საქმე №ას-672-2023 3 აგვისტო, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ლ. ბ-ის“ სარჩელის გამო, მ.ხ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
მ.ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ქ. ბ-მა (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 64-65), იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო და ითხოვა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ დროის სიმცირის გამო, ვერც დასაბუთებული საკასაციო საჩივრის მომზადება და წარმოდგენა ვერ მოხერხდა.
სამოქალაქო პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
2023 წლის 10 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პალატას განცხადებით კვლავ მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება. განმცხადებლის განმარტებით, დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა კასატორთან დაკავშირება, მისი ვარაუდით მხარე შეიძლება საერთოდ არ იმყოფებოდეს ქვეყანაში, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება, ასევე მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სამოქალაქო პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განჩინებაში მითითებული ხარვეზის შინაარსის, ასევე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) ოდენობის გათვალისწინებით საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით.
ზემოხსენებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, პალატას კვლავ მომართა ქ.ბ-მა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან ისევ ვერ მოახერხა მარწმუნებელთან კომუნიკაცია ვერც ფიზიკურად და ვერ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. მის მიერ მოძიებული ინფორმაციით მურთაზ ხვინთელანი არ იმყოფება საქართველოში და იგი დაბრუნებას აპირებს აგვისტოს თვეში. იმისათვის, რომ დაუკავშირდეს მარწმუნებელს სჭირდება დრო და ითხოვა დამატებითი ვადა - სულ მცირე 10 დღე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძალდა არაერთხელ, მიუხედავად ამისა, მას ხარვეზი ნაწილობრივაც არ გამოსუწორებია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეეხებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საკითხს, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით ასევე დავალებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარის წარმოდგენა, რაც მას მიუხედავად იმისა, რომ გასულია ორ თვეზე მეტი, არ განუხორციელებია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.
კასატორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, კასატორი ვერ ასაბუთებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების ვერცერთ საპატიო გარემოების არსებობას, ამიტომაც, მისი შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკამაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ ამომწურავად განუმარტა კასატორს, რომ სახელმწიფო ბაის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობაა იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა მყარ შინაგან რწმენას კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობასა და მისი გადახდისუუნარობაზე. საქმეში წარმოდგენილ განცხადებებს კი არც ერთი მტკიცებულება მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე არ ერთვოდა და განმცხადებელი მხოლოდ ზეპირი განმარტებებით შემოიფარგლებოდა შუამდგომლობების დასაბუთებისას. ამასთან, ხარვეზის დადგენისა და საპროცესო ვადის გაგრძელების განჩინებებით (30.05.2023 წლის, 16.06.2023 წლის, 20.07.2023 წლის განჩინებები), როგორც აღინიშნა, კასატორს გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა, დავალებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა და არც ამ ნაწილში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
გარდა ხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებით განმტკიცებულ სასამართლო ხელმისაწვდომობისა და პირთა თანასწორობის პრინციპებზე და განმარტავს, რომ როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ისე _ ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვა მართალია, არ წარმოადგენს ილუზორულ უფლებას, თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური, რადგანაც იგი შეიძლება ემყარებოდეს შეზღუდვას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად არ გამოუსწორებია ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 374-ე, 368-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მ.ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე