17 ივლისი 2023 წელი
საქმე№ ა-2098-შ-57-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.თ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 23 F 300 /22 SO)
დავის საგანი – მშობლის უფლების შეჩერება, მზრუნველად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით მამის - ბ.გ–ის (მცხოვრები საქართველოში), როგორც მშობლის მზრუნველობა შვილებზე: ე.გ–ი (დაბ: 29.01.2008წ. მცხოვრები მისამართზე: ......,) და ს.გ–ი (დაბ: 02.06.2010წ. მცხოვრები მისამართზე: ......., ) შეჩერდა. როგორც დედას, მხოლოდ მოსარჩელეს - ს.თ–ნის (დაბ: 26.09.1986წ. მცხოვრები მისამართზე: .....,) დაეკისრა მშობლის პასუხისმგებლობა.
2. 2023 წლის 21 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.თ–ნმა და მოითხოვა გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 23 F 300 /22 SO) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების შესწავლით დგინდება, რომ მამასთან - ბ.გ–თან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 11 აპრილს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით ს.თ–ნის შუამდგომლობა, გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 23 F 300 /22 SO) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 2023 წლის 01 მაისის განჩინების ასლთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ბ.გ–ს და განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში. გზავნილი განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, სოფელი ....... პირველი კორპუსი, მესამე სადარბაზო, მესამე სართული და მოწინააღმდეგე მხარის დედას _ ც. გ–ს ჩაბარდა 2023 წლის 23 ივნისს. მოწინააღმდეგე მხარეს არც შუამდგომლობაზე გამოუთქვამს აზრი და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 23 F 300 /22 SO) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. სასამართლოს მიაჩნია, რომ გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 23 F 300 /22 SO) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
12. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის, 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.თ–ნის შუამდგომლობა, გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 23 F 300 /22 SO) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 23 F 300 /22 SO) რომლითაც: მამის - ბ.გ–ის (მცხოვრები საქართველოში), როგორც მშობლის მზრუნველობა შვილებზე: ე.გ–ი (დაბ: 29.01.2008წ. მცხოვრები მისამართზე: .........ქ. #10,) და ს.გ–ი (დაბ: 02.06.2010წ. მცხოვრები მისამართზე: .......) შეჩერდა. როგორც დედას, მხოლოდ მოსარჩელეს - ს.თ–ნის (დაბ: 26.09.1986წ. მცხოვრები მისამართზე: ......) დაეკისრა მშობლის პასუხისმგებლობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი