საქმე №ას-911-2023 20 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ა–ა“, ქ.ყ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის და ამავე სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა, მტკიცებულებათა გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ყ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ას“ და ქ.ყ–ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ მინდობილობის, სადამფუძნებლო შეთანხმების და წილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და გ.ყ–ის შპს „ა–ა“ -ს პარტნიორად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა. საქმეზე შეწყდა წარმოება, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
2023 წლის 7 ივნისს მოპასუხეებმა წარადგინეს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინების ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით განცხადება ამავე სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2023 წლის 28 ივნისს მოპასუხეებმა წარადგინეს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს მტკიცებულებათა გამოთხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 და ამავე წლის 29 ივნისის განჩინებებზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება, ხარვეზიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
წარმოდგენილ კერძო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 50 ლარს.
რაც შეეხება კერძო საჩივარს იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა შპს „ა–ასა“ და ქ.ყ–ის წარმომადგენლის განცხადება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვისა და მხარისათვის ინფორმაციის წარმოდგენის დავალების თაობაზე სასამართლოში წარდგენილი იყო საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლოა გახდეს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება მიღებულია საქმის არსებითი განხილვის დამთავრების შემდეგ, რომლის გასაჩივრებასაც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო კერძო საჩივარს იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება, უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და საჩივრის ავტორებს უნდა მიეცეთ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა, რომ სასამართლოში წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა–ას“ და ქ.ყ–ის კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება დარჩეს განუხილველი;
2. კერძო საჩივარს იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება დაუდგინდეს ხარვეზი და შპს „ა–ას“ და ქ.ყ–ს დაევალოთ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი);
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნას შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური