Facebook Twitter

13 აპრილი 2023 წელი

№ას-1618-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ძ–ი

მესამე პირები - მ.ძ–ი, ბ.ძ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ძ–ის სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მ.ძ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: მ.ძ–ი აღიარებული იქნა ქ.ბათუმში, ........ №43-45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი ........) 73.1 კვ.მ ფართის მქონე ოთახების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27.8 კვ.მ ფართის, 12.4 კვ.მ ფართის ანტრესოლის, პირველ სართულზე განთავსებული 13.7 კვ.მ ფართისა და 19.2 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, ნ.ა–ძისათვის 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ნ.ა–ძის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

3. 2022 წლის 28 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ა–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას დიდი მნიშვნელობა აქვს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დროს, რადგანაც ამავე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ნ.ა–ძის საკუთრებაში დარჩენილია საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ოთახები და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, მაშინ მესაკუთრე ნ.ა–ძეს უფლება და საშუალება არ ექნება, ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული ოთახებით, რადგანაც ღია აივანი, სადაც გამოდის კარები და ფანჯრები, მოსარჩელეს განმარტებით, მიეკუთვნა მას.

3.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან არ ჩანს, თუ სად არის განლაგებული სადავო ფართები, მოსარჩელის საკუთრებაშია, თუ სხვის საკუთრებაში; რომელი ნომერია ესა თუ ის ფართი. ერთმანეთს არ ემთხვევა გადაწყვეტილებაში მითითებული ფართების ოთახები და საჯარო რეესტრში არსებულ გეგმა-ნახაზებში მითითებული ოთახების ფართები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განსამარტია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კერძოდ: 1) ქ. ბათუმში, ......... გამზირი №43-45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში (ს/კ ........), მოსარჩელე მ.ძ–ზე მიკუთვნებული 73.1. კვ.მ. საერთო ფართის, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27.8 კვ.მ. ფართის ოთახი, 12,4 კვ.მ. ფართის ანტრესოლი, პირველ სართულზე განთავსებული 13.7 კვმ ფართის ოთახი და 19.2 კვმ ფართის სარდაფი, რა ნომრის ოთახებია და ვის საკუთრებას წარმოადგენდა; 2) სად არის განლაგებული აღნიშნული ფართები, თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, თუ ინდივიდუალურ საკუთრებას: 3) ვის საკუთრებაშია იგი მოქცეული, ნ.ა–ძის, ე.ა–ძის, თუ მ.გ–ის საკუთრებაში; 4) ემთხვევა, თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული რომელიმე ფართი, საქმეში წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში (ტექბიუროში) არსებულ გეგმა-ნახაზებს, თუ არა, რატომ; 5) თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული მეორე სართულზე განლაგებული 27.8 კვმ ფართის ოთახის ქვეშ იგულისხმება მეორე სართულზე არსებული შიდა აივანი, როგორ უნდა ისარგებლოს შიდა აივანზე განლაგებული საცხოვრებელი ოთახებით მესაკუთრემ, როცა იგი არ არის მიკუთვნებული მოსარჩელეზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, ნ.ა–ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც „მ.ძ–ი აღიარებული იქნა ქ.ბათუმში, ....... გამზირი №43-45-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი .......) 73.1 კვ.მ ფართის მქონე ოთახების, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 27.8 კვ.მ ფართის, 12.4 კვ.მ ფართის ანტრესოლის, პირველ სართულზე განთავსებულ 13.7 კვ.მ ფართისა და 19.2 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, ნ.ა–ძისათვის 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ“ - განიმარტა შემდეგნაირად: ,,მ.ძ–ი აღიარებული იქნას ქ.ბათუმში, ...... გამზირი №43-45- ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი ......) საქმეში წარმოდგენილი ფართის აზომვითი ნახაზის (ს.ფ.18-19, შედგენილი 2011 წლის 17 მარტს) შესაბამისად, ნ.ა–ძისათვის 17 196 ლარისა და 77 თეთრის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ:

- ა) შენობის პირველ სართულზე 4.8 კვ.მ. და 8.9. კვ.მ. გამოყოფილი ფართზე, სულ 13.7კვ.მ-ზე;

ბ) მეორე სართულზე 2.5 კვ.მ., 11.5 კვ.მ., 3.4 კვ.მ. და 10.4 კვ.მ. გამოყოფილ ფართზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 27.8 კვ.მ-ს.

გ) 4.4 კვ.მ. და 8.0 კვ.მ. გამოყოფილ ფართზე, სულ 12.4 კვ.მ. ე.წ. „ანტრესოლი“-ზე; დ) 19.2 კვ.მ. სარდაფზე“

5. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განმცხადებლის სხვა მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ:

6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.ძ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ნ.ა–ძეს, ქ. ბათუმი, .......... №43-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე მ.ძ–ისათვის მის მიერ დაკავებულ ფართზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, დაეკისრა მ.ძ–ის სასარგებლოდ 22938 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით ირკვევა, რომ მიკუთვნებული ფართი წარმოადგენდა მეორე სართულზე არსებულ 32.5 კვ.მ-ს.

6.2. სააპელაციო სასამართლოს 30.04.2012წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ნ.ა–ძეს, ქ.ბათუმში, .......... გამზირი №43-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე, მ.ძ–ის მიერ დაკავებულ 32.5 კვ.მ. ფართზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, მ.ძ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 22938 ლარის გადახდა, მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში იყო შესული და, რომ აპელანტი მ.ძ–ი თავისი სააპელაციო საჩივრით (დაზუსტებული მოთხოვნით) ითხოვდა შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 105.6-32.5=73.1 საბაზრო ღირებულების 25%-ის) სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემას (იხ. 30.04.2012წ გადაწყვეტილების 4.12-4.13 პუნქტები).

6.3. ვინაიდან, 30.04.2012წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ჩანაწერს, თუ სად მდებარეობს მ.ძ–ზე მიკუთვნებული ფართები და რომელ გამოყოფილ ნაწილს წარმოადგენენ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, საჭირო იყო მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება. განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული მსჯელობიდან, სადაც სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 მარტის დასკვნა (ტ.1.ს.ფ.78-81), რომლის მიხედვითაც, ქალაქი ბათუმში .......... ქუჩა №43-ში, არსებული მთლიანი ფართი განისაზღვრა 105.6 კვ.მ. აღნიშნული დასკვნა დაფუძნებულია ფართის აზომვით ნახაზზე, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმში, .......... ქუჩა №43-ში მდებარე სადავო შენობის მეორე სართულზე განთავსებულია 60.3 კვმ მეტრი საცხოვრებელი ფართი, პირველ სართულზე-13.7 კვმ ფართი ასევე, 19.2 კვმ სარდაფის ფართი და 12.4 კვმ. ე.წ. „ანტრესოლი“.

6.4. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქალაქი ბათუმში .......... ქუჩა №43-45-ში მდებარე 105.6 კვმ. საცხოვრებელი სახლიდან 32.5 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე შეწყდა მ.ძ–ის მფლობელობა ნ.ა–ძის მიერ მ. ძ–ისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 30.04.2012 გადაწყვეტილებით მ.ძ–ზე მიკუთვნებული 73.1 კვ.მ. ფართი წარმოდგენს სხვაობას საცხოვრებელი სახლის მთლიან ფართსა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით ნ.ა–თვის მიკუთვნებულ ფართს შორის (105.6-32.5=73.1) ამასთან, სწორედ ეს ფართი არის დაფიქსირებული საქმეში განთავსებულ აზომვით ნახაზზე (ს.ფ.18-19), რაც ასევე მითითებულია ლ. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში.

7. ზემოაღნიშნული განჩინება განმცხადებლის (მოპასუხის) წარმომადგენელ ვ.ხ–ს ჩაბარდა 2022 წლის 19 ნოემბერს.

8. 2022 წლის 25 ნოემბერს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ა–ძის წარმომადგენელმა ვ.ხ–მა. 2022 წლის 29 ნოემბერს კი სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომლითაც მიუთითა შემდეგი:

8.1. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვამ, რის გამოც სააპელაციო პალატას არ მიეცა შესაძლებლობა, ბუნდოვან საკითხებზე მოესმინა მხარეთა პოზიციები, განაპირობა გადაწყვეტილების არასწორი განმარტება. 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა არ დაუფუძნებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე და არც ის მიუთითებია, რომ მ.ძ–ი მესაკუთრედ უნდა აღიარებულიყო 2011 წლის 17 მარტს შედგენილ აზომვით ნახაზში ასახულ ფართებზე და ვერც მიუთითებდა, ვინაიდან მითითებული ფართები არ არსებობს, მის შედგენაში მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია და არასდროს ყოფილა წარდგენილი საჯარო რეესტრში. 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში პალატას ექსპერტიზის დასკვნაზე მითითება აქვს მხოლოდ ორ შემთხვევაში _ სადავო ფართის შესაფასებლად და საერთო ფართზე მითითებისას, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული კონკრეტულ სადავო ფართებზე, განლაგებასა და ნუმერაციაზე.

8.2. გაურკვეველია, 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით და 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით მითითებული ფართები სად არის განლაგებული, იგი ვის საკუთრებას წარმოადგენს და 2011 წლის 17 მარტს შედგენილი აზომვითი ნახაზი მთლიანი საცხოვრებელი სახლის საერთი აზომვითი ნახაზის რა ნაწილს შეადგენს, რადგანაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნახაზი მხოლოდ გაურკვეველი ნაწილია საცხოვრებელი სახლისა და მისი იდენტიფიკაცია მთლიან ნახაზთან მიმართებაში ვერ ხერხდება. იმის გამო, რომ პირველ სართულზე განლაგებული არ არის 13.7 კვ.მ. ფართის ოთახი, სასამართლომ შეკრიბა 4.8. კვ.მ. და 8.9 კვ.მ. ფართი და მიაკუთვნა მოსარჩელეს, როცა სახლის პირველ სართულზე არც 4.8 და არც 8.9 კვ.მ. მოცულობის ოთახები საერთოდ არ არსებობს. სააპელაციო პალატას არც ის გამოუკვლევია, დასახელებული ფართები ეკუთვნის ნ.ა–ძეს თუ წარმოადგენს სხვა თანამესაკუთრეების საკუთრებას. ასევე, პალატამ განმარტებისას შეკრების წესი გამოიყენა და მიუთითა, რომ მეორე სართულზე მოსარჩელეზე მიკუთვნებული 27.8 კვ.მ. ფართის ოთახი წარმოადგენს 2.5 კვ.მ., 11.5 კვ.მ., 3.4 კვ.მ. და 10.4 კვ.მ. ფართების ჯამს, თუმცა საქმეში არსებული 2010 წლის 03 სექტემბრით დათარიღებული აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ ნ.ა–ძეს ასეთი ფართები საკუთრებაში საერთოდ არ გააჩნია (არამედ, მეორე სართულზე ნ.ა–ძის კუთვნილი ფართებია 27.43 კვ.მ.+6.8 კვ.მ.+19.6 კვ.მ.+28.85 კვ.მ.+26.45 კვ.მ.+15.47 კვ.მ.+11.13 კვ.მ.+14.9 კვ.მ.+7.35 კვ.მ=157.98 კვ.მ. და სარდაფში განთავსებული 20.06+6.21=26.27 კვ.მ. ესე იგი, სულ 184.25 კვ.მ.).

8.3. სასამართლოს განმარტების ძალაში დატოვებით გამოდის, რომ მან პირველ სართულზე განლაგებული 13.7 კვ.მ. ფართის ოთახი, აგრეთვე 19.87 კვ.მ. ფართის სარდაფი მოსარჩელეს მიაკუთვნა არა ნ.ა–ძის, არამედ ე.ა–ძის საკუთრებიდან, ხოლო ღია აივნები წარმოადგენს თანასაკუთრების საგანს, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულიც არ არის.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინებით, ნ.ა–ძის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. წარმოდგენილი კერძო საჩივრის (დაზუსტებული) შინაარსის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულია არა განჩინების ის ნაწილი, რომლითაც განმცხადებელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების განმარტებაზე ეთქვა უარი, არამედ ამავე სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მ.ძ–ისთვის მიკუთვნებული ფართები იდენტიფიცრდა სარჩელთან ერთად წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით (განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები). ამრიგად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია არა განმარტებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების კანონიერება, არამედ სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილის მართლზომიერების საკითხი, რომლითაც განიმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი.

13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

13.2. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს. გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (იხ. სუსგ. №ას-1292-2018, 31.01.2019წ).

13.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ფართების იდენტიფიცირებისა და, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის, შეიცავდა ბუნდოვანებას და საჭიროებდა განმარტებას. ამავდროულად, საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება ემსახურება ბუნდოვანი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას მასში სიცხადის შეტანის გზით, თუკი შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება შეავსოს სამოტივაციო ნაწილში მიცემულმა განმარტებებმა და გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა. გადაწყვეტილების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ განაცხადოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით ის პრეტენზიები, რომლებიც მან წარსულში უკვე წარადგინა და არ იქნა გაზიარებული ან განხილული, ან საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარდგენილა. საგულისხმოა, რომ ფართების იდენტიფიცირებისა და კუთვნილების შესახებ პრეტენზიები ნ.ა–ძემ განსახილველ კერძო საჩივარში ასახული შინაარსით ჯერ კიდევ 2012 წლის 25 ივნისით დათარიღებულ საკასაციო საჩივარში ასახა, რომელიც საკასაციო სასამართლომ, როგორც ვადის დარღვევით წარდგენილი, დატოვა განუხილველად. გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე განმარტების მიზნით გამოტანილი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება, მხარის მიერ არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის მიმართ ხელახლა შედავების უფლება.

13.4. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის არსი ისე, რომ ახსნილიყო ამ პუნქტის ამავე შინაარსით ფორმირების მიზეზი და, ამავდროულად, ამ პუნქტს მინიჭებოდა აღსრულების უნარი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს განმარტების შესახებ მიღებული განჩინების იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა განმარტებულიყო სარჩელთან ერთად წარდგენილი აზომვით ნახაზზე დატანილ ფართებთან ურთიერთკავშირში. აღნიშნულ რწმენას პალატას უყალიბებს ის გარემოება, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვისას სააპელაციო პალატამ დაადგინა რა, რომ კანონიერ ძალაშია შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე სართულზე მდებარე ნ.ა–ძის კუთვნილ 32.5 კვ.მ. ფართზე მ.ძ–ის მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, მოპასუხე ნ.ა–ძეს მ.ძ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 22 938 ლარის გადახდა, მეორე სართულზე მდებარე ფართობიდან სააპელაციო პალატამ დავის საგნად განსაზღვრა 27.8. კვ.მ. ამგვარ დასკვნამდე მისვლის საფუძველს სააპელაციო პალატას აძლევდა 2011 წლის 17 მარტს შ.პ.ს. „ს“-ის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი და ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 მარტის 955-08/4 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ზემოხსენებულ აზომვით ნახაზს. საქმეში არსებული სხვა არცერთი ნახაზი, 30.04.2012 წლის გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო პალატას არ აძლევდა საფუძველს, მეორე სართულზე მისაკუთვნებელ ფართობად განესაზღვრა 27.8 კვ.მ.. ანალოგიურად, პირველ სართულზე განთავსებული ფართის 13.7 კვადრატულ მეტრად (არც დამოუკიდებელ ოთახად და არც რამდენიმე ოთახის ერთობლიობით) იდენტიფიცირების საფუძველს საქმეში არსებული არცერთი ნახაზი, გარდა 17.03.2011 წლის აზომვითი ნახაზისა, არ იძლეოდა. ასევე, საქმის მასალებში არ წარდგენილა არცერთი სხვა ნახაზი, გარდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზისა, რომელიც ანტრესოლის ფართობზე/განლაგებაზე მიუთითებდა, შესაბამისად, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლო 30.04.2012 წლის გადაწყვეტილების გამოტანისას, ანტრესოლის, პირველი და მეორე სართულის ფართების მოსარჩელისთვის მიკუთვნებისას ეფუძნებოდა სწორედ 2011 წლის 17 მარტის აზომვით ნახაზს. ამრიგად, განმარტება, რომელიც აისახა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებაში, უშუალოდ გამომდინარეობდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შინაარსიდან.

14. კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიაზე, რომ მიკუთვნებულმა ფართებმა მოიცვა სხვათა საკუთრება და საერთო საკუთრება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა საქმეში არსებული მასალები თუმცა, თუ ასეთი მაინც გამოვლინდება გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ცხადია, აღსრულების ინტერესმა არ უნდა ხელყოს იმ პირთა ქონებრივი ინტერესები, რომელთაც მოცემულ სამართალწარმოებაში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობა არ მიუღიათ. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა სადავო ფართებზე, პირველივე მუხლში არაორაზროვნად უთითებს, რომ კანონის რეგულირების სფეროა მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის წარმოშობილი ურთიერთობების მოწესრიგება და მას გარეშე პირების (გარდა მხარეთა უფლებამონაცვლეებისა) უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის დანიშნულება არ გააჩნია, ამდენად, კერძო საჩივარში აღწერილი თეორიული რისკების პრაქტიკულად გამოვლენის შემთხვევაში, აღმასრულებელ ორგანოს მართებს, იმოქმედოს ამ პრინციპის შესაბამისად.

15. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი