Facebook Twitter

20 ივლისი 2023 წელი საქმე №ას-432-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ რ.ბ–ვი

მოწინააღმდეგე მხარე _ უ.ბ–ვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი _ ძვირფასეულობის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით უ.ბ–ვას სარჩელი მოპასუხე რ.ბ–ვის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება უ.ბ–ვასა (ქორწინებამდელი გვარი "მამედოვა", დაბ. 1993 წლის 31 აგვისტო, პ/ნ ......) და რ.ბ–ვს (დაბ. 1986 წლის 08 იანვარი, პ/ნ ......, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) შორის, რეგისტრირებული 2011 წლის 25 იანვარს, #37201130093 სააქტო ჩანაწერით. რ.ბ–ვის სარჩელი უ.ბ–ვას მიმართ, ძვირფასეულობის უკან დაბრუნების ან მათი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უ.ბ–ვას რ.ბ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა 3925 (სამი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ.ბ–ვამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ.ბ–ვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით უ.ბ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2-2.2 პუნქტების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ.ბ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ბ–ვმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით რ.ბ–ვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რ.ბ–ვის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოტის მისამართზე და გზავნილის დადასტურებამდე, 2023 წლის 25 მაისს, კასატორის წარმომადგენელმა დ.ნ–მა უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და წარმოადგინა განახლებული რწმუნებულება, ხოლო ამავე წლის 30 მაისს დ.ნ–მა დამატებით მომართა სასამართლოს განცხადებით და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელება იშუამდგომლა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორ რ.ბ–ვის გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ დ.ნ–ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 22 ივნისს ჩაბარდა თანამშრომელ ო.ს–ს (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს მიეცა 7-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2023 წლის 22 ივნისს.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

13. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მომუშავე რომელიმე ქმედუნარიან პირს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის თანამშრომლის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

14. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2023 წლის 22 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 23 ივნისს და ამოიწურა 2023 წლის 29 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ბ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი