Facebook Twitter

07 ივნისი, 2023 წელი №ას-281-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ჭ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ჭ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.ს–ის მიმართ, უძრავი ნივთის გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯის - 19860 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 860 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2011 წლის 19 აგვისტოს უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ......., ს/კ ........, 134 კვ.მ ფართობის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით №1 (შემდეგში - უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი), აღირიცხა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გახდა 2011 წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება.

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული 2011 წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო მოსარჩელესა და გამყიდველ - მ.ა–ს შორის. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე სადავო ფართის ნაწილის შეძენამდე, მრავალი წლის განმავლობაში მდგმურის სტატუსით ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გარიგების დადებისას მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მ.ა–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 2011 წლის 11 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და ის, რომ იმავე მისამართზე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსარჩელე შ.ს–ი. სასამართლომ მიიჩნია, რომ შემძენ მ.ჭ–ს სადავო უძრავი ქონების ნაწილის შეძენისას უნდა გამოეჩინა წინდახედულება და დარწმუნებულიყო, იმავე მისამართზე მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრები პირი აცხადებდა თუ არა რაიმე პრეტენზიას ამ ქონებაზე. სასამართლოს დასკვნით, მითითებული გარემოებები ქმნიდა საკმარის საფუძველს მ.ჭ–ის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, სადავო გარიგების (2011 წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

5.3. დადგენილია, რომ საქმეზე, რომელზეც მიღებულია ზემოხსენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 08 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სხვებთან ერთად, მონაწილეობდნენ: შ.ს–ი, როგორც მოსარჩელე და მ.ჭ–ი - როგორც მოპასუხე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წინამდებარე საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

5.4. ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე (ს/კ-ით .......) 2018 წლის 02 აგვისტოდან დარეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება.

5.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა (უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანზღაურება) დაეფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ძველ საცხოვრებელ სახლზე საკუთარი სახსრებით მიაშენა 79,43 კვმ ფართი, რომელიც 2011 წელს გახდა კიდეც მისი საკუთრება, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხემ, რომელიც გამდიდრდა ნივთზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯით.

5.6. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.06.2014 წ. №003235614 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (შემდგომში - ექსპერტიზის დასკვნა), ქ.თბილისში, ............., მე-6 შესახვევის N58-ში მდებარე იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც სასამართლოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ, მოსარჩელის საკუთრების უფლება გაუქმდა, ძველ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენების - 79,43 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, 19 860 აშშ დოლარია.

5.7. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მითითებით იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო შენობის აშენების ფაქტი და რომ 2011 წელს, როცა მ.ა–მა (რომლისგანაც მოსარჩელემ იყიდა უძრავი ნივთი) 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობით, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა, შენობა-ნაგებობა სწორედ ასეთივე იყო. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ ექსპერტის მიერ შენობა შეფასებული იყო საბაზრო ღირებულებით, რაც მოიცავდა მიწის ნაკვეთის ფასსაც, რომელიც არასოდეს ყოფილა მოსარჩელის საკუთრება.

5.8. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტმა აღიარა და დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ სადავო შენობა მოსარჩელის მიერ არის აშენებული, მიუთითა, რომ მოსარჩელემ კედელი მოპასუხისვე სახლის დანგრევის შედეგად დარჩენილი ბლოკის გამოყენებით ააშენა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

5.9. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

5.10. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა იმ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში, რომელიც ამჟამად მოპასუხის საკუთრებაშია აღრიცხული, იგი იყო უძრავი ნივთის მფლობელი, დამქირავებლის სტატუსით, მაგრამ არ გააჩნდა საკუთრების უფლება. ამ ვითარებაში მან გაწია ხარჯი და საცხოვრებელ ოთახს მიაშენა ახალი შენობა, საცხოვრებლად გამოყენების მიზნით. მოსარჩელემ, მართალია, მოგვიანებით მოიპოვა საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მიშენება განახორციელა, მაგრამ ეს უფლება გაუქმდა სასამართლოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად.

5.11. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილი იყო, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც დგას მოსარჩელის მიერ აშენებული ნაგებობა (ს/კ .....) 2018 წლის 02 აგვისტოდან მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მშენებლობის პროცესში მოპასუხე არ შეწინააღმდეგებია მოსარჩელეს და მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევა სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელემ ქონების გაუმჯობესების ღირებულება მოითხოვა 2014 წლისთვის არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით, ანუ იმ მომენტამდე არსებული ფასით, ვიდრე ქონების მესაკუთრედ მოპასუხე აღირიცხებოდა.

5.12. სარჩელში მითითებული გარემოების (გაწეული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების) მტკიცების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კვლევის შესაბამისი მეთოდების გამოყენების საფუძველზე, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ უძრავ ნივთზე წარმოებული მშენებლობით (ნივთის გაუმჯობესებით) მისი საბაზრო ღირებულება, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, 19 860 აშშ დოლარს შეადგენდა.

5.13. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შენობა შეფასებულია საბაზრო ღირებულებით, რომელიც მოიცავს იმ მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასსაც, რაც არასდროს ყოფილა მოსარჩელის საკუთრებაში, პალატის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში არ არის მითითებული, რომ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენების საბაზრო ღირებულების დადგენისას ექსპერტმა გაითვალისწინა მიწის ნაკვეთის ფასი. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. მოპასუხის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარეს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს დასკვნით დადგენილ გარემოებებს, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გაწეული სამუშაოების ღირებულების დაანგარიშების უსწორობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებული იყო და არ უნდა გაზიარებულიყო.

5.14. ამასთან, მოპასუხეს არ განუცხადებია პრეტენზია, რომ უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის თვითონაც გაწია ხარჯი. მართალია, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მან განმარტა, რომ მოსარჩელემ კედელი მოპასუხისვე სახლის დანგრევის შედეგად დარჩენილი ბლოკის გამოყენებით ააშენა, მაგრამ აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადასტურებულა.

5.15. მოსარჩელის მხრიდან კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული გარემოება, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული მშენებლობით მოპასუხის ქონების ღირებულება გაიზარდა 19 860 აშშ დოლარით, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას მართებულად დაედო საფუძვლად.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საფუძველზე მითითებით:

6.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო შენობის აშენების ფაქტი. 2011 წელს, როდესაც მოსარჩელე სადავო შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, ხსენებული შენობა-ნაგებობა უკვე აშენებული იყო და ისევე გამოიყურებოდა, როგორც ამჟამად.

6.2. სარჩელით მოთხოვნილი თანხა მოსარჩელეს არ გაუღია, საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც ცხადყოფს, რომ ძველი ნაგებობა არსებობდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მოსარჩელეს ფართი არ მიუმატებია. კედელი ამოშენებულია კასატორისვე კუთვნილი ბლოკის მასალით. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ კასატორი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მცდარია.

6.3. შენობა, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, არის მხოლოდ ბლოკის კარკასი. ექსპერტიზის დასკვნით შენობა შეფასებულია საბაზრო ღირებულებით, რაც მოიცავს მიწის ნაკვეთის ფასსაც, რომელიც არასოდროს ყოფილა მოსარჩელის საკუთრება.

6.4. სასამართლოს მიერ თანხის დოლარში დაკისრება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით არის ცვლადი. განვლილ პერიოდში დოლარის კურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა და აღსრულების მომენტისათვის შესაძლოა კვლავ მოიმატოს, რაც გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.

6.5. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზეც.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უძრავ ქონებას საკუთარი სახსრებით მიაშენა 79.43 კვ.მ ფართი, რომელიც 2011 წელს გახდა კიდეც მისი საკუთრება, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხემ, რომელიც გამდიდრდა ნივთზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯით. მოპასუხემ წარმოდგენილი მარტივი შესაგებლით სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ შენობის აშენების ფაქტი და მიუთითა, რომ სადავო ნაგებობა არსებობდა მანამ, ვიდრე მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხებოდა. ამასთან, მისი მტკიცებით, ექსპერტმა შენობა შეაფასა საბაზრო ღირებულებით, რაც მოიცავდა მიწის ნაკვეთის ფასსაც, რომელიც არასდროს ყოფილა მოსარჩელის საკუთრება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია - ვლინდება თუ არა მფლობელის მხრიდან უძრავი ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წინამძღვრები.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნა ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილიდან (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა), შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა შემოწმდეს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის დასაბუთებულად შედავებული, რომ სადავო უძრავი ქონება 2018 წლის 02 აგვისტოდან მოპასუხის საკუთრებად ირიცხება. სადავო არ არის, რომ მოსარჩელე გარკვეული დროის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა იმ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში, რაც ამჟამად მოპასუხის საკუთრებად ირიცხება, იგი იყო უძრავი ნივთის მფლობელი, დამქირავებლის სტატუსით, თუმცა არ გააჩნდა საკუთრების უფლება. მფლობელობის პერიოდში მოსარჩელემ სადავო ფართზე გაწია ხარჯი და ოთახს საცხოვრებლად გამოყენებას მიზნით მიაშენა ახალი შენობა. მართალია, მოსარჩელემ მოგვიანებით მოიპოვა საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მიშენება განახორციელა, თუმცა აღნიშნული უფლება გაუქმდა სასამართლოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად (იხ. 08.11.2012წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება № 2/8302-12, ტ.1, ს.ფ. 15-27).

14. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე არის პირი, რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც იყო სადავო ფართი, რომელზეც მოაგვიანებით დაკარგა ეს უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163.1 მუხლი), ხოლო სარჩელის საგანს წარმოადგენს ამ ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163.2 მუხლი).

15. უძრავ ნივთზე გაწეული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების მტკიცების მიზნით მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.06.2014წ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ............., მე-6 შესახვევის, N58-ში მდებარე იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც სასამართლოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ, მოსარჩელის საკუთრების უფლება გაუქმდა, ძველ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენების - 79.43 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, შეადგენს 19 860 აშშ დოლარს.

16. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ, საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს აღიარა და დაადასტურა სადავო შენობის მოსარჩელის მიერ აშენება (სააპელაციო სასამართლოს 17.10.2022წ. სხდომის ოქმი, 17:00-17:05სთ), შესაბამისად, საკასაციო საჩივარში აღნიშნულის უარყოფა ვერ იქნება განხილული დასაშვებ და დასაბუთებულ შედავებად. მართალია, მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო შენობა მოსარჩელემ მოპასუხისვე სახლის დანგრევის შედეგად დარჩენილი ბლოკით ააშენა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებების წარუდგენლობა ამ მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (ს.უ.ს.გ. Nას-301-2021, 25.06.2021წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სწორად განკარგა საპროცესო საშუალებები და გაწეული ხარჯის ოდენობის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა ექსპერტიზის დასკვნა - სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობით შედეგი, რომელიც პასუხს სცემს კითხვას ნივთზე გაწეული ხარჯის ოდენობის შესახებ. ხსენებული დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაზე წარმოებული მშენებლობით (ნივთის გაუმჯობესებით) მისი საბაზრო ღირებულება, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, 19 860 აშშ დოლარს შეადგენდა.

19. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისთვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს განაპირობებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს, ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე, შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, მისი მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი განმარტება კი, გაუმჯობესების შეფასების ცდომილებასთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნება.

20. კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ ექსპერტიზის დასკვნით შენობა შეფასებულია საბაზრო ღირებულებით, რომელიც მოიცავს ასევე იმ მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასსაც, რაც არასდროს ყოფილა მოსარჩელის საკუთრება. ამ კუთხით პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში არ არის მითითებული, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენების საბაზრო ღირებულების დადგენისას ექსპერტის მიერ მიწის ნაკვეთის ფასის გათვალისწინება. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპირწონედ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებას განაპირობებდა.

21. ამდენად, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი სხვა მტკიცებულება, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას გაწეული სამუშაოების ღირებულების დაანგარიშების უსწორობასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ მოპასუხეს არასდროს განუცხადებია პრეტენზია, რომ სადავო ქონების გაუმჯობესებისთვის თავადაც ჰქონდა გაწეული რაიმე ხარჯი.

22. მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს, რომ საქმის მასალებით არ დადასტურებულა გარემოებები, რაც უძრავ ნივთზე გაწეული ხარჯების ამ ნივთით სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით კომპენსირებაზე მიუთითებს და წარმოშობს დანახარჯებისა და ქონების სარგებლობით მიღებული სამართლებრივი სიკეთის დაბალანსების შესაძლებლობას.

23. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ გარემოება, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული მშენებლობით, მოპასუხის ქონების ღირებულება გაიზარდა 19 860 აშშ დოლარით.

24. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, თანხის ა.შ.შ დოლარის ეკვივალენტით ლარში დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ მიიღებს კასატორის პრეტენზიას ა.შ.შ. დოლარის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, მისი ეკვივალენტი ლარით მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით.

25. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მაისის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს. საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, არ არსებობს.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი