Facebook Twitter

26 ივლისი 2023 წელი

საქმე № ა-3944-შ-102-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ერგაშევი

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „ I. G.", შ.პ.ს. „A. F.T."

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე № 4-10-2205/549)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე № 4-10-2205/549) შ.პ.ს. „ F. E."-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ I. G."-ს და შ.პ.ს. „A. F.T."-ს სოლიდარულად შ.პ.ს. „ F. E."-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ძირითადი ვალი 20 482,74 ა.შ.შ. დოლარი, ჯარიმა - 7 513 ა.შ.შ. დოლარი, სახელმწიფო მოსაკრებელი 624.31 ა.შ.შ. დოლარი და საფოსტო მოსაკრებელი 24 000 სუმის ოდენობით. დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. შ.პ.ს. „ F. E."-ის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო მოსაკრებელი 7 011 244,78 სუმის ოდენობით.

2. უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ერგაშევმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 4-10-2205/549) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების, ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 02 მაისს გაცემული ცნობის და ამავე სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლების შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 11 მარტს და გადაწყვეტილება, ძირითადი ვალის 20 482,74 ა.შ.შ. დოლარის, ჯარიმის - 7 513 ა.შ.შ. დოლარის, სახელმწიფო მოსაკრებელი 624.31 ა.შ.შ. დოლარის და საფოსტო მოსაკრებელი 24 000 სუმის ოდენობის ნაწილში, უზბეკეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ერგაშევის შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ძირითადი ვალის 20 482,74 ა.შ.შ. დოლარის, ჯარიმის - 7 513 ა.შ.შ. დოლარის, სახელმწიფო მოსაკრებელი 624.31 ა.შ.შ. დოლარის და საფოსტო მოსაკრებელი 24 000 სუმის ოდენობის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4.„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობას უგზავნის კომპეტენტურ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.

6. მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც, კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.

7. დადგენილია, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება გამოტანილია შ.პ.ს. „ F. E."-ის სასარგებლოდ, შესაბამისად, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ერგაშევმა და არა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა პირმა – შ.პ.ს. „ F. E."-მა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ F. E."-ის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. ერგაშევის შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 4-10-2205/549) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ძირითადი ვალის 20 482,74 ა.შ.შ. დოლარის, ჯარიმის - 7 513 ა.შ.შ. დოლარის, სახელმწიფო მოსაკრებელი 624.31 ა.შ.შ. დოლარის და საფოსტო მოსაკრებელი 24 000 სუმის ოდენობის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი