06 აპრილი 2023 წელი №ას-106-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ც–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ც–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „საქართველო-უ.ე–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დამსაქმებელი“) მიმართ, მ.ც–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შ.პ.ს. „საქართველო-უ.ე–ი"-ს 2020 წლის 27 მაისის №5/79 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის HR პასუხისმგებელი პირის/აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე აღდგენის, 2020 წლის 01 აგვისტოდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის _ ყოველთვიურად 3030.96 ლარისა (გადასახადების და საპენსიო ვალდებულებების ჩათვლით) და 2020 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2010 წლიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მოსარჩელე უწყვეტად მუშაობდა შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი"-ში. 2010 წლიდან, მოპასუხე ორგანიზაციაში მოსარჩელის მუშაობის დროს, პროფესიული მოვალეობის წარმატებით შესრულების გამო, ეტაპობრივად გაიზარდა მოსარჩელის ფუნქციები, სახელფასო განაკვეთი; თანამდებობრივად დაწინაურდა ორჯერ. 2020 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი"-ში უვადო ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი იყო, პასუხს აგებდა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვაზე და პარალელურად ასრულებდა დირექტორების აღმასრულებელი თანაშემწის მოვალეობებს. შეთავსებული ჰქონდა ასევე დირექტორატის მდივნის ფუნქციები, რადგან კომპანიის სამი დირექტორიდან არც ერთს არ ჰყავდა პირადი თანაშემწე ან მდივანი, რომელიც მოაგვარებდა ყოველდღიურ ადმინისტრაციულ, კორესპონდენციასთან დაკავშირებულ, ლოჯისტიკურ და სხვა საკითხებს.
2.2. მოსარჩელეს ათწლიანი მუშაობის მანძილზე არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა. 2020 წლის 22 მაისს მოსარჩელეს აცნობეს შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, ,,COVID-19"-ით გამოწვეული საკადრო შემცირების გამო. მოსარჩელის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან რეალურად მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი არ არის რეორგანიზაცია ან პანდემიით გამოწვეული რაიმე ეკონომიკური სირთულე. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გაშვების რეალური მიზეზი არის მისი უარი მარტის თვეში (პანდემიის პიკის დროს), ოფისში ფიზიკურად ყოფნაზე და ალტერნატივის სახით საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად დისტანციურად მუშაობის დაჟინებული მოთხოვნა. მოსარჩელემ უცხოეთიდან ჩამოსული პირების ოფისში ყოფნის გამო მოითხოვა დისტანციურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება, რის შედეგადაც შესრულდებოდა მთავრობის რეკომენდაცია და არც კომპანიას მიადგებოდა რაიმე ზიანი. 2020 წლის 15 მარტს, აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელემ წერილობითი ფორმით აცნობა კომპანიის სამივე დირექტორს. მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, მოსარჩელემ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა პირველივე შესაძლებლობისთანავე განეახლებინა საოფისე საქმიანობა.
2.3. მოსარჩელეს მიიჩნია, რომ მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება არის უკანონო და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსს, შრომით ხელშეკრულებასა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა; 2020 წლის 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, ხოლო 2020 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო №181 დადგენილება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციაში არცერთ დამსაქმებელს საქართველოში არ ჰქონია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, მოპასუხემ მოახდინა ოპტიმალური რეაგირება კორონავირუსის საფრთხეზე გონივრულ დროში. 2020 წლის 15 მარტს (კვირა დღეს), მოსარჩელემ მართლაც მისწერა კომპანიის დირექტორებს, სადაც აღნიშნავდა: „ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, არ ვიცი სახლიდან უნდა ვიმუშავო (დისტანციურად), თუ შევავსო შვებულების ფორმა მოცემული კვირისთვის“. მოცემულ წერილზე კომპანიის დირექტორმა ბ.ჯ–მა რამდენიმე წუთში უპასუხა, რომ მ.ც–ძეს შეეძლო ამ კვირაში არ მისულიყო. კომპანიის დირექტორის წერილში საუბარი იყო 1 კვირის განმავლობაში ოფისში არ მოსვლაზე, რადგან კომპანია ისედაც ემზადებოდა, მიეღო შესაბამისი ზომები ,,კოვიდ_19"-ის პრევენციისთვის უახლოეს დღეებში. მოსარჩელის განმარტება, რომ კერძო სექტორის უდიდესი ნაწილი, 2020 წლის 15 მარტის წერილის მიწერისას, უკვე გადასულიყო იყო დისტანციურ რეჟიმზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და აბსოლუტურად მცდარია. წერილამდე წინა სამუშაო კვირას (9-13 მარტი), მთავრობის მიერ არ ყოფილა მიღებული სავალდებულო რეგულაციები დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის მხრიდან 2020 წლის 11 მარტს გაკეთებულ იქნა ზოგადი რეკომენდაცია, რომ კერძო სექტორს დაეწყო დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. მოსარჩელის მიერ წერილის გამოგზავნისთანავე (ჯერ კიდევ მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე), 2020 წლის 19 მარტს, ანუ ხუთშაბათ დღეს, შ.პ.ს. „საქართველო-უ.ე–ი“-ს მიერ მიღებულ იქნა პერსონალის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ №4/02-2020 ბრძანება და კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სანიტარული ნორმების გამკაცრების შესახებ №01-2020 განკარგულება. ასევე, 2020 წლის 23 მარტს (ორშაბათი დღე), ანუ საგანგებო მდგომარეობის შემოღების დღეს, კომპანიამ მიიღო პერსონალის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება. შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება მასზედ, რომ „მისი გაშვების რეალური მიზეზი იყო მისი უარი მარტის თვეში, პანდემიის პიკის დროს, ოფისში ფიზიკურად ყოფნაზე“, უსაფუძვლოა.
3.2. მოსარჩელის გათავისუფლება დაკავშირებულია იმ რეორგანიზაციის პროცესთან, რომელიც კომპანიაში დაიწყო 2019 წლის ბოლოს და დღესაც მიმდინარეობს. შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი“ რამდენიმე წელია აწყდება გენერირებული ელექტროენერგიის შემცირების პრობლემას, რაც დაკავშირებულია მათ შორის წყლის რესურსის შემცირებასთან. ელექტროენერგიის შემცირება, თავის მხრივ, დაკავშირებულია ორ ფაქტორთან: 1) წყლის რესურსის კლებასთან ბოლო წლებში; 2) 2020 წლის გაზაფხულიდან კორონავირუსის გამო მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შემცირებასთან, რაც ავტომატურად დაკავშირებულია კომპანიის შემოსავლების შემცირებასთან. ელექტრო ენერგიის გენერაციის შესახებ ცნობის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერი-დეკემბრის გენერაციის მაჩვენებელთან შედარებით, 2019 წლის ოქტომბერი-დეკემბრის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია. განსაკუთრებული შემცირება არის 2020 წლის გაზაფხულიდან. მაგალითისთვის, 2019 წლის აპრილის გენერაცია იყო 42,690,120 კვტ.სთ, ხოლო 2020 წლის აპრილის - 30,217,440 კვტ.სთ (30% იანი შემცირება); 2019 წლის მაისის გენერაცია იყო 62,009,640 კვტ.სთ, ხოლო 2020 წლის მაისისა - 52,776,240 კვტ.სთ (15%-იანი შემცირება). ჯამურად, 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის ივნისის პერიოდის ჩათვლით (12 თვე) გენერაციამ შეადგინა 386,826,214 კვტ.სთ, ხოლო 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდზე (12 თვე) 337,657,320 კვტ.სთ (დაახლოებით 13%-იანი შემცირება, რაც იმავე დროს შემოსავლების 13%-იანი შემცირებაა). წყლის რესურსის შემცირების ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჰესზე გამოყენებული წყლის რაოდენობის შემცირება გენერირებული ელექტროენერგიის შემცირებას იწვევს პირდაპირპროპორციულად. მაგალითად, 2018 წლის ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში გამოყენებულ იქნა 27,041 მ3-25,813 მ3-27,734 მ3 წყალი. ამის საპირისპიროდ, 2019 წლის ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერის მონაცემები შემდეგნაირია: 24,704 მ3-23,887 მ3-25,213 მ3 (2000მ3-ზე მეტით შემცირება თითოეულ შესაბამის თვეზე). წყლის რესურსების განსაკუთრებული შემცირება აღინიშნება 2020 წელს. შედარებისთვის, 2019 წლის პირველი 6 თვის გამოყენებული წყლის ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 220 377 მ3-ს, ამის საპირისპიროდ, 2020 წლის პირველი 6 თვის წყლის რესურსების გამოყენების ჯამური მაჩვენებელია 186 155 მ3, ანუ 2020 წლის პირველი ექვსი კალენდარული თვის განმავლობაში გამოყენებული წყლის მაჩვენებელი 2019 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 15.45%-ით.
3.3. წყლის რესურსის შემცირებასთან ერთად, 2020 წლის გაზაფხულზე გენერაციის შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა კორონა ვირუსიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან საწარმოები, რესტორნები და სხვა კომერციული ორგანიზაციები. ეკონომიკაში მაღალი წარმოება ნიშნავს მაღალ მოხმარებასაც, ხოლო დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლების დროს ქვეყანა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. მოპასუხე კომპანიაში 2019 წლის ბოლოდან მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ხარჯების შემცირებას და სამუშაო ძალის ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად. კომპანიის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, 2019 წლის ივნისში კომპანიაში არსებობდა 44 შტატი, ხოლო 1 წლის შემდეგ, 2020 წლის ივლისის მდგომარეობით არსებობს 40 შტატი. მოსარჩელის გათავისუფლებით გაუქმებულ იქნა კიდევ ერთი შტატი და მისი ფუნქციები განაწილებულ იქნა თარჯიმან ქ.ა–ძეზე (რომლის პოზიცია გახდა თარჯიმანი/ასისტენტი) და მთავარ ბუღალტერზე სალომე ყ–ზე. ქ.ა–ძეს გადაეცა HR დოკუმენტების მომზადების ვალდებულება, წერილების გაგზავნის ვალდებულება და სხვა ფუნქციები, რომლებიც დეტალურად იქნა გაწერილი ბრძანებით. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების, ხარჯვის ფორმების საკითხები და სხვა საკითხები დაევალა მთავარ ბუღალტერს. არსებულ ორ შტატზე სამუშაოების განაწილების ბრძანება შეიცავს ყველა გადაცემული ფუნქციის დეტალურ აღწერილობას. მოსარჩელის პოზიცია მოიცავდა სხვადასხვა ვალდებულებებს/ფუნქციებს, რომლებიც არ საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და მისი ფუნქციების განაწილება ადვილად და ოპტიმალურად გახდა შესაძლებელი სხვა თანამშრომლებზე. მოპასუხემ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია თარჯიმნის შტატის შენარჩუნება, რადგან კომპანიას თურქული კომპანია ჰყავს დამფუძნებლად, ხოლო თანამშრომლების უმრავლესობამ აღნიშნული ენა არ იცის. ამასთან, ვინაიდან, თარჯიმნის სამუშაო აღწერილობაში შედარებით მცირე რაოდენობის ვალდებულებები შედიოდა, თურქული ენის თარჯიმანმა ქ.ა–ძემ იოლად შეითავსა ბრძანებით მასზე დაკისრებული მოვალეობები და შექმნილ იქნა ახალი პოზიცია თარჯიმან/ასისტენტი. აღნიშნული ახალი შტატის ფუნქციებს ვერ შეასრულებდა მოსარჩელე, ვინაიდან, მან არ იცოდა თურქული ენა. მოსარჩელის შტატის ფუნქციების ნაწილი ასევე კვეთაში იყო მთავარი ბუღალტრის ფუნქციებთან, რომელმაც ასევე იოლად შეითავსა ბრძანებაში მითითებული ფუნქციები. შესაბამისად, ორგანიზაციული თვალსაზრისით, მოსარჩელის შტატის გაუქმება იყო ყველაზე გონივრული და ოპტიმალური გადაწყვეტილება. ვინაიდან, მოპასუხე კომპანიაში ჩატარდა რეორგანიზაცია და მოსარჩელის პოზიცია კომპანიაში გაუქმებულია, მოსარჩელის აღდგენა იმავე პოზიციაზე შეუძლებელია. ამასთან, არ არსებობს ანალოგიური ან მსგავსი პოზიცია კომპანიაში, რომელზეც მოსარჩელის აღდგენა იქნებოდა შესაძლებელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი"-ს 2020 წლის 27 მაისის №5/79 ბრძანება მ.ც–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 22 107.96 ლარის გადახდა; სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი"-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2010 წლიდან 2020 წლის 1 ივნისამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო შ.პ.ს. „ს- უ.ე–ი“-ში სხვადასხვა პოზიციებზე. 2016 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელე კომპანიაში მუშაობდა HR პასუხისმგებელი პირის/აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 2542.61 ლარს გადასახადების ჩათვლით, ხოლო 2020 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გადასახადებისა და საპენსიო ვალდებულების ჩათვლით განისაზღვრა 3030.96 ლარით.
7.2. შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი“-მ 2020 წლის 27 მაისის №5/79 შეტყობინებით, მოსარჩელეს ეცნობა 2020 წლის პირველი ივნისიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის საფუძვლით, რომელიც გამოწვეული იყო ეკონომიკური გარემოებებით. მასვე განემარტა, რომ ხარჯების შემცირების მიზნით, შემცირებული იქნა მოსარჩელის პოზიცია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ შესრულებული ფუნქციები შესაძლებელი იყო გადანაწილებულიყო სხვა პოზიციებზე და ცალკე მიზნობრივი თანამშრომლის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობდა. მართალია, მიმდინარე მომენტისათვის სხვა თანამდებობები არ შემცირებულა, თუმცა მომავალში შესაძლოა შემცირება შეხებოდა სხვა პოზიციებსაც.
7.3. შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი“-ს 01.06.2020 წლის №01-01/2020 ბრძანებით, ადამიანურ რესურსებზე პასუხისმგებელი/აღმასრულებელი თანაშემწის თანამდებობა გაუქმდა და ამ თანამდებობასთან დაკავშირებული მოვალეობები გადანაწილდა მოქმედ საშტატო ერთეულებზე, კერძოდ, ფუნქციები შეთავსებული იქნა თარჯიმნისა და მთავარი ბუღალტრის მიერ სრულად.
7.4. შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი“-ს 2020 წლის 2 ივლისის №7/85 წერილით წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის მფლობელობაში არსებული ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის ყოველთვიური გამომუშავების შესახებ მონაცემები 2018 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის აპრილის პერიოდის გენერაცია იყო 42,690,120 კვტ.სთ, ხოლო 2020 წლის აპრილის - 30,217,440 კვტ.სთ; 2019 წლის მაისის გენერაცია იყო 62,009,640 კვტ.სთ, ხოლო 2020 წლის მაისის - 52,776,240 კვტ.სთ; 2019 წლის ივნისის გენერაცია იყო 33,827,640 კვტ.სთ, ხოლო 2020 წლის ივნისის - 29,673,600 კვტ.სთ.
7.5. შ.პ.ს. „ს-უ.ე–ი“-ს 2020 წლის 2 ივლისის №7/88 წერილით წარმოდგენილია ინფორმაცია ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მიერ წარმოებაში გამოყენებული წყლის რაოდენობის შესახებ, რომლის მიხედვით, 2019 წლის აპრილის პერიოდში წარმოებაში გამოყენებული წყლის საშუალო რაოდენობა იყო 16.60 მ3/წმ, ხოლო დაღვრილი წყლის საშუალო რაოდენობა - 1.92 მ3/წმ, 2020 წლის აპრილის პერიოდში წარმოებაში გამოყენებული წყლის საშუალო რაოდენობა იყო 11.51 მ3/წმ, ხოლო დაღვრილი წყლის საშუალო რაოდენობა - 1.76 მ3/წმ, 2019 წლის მაისის წარმოებაში გამოყენებული წყლის საშუალო რაოდენობა იყო 23.26 მ3/წმ, ხოლო დაღვრილი წყლის საშუალო რაოდენობა - 4.14 მ3/წმ, 2020 წლის მაისის წარმოებაში გამოყენებული წყლის საშუალო რაოდენობა იყო 19.94 15 მ3/წმ, ხოლო დაღვრილი წყლის საშუალო რაოდენობა - 2.75 მ3/წმ, 2019 წლის ივნისის წარმოებაში გამოყენებული წყლის საშუალო რაოდენობა იყო - 13.04 მ3/წმ, ხოლო დაღვრილი წყლის საშუალო რაოდენობა - 1.75 მ3/წმ, 2020 წლის ივნისის წარმოებაში გამოყენებული წყლის საშუალო რაოდენობა იყო - 11.29 მ3/წმ, ხოლო დაღვრილი წყლის საშუალო რაოდენობა - 1.78 მ3/წმ.
7.6. ესკო-ს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის შესახებ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, 2019 წლის აპრილში საშუალო ფასი იყო 12.9927551, მაისში - 7.3628251, ივნისში კი - 7.2278252. რაც შეეხება 2020 წელს, ცალსახად გაზრდილი იყო საშუალო ფასი და აპრილის თვეში შეადგენდა 16.0888149, მაისში 13.2076731, ხოლო ივნისში 13.1741005.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება კი, მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით.
8.2. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი - „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“.
8.3. რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა. რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმოში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი და მეორე, რაც მთავარია, ამგვარ ცვლილებებს შედეგად უნდა მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა არ მოხდეს შტატების ფორმალურად შემცირება და რეორგანიზაცია არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ამასთან, კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის დროს სამუშაო ძალის შემცირების პირობებშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა იყოს შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა, ასევე ნათელი უნდა იყოს თუ რატომ არ შესთავაზა დამსაქმებელმა ტოლფასი სამსახური ან სხვა პოზიცია.
8.4. პალატის მოსაზრებით, სარწმუნოდ ვერ დასტურდებოდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შემცირების ფაქტი, რამეთუ მ.ც–ძის მიერ დაკავებული პოზიციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შეითავსეს სხვა საშტატო ერთეულზე დასაქმებულმა პირებმა. ამდენად, არ დგინდება, რომ აღარ არსებობდა იგივე უფლება-მოვალეობების განხორციელების საჭიროება, პირიქით, უდავოა, რომ მოსარჩელის მოვალეობების შესრულება დაევალათ თარჯიმანსა და მთავარ ბუღალტერს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებას. აღნიშნულის მიუხედავად, როდესაც სახეზე იყო ფუნქციური შერწყმა (მ.ც–ძის მოვალეობებში არსებული საქმიანობის განხორციელება დაევალათ სხვა პირებს), დამსაქმებელმა არ უზრუნველყო იმ გარემოების დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებით მოახდინა თანამშრომელთა გადარჩევა. თავისუფალი მეწარმეობის პრინციპის გათვალისწინებით, მართალია დამსაქმებელი კომპანია არაა შეზღუდული ჩაატაროს რეორგანიზაცია (სტრუქტურული ოპტიმიზაცია), თუმცა ამგვარ ვითარებაში დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას, კონკრეტულ შემთხვევაში, აღარ ესაჭიროებოდა კონკრეტული თანამშრომელი. აპელანტის მოსაზრების გაზიარების პირობებშიც, რომ თარჯიმნის და ბუღალტრის მოვალეობებს ვერ შეასრულებდა მოსარჩელე სათანადო ცოდნის არარსებობის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელს ჰქონდა დამატებითი ვალდებულება, დაედასტურებინა იმგვარი ეკონომიკური გარემოებების არსებობის ფაქტი, რაც გაამართლებდა დასაქმებულის გათავისუფლებას. აღნიშნულის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დამსაქმებელმა დამაჯერებლად დაამტკიცოს, რომ დასაქმებულის შემცირება არა სუბიექტური ფაქტორებით, არამედ კონკრეტული ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული.
8.5. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ეკონომიკური აუცილებლობა, კერძოდ, უდავოა, რომ 2019 წელსა და 2020 წელს შორის მართლაც არსებობს საკმაო სხვაობა ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის ყოველთვიური გამომუშავების მაჩვენებლებში, ასევე წარმოებაში გამოყენებული და დაღვრილი წყლის რაოდენობაში, თუმცა ცალსახაა ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის ზრდაც, თანაც, რიგ შემთხვევაში, თითქმის გაორმაგებული ოდენობით. ფინანსური კრიზისის დასასაბუთებლად „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მიმართ სასესხო ვალდებულებაზე მითითება პალატამ არ მიიჩნია საკმარისად იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ აღნიშნული ბანკის სასარგებლოდ მოპასუხის უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთულია ჯერ კიდევ 2011 წლიდან, რაც 2020 წელს არ შეიძლება მოსარჩელის გათავისუფლების გამართლების საფუძველი გამხდარიყო.
8.6. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ პერიოდში (თვეებში), როდესაც მოპასუხეს ჰქონდა შედარებით ნაკლები გენერაცია, გაზრდილი იყო გენერირებული პროდუქციის გასაყიდი ტარიფი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მიღებული შემოსავლის გაზრდაც კი. მხოლოდ გენერაციის კლება პროდუქციის გაზრდილი სარეალიზაციო ფასის პირობებში ავტომატურად ვერ ჩაითვლება ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვან შემცირებად, მით უფრო, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ.
8.7. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დამტკიცება, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, მოპასუხის ქმედება არღვევდა მოსარჩელის შრომით უფლებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას, ვინაიდან დამსაქმებლის ნება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.
8.8. დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრების საფუძვლად პალატამ მიუთითა სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი რედაქციით შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი და განმარტა, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია პასუხისმგებლობის ზომაა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან.
8.9. მ.ც–ძესთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა 2020 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო იგი იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელთან 10 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. პალატამ კომპენსაციის განსაზღვრისას გაითვალისწინა დასაქმების ხანგრძლივობა, გათავისუფლების უკანონობის ხარისხი, ასევე შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათი, ხელფასის ოდენობა და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა მოპასუხეს სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით 22 107.96 ლარის ოდენობით კომპენსაციის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. საბალანსო ტარიფები, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირების მიუხედავად, გაიზარდა მისი სარეალიზაციო ღირებულება, არ ეხება ჰესებს, რომლებიც ელექტრო ენერგიას ნასყიდობის ხელშეკრულებით ყიდიან, არამედ საბალანსო ელექტროენერგია იყიდება სრულიად სხვა გზით, ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებულ ბაზარზე. კასატორს კი დადებული აქვს ელექტროენერგიის სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულება და საბალანსო ბაზარზე არსებულ ელექტროენერგიის ფასს არავითარი კავშირი მასთან არ აქვს.
9.2. სასამართლომ არასრულად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა მოპასუხის ეკომონიკურ მდგომარეობაზე და განაპირობა რეორგანიზაციის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია მოპასუხის მზარდი ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ-მოძრავი ქონება დატვირთული აქვს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სესხზე გადასახდელი ძირი და პროცენტი მუდმივად იზრდება, ვინაიდან სესხი აღებულ იქნა იმგვარად, რომ დასაწყისში გადახდები ყოფილიყო შეღავათიანი, ხოლო მომდევნო წლებში გადახდილიყო მეტი ოდენობის თანხა. შედარებისათვის, 2017 წელს სესხზე გადახდილი იქნა 6.7 მილიონი აშშ დოლარი, 2020 წელს _ 10.3 მილიონი აშშ დოლარი, მომდევნო წლებში სესხზე გადასახდელი თანხა წლიურ 11 მილიონ აშშ დოლარსაც მიაღწევს, თანაც იმ პირობებში, რომ ჰესი არ გაფართოებულა და არც მისი გენერაცია გაზრდილა. თუ მოპასუხე დროულად არ დაფარავს სესხს, გაკოტრდება და დაკარგავს ოპერირებისთვის საჭირო, თუმცა უფლებრივად კრედიტორის სასარგებლოდ დატვირთულ ყველა აქტივს, ესე იგი, უზრუნველყოფილი სესხის არსებობა მიუთითებს კომპანიის კეთილდღეობის არარსებობაზე.
9.3. საწარმოს ეკონომიკური სიძნელეები გაამწვავა კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. სასესხო ვალდებულებებს, წყლის რესურსების შემცირებას ან/და სახელმწიფოს უფლებას, რომ გადაღვაროს წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა, კომპანია თავს ვერ აარიდებს, შესაბამისად, ხარჯების ოპტიმიზაციის ერთადერთ გზას წარმოადგენდა რეორგანიზაცია და შიდა შრომითი სტრუქტურული გადანაწილება, რომლის შედეგადაც მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმებით კომპანიამ შეძლო ყოველწლიურად 36 000 ლარზე მეტის დაზოგვა.
9.4. კომპანიამ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის პოზიციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რა დროსაც იგი მიზნად ისახავდა დანახარჯების შემცირებას დიდი ოდენობით შემოსავლების შემცირების პირობებში. დამსაქმებელმა გასაწევი დატოვა მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი ხარჯები, რომლებიც ჰესის ოპერირებისთვის არის საჭირო, ამდენად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს კომპანიის ბიზნეს გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება კომპანიის შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობას.
9.5. მოსარჩელის საშტატო ერთეული არ წარმოადგენდა სრული დატვირთვის მქონე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე პოზიციას. მისი ფუნქციები გადანაწილდა ასევე ნაკლები დატვირთვის მქონე თურქული ენის თარჯიმნის საშტატო ერთეულზე, შესაბამისად, შეიქმნა ახალი საშტატო ერთეული თარჯიმან/ასისტენტი, ფუნქციების ნაწილი კი მიეკუთვნა ბუღალტერს. სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან, სამსახურიდან განთავისუფლებული თანამშრომლის უფლება-მოვალეობების გადანაწილება არსებულ ორ თანამშრომელზე განხორციელდა იმგვარად, რომ არცერთ მათგანს არ მოუხდა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და არც მათი ხელფასის გაზრდის საჭირობა წარმოშობილა, კომპანიაში ცალკე მიზნობრივი თანამშრომლის ყოლის საჭიროება არ არსებობდა. ამდენად, ცალსახაა, რომ კომპანიაში არსებობდა არაეფექტური და ეკონომიკურად გაუმართლებელი შტატი, რომელიც გაუქმდა რეალური რეორგანიზაციის გზით.
9.6. არსებული ფაქტობრივი გარემოებები ძალზედ ნათლად ასახავს გადაწყვეტილების მიღების ობიექტურობას, კერძოდ თარჯიმანი წარმადგენს თურქული ენის სპეციალისტს კომპანიაში, სადაც 90%-იანი მეწილე თურქული კომპანიაა და დირექტორებიც თურქულ ენაზე საუბრობენ, შესაბამისად, თარჯიმნის შენარჩუნება ორგანიზაციისთვის იყო აუცილებელი და პრიორიტეტული, ვინაიდან მოსარჩელე თურქული ენის არცოდნის გამო ვერ შეითავსებდა მის ფუნქციას. მეორე საშტატო ერთეული, რომელზედაც განაწილდა მოსარჩელის ფუნქციათა ნაწილი, წარმოადგენს ბუღალტერს, რომელიც სპეციალურ ცოდნას, სერტიფიცირებასა და გამოცდილებას დაქვემდებარებული თანამდებობაა და მისი შეთავსებაც მოსარჩელისთვის იქნებოდა შეუძლებელი. შესაბამისად, დასახელებული თანამშრომლებისთვის მ.ც–ძესთან შედარებით უპირატესობის მინიჭება დასაბუთებულია და გამომდინარეობს საწარმოს საჭიროებებიდან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14.1. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-224-224-2018. 18.05.2018წ).
14.2. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა“ განეკუთვნება ფაქტის საკითხს, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შრომით დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე...მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, „სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია...მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა...დამსაქმებელმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ. №ას-1316-2022, 23.12.2022წ).
14.3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) სტრუქტურას _ ნორმა ფორმულირებულია იმგვარად, რომ ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები უნდა წარმოადგენდეს სამუშაო ძალის შემცირებისა და შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობას, ესე იგი, ჯერ ფაქტის სახით უნდა დადგეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, ხოლო სამუშაო ძალის შემცირება უნდა იყოს მისი თანმდევი შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სამუშაო ძალის შემცირებას წინ უნდა უსწრებდეს ნორმაში ჩამოთვლილი ალტერნატიული გარემოებები (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები), ვინაიდან კანონმდებელმა მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი ბმის დადგენის აუცილებლობა დააწესა.
14.4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სტრუქტურულ ცვლილებას, საწარმოში ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არა იმ შინაარსით, როგორადაც ამას კასატორი წარმოაჩენს, არამედ სწორედ იმ მიზნით, რომ გამართლება მოძებნოდა მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლებას. აღნიშნული რწმენა პალატას ექმნება იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეს რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ეცნობა 2020 წლის 22 მაისს (ტ.1, ს.ფ. 48), სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულ იქნა 2020 წლის 27 მაისს (მასში მხოლოდ თეორიულად იქნა განმარტებული, რომ HR პასუხისმგებელი პირის/ასისტენტის ფუნქციების განაწილება სხვა პოზიციებზე შესაძლებელი იყო ცალკე მიზნობრივი თანამშრომლის ყოლის გარეშე; იხ. ბრძანების ქართულენოვანი ტექსტის მე-5 აბზაცი), ხოლო სტრუქტურული ცვლილებები, რაც გამოიხატა HR პასუხისმგებელი პირის/ასისტენტის თანამდებობის გაუქმებასა და მისი ფუნქციების ორ არსებულ თანამშრომელს შორის განაწილებაში, დათარიღებულია 2020 წლის 01 ივნისით (იხ. ტ.1, ს.ფ. 145-149). ესე იგი, საწარმოში ცვლილებები წარიმართა არა კანონმდებლის მიერ ნაგულისხმევი თანმიმდევრობით _ (1) ჯერ სტრუქტურული ცვლილების განხორციელება, შემდეგ (2) სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის გამოვლენა, ბოლოს კი (3) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ ჯერ გამოვლინდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება და მხოლოდ მას შემდეგ წარიმართა სტრუქტურული ცვლილებები, რომლებმაც „დაასაბუთა“ საწარმოო ძალის შემცირება.
14.5. მოვლენათა დასახელებული მიმდევრობა პალატას უყალიბებს შინაგან რწმენას მასზედ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა იყო არა სტრუქტურული ცვლილების ლოგიკური შედეგი, არამედ პირიქით, სტრუქტურული ცვლილება „შეიქმნა“ მოგვიანებით, შრომითი ურთიერთობის კანონიერი საფუძვლის გამოსაძებნად. ამ რწმენას პალატას უმყარებს ის გარემოება, რომ სტრუქტურული ცვლილებები წარიმართა ერთადერთი საშტატო ერთეულის გასაუქმებლად, იმ პირობებში, როდესაც საწარმოში სტრუქტურულ ცვლილებებამდეც და მას შემდეგაც, არსებობდა და შენარჩუნდა, მაგალითად, ოფისზე პასუხისმგებელის/ჩაის მიმტანის პოზიცია, ბუღალტრის ორი პოზიცია (ერთი სახელდებულია როგორც მთავარი ბუღალტერი, მეორე კი როგორც ბუღალტერიის სპეციალისტი; იხ. ტ.1, ს.ფ. 131-132), ისე, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, კომპანიის ხემლძღვანელობას დღის წესრიგში არ დაუსვამს ხსენებულ თანამდებობათა პრაქტიკული საჭიროება საწარმოში.
14.6. 2019-2020 წლის ჭრილში, 44 დასაქმებულიდან 39 დასაქმებულამდე დაყვანის პროცესში, რეორგანიზაციაზე მითითებით მოსარჩელის გარდა გათავისუფლდა მხოლოდ ორი თანამშრომელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 135-136), ისიც 2019 წელს ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, ერთსა და იმავე დღეს (2019 წლის 27 დეკემბერს). დანარჩენ სამ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა სხვადასხვა დროს შეწყდა მხარეთა შეთანხმებით (ს.ფ. 296-297; 137, 304-305) და სხვა ობიექტურ გარემოებაზე მითითებით (ტ.1, ს.ფ. 138). ამრიგად, გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის პოზიცია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ჯერ კიდევ 2019 წელს დაწყებული რეორგანიზაციის ნაწილია.
14.7. საკასაციო პალატისთვის არადამაჯერებელია კასატორის ის მტკიცებაც, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ხარჯების შემცირების მიზნით იყო განპირობებული, ვინაიდან 2019 წლის ბოლოსა და 2020 წელს დამსაქმებლის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები მეტყველებს საწინააღმდეგოზე, კერძოდ: 1. 2020 წლის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლება არავის, გარდა მოსარჩელისა, არ შეხებია; 2. გაურკვეველი მიზეზით, პრიორიტეტულად ჩაითვალა, მაგალითად, ოფისზე პასუხისმგებელის/ჩაის მიმტანისა და ბუღალტრის ორივე პოზიციის შენარჩუნება; 3. ფინანსური პრობლემების არსებობის პირობებში, მთავარი ბუღალტერი _ მ.გ–ი, რომლის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე შეადგენდა 2970.61 ლარს, 2020 წლიდან ჩანაცვლებული იქნა ს.ყ–ით, რომელსაც ხელფასის ოდენობად გაენსაზღვრა 5102.04 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 320; 337).
14.8. საკასაციო პალატა, კასატორის იმ პრეტენზიებთან მიმართებით, რომლებიც მიემართება მოპასუხის ეკონომიკური მდგომარეობის არასათანადო შეფასებას, მიუთითებს, რომ წინა პერიოდთან შედარებით 2020 წლის განმავლობაში შემოსავლის შემცირების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა რა დამსაქმებელს, სწორედ მას უნდა უზრუნველეყო სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ შემოსავლის შემცირების ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. საამისოდ გამოყენებული და გადაღვრილი წყლის, აგრეთვე გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობის სტატისტიკურ მონაცემებზე მითითება არასაკმარისია, ვინაიდან ხსენებული მონაცემები არ იძლევა უშუალო ინფორმაციას კასატორის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამავდროულად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ წარმოებული ელ.ენერგიის მოცულობის შემცირების მიუხედავად, სარეალიზაციო ფასის ზრდის პირობებში, საწარმოს შემოსავალი არც შემცირებოდა, შესაბამისად, მას სასამართლოს წინაშე მართებდა ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, გაანალიზებულიყო მოპასუხის შემოსავლები სხვადასხვა პერიოდის მიხედვით (მაგალითისათვის _ წარმოებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებები შესადარებელი პერიოდების მიხედვით, აუდიტორული შემოწმების აქტები, საბუღალტრო ანგარიშგებები და ა.შ.). ხსენებული მონაცემების მხედველობაში მიუღებლად, პალატა დამტკიცებულად ვერ მიიჩნევს დამსაქმებლის წინაშე ეკონომიკური სირთულეების არსებობის ფაქტს. ამავდროულად, კასატორი საკასაციო საჩივარში აპელირებს მასზედ, რომ მ.ც–ძის შტატის გაუქმებით გამოწვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს არ გამოუწვევია იმ თანამშრომელთა ხელფასის ზრდა, ვისზედაც გადანაწილდა გაუქმებული შტატის ფუნქციები, თუმცა არც საამისო მტკიცებულება საქმის მასალებში წარდგენილი არ არის. საქმეში მიპოვება ცნობა მხოლოდ მასზედ, რომ სტრუქტურული ცვლილებით ბუღალტრისა და თარჯიმნის ზეგანაკვეთური შრომის აუცილებლობა არ წარმოშობილა (იხ. ტ.1, ს.ფ. 295).
14.9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რეორგანიზაციის მიზეზებისა და შედეგების კვლევით სასამართლო ერევა საწარმოს შიდა პოლიტიკაში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერება კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა ქვაკუთხედი და კანონით პირდაპირ განუსაზღვრელ უფლება-მოვალეობათა სამართლიანი ბალანსირების ნორმატიული ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება სამართლიანი შედეგების დადგომას და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-23-18-2011, 24.05.2011წ). კეთილსინდისიერების პრინციპი ურთერთობის მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების საზომია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სუბორდინაციული ურთიერთობების მოწესრიგებისას, როგორიც შრომითი ურთიერთობაა. დამსაქმებელს, რომელიც ისედაც დომინირებულ პოზიციაშია დასაქმებულთან მიმართებით, მართებს შრომითი ურთიერთობის მთელ პერიოდში და განსაკუთრებით, ურთიერთობის დასრულების ეტაპზე, გულისხმიერად ეკიდებოდეს დაქვემდებარებული პირის შრომით უფლებებს და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იყოს საფუძვლიანად დარწმუნებული, რომ ურთიერთობის შეწყვეტა არის ,,Ultima Ratio", ესე იგი, ერთადერთი გონივრული და უკიდურესად საჭირო ღონისძიება. იმ საკითხის შეფასება კი, თუ რამდენად იხელმძღვანელა დამსაქმებელმა დასახელებული პრინციპებით, სასამართლო კონტროლს დაქვემდებარებული საკითხია.
14.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს მოსაზრებას მასზედ, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლება არ წარმართულა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც სადავო ბრძანების კანონსაწინააღმდეგო, და, შესაბამისად, ბათილ გარიგებად კვალიფიკაციის საფუძველია.
15.1. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით (მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი) გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით. რამდენადაც მოცემულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოირიცხა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რაც არ გასაჩივრებულა დასაქმებულის მიერ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასაქმებულის რესტიტუციის ერთადერთი შესაძლებლობა კომპენსაციის მიკუთვნებაა.
15.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
15.3. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით გამოყენებულ პრინციპებსა და დადგენილი კომპენსაციის ოდენობაზე კასატორს საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს, ამდენად, პალატა შეზღუდულია რა საკასაციო საჩივრის შინაარსით, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება კასატორის მიერ შეუდავებელ ნაწილში მას არ გააჩნია. ამავდროულად, პრეტენზიის არარსებობის პირობებში მიიჩნევა, რომ კომპენსაციის გამოთვლის წესსა და ოდენობას კასატორი არ ეწინააღმდეგება, რაც საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიჩნეულ იქნეს კანონიერად. ამავდროულად, მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა, პალატის მოსაზრებით, გონივრულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება კომპენსაციის ნაწილში სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-353-338-2016; №ას-727-680-2017; №ას-632-2019; №ას-395-2019; №ას-67-2020).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
17.3. სსსკ 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იყო სრულად, არაქონებრივ ნაწილში (ბრძანების ბათილად ცნობა) სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 300 ლარს, ხოლო ქონებრივ ნაწილში ( კომპენსაციის მიკუთვნება) _ 1105.40 ლარს (დაკისრებული კომპენსაციის _ 22 107.96 ლარის 5%), ამასთან, ქონებრივი მოთხოვნა ნაწარმოებია არაქონებრივისგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრა უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნიდან.
17.4. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1106 ლარი, შესაბამისად, 0.60 ლარი წარმოადგენს ზედმეტად გადახდილს, რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას. რაც შეეხება კანონის მოთხოვნათა დაცვით გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას (1105.4 ლარი), მისი 70%, რაც 773.80 ლარს შეადგენს, კასატორს უბრუნდება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „საქართველო-უ.ე–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „საქართველო-უ.ე–ი“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 0.60 ლარი (საგადახდო დავალება №1674730371, გადახდის თარიღი: 26.01.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. შ.პ.ს. „საქართველო-უ.ე–ი“-ს (ს/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1105.40 ლარის (საგადახდო დავალება №1674730371, გადახდის თარიღი: 26.01.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 773.80 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი