ბს-234-16(გ-05) 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე).
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა მ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და შენობაზე უფლების აღდგენის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 16 მარტს მ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ბ. გ-ისა და ქარელის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და შენობაზე უფლების აღდგენის თაობაზე.
ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მა და მოითხოვა ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხდების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლიდან და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ტექპასპორტი გაცემული იყო ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც საქმე არ ექვემდებარებოდა სამოქალაქო წესით განხილვას და სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსაჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაგზავნა საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ანიჭებდა მას უფლებას ემსჯელა განსჯადობის თაობაზე და მოცემული სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამარათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წამოჭრილი დავის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა;
ბ) სადაო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მე-2 პირობა, კერძოდ, მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ, ბუნებრივია, საქმეში მარტოოდენ ამ უკანასკნელის მონაწილეობა თავისთავად არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩარჩოებში მოქცევის საფუძველს. იმისათვის, რომ დავა გახდეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი, აუცილებელია იმავდროულად მეორე პირობის არსებობაც. კერძოდ, დავა უნდა გამომდინარებდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. იმავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილს და თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მითითებული მუხლი დატოვებულია მხედველობის მიღმა.
საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, ფიზიკური პირი _ მ. ქ-ი ტექნიკური პასპორტის გაუქმებას ითხოვს ერთადერთი საფუძვლით _ ტექაღრიცხვის სამსახურმა პასპორტი გასცა კანონის დარღვევით, რითიც შელახა მოსარჩელის, როგორც მყიდველის კანონიერი უფლებები, ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართული სარჩელი, რომლის საფუძველზეც მხარე ასაჩივრებს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებას. მითითებულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირობას, რის გამოც წინამდებარე დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ქარელის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.