Facebook Twitter

საქმე №ა-1358-შ-34-2023 18 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ც–ია

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ვი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი 22.02.2019 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ნ.ტ. ასულ ც–სა და ა.კ–ვს შორის. გამოყენებულ იქნა გარიგების ბათილობის შედეგები: ა.კ–ვს ნ.ტ. ასული ც–ს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხა 2 900 000 ლარის ექვივალენტი რუსულ რუბლში, აღსრულების თარიღისათვის რუსეთის ბანკის არსებული კურსით.

2. ნ.ც–იას წარმომადგენელმა ე.შ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინების ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საცნობი განჩინებით დასტურდება, რომ მოპასუხეს სათანადო წესით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

4. ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინებიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 8 აპრილს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით ნ.ც–იას დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინების აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

6. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტი გამოითხოვა შესაბამისი სამსახურიდან, მაგრამ დოკუმენტი გაიცა ზოგადი სახით ელექტრონული ფორმით, რის გამოც მან დამატებით მოითხოვა ინფორმაციის დაზუსტება და მატერიალური ფორმით გადმოგზავნა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით ნ.ც–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინების აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ც–იას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

9. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

11. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

12. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

13. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ე.შ–ძეს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 16-18) გაეგზავნა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...... (ოფისი - შ–სა და ნ–ძის იურიდიული ჯგუფი).

14. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ ე.შ–ძის სახელზე გაგზავნილი გზავნილი 2023 წლის 12 ივნისს ჩაიბარა ა.ნ–ძემ, რომლის სტატუსადაც შეტყობინებაში მითითებულია - იურისტი (იხ. ს.ფ. 46), რაც სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად მიიჩნევა მხარისათვის ჩაბარებად. შესაბამისად, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2023 წლის 13 ივნისს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2023 წლის 27 ივნისს. ამასთან, ხარვეზის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2023 წლის 27 ივნისის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ც–იას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

18. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სსსკ-ის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ც–იას შუამდგომლობა ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის NA40-259712/19-78-299 „Б“ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ც–იას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა.ნ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2023 წლის 16 მარტს N3783 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური