Facebook Twitter

საქმე №ას-404-2023 2 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.დ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ჯ–ძემ (შემდეგში: „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ჰ.დ–ის“ (შემდეგში: „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა:

- ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე მოპასუხისთვის ფაქტობრივად აშენებული ნამატი ფართის 19%-ის (987.45 კვ.მ-ის) საბაზრო ღირებულების - 1 585 800 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

- მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 109 400 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 087 149.58 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 78 000 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა (დირექტორმა), მ.მ–ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 586 190 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 8 100 ლარის გადახდა.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. 2022 წლის 29 აგვისტოს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორება (თანხის დაკისრების ნაწილში).

7. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, 2022 წლის 2 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

8. 2023 წლის 1 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება/შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე თარიღის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა წარმომადგენლის განცხადება სამოქალაქო საქმეზე N2ბ/4583-21 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება- აღსრულების შეჩერების თაობაზე.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებები მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მათი გაუქმება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან დაშვებულია ტექნიკური და არა შინაარსობრივი შეცდომა. საქმეში მითითებული მთლიანი ფართის 365 კვ. მეტრიდან არ არის დაანგარიშებული საცხოვრებლისა და ავტოსადგომის ინდივიდუალური სიდიდე, რაც ქმნის ფასთა განსხვავებულ ჯამს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში თანხის დაანგარიშების დროს აშკარა ტექნიკური (და არა შინაარსობრივი) უზუსტობაა დაშვებული. თვალსაჩინოებისთვის საჩივრის ავტორი უთითებს აღნიშნულს: გადაწყვეტილების 25-ე პუნქტი- „...სხვაობა უნდა განისაზღვროს სასარგებლო (საცხოვრებელი, აივნების და ავტოსადგომის) ფართების შესაბამისად...“ „... რაც შეადგენს 365 კვ.მ-ს (536-ის 68%).“ კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ლოგიკურია, თუმცა უზუსტობა დაშვებულია 24-ე პუნქტში, რადგანაც 25-ე პუნქტს მოსდევს 24-ე და ამასთან, გადაწყვეტილებაში ორი 25-ე პუნქტია, რაც ნუმერაციის დაცვით შეუძლებელია და გასწორებას საჭიროებს. საჩივრის ავტორი 24-ე პუნქტთან მიმართებით განმარტავს, რომ 365 კვ.მ გამრავლებულია საცხოვრებელი ფართის საექსპერტო ღირებულებაზე (1 კვ.მ- 1 606 ლარი), რაც შეუძლებელია, რადგან 365 კვ.მ თავად ამ გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოიცავს ავტოსადგომებსაც, რის გამოც 1 კვ.მ საცხოვრებლის და 1 კვ.მ ავტოსადგომის ღირებულება ერთი და იგივე ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, 365 კვ.მ-დან უნდა დაზუსტდეს საცხოვრებელი ფართის რაოდენობა, რაც შემდეგ ამავე ფართის 1 კვ.მ-ის ღირებულებაზე უნდა გამრავლდეს, ხოლო ავტოსადგომის ფართი გამრავლდეს 1 კვ.მ ავტოსადგომის ღირებულებაზე. აღნიშნული მითითების გათვალისწინებით კი გასაცემი ფართის თანხა იქნება აბსოლიტურად სხვა და არა გადაწყვეტილებაში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი- 586 190 ლარი.

10. რაც შეეხება აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებას, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა უსწორობის გასწორების შესახებ შუამდგომლობა, შესაბამისად, რადგან აღნიშნული საკითხი არ არის გადაწყვეტილი, მის გარეშე ვერ მოხდება აღსრულება. დამატებით, სააღსრულებო ფურცელი გაიცა საქმის წარმოების დასრულების გარეშე, რაც დამატებით მიანიშნებს განჩინების გაუქმების მართლზომიერებას.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: „სსსკ“) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.

14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინება. ამასთან, აღსრულების შეჩერების შესახებ უარის თქმის შესახებ ამავე თარიღის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისი პრეტენზიები ეხება არა ტექნიკურ (მექანიკურ) უსწორობას, არამედ გადაწყვეტილების შინაარსობრივ/არსებით მხარეს.

15.საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი გარემოებები არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების შინაარსობრივ შეცვლას, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და არ მოიაზრებს უსწორობის გასწორების გზით სასამართლოს მსჯელობის ან/და სამართლებრივი შეფასების შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კორექტირებას მოითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრის ავტორი არ ეთანხმება მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას, რაც მისი აზრით, უსწორობის გასწორების გზით გადაწყვეტილების სარეზოლიციო ნაწილში უნდა აისახოს.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზიები ეხება არა ტექნიკურ (მექანიკურ) უსწორობას, არამედ გადაწყვეტილების შინაარსობრივ/არსებით მხარეს. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას, რაც, სსსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია.

17. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგარძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაგრძელება/აღდგენა, კანონით დაუშვებელია.

18. თავის მხრივ, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცელი კანონდარღვევით გაიცა, რადგანაც აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სასამართლოში უზუსტობის გასწორების შესახებ განცხადება, თუმცა სააღსრულებო ფურცელი ისე გაიცა, რომ სასამართლოს მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ განუხილავს, ხოლო მხარეს განცხადების თაობაზე სასამართლოს პასუხი არ მიუღია. მისი მითითებით, სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების შემდეგ მან კვლავ წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება და სასამართლომ მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელა უზუსტობის გასწორების შესახებ მხარის მოთხოვნაზე, შედეგად კი გამოიტანა უსწორობის გასწორებაზე და აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებები.

19. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

20. სწორედ სსსკ-ის 263-ე მუხლი ადგენს ზემოთ მითითებულ მუხლში ხსენებულ საგამონაკლისო „სხვა შემთხვევას“ და აღსრულების შეჩერების წინაპირობებს: 1) სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. 2) სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ხსენებული ნორმა განმარტავს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგნეილი პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარმოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. ამდენად, მხარის უფლება მოითხოვოს აღსრულების გადადება, განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნა, პირველ რიგში, მოითხოვს სათანადოდ დასაბუთებას, ამასთან, ამით არ უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა, რადგან არ შეიძლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კრედიტორისთვის საზიანო გახდეს. თუ გადაწყვეტილების აღსრულებით მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება მოვალე, ხოლო მისი აღსრულების გადადების, განაწილვადების ან აღსრულების წესის შეცვლით ზიანი მიადგება კრედიტორს, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კრედიტორის ინტერესებს.

21.აღსანიშნავია, რომ ხსენებულ შემთხვევაში, წარდგენილი განცხადება/მოთხოვნა აღსრულების შეჩერების/გადადების შესახებ აპელანტის დირექტორს რაიმე ობიექტური გარემოებით არ დაუსაბუთებია, რაც მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებულად ეთქვა უარი აღსრულების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 260-ე და 263-ე მუხლები, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული უსწორების გასწორებისა და აღსრულების შეჩერების შესახებ დაუსაბუთებელია და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჰ.დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე