Facebook Twitter

03 მაისი, 2023 წელი

საქმე №ას-349-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - მ.ც–ძე, ი.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ზ–კო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ფულადი ვალდებულებისგან ნაწილობრივ გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ც–ძისა და ი.ც–ძის სარჩელი ს.ზ–კოს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ქ.ბ–ის მიერ 2019 წლის 11 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №190397290, განხორციელდა მასში ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა დავალიანების ძირითადი თანხა - 8 500.00 აშშ დოლარი (ნაცვლად 12 500.00 აშშ დოლარისა) და პირგასამტეხლო - 500.00 აშშ დოლარი (ნაცვლად 18.75 აშშ დოლარისა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2018 წლის 13 აპრილიდან აღსრულებამდე, რამაც შეადგინა 5 000.00 აშშ დოლარი).

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ.ც–ძემ და ი.ც–ძემ. მათ სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტებს დაევალათ: 1. დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედნის, მისი ელექტრონული ვერსიისა და იმდენი ასლის წარდგენა, რამდენი მონაწილეცაა საქმეში; 2. სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა, აგრეთვე განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობისას, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებდა.

4. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდგომ, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 07 დღით ამ განჩინების ჩაბარების მომენტიდან.

6. აღნიშნული განჩინების ჩაბარების შემდგომ აპელანტების წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება, რომელშიც მან მიუთითა აპელანტების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ხსენებულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შუამდგომლობისთვის არ დაურთავს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა კვლავ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 07 დღით ამ განჩინების ჩაბარების მომენტიდან. განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ნ.მ–ს ჩაბარდა 2023 წლის 20 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ. 41).

8. განჩინების ჩაბარების შემდგომ, 2023 წლის 27 იანვარს, აპელანტთა წარმომადგენელმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის ნაწილობრივ შესავსებად წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ნაწილში, კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება 07 დღით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა გაუხილველი, შემდეგი დასაბუთებით: საპროცესო ვადა აპელანტების თხოვნით არაერთხელ გაგრძელდა, თუმცა ხარვეზის საფუძვლის გამომრიცხავი მტკიცებულებები მათ მიერ არ წარდგენილა. ხარვეზი დადგენილ იქნა 2022 წლის 10 ოქტომბერს, შესაბამისად, მათ საკმაო დრო ჰქონდათ, თუმდაც სახელმწიფო ბაჟის გადახდამდე წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, მხარეს კვლავ გაგრძელებოდა ხარვეზის შესავსებად განაზღვრული ვადა დაზუსტებული საჩივრის წარმოსადგენად, ამ საკითხის გადაწყვეტისას კი იხელმძღვანელა შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მიერ მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით. პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელებამ არ უნდა გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულვებელყოფა. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან გასულია სამ თვეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სააპელაციო საჩივრის დაზუსტებისთვის, რამეთუ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დამოკიდებული არ არის მესამე პირის მოქმედებაზე, მტკიცებულებისა და რაიმე ფაქტობრივი გაარემოებების შეგროვება-წარმოდგენაზე ან ისეთი მოქმედების განხორციელების საჭირებაზე, რომლისთვისაც სამ თვეზე მეტი დრო იქნებოდა აუცილებელი. შესაბამისად, მხარის მრავალჯერადი მოთხოვნა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესს, რადგან იწვევს საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

10. 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტების წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 03 მარტს. 2023 წლის 15 მარტს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიას წარედგინა კერძო საჩივარი ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით: აპელანტების წარმომადგენელმა 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ აღმოფხვრა საამისოდ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 132 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რისი დამადასტურებელი ქვითრის დედანიც დაასკანერა და გააგზავნა სააპელაციო სასამართლოს ელ.ფოსტაზე, საიდანაც ამობეჭდვის შემდეგ, ქვითარი ასლის სახით დაერთო საქმის მასალებს. კერძო საჩივრის ეტაპზე კი წარდგენილია ქვითრის დედანიც. რაც შეეხება დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს, მის წარსადგენად იშუამდგომლა ვადის გაგრძელება, ვინაიდან გარკვეული მტკიცებულების მოსაპოვებლად, რომელსაც უნდა დაფუძნებოდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მხარეს ესაჭიროებოდა დამატებითი დრო. ამ პირობებში, როდესაც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებაზე მხარეს სულ სამჯერ ჰქონდა შუამდგომლობა წარდგენილი და ამასთან, გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოს მხარისთვის ხარვეზის შევსების შესაძლებლობა უნდა მიეცა. კერძო საჩივარს დაერთვის დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმ ძირითადი მტკიცებულების გარეშე, რომლის მოპოვების მიზნითაც საჩივრის ავტორები შუამდგომლობდნენ საპროცესო ვადის გაგრძელებას და რომლის მისაღებად მათ კვლავაც ესაჭიროებათ დრო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სრულად არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ განსაზღვრულ ვადაში.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორები უკანონოდ მიიჩნევენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ მიეცათ საჭირო დრო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სრულად შესავსებად, რამაც განაპირობა საქმის წარმოების დასრულება მათთვის არასასურველი საპროცესო შედეგით.

16.1. საკასაციო პალატა შენიშნავს შემდეგ გარემოებას: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწეყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ სააპელაციო საჩივრებთან ერთად საქმე სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2022 წლის 29 სექტემბერს. ჯერ კიდევ 2022 წლის 15 აგვისტოს რეგისტრირებულ სააპელაციო საჩივარში მ.ც–ძისა და ი.ც–ძის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ უახლოეს ვადებში წარადგენდნენ დასაბუთებულ საჩივარს სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანთან ერთად. საგულისხმოა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საპროცესო ვადების დარღვევით მომზადების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, მეტიც, თანახმად, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამისა, მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებულია 2022 წლის 29 ივლისს. ე.ი. მხარეს, საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა გადაწყვეტილების მოტივებს და ჩამოეყალიბებინა პოზიცია გადაწყვეტილების უსწორობების შესახებ, აგრეთვე განესაზღვრა საჭიროებანი ახალი მტკიცებულებებუის მოპოვებისა და წარდგენის თვალსაზრისით. აღნიშნულის მიუხედავად, საქმე ისე გაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში და განვლო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის დადგენილმა 10 დღიანმა ვადამ, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაზუსტების მიზნით რაიმე საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, მეტიც, 2022 წლის 07 ნოემბერს სასამართლოს წინაშე ხარვეზის შევსების ვადის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობა არანაირ მოტივაციას, თუ რამ განაპირობა ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, არ შეიცავდა. მიუხედავად აღნიშნულისა, საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხი სასამართლოს მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინების ძალით.

16.2. ხსენებული განჩინების ჩაბარების შემდგომ, აპელანტების წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება და შუამდგომლობის მოტივად დაასახელა აპელანტების ეკონომიკური შეჭირვება, რის დასტურადაც არავითარი მტკიცებულება სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა. საგულისხმოა, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებებზე ან რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების საჭიროებაზე მითითება ხსენებულ შუამდგომლობაში აპელანტების წარმომადგენელს არ განუხორციელებია, მეტიც, მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისთანავე წარმოადგენდნენ დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარსაც (იხ. ტ.2, ს.ფ. 31-32).

16.3. ზემოაღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე 2022 წლის 21 დეკემბერს აპელანტებს კვლავ 07 დღით გაუგრძელდათ 10.10.2022 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, რის პასუხადაც 2023 წლის 27 იანვარს, აპელანტების წარმომადგენელმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ასლის სახით, ხოლო ამჯერად დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, თუმცა ვადის გაგრძელების საჭიროების დასასაბუთებლად არც რაიმე გარემოებაზე მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარუდგენია.

16.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

16.5. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

16.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს რა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების სიმძიმით, მხარეს მიეცემა დრო, რომელიც ობიექტურად საკმარისია საამისოდ. თავის მხრივ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლების მხარისათვის მინიჭება არ გულისხმობს უარგუმენტო, დაუსაბუთებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, არამედ თუ მხარე, რომელსაც განესაზღვრა ვადა ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, დათქმულ დროში მის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, საამისოდ, სსსკ 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით უნდა ასაბუთოს საპროცესო მოქმედების დროულად შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

16.7. წარმოდგენილ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორებს ზედიზედ ორჯერ (2022 წლის 17 ნოემბრისა და 21 დეკემბრის განჩინებების ძალით) ისე გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა, რომ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არცერთ ჯერზე არ ყოფილა არც დასაბუთებული და არც მტკიცებულებით გამყარებული. დაუსაბუთებელი იყო 2023 წლის 27 იანვრით დათარიღებული ბოლო შუამდგომლობაც, რამეთუ არავითარი მოტივი, რამაც 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულფასოვან შევსებას ხელი შეუშალა, ხსენებულ შუამდგომლობაში არ მითითებულა.

16.8. მოსარჩელეებს, საკუთარი არგუმენტაციის წერილობით დასაბუთების შესაძლებლობა გააჩნდათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე, აღნიშნულის მიუხედავად, ისე განვლო ფაქტობრივად 6 თვიანმა პერიოდმა 2022 წლის ივლისის ბოლოდან (დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თარიღი) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, რომ აპელანტებს სსსკ 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეუსრულებიათ და არც შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე მიუთითებიათ.

16.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ დაუდგენელი ვადების განსაზღვრისას სასამართლოს მართებს სიფრთხილის გამოჩენა, რათა ერთი მხრივ, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, მხარეს არ განუსაზღვროს იმდენად მოკლე ვადა, რომელიც არსებითად შეუძლებელს გახდის მოთხოვნილი საპროცესო მოქმედების შესრულებას, ან პირიქით, მხარის ინტერესების გადაჭარბებულად გათვალისწინების გამო, არ დაადგინოს იმდენად გრძელი საპროცესო ვადა, რომ ეჭვქვეშ დადგეს სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულება. როგორც ერთი, ისე მეორე ვითარების თავიდან არიდების კრიტერიუმად კანონმდებელი გონივრულობის პრინციპს განიხილავს (იხ. სუსგ. №ას-1415-2022, 15.03.2023წ; №ას-1455-2022, 27.01.2023წ).

16.10. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე არსებული სამთვენახევრიანი ვადა არსებითად იმდენად გრძელია, რომ მთლიანად ფარავს სააპელაციო ინსტანციაში ამ კატეგორიის საქმის განხილვისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ 02 თვიან ვადას. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სისტემატური (ზედიზედ სამი) შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, იმ პირობებში, როდესაც დასაბუთებული არ არის საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, შეიცავს საპროცესო ვადების გაჭიანურების მცდელობის ნიშნებს, რაც საჭიროებს აღკვეთას სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან არამოტივირებული შუამდგომლობის გაზიარებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქმნება დავაში მონაწილე მეორე მხარის ინტერესის არათანაზომიერად ხელყოფის ვარაუდი, რაც დაგვიანებულ და არაეფექტურ მართლმსაჯულებაში გამოიხატება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-577-548-2014, 25.07.2014წ).

16.11. საგულისხმოა, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად გარკვეული მტკიცებულების მოპოვების აუცილებლობაზე მითითება აპელანტების წარმომადგენელმა მხოლოდ კერძო საჩივრის წარდგენის ეტაპზე უზრუნველყო, თუმცა არც წარსადგენი მტკიცებულების სახეობაზე, არც მის საქმესთან კავშირზე და არც მისი მოპოვების მიზნით გაწეულ ძალისხმევაზე არავითარი დასაბუთება კერძო საჩივრის ფარგლებში არ აუსახავს და არც რელევანტური მტკიცებულება წარუდგენია მასზედ, რომ მიმართული აქვს სხვა პირისთვის/ორგანოსათვის რაიმე მტკიცებულების გამოთხოვის მიზნით და გადაცემა ჭიანურდება აპელანტებისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამდენად, კერძო საჩივარში დასახელებული გაურკვეველი შინაარსისა და კუთვნილების მტკიცებულების მიღების გართულების გამო დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობის არგუმენტი საკასაციო პალატას მიაჩნია არადამაჯერებლად.

16.12. საგულისხმოა ისიც, რომ აპელანტებისთვის, რომლებიც ორ მოქმედი ადვოკატით არიან წარმოდგენილნი წინამდებარე საქმეში, ცნობილი უნდა იყოს, რომ სსსკ 380-ე მუხლი მხარეს შესაძლებლობას არ ართმევს, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას სასამართლოს წარუდგინოს ახალი დოკუმენტი, ვინაიდან სააპელაციო ეტაპზე წარდგენილი ახალი ფაქტი და მტკიცებულება, იქნება იგი სააპელაციო საჩივარზე დართული თუ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი, მოწმდება მისაღებობის ერთი და იგივე კრიტერიუმით, კერძოდ, იყო თუ არა ამ ფაქტისა და მტკიცებულების წარდგენა შესაძლებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ამდენად, დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, რომ აპელანტები სააპელაციო ეტაპზე მიზნად ისახავდნენ გარკვეული ახალი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენას და გართულდა მისი მოპოვება, აღნიშნული გარემოება დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად განხილული მაინც ვერ იქნება, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა შეზღუდული არ არის წერილობითი სააპელაციო საჩივრის შეტანის ეტაპით.

16.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი სააპელაციო საჩივრის ავტორს უდგენს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზების სრულად შევსების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობაც უკავშირდება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საჩივარზე დადგენილი ყოველი ხარვეზი და მისი ჯეროვანი შევსება კანონის მიზნებისათვის თანაბარმნიშვნელოვანია. იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის პირობებში, მარტოოდენ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობას არ უნდა მოჰყოლოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შედეგი, საკანონმდებლო საფუძველი არ გააჩნია. საკასაციო პალატა მიუთითებს პრაქტიკაში არსებულ არაერთს საქმეს, სადაც, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიუხედავად, საჩივრის განუხილველად დატოვება მიჩნეული იქნა მართლზომიერად მხარის მიერ სასამართლოს სხვა მითითებების სრულფასოვნად შეუსრულებლობის გამო (იხ. სუსგ. №ას-429-2019, 16.05.2019წ; №ას-894-2018, 19.09.2018წ; №ას-682-682-2018, 18.06.2018წ; №ას-525-491-2017 14.07.2017წ).

17. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანს, რომელიც გამიზნული იყო სააპელაციო საჩივრისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის მტკიცებისათვის, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მას, როგორც საჩივრის განმხილველ სასამართლოს, უფლებამოსილება არ გააჩნია, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის დაბრუნებაზე. საამისოდ აპელანტებმა, რომელთა სააპელაციო საჩივარიც დარჩა განუხილველი, შესაბამისი შუამდგომლობით უნდა მიმართონ წინამდებარე საქმის განმხილველ მოსამართლეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

18. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 64-ე, 73-ე, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ც–ძის და ი.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი