Facebook Twitter

საქმე №ა-4090-შ-109-2023 3 აგვისტო, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სს კ.ბ. „პ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.კ–კი, გ.ბ–ვი

ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს წარმოებაშია უკრაინული ბანკის - სს კ.ბ. „პ–ის“ სარჩელი მოპასუხეების: ისრაელის მოქალაქის ი.კ–კის, უკრაინის მოქალაქის გ.ბ–ვის, აგრეთვე, T. L.-ის, T.P. A. L.-ის, C. L.-ის, R. I.C.-ის, M. V.I.-ისა და Z.U. L.-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელის - სს კ.ბ. „პ–ის“ განცხადების საფუძველზე ზემოაღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა გაყინვის (ყადაღის) ბრძანება („მსოფლიო მასშტაბის გაყინვის ბრძანება“, „Worldwide freezing order“ ან „WFO“ მოპასუხეების, მათშორის, ი.კ–კისა და გ.ბ–ვის წინაღმდეგ.

3. აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო განხილვამდე ან სასამართლოს შემდგომ განჩინებამდე მოპასუხემ არ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

„ა. ამოიღოს ინგლისიდან და უელსიდან მისი ნებისმიერი აქტივი, რომელიც არის ინგლისსა და უელსში შესაბამისი მაქსიმალური თანხის ოდენობამდე [როგორც განსაზღვრულია ბრძანების მე-14 პუნქტში]; ან

ბ. ნებისმიერი გზით განკარგოს, გაუმკლავდეს ან შეამციროს მისი ნებისმიერი აქტივის ღირებულება ინგლისსა და უელსში შესაბამისი მაქსიმალური ჯამის ღირებულებამდე; ან

გ. ნებისმიერი გზით განკარგოს, გაუმკლავდეს ან შეამციროს მისი ნებისმიერი აქტივის ღირებულება ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინგლისსა და უელსში მისი ყველა აქტივის მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება [როგორც ეს განსაზღვრულია ბრძანების პუნქტში 5(ა)] არ აღემატება შესაბამის მაქსიმალურ თანხას; ან

დ. კორპორატიულ ორგანოებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ ან ირიბად ფლობენ და/ან აკონტროლებენ მოპასუხე მხარეს და არ გააჩნიათ სავაჭრო საქმიანობა (მათ შორის, ეჭვების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი კორპორატიული ორგანო, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს და/ან აკონტროლებს ასეთი ორგანოების კორპორატიულს და არ გააჩნია სავაჭრო საქმიანობა) („არასავაჭრო კომპანია“), შეისყიდოს ან მიეცეს უფლება ამ კორპორაციულ ორგანოებს განკარგონ, გაუმკლავდნენ ან შეამცირონ თავიანთი შესაბამისი აქტივების ღირებულება ინგლისისა და უელსის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი მაქსიმალური თანხის ოდენობამდე. ეჭვების თავიდან ასაცილებლად, ეს ქვეპუნქტი არ მოქმედებს სავაჭრო კომპანიების აქტივებზე“.

4. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად:

„ბრძანების მე-3 პუნქტი ვრცელდება მოპასუხის ყველა აქტივზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი მის სახელზე და არის თუ არა ისინი ერთპიროვნულ თუ ერთობლივ საკუთრებაში და დაინტერესებულია თუ არა მოპასუხე ამით იურიდიულად, სარგებლით თუ სხვაგვარად. ამ ბრძანების მიზნებისათვის მოპასუხის აქტივები მოიცავს ნებისმიერ აქტივს, რომელიც მას აქვს უფლება, პირდაპირ ან ირიბად, განკარგოს ან გაუმკლავდეს ისე, თითქოს ის საკუთარი იყოს. მოპასუხე უნდა ჩაითვალოს, რომ აქვს ასეთი უფლებამოსილება, თუ მესამე მხარე (რომელიც მოიცავს არასავაჭრო კომპანიას და რწმუნებულს, მაგრამ არა სავაჭრო კომპანიას) ფლობს ან აკონტროლებს აქტივს მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითებების შესაბამისად. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით და შეზღუდვის გარეშე, ტერმინი აქტივი მოიცავს ნებისმიერ არჩეულ მოქმედებას“.

5. გაყინვის (ყადაღის) ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად:

„ა. თუ ინგლისსა და უელსში მოპასუხის აქტივების უსასყიდლო ან სხვა ფასიანი („დაუტვირთავი ღირებულება“) ქაღალდების მთლიანი ღირებულება აღემატება შესაბამის მაქსიმალურ თანხას, მაშინ ამ რესპოდენტს შეუძლია ამოიღოს რომელიმე ეს აქტივი ინგლისიდან და უელსიდან ან განკარგოს ან გაუმკლავდეს მათ მანამ, სანამ ამ რესპოდენტის აქტივების მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება ჯერ კიდევ ინგლისსა და უელსში რჩება შესაბამის მაქსიმალურ თანხაზე მეტი.

ბ. თუ რომელიმე რესპოდენტს აქვს აქტივები ინგლისისა და უელსის ფარგებს გარეთ, მას შეუძლია განკარგოს ან გაუმკლავდეს ამ აქტივებს მანამ, სანამ მისი აქტივების მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება ინგლისსა და უელსში აღემატება შესაბამის მაქსიმალურ თანხას“.

6. გაყინვის (ყადაღის) ბრძანების მე-14 პუნქტის თანახმად „შესაბამისი მაქსიმალური ჯამი“ ნიშნავს:

„ა. პირველ მოპასუხესთან დაკავშირებით: 2 600 000 000 აშშ დოლარის ჯამსა (ორი მილიარდ ექვსასი მილიონი აშშ დოლარი) და დამატებითი თანხას, რომელიც დროდადრო ჩერდება ინგლისისა და უელსის სასამართლოების მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გაყინვის (ყადაღის) ბრძანების შესაბამისად პირველი მოპასუხის წინააღმდეგ (მათ შორის, შეუზღუდავად, კომერციულ სასამართლოში აღძრული საქმის წარმოებაში ნომერი CL-2016-000172 სარჩელით).

ბ. მეორე მოპასუხესთან დაკავშირებით: 2 600 000 000 აშშ დოლარის ჯამი (ორი მილიარდ ექვსასი მილიონი აშშ დოლარი) და დამატებითი თანხა, რომელიც დროდადრო ჩერდება ინგლისისა და უელსის სასამართლოების მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გაყინვის ბრძანების შესაბამისად მეორე მოპასუხის წინააღმდეგ (მათ შორის, შეუზღუდავად, კომერციულ სასამართლოში აღძრული საქმის წარმოებაში ნომერი CL-2016-000172 სარჩელით).“

7. სს კ.ბ. „პ–ის“ წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ი.კ–კის და გ.ბ–ვის მიმართ მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

8. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ ი.კ–კის და გ.ბ–ვს საქართველოში აქვთ აქტივები, რომლებზედაც უნდა გავრცელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ, ისინი ერთობლივად, არაპირდაპირ ფლობენ წილებს შპს „ჯ.მ–სა“ და შპს „ვ. ....“-ში, ხოლო ი.კ–კი საქართველოს მოქალაქესთან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე საქართველოში ფლობს კიდევ ერთ აქტივს, რომელსაც ის „ბ.ი–ას“ უწოდებს.

9. შუამდგომლობის ავტორის მითითებით ინგლისის და უელსის მართლმსაჯულების მაღალმა სასამართლომ 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებით, ბანკს ნება დაერთო მოითხოვოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების აღსრულება ან მიაღწიოს მისი ანალოგიური სასამართლო დადგენილების მიღებას იმ ექვს საზღვარგარეთულ იურისდიქციაში, სადაც მოპასუხეთა აქტივებია განთავსებული, მათ შორის საქართველოში. ამასთან, 2023 წლის 26 იანვრის ბრძანება ითვალისწინებს, რომ საქართველოში მოთხოვნილი ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება დაიცავს შემდეგ პირობებს: ა) არ იქნება ბუნებით მსოფლიო მასშტაბის და შემოიფარგლება აქტივებით, რომლებსაც ფლობენ და/ან აკონტროლებენ პირველი და მეორე მოპასუხეები საქართველოში, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) შპს „ჯ.მ–ი“ და შპს „ვ. ...“ და ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში ბანკს სხვა კრედიტორებთან შედარებით არ მიენიჭება პრიორიტეტი.

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანება წარმოადგენს აღსასრულებელ (აღსრულებაუნარიან) გადაწყვეტილებას, რამდენადაც იგი შეეხება საქართველოში არსებულ აქტივებს და აღსასრულებელია საქართველოში(ც).

11. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანება შესულია ძალაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს კ.ბ. „პ–ის“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

13. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია.

15. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან; მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება; ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ; უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეზე, რომელიც აღძრულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების პარტნიორისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

17. წინამდებარე საქმეში უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანება, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, არის ზოგადი შინაარსის; მართალია, მასში აღნიშნულია, რომ ბრძანებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული საქართველოში რეგისტრირებული ის კომპანიები, რომლებშიც არაპირდაპირ ფლობენ წილებს მოწინააღმდეგე მხარეები და არც საქართველოში მდებარე ის ქონებებია მითითებული, რომელთა მიმართაც, შუამდგომლობის ავტორის თანახმად, უნდა იქნეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

18. სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ უზენაესი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში (ბრძანებაში) ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

19. საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს (იხ. სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29 ივლისი 2016 წელი; №ა-1700-შ-42-2019, 07 ოქტომბერი, 2019 წელი).

20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება (ბრძანება), არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ა-1302-შ-31-2010, 6 ივლისი, 2010 წელი).

21. უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის ავტორს მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი ბრძანების ცნობა-აღსრულების ფარგლებში გასცდეს ბრძანების შინაარსს და განახორციელოს ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომლის თაობაზეც საცნობი ბრძანებით მსჯელობა არ ყოფილა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების (ბრძანების) ცნობა-აღსრულებისას ვალდებულია უცვლელად გადმოიტანოს საცნობი გადაწყვეტილების, მოცემულ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების შინაარსი და არ არის უფლებამოსილი განახორციელოს მასში რაიმე სახის ცვლილება ან დამატება, აღნიშნული გაყინვის (ყადაღის) ბრძანება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიან და აღსრულებად გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი 191-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს კ.ბ. „პ–ის“ შუამდგომლობა მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური