24 ივლისი 2023 წელი
საქმე №ას-709-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „დ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „პ.ი.გ.“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ.პ.ს. „დ“-მა მოპასუხე შ.პ.ს. „პ.ი.გ.“-ის მიმართ 696 864.04 ლარის დაკისრების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „პ.ი.გ.“-ს შ.პ.ს. „დ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 567 703.07 ლარის გადახდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „პ.ი.გ.“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ხოლო შ.პ.ს. „დ“-მა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხისათვის მოსაჩელის მიერ მტკიცებულებების მოპოვებისათვის - ექსპერტიზის ბიუროსათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. „დ“-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „პ.ი.გ.“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე გაუქმდა სასამართლოს 2022 წლის 06 აპრილის საოქმო განჩინება ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ოქტომბრის #5007063621 დასკვნის საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „დ“-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. „დ“-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს _ თ.ს–ძეს (იხ. მინდობილობა ტ.3, ს.ფ. 48) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 19 ივნისს ჩაბარდა იურისტს _ ლ.კ–ძეს (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 10 დღის ვადა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს. სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მხარის მიერ მისივე მისამართის მითითებისას, ამ უკანასკნელმა უნდა გაითვალისწინოს მითითებულ მისამართზე საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების რისკი ადრესატის არყოფნის შემთხვევაში.
13. მოცემულ შემთხვევაში, განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, კასატორის წარმომადგენელს _ თ.ს–ძეს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ........) და 2023 წლის 19 ივნისს ჩაბარდა იურისტს _ ლ.კ–ძეს.
14. 2023 წლის 18 ივლისს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით, თავად კასატორის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ გზავნილი საფოსტო განყოფილებამ ჩააბარა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არსებულ იურიდიული კომპანიის ოფისს, თუმცა სადავოდ ხდის ოფისში მყოფი პირის გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილებას. რაც შეეხება სადავო გზავნილს, მის ჩაბარებას ხელმოწერით ადასტურებს იურიდიული კომპანია მ"-ს იურისტი, ხოლო საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებების მიხედვით, შ.პ.ს. „დ“-ის სახელზე ამავე მისამართზე (ქ.თბილისი,.........იურიდიული კომპანია ,,მ–ა") გაგზავნილი არაერთი დოკუმენტი ჩაბარდა როგორც შ.პ.ს. „დ“-ს, ასევე კომპანიის წარმომადგენელს, იურიდიული კომპანია ,,მ "-ს იურისტს, მენეჯერს და გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება სადავოდ არასდროს გამხდარა (ტომი 3 ს.ფ. 172, ტომი 4 ს.ფ. 176, 216, 241 და ა.შ.). ყოველივე აღნიშნული გარემოებებიდან და ზემოთაღნიშნულ საპროცესო ნორმათა განმარტებიდან გამომდინარე, დასტურდება შ.პ.ს. „დ“-ის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ადრესატისათვის 2023 წლის 19 ივნისს ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 20 ივნისს და ამოიწურა 2023 წლის 29 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „დ“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი