07 ივნისი, 2023 წელი
№ას-499-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს.ს. „ს.კ.ა–ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ზ–ო“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „ზ“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ს.ს. „ს.კ.ა–ა“-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 6130 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის - 907.80 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 212 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 799.1, 829-ე მუხლებით, ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.10 მუხლით და განჩინება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 13 მაისს, გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება "ვოლვო", სახელმწიფო ნომრით - ,,.....".
ხელშეკრულებით სადაზღვევო დაფარვის პირობებად განისაზღვრა დაზღვეული ავტოტრანსპორტის სრული ან ნაწილობრივი დაზიანება ან დაკარგვა, რომელიც გამოწვეულია რისკებით, როგორებიცაა: საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა (ავარია), ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, სხვადასხვა საგნების დაცემა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები (სეტყვის ჩათვლით), გარე დეტალების, აქსესუარების, მინების, სარკეების დაზიანება, ქურდობა.
5.2. ხელშეკრულების 3.5.30. პუნქტის თანახმად, დაზღვევით არ იფარებოდა - დამზღვევის ან უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარი შემთხვევის ხარჯი.
5.3. 2021 წლის 23 აპრილს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და მოპასუხე კომპანიაში დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ვოლვო", სახელმწიფო ნომრით - ,,...." დაზიანდა სოფელ ძეგვის ტერიტორიაზე მდებარე გვირაბში გასვლისას, კერძოდ, დაზიანდა ავტომანქანის მისაბმელი (ტენტი და რკინის სამაგრები).
მითითებული შემთხვევისას, ავტომანქანას მართავდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ო.ო–ი. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც შეაფასა ავტომანქანა, დაასურათა და მიიღო ინფორმაცია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისგან.
5.4. სადავო არ გამხდარა, რომ მძღოლი, რომელიც შემთხვევის დადგომისას მართავდა სატვირთო ავტომობილს, არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
5.5. შ.ს.ს. მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის 23.04.2021წ. ზეპირი გასაუბრების ოქმის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მოძრაობდა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, როდესაც მიუახლოვდა მცხეთას, შეეშალა გადასახვევი და წავიდა სოფელ ძეგვის მიმართულებით, როდესაც გასცდა არმაზის დასახლებას, უნდა გაევლო პატარა გვირაბი, სადაც ავტომანქანა ჩვეულებრივ შეეტია, ხოლო გვირაბის ბოლოს მიშენებულ თაღს წამოსდო სატვირთოს ფურა (მისაბმელი) და დააზიანა მისაბმელის გადასაფარებელი „ტენტი“ და რკინის სამაგრები.
5.6. უდავო იყო, რომ გვირაბთან, რომელზედაც მოხდა შეჯახება არ იყო განთავსებული რაიმე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი (მაგ: სიმაღლის ან სხვა გაბარიტების შესახებ). გვირაბის შესასვლელი არის სტანდარტული გაბარიტების, ოთხკუთხედი, ხოლო გასასვლელი შედარებით ვიწრო, ოვალური (არასტანდარტული) ფორმის.
5.7. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების თანახმად, ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ საორიენტაციოდ შეადგინა 5565 ლარი, ხოლო მისაბმელზე - 1365 ლარი. საგადახდო დავალებების თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილია ექსპერტიზის ხარჯი 907.80 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილია 6130 ლარი („ტენტის“ ღირებულების 800 ლარის გამოკლებით), ასევე ექსპერტიზის ხარჯი 907.80 ლარის ოდენობით.
5.8. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრულების 3.5. პუნქტის 3.5.30.2. ქვეპუნქტზე (დამზღვევის ან უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარი შემთხვევის ხარჯი) მითითებით, უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის - ო.ო–ის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას.
5.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი გამოწვეული არ ყოფილა ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში გადამწყვეტი იყო მართებულად შეფასებულიყო მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ სახეზე იყო მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
5.10. მოპასუხე სადავო შემთხვევის შეფასებისას ძირითადად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ გვირაბის არასტანდარტული ფორმა შორი მანძილიდანაც ნათლად ჩანდა და მძღოლისათვის აღქმადი და გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ მართალია შემთხვევა მოხდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში და ამასთან როგორც მხარეებმა აღნიშნეს და საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდანაც გამოირკვა, გვირაბი არის მოკლე მანძილის (...დაახლოებით 5 მეტრი), რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მძღოლისათვის ხილვადობა იყო საკმარისი და უნდა შეემჩნია არასტანდარტული გასასვლელის არსებობა, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ გვირაბის შესასვლელი არის სტანდარტული ზომის და მასში შესვლა მძღოლმა უსაფრთხოდ განახორციელა, პალატის შეფასებით, მძღოლს მეტად უქმნიდა იმის ვარაუდს, რომ გასასვლელიც ასეთივე გაბარიტების და უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ შესასვლელისგან განსხვავებით გვირაბის გასასვლელი იქნებოდა ვიწრო. ამასთან, გვირაბის შესასვლელისგან განსხვავებით გამოსასვლელის დავიწროვებაზე, მხოლოდ ფორმით (ოთხკუთხედი და ოვალური) განსხვავებულობა, აპრიორი არ მიუთითებდა მათი გაბარიტების განსხვავებულობაზე, თუკი დაცული იქნება ის სიმაღლე, რომლის ფარგლებშიც გვირაბი არის გამტარუნარიანი. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი გვირაბთან განთავსებული არ ყოფილა.
5.11. პალატამ მიიჩნია, რომ საკითხის შეფასებისას უნდა გამოვლენილიყო იმ მოთხოვნების უგულებელყოფა, რომლებიც თავისი შინაარსითა და შედეგებით მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითებდა. განსახილველ შემთხვევაში, თავად ის ფაქტი, რომ მძღოლმა განახორციელა გვირაბში უსაფრთხო შესვლა, მეტყველებს, რომ მან გარკვეული წინდახედულობა გამოიჩინა, თუმცა იმისათვის, რომ გვირაბი უსაფრთხოდ დაეტოვებინა, მართებდა მეტი სიფრთხილის ზომების მიღება, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, თუმცა მხოლოდ აღნიშნული, პალატის შეფასებით არ იძლეოდა ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის შესაძლებლობას.
5.12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.10. მუხლის დაცვის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდებოდა მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, არ ვლინდებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად განიმარტა უხეში გაუფრთხილებლობის ცნება, სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი მძღოლის ბრალეულობის საკითხი და, შესაბამისად, მხოლოდ ზედაპირული მსჯელობით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დაუდასტურებლად ის ფაქტი, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო დაზღვეული მანქანის უხეში გაუფრთხილებლობით.
6.2. საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაში ცალსახად დასტურდება ფაქტი, რომ გვირაბის შესასვლელის მხრიდან, შორი მანძილიდანაც კი, ნათლად ჩანდა მისი არასტანდარტული ფორმა, რომელიც მძღოლისთვის, შიდა განათებების არარსებობის შემთხვევაშიც, აღქმადი და გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მძღოლის მხედველობის არეალი იყო მნიშვნელოვნად შეზღუდული და მისთვის მოულოდნელი და წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ გვირაბის ბოლოს დახვდებოდა ოვალური, შევიწროებული გასასვლელი. მართალია, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ მძღოლისათვის ხილვადობა იყო საკმარისი და მას უნდა შეემჩნია არასტანდარტული გასასვლელის არსებობა, თუმცა მიუხედავად ამ მსჯელობისა, პალატამ არასწორად განმარტა, თითქოს მძღოლი იმედოვნებდა, რომ გვირაბის შესასვლელიცა და გასასვლელიც, ერთი და იმავე ზომის იქნებოდა. ამ ვარაუდის გამაბათილებელია თავად სააპელაციო პალატის მსჯელობა გვირაბის მოკლე მანძილსა და ხილვადობასთან დაკავშირებით.
6.3. კონკრეტულ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, თუ რა სახის სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მძღოლი. ხსენებული სატრანსპორტო საშუალება იყო სატვირთო მანქანა, რომლის წინა ნაწილიც არის მცირე ზომის და უფრო დაბალი, ვიდრე მისი მისაბმელი (ფურა), შესაბამისად, გვირაბში უსაფრთხო შესვლა მხოლოდ წინა ნაწილით არ შეიძლება მივიჩნიოთ მძღოლის მხრიდან წინდახედულობის გამოჩენად. ამასთან, ავტომანქანა შეეჯახა მისაბმელის გვერდითა საწყის წერტილში, შესაბამისად, ცალსახაა, რომ შესასვლელშივე ნათლად ჩანდა, რომ გაბარიტები არ იყო გვირაბის ზომის შესაბამისი.
6.4. გამაფრთხილებელი ნიშნის არსებობის შემთხვევაში, გვირაბში გამიზნულად გავლა შეიძლება შეფასდეს, არა როგორც უხეში გაუფრთხილებლობა, არამედ - როგორც მძღოლის მხრიდან განზრახი ქმედება, ვინაიდან ნიშნის არსებობის დროს, როდესაც მძღოლმა დანამდვილებით იცის მის მართვაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე, ცხადია, რომ დაშვებულზე მაღალი სიმაღლის სატრანსპორტო საშუალებით გავლისას სატრასნპორტო საშუალება შეეჯახება გვირაბის თაღს, რაც განზრახი ქმედება იქნება.
6.5. საგულისხმოა, რომ გვირაბში გავლისას წინდახედულობის ნორმის გათვალისწინება გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში, ამ პირობებში კი, როდესაც მძღოლი გადაადგილდება მისთვის სრულიად უცნობ ადგილას, აღიქვამს გასავლელი გვირაბის არასტანდარტულ ფორმებს, არ იცის ზუსტი გაბარიტები და არსებული გარემოებების მიუხედავად, მაინც განაგრძობს გადაადგილებას ისე, რომ არ რწმუნდება უსაფრთხო გავლის შესაძლებლობაში, ცალსახაა, მძღოლის მხრიდან გონივრული წინდახედულობისა და ყურადღებიანობის გაუთვალისწინებლობა.
6.6. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან მოპასუხის ახსნა-განმარტება მძღოლის ბრალეულობის საკითხთან მიმართებით არ იყო დაფუძნებული მხოლოდ აღნიშნულ დასკვნაზე. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას მძღოლის ბრალეულობის საკითხის დასადასტურებლად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს რომ არსებული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად რომ შეეფასებინა, დარწმუნდებოდა, რომ მძღოლმა დაარღვია სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღების მოთხოვნები, უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.
6.7. უგულებელყოფილი იქნა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ასახული განმარტება იმის თაობაზე, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე სატვირთო ავტომობილის მძღოლის - ო.ო–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც, კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამ დასკვნით დასტურდება ფაქტი, რომ მძღოლმა არ დაიცვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში).
11. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს უხეში გაუფრთხილებლობის ცნება, უგულებელყვეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, არ ყოფილა განპირობებული საგამონაკლისო მიზეზით - მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი (მოწონელიძე ნ., სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2016, გვ.17).
13. მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულებით, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ფიზიკური დაზიანება ან ზარალი გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) შედეგად.
14. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ 2021 წლის 23 აპრილს სოფელ ძეგვის ტერიტორიაზე მდებარე გვირაბში გასვლისას მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
15. მხარეთა შორის სადავოა შეფასება დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა უხეში, თუ მარტივი გაუფრთხილებლობით.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
უმნიშვნელოვანესია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (ს.უ.ს.გ. Nას-1479-2019, 21.01.2020წ.).
17. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (ს.უ.ს.გ. .Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (ს.უ.ს.გ. №ას-654-2019, 26.06.2020წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (ს.უ.ს.გ. Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
18. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2021 წლის 23 აპრილს, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა სოფელ ძეგვის ტერიტორიაზე მდებარე გვირაბში გასვლისას. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მძღოლი რომელიც შემთხვევის დადგომისას მართავდა სატვირთო ავტომობილს, არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ. დადგენილია, რომ გვირაბის შესასვლელი არის სტანდარტული გაბარიტების, ოთხკუთხედი ფორმის, ხოლო გასასვლელი შედარებით ვიწრო, ოვალური (არასტანდარტული). უდავოა, რომ გვირაბთან არ ყოფილა რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი. მძღოლმა გვირაბში შესვლა უსაფრთხოდ განახორციელა, თუმცა გასვლისას ავტომანქანის მისაბმელი წამოედო გვირაბის ბოლოს მიშენებულ თაღს.
კასატორი სადავო შემთხვევის შეფასებისას ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შორი მანძილიდანაც ცხადად ჩანდა გვირაბის არასტანდარტული ფორმა, რაც მძღოლისათვის აღქმადი და გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა მოხდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში და გვირაბიც იყო მოკლე მანძილის, იმ ფაქტმა, რომ გვირაბის შესასვლელი იყო სტანდარტული ზომის და მასში შესვლა მძღოლმა უსაფრთხოდ განახორციელა, მძღოლს შეუქმნა გონივრული ვარაუდი, რომ გვირაბის გასასვლელიც ისეთივე სიმაღლისა და გაბარიტების იქნებოდა, მით უფრო მაშინ, როდესაც, გვირაბის შესასვლელთან მისი გამტარუნარიანობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი განთავსებული არ ყოფილა.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით და ზიანი არ არის გამოწვეული მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევით. კასატორს, აღნიშნულის საწინააღმდეგო, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებიდან (6130 ლარი) გამომდინარე, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 306.5 ლარს, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 351.89 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 45.39 ლარი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 306.5 ლარის 70% - 214.55 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. ,,ს.კ.ა–ა"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. ,,ს.კ.ა–ა"-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 45.39 ლარი (გადახდის თარიღი: 11/04/2023, საგადახდო დავალება: 389, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. ს.ს. "ს.კ.ა–ა"-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 306.5 ლარის (გადახდის თარიღი: 11/04/2023, საგადახდო დავალება: 389, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 214.55 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი