18 ივლისი, 2023 წელი
საქმე №ა-3587-გან-19-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
განცხადების განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები - ზ.ო–ძე, ხ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - რ.დ–ძე
განმცხადებლების მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ.ო–ძისა და ხ.ხ–ის სარჩელი მოპასუხე რ.დ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. ხ.ხ–მა და ზ.ო–ძემ სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. 2023 წლის 03 ივლისს ხ.ხ–მა და ზ.ო–ძემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
4.1. დელიქტის დასამტკიცებლად კასატორს წარმოდგენილი ჰქონდა ვიდეომტკიცებულება, რომლის შინაარსსაც მთლიანად ეთანხმებოდა და ადასტურებდა მოპასუხე მხარე და რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ, თუმცა საკასაციო სასამართლოს განჩინებაში წერია, თითქოს „საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ფარული ჩანაწერი, რომლითაც მოსარჩელეები მიზნად ისახავდნენ დელიქტური პასუხისმგებლობის დასაბუთებას“. ესე იგი, საკასაციო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ჩათვალა წინა სასამართლოების მიერ დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეული ინფორმაცია, ამიტომ, კასატორები ითხოვენ გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილის განმარტებას.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოსარჩელეებმა 2018 წელს ისარგებლეს 2017 წელს ბულგარეთში შეძენილი ერთკვირიანი ტურისტული საგზურით და თითქოს 1100 ევრო წარმოადგენდა არა ზიანს, არამედ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ ანაზღაურებას. სინამდვილეში, 2018 წელს გამოყენებული იქნა 2016 წლის კონტრაქტიდან გამომდინარე დასვენების უფლება, ხოლო 2017 წლის კონტრაქტით შეძენილი დასვენების უფლებით კასატორებმა ვერ ისარგებლეს, ვინაიდან ამისთვის კომპანიამ 550 ევროს დამატებით გადახდა მოითხოვა. კასატორებისთვის გაუგებარია, რას დაეყრდნო საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობისას, შესაბამისად, ამ ნაწილშიც განმცხადებლები ითხოვენ განჩინების განმარტებას.
4.3. განმცხადებლები ითხოვენ, რომ მათი მოთხოვნა ამავდროულად ჩაითვალოს კერძო საჩივრად, ვინაიდან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო პალატამ დაუშვა ორი არსებითი შეცდომა, რამაც გავლენა მოახდინა დავის საბოლოო გადაწყვეტაზე და პასუხისმგებლობის მიღმა დატოვა ტურისტული მომსახურების სფეროში ყალბი ინფორმაციის მიმწოდებელი პერსონალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადების საქმის მასალებთან ურთიერთკავშირში შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს განჩინების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისა და განცხადების კერძო საჩივრად მიჩნევის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. ხსენებული მუხლის მეხუთე ნაწილი კი განმარტავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ცნებას და უთითებს, რომ ეს არის ნაწილი გადაწყვეტილებისა, რომელიც უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
7. კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს. გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (იხ. სუსგ. №ას-1292-2018, 31.01.2019წ).
8. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ განაცხადოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით ის პრეტენზიები, რომლებიც მან წარსულში უკვე წარადგინა და არ იქნა გაზიარებული ან განხილული, ან საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარდგენილა. გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის უფლება არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის მიმართ ხელახლა შედავების უფლება.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსებობა ბუნდოვანი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის და შესაბამისად, ფუჭი მართლმსაჯულების თავიდან არიდების მიზნით არის განპირობებული. კანონმდებლის ამგვარი ნება ცხადად იკითხება ციტირებული ნორმიდან „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს ...გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება“. ამრიგად, განმარტებას ექვემდებარება არა ნებისმიერი სასამართლო აქტი, არამედ აღსრულების ქვემდებარე აქტი, ესე იგი, გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილებულია, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც. ამასთანავე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობად მიიჩნეევს არა ნებისმიერ ბუნდოვანებას, არამედ სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, საიდანაც ცალსახად ვლინდება შემდეგი _ მარტოოდენ სამოტივაციო ნაწილში არსებული ორაზროვნება (თუნდაც, დასაბუთებული, რასაც ადგილი არ აქვს წინამდებარე საქმეში) არ არის გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი.
10. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებითაც, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „1. ზ.ო–ძისა და ხ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად. 2. ზ.ო–ძეს (პ/ნ .....) და ხ.ხ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ ზ.ო–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება № 13223787642, გადახდის თარიღი: 04.05.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150. 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“
11. ამრიგად, აღსრულების ქვემდებარე, და, შესაბამისად, განმარტებაუნარიანი აღნიშნული განჩინება არის მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში (მე-2 პუნქტი), თუმცა 2023 წლის 03 ივლისის განცხადებით მოთხოვნილია არა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება, არამედ სასამართლოს მიერ განჩინების სამოტივაციო ნაწილში წარმართული მსჯელობის დამატებითი ახსნა (თუ რატომ შეაფასა კონკრეტული მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ან რატომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა არა ზიანს, არამედ მომსახურების საფასურს). დასრულებული სამართალწარმოების ფარგლებში კი უკვე გადაწყვეტილ საკითხებზე სასამართლოს ხელახალი მსჯელობა, თუ დღის წესრიგში რეალურად არ დგას გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე, პროცესუალურად გაუმართლებელია. ამრიგად, გადაწყვეტილების განმარტებაზე განმცხადებლებს უნდა ეთქვათ უარი.
12. პალატის შეფასებით, საფუძველი არ გააჩნია განცხადების არც იმ ნაწილს, რომელიც 2023 წლის 03 ივლისის განცხადების კერძო საჩივრად მიჩნევას მოითხოვს. განმცხადებლებს საკასაციო პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით განემარტათ ამავე განჩინების საბოლოო ბუნება და გასაჩივრების უფლების არარსებობა, აღნიშნული პუნქტი კი, თავის მხრივ, გამომდინარეობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კკანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.
13. კერძო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება პირდაპირ უკავშირდება გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლოს არსებობას, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ უშვებს კოდექსით რეგულირებულ პროცესუალურ საკითხებზე კერძო საჩივრის იმავე ინსტანციის სასამართლოში განხილვას, რომელმაც გამოიტანა გასაჩივრებული განჩინება, არამედ იგი უნდა განიხილოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ. საკასაციო სასამართლოს განჩინება კი, რამდენადაც იგი თავად არის საბოლოო ინსტანციის სასამართლო, გასაჩივრების უფლებას არ ექვემდებარება.
14. ზემოაღნიშნულ საპროცესოსამართლებრივ ფაქტორთა გამო, საკასაციო სასამართლო განცხადებაში დასმული პრეტენზიების შინაარსობრივ განხილვას არ შეუდგება, განსაკუთრებით, მეორე პრეტენზიის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული საჭიროებს საქმის გარემოებებსა და მტკიცებულებებში არსობრივ შესვლას ხელახლა, რისი უფლებაც საკასაციო პალატას დასრულებული სამარალწარმოების ფარგლებში არ გააჩნია. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად კვალიფიკაციას, უსაფუძვლოა მოსაზრება, თითქოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულება საკასაციო პალატამ შერაცხა დაუშვებლად. განმცხადებლის აღნიშნული მოსაზრება პირდაპირ ეწინააღმდეგება წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში ასახულ შეფასებას, რომ „ნებისმიერი აუდიოჩანაწერი, რომელიც ასახავს კერძო საუბარს მხარეებს შორის, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის საგამოძიებო ორგანოს მიერ არის მოპოვებული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. რაც შეეხება სამოქალაქო ურთიერთობებს, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპს ემყარება, შეჯიბრებით პროცესში ამ გზით მოპოვებული მტკიცებულება ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადასტურებლად“ (იხ. გადაწყვეტილების მე-8 გვ.) და რომ „...პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებელია. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად“ (იხ. გადაწყვეტილების მე-9 გვ.) და რომ მოსარჩელე „არ მოქმედებს „თვითდახმარების“ ან „თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ გარემოებებში, რის გამოც შეიძლება გამართლებული იყოს იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, როგორიც მოსარჩელის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერია“ (იხ. გადაწყვეტილების მე-9 გვ.).
15. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ დაადგინა რა, რომ ჩანაწერი გადაღებულ იქნა უნებართვოდ და ჩაწერის განხორციელებისას მოსარჩელეები არც „თვითდახმარების“ და არც „თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ გარემოებებში არ იმყოფებოდნენ, სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად ვიდეოჩანაწერის შინაარსობრივ გამოყენებაზე თქვა უარი, ესე იგი, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო იგი, რაც შეეხება 3.2.1. პუნქტში დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხე რ.დ–ძემ კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით მოსარჩელეებს მიაწოდა გარკვეული სარეკლამო ინფორმაცია, აღნიშნული გარემოება დადგენილ იქნა მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელეთათვის გარკვეული სარეკლამო ინფორმაციის მიწოდების შესახებ სარჩელში მითითებული გარემოება. ამის დასტურია ისიც, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას საქალაქო სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებულ მტკიცებულებათა ჩამონათვალში ვიდეოჩანაწერი მითითებული არ არის (იხ. გადაწყვეტილების მე-9 გვ.). ხსენებულ საკითხს არც სააპელაციო პალატისგან მისცემია განსხვავებული შეფასება. ამრიგად, უსაფუძვლოა განმცხადებლთა მითითება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის არასწორ შეფასებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 249-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ხ.ხ–ისა და ზ.ო–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ.
2. არ დაკმაყოფილდეს ხ.ხ–ისა და ზ.ო–ძის მოთხოვნა 2023 წლის 03 ივლისის განცხადების კერძო საჩივრად მიჩნევის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი