საქმე №ას-64-2023 2 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ „ს.ფ.ლ.ფ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „ს.ფ.ლ.ფ–ის“ (შემდეგში „მოსარჩელე“, „ფონდი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი სს „ლ.ბ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“ ან „ბანკი“) მიმართ მატერიალური ზიანის - 171 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადების მიხედვით, არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რის საფუძველზეც, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო პალატამ მხოლოდ დელიქტური ვალდებულების ზოგადი განმარტებით დაასაბუთა და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლო. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული პირობები. გარდა ამისა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსაჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რის გამოც, კასატორი ამავე შუამდგომლობით მიმართავს საკასაციო სასამართლოსაც.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ“), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2018 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამართულ ელექტრონულ აუქციონში, რომელზეც სარეალიზაციოდ იყო გატანილი 3 636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე.
7.2. საპრივატიზაციო ქონების გაყიდვის ფასად განისაზღვრა 3 980 000 ლარი. ამ თანხიდან, მოპასუხემ ბეს სახით გადაიხადა 171 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 3 808 500 ლარის გადასახდელად განესაზღვრა ვადა - 30 დღე.
7.3. 2019 წლის 4 იანვრის 21:00 საათიდან 2019 წლის 8 იანვრის 09:00 საათამდე ბანკის სერვსიცენტრები და გადახდის არხები მუშაობდა მხოლოდ შეზღუდულ ოპერაციებზე.
7.4. 2019 წლის 3 იანვარს, 04:56 საათზე მოპასუხემ ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა საბანკო სერვისების შესაძლო შეფერხებისა და შეფერხების დროის შესახებ.
7.5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ბანკის მიმართ მოპასუხის მხრიდან საბანკო ოპერაციის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ დროული გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).
9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 171 500 ლარის დაკისრებას ამ უკანასკნელის მხრიდან არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე. მხარეთა შორის არსებული დავაც, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს დელიქტურ ვალდებულებათა მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით.
10. კასატორის საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხემ მას დროულად არ აცნობა ბანკში არსებული შეფერხების შესახებ, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი სარჩელში მითითებული თანხის ოდენობით.
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ. სუსგ: №ას-1426-2018, 11.04.2019; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015; №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-72-72-2018, 15.02.2018; საქმე №ას-809-776-2016, 04.04.2017).
13. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მოპასუხის ბრალეულობა, კერძოდ, ბანკში მიმდინარე პროგრამული განახლების გამო მისი მხრიდან ტრანზაქციის განხორციელებაზე უარის თქმა გახდა თუ არა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დაკარგა აუქციონით მოპოვებული უფლება საკუთრებაში მიეღო უძრავი ქონება. აღნიშნულის დადგენა განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის კანონიერების მართებულად შეფასებას.
14. სსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესსაც: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
15. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი.
16. მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 6 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მას გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი ბეს სახით - 171 500 ლარი. აუქციონზე გამარჯვებულს მიეცა 30-დღიანი ვადა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 3 808 500 ლარის გადასახდელად. უდავოდ დადგენილია ისიც, რომ 2019 წლის 4 იანვრის 21:00 საათიდან 2019 წლის 8 იანვრის 09:00 საათამდე მოპასუხე ბანკის სერვისცენტრები და გადახდის არხები მუშაობდა მხოლოდ შეზღუდულ ოპერაციებზე.
17. მოსარჩელის განცხადებით, მან 2019 წლის 3 იანვარს პირადი ბანკირი გააფრთხილა, რომ 2019 წლის 4 იანვარს მათი ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში აუქციონის შედეგად ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად 3 980 000 ლარს ჩარიცხავდა. მოსარჩელის განმარტებით, მას ნასყიდობის საფასური ხელთ ჰქონდა ნაღდი ფულის სახით, თუმცა 2019 წლის 4 იანვარს ბანკში მისულს მოპასუხემ უარი განუცხადა ტრანზაქციის განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ ბანკში მიმდინარეობდა პროგრამული განახლება და ამ ოდენობის თანხას ვერ გადარიცხავდნენ. სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დაკარგა აუქციონით მოპოვებული უფლება საკუთრებაში მიეღო უძრავი ქონება.
18. მოპასუხე ბანკი კი განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ხელზე მის მიერ ხსენებული ნასყიდობის საფასური, უფრო მეტიც, 2019 წლის 4 იანვარს მოსარჩელე იმყოფებოდა პირად ბანკირთან და ელოდებოდა თანხის ჩარიცხვას, რაც არ მომხდარა. ამასთან, ბანკი აღნიშნავს, რომ პროგრამული განახლების სამუშაოები დაიწყო 2019 წლის 4 იანვარს 21:00 საათიდან, შესაბამისად დღის განმავლობაში ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელი იყო, თუმცა მოსარჩელეს არც შესაბამისი თანხა გააჩნდა და არც სასურველი ტრანზაქცია მოუთხოვია. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ტრანზაქციებთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ ბანკის მიერ კლიენტი წინასწარ იყო ინფორმირებული.
19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ერთადერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუშალა მას ნაკისრი ვალდებულების შესრულებასა და უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებაში, იყო მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება. თუმცა, პირველ რიგში, დასადგენია, რეალურად ჰქონდა თუ არა ნასყიდობის საფასურის გადასახედელად საჭირო თანხა მოსარჩელეს, რაც საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება (სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბანკის ანგარიშზე ფონდს რაიმე თანხა არ უფიქსირდებოდა. აღნიშნულ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოსარჩელე აცხადებს, რომ მას 1,5 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფულით ჰქონდა მიტანილი ბანკში, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას საქმეში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თანხის არსებობის დასადასტურებლად უამრავი მტკიცებულების შექმნაა შესაძლებელი, საკასაციო პალატა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ ახსნა-განმარტებას ვერ მიიჩნევს საკმარისად იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ფონდს 1 500 000 აშშ დოლარი 2019 წლის 4 იანვარს ხელთ ჰქონდა). მოსარჩელე ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ბანკში არსებული შეფერხების შესახებ მან დაგვიანებით შეიტყო და აღნიშნულით მიადგა ზიანი (საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი პროგრამიდან (ტ. 1, ს.ფ. 66-67), რომლიდანაც დგინდება, რომ მოპასუხემ დროულად აცნობა მოსარჩელეს ბანკში არსებული შეფერხების შესახებ. კერძოდ, ბანკმა მას შეტყობინება გაუგზავნა ტელეფონის ნომერზე - ...... მოცემული ნომერი მითითებულია სარჩელში და ასევე საქმეში არსებულ სხვა დოკუმენტში, ფონდის წესდებაში. მოსარჩელეს მოკლეტექსტური შეტყობინებით ეცნობა შესაბამის ხარვეზთან დაკავშირებული ინფორმაცია 2019 წლის 3 იანვარს, 04:56 საათზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ტექნიკური სამუშოებიდან გამომდინარე შეზღუდვები ბანკში დაიწყო 2019 წლის 4 იანვრის, 21:00 საათიდან. შესაბამისად, 2019 წლის 4 იანვარს დღის განმავლობაში ტრანზაქციების განხორციელების მიმართულებით რაიმე დაბრკოლება არ არსებობდა. ამდენად, თუკი მოსარჩელე თანხით მივიდოდა ბანკში აღნიშნულ დრომდე, იგი შეძლებდა ტრანზაქციის დროულად განხორციელებას). ამასთან, თუნდაც დგინდებოდეს ბანკში არსებული შეფერხების მოსარჩელის მხრიდან დაგვიანებით შეტყობის ფაქტი, მოსარჩელე (კასატორი) ვერ ადასტურებს, რომ მან ტრანზაქციის განსახორციელებლად მიმართა სხვა ალტერნატიულ საბანკო დაწესებულებას, რისი შესაძლებლობაც, შეუზღუდავად ჰქონდა. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ზიანი, რომელზეც მიუთითებს დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ თანხას აუცილებლად მოპასუხის მეშვეობით არ გადარიცხავდა.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა მოპასუხის არამართლზომიერი და ბრალეული ქმედება, რამაც მას 171 500 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენა. კასატორი საკუთარ მოთხოვნას მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით ამყარებს, რაც, ცალსახად, არ არის საკმარისი მისი პოზიციის გასაზიარებლად. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელი გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.
21. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, არამედ, იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1368-2019, 5 ოქტომბერი, 2020 წელი; საქმე Nას-1419-2018, 10 ივლისი, 2020 წელი; საქმე Nას-1453-2022, 30 მარტი 2023 წელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოში მოწმის სახით მის მიერ დასახელებულ პირთა დაკითხვის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად შეაფასა მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის საკითხი, მართებულად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 992-ე, 408.1-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „ს.ფ.ლ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა(ა)იპ „ს.ფ.ლ.ფ–ს“ (.........) დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის 30% - 2 400 ლარი შემდეგ ანგარიშზე ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე