერძოდ ვარკეთილში, ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორგანიზებულია ორმხრივი მოძრაობა და საავტომობილო გზა გაყოფილია ოთხ სამოძრაო ზოლად. როგორც საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, ავტომობილი „ტოიოტა პრიუსი“ თავისი მოძრაობის მიმართულების მიხედვით აპირებდა მარცხნივ მოხვევის მანევრის განხორციელებას, რა დროსაც მას შეეჯახა მისგან საპირისპირო სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი „მიცუბიში აირტეკი“. შემთხვევის ადგილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო გზაზე, სადაც ადგილი ჰქონდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას, განთავსებული იყო საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ (რომელიც ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ. ნიშნის მოქმედება ვრცელდებოდა სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე). შესაბამისად, ნიშნის მოქმედების ზონაში ავტომობილ „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლს ქ.ლ–ძეს უნდა ემოძრავა პირდაპირ და არა მარცხნივ“. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპირისპირო სავალი ნაწილები ერთმანეთისგან გაყოფილია ჰორიზონტალური მონიშვნის უწყვეტი ღერძულა ხაზით, რომელიც წყდება ერთ-ერთ მონაკვეთში, კერძოდ, საცხოვრებელი კორპუსებიდან გამოსასვლელის გასწვრივ. აღნიშნულ მიდამოში, ღერძულა ხაზის გასწვრივ, გზის სავალ ნაწილზე მკრთალად აღინიშნება უწყვეტი ღერძულა ხაზიც, რომელზეც საღებავი არის ფაქტიურად წაშლილი და მძღოლის სამუშაო ადგილიდან არის ნაკლებად შესამჩნევი“;
ვ) შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის პატაკში აღნიშნულია შემდეგი: „„ტოიოტა პრიუსი“ აპირებდა შეხვევას და მანევრის განხორციელებას მარცხნივ, სასტუმრო „ჰუალინგის“ უკანა მხარეს. არსებულ გზაზე გადაკვეთა ღერძულა ხაზი, რა დროსაც მარჯვენა ბორტში წინა ნაწილით შეეჯახა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანას“.
30. მითითებული გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სამართალდარღვევის ადგილას მკრთალად აღინიშნებოდა უწყვეტი ღერძულა ხაზი (გზის ამ მონაკვეთზე საღებავი ფაქტობრივად წაშლილი იყო), რასაც ნაკლებად შეამჩნევდა მძღოლი, აღნიშნული მოსარჩელის ქმედების მარტივ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის შესაძლებლობას ქმნიდა.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2020 წლის 10 აპრილის №002286820 საექსპერტო დასკვნის შინაარსს, სადაც ექსპერტი, გარდა იმისა, რომ საუბრობს უწყვეტი ღერძულა ხაზის მძღოლის მიერ სავარაუდო შეუმჩნევლობაზე, აქვე ხაზგასმით მიუთითებს გზის ამავე მონაკვეთში საგზაო მოძრაობის ნიშნის - „მოძრაობა პირდაპირ“ არსებობაზე და განმარტავს, რომ მითითებული ნიშნის მოქმედება ვრცელდებოდა გზის სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, სადაც მოძრაობდა სამართალდამრღვევი, შესაბამისად, ნიშნის მოქმედების ზონაში მძღოლს უნდა ემოძრავა პირდაპირ და არა მარცხნივ (იხ. ს.ფ 48-49).
32. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებაზე ხაზგასმით მიუთითებს მოპასუხეც მის მიერ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში და აღნიშნავს, რომ მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის ნიშნის - „მოძრაობა პირდაპირ“ - უგულებელყოფას ადასტურებს როგორც ექსპერტი (2020 წლის 10 აპრილის საექსპერტო დასკვნაში), ასევე თავად სამართალდამრღვევი ავტოსაგზაო შემთხვევის აქტზე ხელმოწერით (იხ. ს.ფ 160).
33. ამდენად, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა ავტომობილით მოძრაობისას უწყვეტი ღერძულა ხაზის მძღოლის მიერ შეუმჩნევლობის ფაქტს, საექსპერტო დასკვნაში, ასევე მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელში ასახული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის ურთიერთშეჯერებით, მას უნდა შეეფასებინა ჩაითვლებოდა თუ არა საგზაო მოძრაობის ნიშნის - „მოძრაობა პირდაპირ“ - მოქმედების უგულებელყოფა მძღოლის მიერ უხეშ გაუფრთხილებლობად.
34. საგულისხმოა მსგავს საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკაც (იხ. წინამდებარე განჩინების 25-27 პუნქტები).
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
36. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, უნდა შეამოწმოს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად, იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე.
37. რაც შეეხება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისა და შეკეთების ხარჯის სასამართლოს მიერ არასწორად განსაზღვრის შესახებ მოპასუხის (კასატორის) პრეტენზიას, ვინაიდან მითითებული საკითხი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევი იურიდიული შედეგია, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იგი უნდა შეაფასოს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით.
38. საქმის ხელახლა განხილვისას, ასევე, უნდა შეფასდეს მოპასუხის პრეტენზია იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
39. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ.უ–ის" საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე