Facebook Twitter

17 ივლისი 2023 წელი

საქმე№ ა-6738-შ-165-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე № 1881-22)

დავის საგანი – მეურვედ/მზრუნველად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ქ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა, რომ თ.ქ–ძე არის ნ.ჩ–ძის 20180823-0000 ერთადერთი მეურვე/მზრუნველი. ეს მოცემულობა ვრცელდება ასევე შუალედურ პერიოდზეც, ანუ იმ პერიოდის განმავლობაშიც მანამ, სანამ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

2. 2022 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ.ქ–ძემ და მოითხოვა შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 1881-22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 1881-22) შესწავლით დგინდება, რომ მამასთან - გ.ჩ–ძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დედას - თ.ქ–ძეს მიენიჭა ბავშვის ერთადერთი მზრუნველის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით თ.ქ–ძის შუამდგომლობა, შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 1881-22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საქმის მასალებით დგინდება, რომ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინების ასლთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე გ.ჩ–ძეს, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.

6. 2023 წლის 24 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მოწინააღმდგე მხარე გ.ჩ–ძემ გვარი შეიცვალა და მისი ახლანდელი გვარია გ–ი. ამასთან, ის საცხოვრებლად წავიდა ა.შ.შ.-ში, შესაბამისად შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე მისთვის გზავნილის ჩაბარება შეუძლებელია. ამჟამად საქართველოში იმყოფება მისი მეუღლე ნ.ჯ–ია, რომლის ფაქტობრივი მისამართია ქ. ხაშური, ......., ბინა #39. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარისათვის დოკუმენტების განახლებულ მისამართზე ჩაბარება.

7. შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინების ასლთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე გოჩა გ–ის (ჩ–ძე) მეუღლეს ნ.ჯ–იას (ადრესატისათვის გადასაცემად) და მასვე განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში. გზავნილი განხორციელდა მისამართზე: ქ. ხაშური, ........, ბინა #39 და ნ.ჯ–იას ჩაბარდა 2023 წლის 21 მაისს. მოწინააღმდეგე მხარეს არც შუამდგომლობაზე გამოუთქვამს აზრი და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გერმანიის ტოსტედტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე № 23 F 300 /22 SO) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი და არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეები არიან.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

13. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 1881-22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

14. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც მეურვედ/მზრუნველად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

15. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის, 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ქ–ძის შუამდგომლობა, შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 1881-22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას შვედეთის სოდერტორნის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე № 1881-22), რომლითაც: დადგინდა, რომ თ.ქ–ძე არის ნ.ჩ–ძის 20180823-0000 ერთადერთი მეურვე/მზრუნველი. ეს მოცემულობა ვრცელდება ასევე შუალედურ პერიოდზეც, ანუ იმ პერიოდის განმავლობაშიც მანამ, სანამ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი