Facebook Twitter

საქმე №ას-288-2019 23 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - უცხოური საწარმოს ფილიალი „S.U.I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S.P.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.უ.ქ.ფ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შუამავლის საზღაურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.უ.ქ.ფ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი „S.U.I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S.P.“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ შუამავლის საზღაურის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 141 546,90 აშშ დოლარის გადახდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. მოსარჩელის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ს.ტ–სი (შემდგომში - „მოსარჩელე კომპანიის დირექტორი“), ხოლო მოპასუხის - დირექტორი შ.მ–ვი (შემდგომში - „მოპასუხე კომპანიის დირექტორი“) (იხ. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირის რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 37-41);

4.2. 2016 წლის 14 ოქტომბერს შპს ,,კ.პ–სა“ და მოსარჩელე კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სახელწოდებით „განზრახულობათა წერილი“, რომლის თანახმად, ხელმომწერმა კომპანიებმა აიღეს ვალდებულება შპს ,,კ.პ–სა“ და მოსარჩელეს ან მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ უძრავ ქონებებზე: ...... მე-3 სართული 30,00 მ2; .......... მე-8 სართული 205,40 + 28,00 მ2; .......... მე-9 სართული 1.025,19 + 214,57 მ2; ......... მე-10 სართული 840,93 + 305,83 მ2; ........ მე-6 სართული 928,00 + 124,00 მ2; ........ მე-7 სართული 869,00 + 29,00 მ2; ........ მე-8 სართული 662,60 მ2 (იხ. ტომი I, ს. ფ. 79-82);

4.3. „განზრახულობათა წერილის“ მე-5 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უძრავი ქონების შეძენის მიზნით თანაინვესტორების მოძიებისა და საინვესტიციო პროსპექტის გამოცემის შესახებ, რომლის მიზანი იყო ინვესტირებული კაპიტალით შესყიდულიყო მერანის ოფის-ცენტრის უძრავი ქონებები მოსარჩელე კომპანიის 4%-იანი ფულადი ინვესტიციით (თანხობრივად 244,000 აშშ დოლარი), ხოლო 96% თავისუფალი იყო ინვესტორებისთვის (იხ. ტომი I ს. ფ. 80, 46-47);

4.4. „განზრახულობათა წერილის“ მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად ხანგრძლივდება, თუკი მე-4 მუხლის ყველა პირობა არ იქნება შესრულებული. ვინაიდან 2017 წლის მაისის თვეში, ხელშეკრულების მე-4 მუხლის ,,d“ და ,,e“ ქვეპუნქტები არ იყო შესრულებული, „განზრახულობათა წერილის“ მოქმედების ვადა არ შეწყვეტილა და ეს ვადა ავტომატურად გაგრძელდა „d“ და „e“ ქვეპუნქტების შესრულებამდე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ თითქოსდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი ემოქმედა „განზრახულობათა წერილის“ შესაბამისად;

4.5. შპს „კ.პ–სა“ და მოსარჩელე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, თანაინვესტორად გახდომის მიზნით, მოსარჩელე კომპანია, მისი დირექტორის სახით, აწარმოებდა მოლაპარაკებას მოპასუხე კომპანიის დირექტორთან;

4.6. თავად მოპასუხე მხარის დადასტურებით და განმარტებით დადგენილია, რომ პირველი საუბარი (სატელეფონო), მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიების დირექტორებს შორის შედგა 2017 წლის მაისის დასაწყისში, მოპასუხე კომპანიის დირექტორის ინიციატივით, ის თავად დაუკავშირდა მოსარჩელეს (იხ. მოპასუხის შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 255);

4.7. ზემოაღნიშნული საუბრის შემდგომ, ინვესტიციის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მიზნით, 2017 წლის 04 მაისს, მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს მოპასუხე მხარეც (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, სარჩელი, შესაგებელი; სასამართლო სხდომის ოქმი);

4.8. 2017 წლის 04 მაისს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოპასუხე კომპანიის დირექტორს ელ. ფოსტით შესთავაზა თანაინვესტორად გახდომის ალტერნატივა, ქონების პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის გზით. იქვე შეატყობინა, რომ თუკი აღნიშნული ქონების შეძენა სურდა სრულად (100%-ით) საკუთარი სახსრებით, ასეთ შემთხვევაში გაანგარიშება შეიცვლებოდა და შესყიდვის ფასი იქნებოდა - 8,4 მლნ აშშ დოლარი + მოსარჩელე კომპანიის დირექტორის ინტერესი [როგორც შევთანხმდით, კონფიდენციალობის პირობით გიგზავნით მიმაგრებულ დამატებით ინფორმაციას ქონების შესახებ. . . . იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს ქონება მხოლოდ თქვენთვის გინდათ, გაანგარიშება შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოთვალოთ შესყიდვის ფასი 8,4 მლნ. აშშ დოლარი + ჩემი ინტერესი] (იხ. 2017 წლის 4 მაისის 15.12 სთ. ელ. მიმოწერა, ტომი I, ს.ფ. 53.);

4.9. მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ნაწარმოები მიმოწერებით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი მოსარჩელე კომპანიის დირექტორთან ურთიერთობს, როგორც შუამავალთან. სახელდობრ, 2017 წლის 04 მაისს 15:12 საათზე განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსარჩელე კომპანიის დირექტორი მოპასუხე კომპანიის დირექტორს წერს შემდეგი შინაარსის წერილს: ,,ძვირფასო შ..., როგორც შევთანხმდით, კონფიდენციალობის პირობით, გიგზავნით მიმაგრებულ დამატებით ინფორმაციას, ქონების შესახებ. ერთგვერდიანი ტიზერი, სრული საინვესტიციო პროსპექტი“ (იხ. ტომი I, ს. ფ. 53); უფრო მეტიც, ამავე დღეს ნაწარმოები ელექტრონული მიმოწერით მოპასუხე კომპანიის დირექტორი ეკითხება მოსარჩელე კომპანიის დირექტორს, თუ რა არის მისი მიზანი ამ შუამავლობაში: ,,ს. რა არის თქვენი მიზანი ამ შუამავლობაში? ჩემი ინტერესი მოლაპარაკებადია“ - პასუხობს მოსარჩელე კომპანიის დირექტორი (იხ. 2017 წლის 04 მაისის 15:33 საათზე განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, ტომი I, ს.ფ. 117). 2017 წლის 04 მაისს 22:31 საათზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოპასუხე კომპანიის დირექტორს კვლავ გადაუგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია. სახელდობრ, მითითებულ დროს განხორციელებული მიმართვა შემდეგი შინაარსის შემცველია:. ,,ძვირფასო შირაზ, დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი შეხვედრისათვის. როგორც დაგპირდით, გთხოვთ იხილოთ თანდართული ცალკეული გაანგარიშება PDF-ის ფორმატში“ (იხ. ტომი I, ს. ფ. 53). აღნიშნულის შემდგომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი განაგრძობს მოსარჩელე კომპანიის დირექტორთან შეხვედრას, მოლაპარაკებას და ინფორმაციის მიღებას, როგორც შუამავალთან. კერძოდ, 2017 წლის 06 მაისს 13:45 საათზე განხორციელებული შეტყობინებით მოპასუხე კომპანიის დირექტორი მოსარჩელე კომპანიის დირექტორს სთხოვს გასაყიდი შენობის სართულების გეგმა-ნახაზს ...... ქუჩის მხრიდან, ასევე შესასვლელის მხრიდან პირველი სართულის გეგმას, რომელიც მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მიაწოდა (იხ. ტომი I, ს. ფ. 118.). კერძოდ, 2017 წლის 06 მაისს 14:10 საათზე განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსარჩელე კომპანიის დირექტორი მოპასუხე კომპანიის დირექტორს წერს შემდეგი შინაარსის წერილს: „ძვირფასო შ., გთხოვთ იხილოთ თანდართული მე-4 სართულის ნახაზები“. ხოლო ამავე დღეს 15:18 საათზე განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებით კი მოსარჩელე კომპანიის დირექტორი მოპასუხე კომპანიის დირექტორს წერს შემდეგი შინაარსის წერილს: „ძვირფასო შ., მე გიგზავნით სამშენებლო ნებართვის ნახაზებს (ყველა სართული, მათ შორის სავაჭრო ცენტრი). რა თქმა უნდა, როდესაც საქმე შიდა გეგმარებას ეხება, რამოდენიმე ტიხარი ამასობაში შეიცვალა. მე-4 გვერდზე თქვენ ნახავთ შესასვლელს ...... ქუჩიდან და ლიფტის წინ მისაღების (რისეპშენის) ფართობს“ (იხ. ტომი I, ს. ფ. 52);

4.10. 2017 წლის 08 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა შეხვედრა სთხოვა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს, ამასთან ითხოვა ექსკლუზიურ შესყიდვაზე კონტრაქტისა და დოკუმენტაციის მისთვის მიწოდება, რომელიც იურიდიულ ექსპერტიზაში დასჭირდებოდათ. 2017 წლის 09 მაისს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოპასუხის ელექტრონულ ფოსტაზე 12:26 საათზე გადააგზავნა გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულება (იხ. ტომი I, ს. ფ. 52, 118);

4.11. 2017 წლის 09 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს გაუგზავნა პასუხი -„განზრახულობათა წერილი“, რომლითაც მოპასუხე კომპანიის დირექტორი მოსარჩელე კომპანიის დირექტორს სთავაზობდა 7,3 მილიონ აშშ დოლარს ....../ა......... ...... ქუჩა №31ა-ში მდებარე საოფისე ფართში. სააპელაციო პალატის თვალსაზრისით, ზემოაღნიშნული წერილით აშკარად იკვეთება თავად მოპასუხე კომპანიის დირექტორის დამოკიდებულება მოსარჩელე კომპანიისადმი. კერძოდ, იგი იღებს მოსარჩელე კომპანიის დირექტორისგან გაწეულ მომსახურებას ზემოაღნიშნული ქონებების შესყიდვისათვის და სწორედ მასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შესყიდვის დეტალებთან დაკავშირებით. ამავე წერილში, მოპასუხე კომპანიის დირექტორი აკონკრეტებს გადახდის წესს, თანხის გამოანგარიშების სისტემასა და წარმომავლობას. იგი აცხადებს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების და მოგება/სარგებლის ანაზღაურება უნდა მოხდეს მხარეთა შორის, ცალკე შეთანხმების საფუძველზე და ამასთან, ხაზგასმით ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს აშშ-ის კორპორაციის SJS USA-ის და მისი ქართული კომპანიის S. ფოთის 100%-იან მფლობელს, S. U-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს და SJS ფოთის დირექტორს და ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ერთადერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირს (იხ. ტომი I, ს.ფ. 56-58).

4.12. 2017 წლის 12-13 მაისის მიმოწერებში მოპასუხე კომპანიის დირექტორმა პირდაპირ განაცხადა უარი მოსარჩელესთან თანამშრომლობაზე, ვინაიდან მისი განცხადებით, ბუნდოვანია შეტყობინებები, კონფიდენციალურობის შეთანხმების პუნქტები და სხვა დეტალები. ამავე წერილში მან განაცხადა, რომ არ აპირებს „მნიშვნელოვანი თანხების / დროის / ძალისხმევის ინვესტირებას ბნელ და გაუგებარ გარიგებაში“, რადგან აქვს „ძალიან კონკურენტუნარიანი შემოთავაზებები სხვა პროექტებიდან“ და, რომ აღნიშნულ პროექტზე ვერ დახარჯავს დროს (იხ. ტომი I, ს. ფ. 67);

4.13. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე კომპანიის დირექტორის განმარტებით, 2017 წლის მაისის დასაწყისში მას თავად დაუკავშირდა მოპასუხე კომპანიის დირექტორი, რომელსაც აინტერესებდა საინვესტიციო ობიექტი, მას სურდა ფულის დაბანდება, ამ საკითხში კი დახმარების გაწევა შეეძლო მას. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი საბუთი იქნა გაცვლილი, მათ შორის, ქირავნობის ხელშეკრულებები, სერვიტუტისა და იპოთეკის თაობაზე დოკუმენტები, გეგმა-ნახაზები, ერთად იქნა დათვალიერებული ობიექტი. განსახილველად წარდგენილი იყო ორი ვარიანტი: 1) მოპასუხე კომპანიის დირექტორი მონაწილეობას მიიღებდა, როგორც თანაინვესტორი; 2) მოპასუხე კომპანიის დირექტორი მხოლოდ თავად შეისყიდდა ობიექტს და იქნებოდა 100% წილის მესაკუთრე. მე-2 ვარიანტის შემთხვევაში კი მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის ცნობილი იყო, რომ ნასყიდობის საფასურს დაემატებოდა მისი მომსახურების საფასური. 09 მაისს მან მოპასუხე კომპანიის დირექტორისგან მიიღო ოფერტი მთლიანი ქონების შეძენაზე, 09 მაისის შემდგომ აქტიურად ხდებოდა ინფორმაციების გაცვლა, 12 მაისს კი მოულოდნელად მიიღო პასუხი, რომ თითქოსდა მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის ყველაფერი გაუგებარი იყო. მან იფიქრა, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ობიექტის ყიდვის ინტერესი, ან თამაშობდა, თუმცა ამ პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა, რომ VTB ბანკის მეშვეობით, მისი გვერდის ავლით მოპასუხე კომპანიის დირექტორი გახდა მითითებული ობიექტის მესაკუთრე (იხ. 2018 წლის 03 დეკემბრის სხდომის ოქმი);

4.14. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა გ.ს–მა მოსამართლის შეკითხვაზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ აღნიშნული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიიღო მოსარჩელე კომპანიის დირექტორისაგან (იხ. 2018 წლის 03 დეკემბრის საააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი 13:45:59 წუთი);

4.15. აქტივების მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 09 ივნისს მხარეებს, ერთი მხრივ, შპს „კ.პ–სა“ და, მეორე მხრივ, მოპასუხე კომპანიას შორის დადებული აქტივების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებებზე, რომლებიც წარმოადგენდა შეთანხმების საგანს მოსარჩელე კომპანიასა და შპს „კ.პ–ს“ შორის, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანია (იხ. ს. ფ. 85-104);

4.16. ელექტრონულ ფოსტაზე ნაწარმოები მიმოწერით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივნისს 20:40 საათზე მოსარჩელე კომპანიის დირექტორთან დაკავშირებულმა პირმა - ფ.ა–მა ელ.ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით (A@c.g.com) მიულოცა მოპასუხე კომპანიის დირექტორს უძრავი ქონების - მერანის სავაჭრო ცენტრის შეძენა და, ამასთან, სთხოვა მისგან გაცნობილი პარტნიორისათვის - მოსარჩელისათვის გაწეული სამსახურისთვის საზღაურის გადახდა მისთვის მოსახერხებელ უახლოეს ვადაში. მითითებულ შეტყობინებაზე მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ფ.ა–ს უპასუხა, რომ მას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი თუ მორალური ვალდებულება მოსარჩელის წინაშე გაწეული საშუამავლო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ (იხ. ს. ფ. 69-72);

4.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 08 სექტემბრის ელექტრონული ფოსტის დეტალური ექსპერტიზის №1005201617 დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილები სავარაუდოდ გაგზავნილია ადრესატებზე მიმაგრებულ ფაილებთან ერთად (იხ. ს. ფ. 135-221);

4.18. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი იყო სამაკლერო მომსახურების შემკვეთი, ხოლო მოსარჩელე კომპანიის დირექტორი ასრულებდა საშუამავლო მომსახურებას, სახელდობრ, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიიღო მოსარჩელე კომპანიის დირექტორისაგან სამაკლერო მომსახურება (სრულად მიიღო ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ და სხვა), რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის გვერდის ავლით არაკეთილსინდისიერი მიდგომით განახორციელა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც მას არ ათავისუფლებს გასამრჯელოს გადახდისაგან;

4.19. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება გასამრჯელოს ოდენობის გაანგარიშების ნაწილში და აღნიშნა, რომ მომსახურების ობიექტზე საშუამავლო მომსახურების გაწევის საზღაურად კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული 1,77% (1,5% დღგ-ს გარეშე), როგორც მსგავსი ქონების რეალიზაციისათვის დადგენილი ოდენობა; ქონების ღირებულების 7 997 000 აშშ დოლარის 1,77% = 141546,90 აშშ დოლარს.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ შპს „კ.პ–სა“ და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა „განზრახულობათა წერილი“, რომლის მიხედვით, გამყიდველს სურს მიჰყიდოს პოტენციურ მყიდველს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...../ ...... ქუჩა №31ა, საკადასტრო კოდები: ........, მე-3 სართული, 30,00მ2; ............, მე-8 სართული, 205,40+28,00მ2; .........., მე-9 სართული, 1025,19+214,57მ2; ........, მე-10 სართული, 840,93+305,83მ2; ........., მე-6 სართული, 92800+124,00მ2; ......., მე-7 სართული, 869,00+29,00მ2; 01......., მე-3 სართული, 662,60მ2. მოსარჩელეს (ან მის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ახალ კომპანიას) სურს შეიძინოს გამყიდველის კუთვნილი უძრავი ქონება. „განზრახულობათა წერილის“ შესაბამისად, მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, მოიძიოს თანაინვესტორები უძრავი ქონების შეძენის მიზნით, რისთვისაც ვალდებულია გამოსცეს საინვესტიციო პროსპექტი. „განზრახულობათა წერილის“ შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია სავაჭრო ცენტრ „მერანში“ მდებარე შპს „კ.პ–ის“ საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ექსკლუზიური უფლება. ამასთან, დადგენილია, რომ „განზრახულობათა წერილის“ მოქმედების ვადა არ ამოწურულა 2017 წლის 28 თებერვალს და მოპასუხესთან მოლაპარაკების წარმოების მომენტისათვის მოსარჩელეს ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის ექსკლუზიური უფლებამოსილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ საშუამავლო-სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. ასეთი ხელშეკრულების დადებისთვის შუამავლის ფუნქცია შესაბამისი კონტრაჰენტის მოძიებასა და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას წარმოადგენს. შუამავლობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. შუამავალს ანაზღაურების მიღების მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ ძირითადი ხელშეკრულება კანონიერად იქნა დადებული შემკვეთსა და მესამე პირს შორის. მაკლერი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფიზიკური, იურიდიული პირის ან გაერთიანების სახით. მაკლერის საქმიანობა შეიძლება კონკრეტული ინფორმაციის შემკვეთისთვის წარდგენითაც შემოიფარგლოს, სადაც მითითებული იქნება შემკვეთისთვის სასურველი პირების სია და კოორდინატები, ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ და სხვა. ამ მხრივ, შესაძლებელია მაკლერმა შემკვეთის ინტერესი მხოლოდ ასეთი ინფორმაციის მიწოდებით დააკმაყოფილოს, რომლითაც შემკვეთს შესაძლებლობა ექნება, დაამყაროს კონტაქტი სასურველ მესამე პირთან.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიების დირექტორები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს მოსარჩელე კომპანიის დირექტორის საინვესტიციო პროექტის იდეა, რომლის მიხედვით, მოპასუხეს უნდა მოეხდინა ინვესტირება ფონდში. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ისინი რამდენიმე საქმიან შეხვედრაზე განიხილავდნენ პროსპექტის დეტალებს. დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოპასუხე კომპანიის დირექტორს გაუზიარა და მიაწოდა უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ფინანსური ანალიზი, ობიექტის სხვადასხვა სახის ეფექტური ცვლილებები, სრული საინვესტიციო პროსპექტი. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორს (შემკვეთს) გასაყიდი ობიექტის შესახებ მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა (შუამავალმა) მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, ობიექტით დაინტერესების შემდგომ კი მოპასუხე კომპანიის დირექტორმა შეიძინა ქონება. შუამავლის - მოსარჩელის მიერ საშუამავლო საქმიანობის გაწევიდან ერთი თვის შემდეგ, დაიდო ძირითადი ხელშეკრულება ქონების მესაკუთრეს - შპს „კ.პ–სა“ და მოპასუხეს შორის.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 8.3., 361-ე და 115-ე მუხლებით და განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა, რომლის პირობებიც მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, ანუ მეორე მხარის საპატიო ინტერესების გათვალისწინება და დაცვა, რისი დარღვევაც არა მარტო ხელშეკრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულების შესრულების შემდგომ ეტაპებზეც შეიძლება გახდეს მხარეთა პასუხისმგებლობის საფუძველი.

10. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის, დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასთან კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ სუბიექტთან (მოსარჩელე კომპანია, წარმომადგენელი მისი დირექტორი) არაკეთილსინდისიერ ქცევას, რაც განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან ერთად ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. მოსარჩელე მოქმედებდა ქონების მესაკუთრის (გამყიდველის) და არა - მოპასუხე კომპანიის (მყიდველის) დაკვეთით. მოსარჩელემ ორივე ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ მისი მიზანი ამ ერთი კონკრეტული უძრავი ქონების გაყიდვა იყო და მის გარდა, სხვა ობიექტი არ შეუთავაზებია მოპასუხისთვის. მოსარჩელის აქტივობა და რესურსი მიმართული იყო ქონების გაყიდვისაკენ და არა - მოპასუხისთვის ქონების მოძიებისაკენ. შესაბამისად, მოსარჩელე მოქმედებდა ქონების მესაკუთრის ინტერესებისათვის;

16.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე, რომელიც ქონების შეძენაზე ერთადერთი უფლებამოსილი პირი იყო, მოქმედებდა, როგორც სხვა შემძენის მიერ დაქირავებული მაკლერი. ანუ, მოსარჩელე თავად იყო ერთადერთი შესაძლო შემძენი, თუმცა, სხვა შემძენსაც დააქირავებინა თავი ამავე ქონების შესაძენად, რაც პარადოქსია. როგორ შეიძლება მოსარჩელე მოქმედებდეს, როგორც შუამავალი, ამავე ქონების გაყიდვის მიზნით? ქონების შეძენის უფლება ხომ მის გარდა არავის ექნებოდა. ამასთან, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და მოსარჩელის არაკეთილსინდისიერება;

16.3. მოსარჩელესთან მოლაპარაკებები წარმოებდა არა როგორც შუამავალთან, არამედ - როგორც შეძენის ექსკლუზიური უფლების მქონე პირთან. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მოსარჩელე უარს აცხადებდა ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპასუხისთვის მიწოდებაზე. მეტიც, ის მოპასუხისაგან ითხოვდა სხვადასხვა გარანტიებსა და დოკუმენტებზე ხელმოწერას ისეთ პირობებში, როდესაც საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დამდგენ დოკუმენტსაც კი არ აჩვენებდა მოპასუხეს. ბუნებრივია, გაურკვეველი უფლების მქონე პირის წინაშე ვალდებულების აღება არაგონივრული საქციელი იქნებოდა მოპასუხის მხრიდან. ამიტომ მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა ქონების მესაკუთრესთან შეხვედრის ორგანიზება. პასუხად, მოსარჩელე დაემშვიდობა და შეწყვიტა მასთან ურთიერთობა;

16.4. მოსარჩელე არასდროს ყოფილა მაკლერი, რადგან: ა) მოლაპარაკების წარმოების დროს ორივე მხარე მოსარჩელეს განიხილავდა, როგორც ექსკლუზიური უფლების მქონე პირს; ბ) მოპასუხესთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა ქონების მესაკუთრე: გ) ქონების მესაკუთრისა და მოპასუხის დაკავშირება არ მომხდარა მოსარჩელის მეშვეობით;

16.5. მოსარჩელის ძირითადი კომერციული საქმიანობა არ არის შუამავლობა;

16.6. ექსკლუზიური შეძენის უფლების არსებობის პირობებში, მოსარჩელეს შეეძლო ეწარმოებინა მოლაპარაკებები აღნიშნული ექსკლუზიური უფლების დათმობის ან მასზე უარის თქმის მიზნით;

16.7. იმ პირობის დაშვების შემთხვევაშიც, რომ ქონების შეძენის მომენტში ძალაში იყო მოსარჩელის ექსკლუზიური უფლება, აღნიშნული უფლების დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ექსკლუზიური უფლების მიმნიჭებელი პირის (მესაკუთრის) მიმართ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გამორიცხულია მოპასუხის პასუხისმგებლობა;

16.8. თუ შემკვეთად კვალიფიკაციისთვის საკმარისია მხოლოდ ინფორმაციის მიღება, მაშინ რა განსხვავებაა შემკვეთსა და მესამე პირს შორის? მაკლერი ინფორმაციას აწვდის როგორც დამკვეთს, ასევე - მესამე პირს, თუმცა, ინფორმაციის მიწოდება მესამე პირისათვის ამ უკანასკნელს ვერ გადააქცევს შემკვეთად;

16.9. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა კალკულაცია „მერანის“ ქონებით მისაღები შემოსავლების შესახებ და სხვა დეტალები ქონების დამქირავებლებისა და საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ; ასევე არწმუნებდა მოპასუხეს, რომ უძრავი ქონების საიჯარო ფასი კონკურენტული იყო სხვა პრემიუმ კლასის საოფისე ფართებთან შედარებით და ა.შ.; შესაბამისად, ნათლად იკვეთება მოსარჩელის მიზანი დაერწმუნებინა მოპასუხე „მერანის“ ფართების შეძენის მიზანშეწონილობაში. შედეგად, მოსარჩელემ წარმატებულად გაართვა თავი დასახულ ამოცანას - მოპასუხემ მოიწონა სადავო ქონება. ამ მოცემულობით, მოპასუხე შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ მესამე პირად, ხოლო ქონების ყოფილი მესაკუთრე - დამკვეთად;

16.10. დაუსაბუთებელია სამაკლერო მომსახურებისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, რადგან სასამართლომ არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე დაადგინა მაკლერისათვის გადასახდელი ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო;

16.11. სააპელაციო სასამართლომ მცდარი ინტერპრეტაცია გაუკეთა შესაგებელში მითითებულ ფაქტს და არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მხარეთა დაკავშირება მოხდა მოპასუხის ინიციატივით;

16.12. მცდარია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელესა და შპს „კ.პ–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის მაისში. სასამართლო დადგენილ ფაქტად მიიჩნევს შპს „კ.პ–ის“ მიერ გარკვეული სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობას, რამაც განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა აღნიშნული შეთანხმება. თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს „კ.პ–ის“ მიერ ვალდებულების დარღვევასა და შეთანხმების უვადოდ გაგრძელებას. ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ 2017 წლის მაისში შპს „კ.პ–ს“ უძრავი ნივთების გაყიდვის მიზნით ექსკლუზიური დავალების ხელშეკრულება დადებული ჰქონდა შპს „ვ.ბ.კ–თან“. ამ უკანასკნელი კომპანიის უფლებამოსილების ნამდვილობას სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელე არც სასამართლოში და არც კომერციულ ურთიერთობებში (მოპასუხესთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შესახებ მან აცნობა აღნიშნულ კომპანიას). შესაბამისად, ექსკლუზიური უფლების შესახებ შეთანხმების შეწყვეტის ფაქტი გაცნობიერებული ჰქონდა მოსარჩელესაც.

17. ამდენად, საკასაციო პალატის შემოწმების საგანია, 2017 წლის 9 ივნისს შპს „კ.პ–სა“ და მოპასუხე კომპანიას შორის აქტივების მიწოდების ხელშეკრულება დაიდო თუ არა მოსარჩელე კომპანიის შუამავლობით და, შესაბამისად, სახეზეა თუ არა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ გასამრჯელოს დაკისრების წინაპირობა.

18. პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია [სსკ-ის 744-ე მუხლი].

19. შუამავლობა არის ხელშეკრულება, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. საშუამავლო საქმიანობის ქვეშ იგულისხმება საქმიანობა, რომელიც მიმართულია მესამე პირებთან ხელშეკრულების დადებისაკენ. საშუამავლო საქმიანობა გამოიხატება მაკლერის მიერ მხოლოდ ფაქტობრივი და არა იურიდიული მოქმედებების შესრულებაში. მაკლერის საშუამავლო საქმიანობას შეადგენს შემკვეთის ინტერესებისათვის კონტრაჰენტების მოძიება, შემკვეთის და კონტრაჰენტების დაკავშირება, სარეალიზაციო საქონლით შემკვეთის ან მისი კონტრაჰენტების დაინტერესება. შემკვეთი მოვალეა მაკლერს გასამრჯელო მისცეს იმ საშუამავლო საქმიანობისათვის, რომელიც მაკლერმა გასწია, ამასთან, გასამრჯელო მისცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა. თუ გამიზნული ხელშეკრულება არ დაიდო, ანუ მაკლერის საშუამავლო საქმიანობა წარმატებით არ დასრულდა, მაკლერს არა აქვს უფლება მოითხოვოს გასამრჯელო. თუ ხელშეკრულება დაიდო შემკვეთის მიერ, მაკლერის ხელშეწყობის გარეშე, მაკლერი ასევე მოკლებულია გასამრჯელოს მოთხოვნის უფლებას (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ვალდებულებითი სამართალი, კერძო ნაწილი, ტომი I, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2001, გვ. 441-443).

20. საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (იხ. სუსგ საქმე №ას-522-495-2014; 5 ივნისი, 2015 წელი).

21. საშუამავლო საქმიანობის ობიექტი სავაჭრო და სხვა სამოქალაქო ურთიერთობებში მხარეთა მოძიება და მათი დაახლოებაა, ანუ შუამავლობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ადგილი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა შემკვეთისათვის სასურველ ხელშეკრულებაში (განსხვავებით მაგ: დავალებისაგან, როდესაც მინდობილი პირი თავად დებს გარიგებას მარწმუნებლის სახელით, შეად. სკ-ის 709-ე მუხლი), არამედ ამ ხელშეკრულების მიღმაა, რადგანაც შუამავლის ვალდებულება კონტრაჰენტის მოძიება, შემკვეთთან მისი დაკავშირება და ამ გზით მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1085-1042-2016, 10 მაისი, 2017 წელი).

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია მხარეთა შორის საშუამავლო ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე უსაფუძვლოა.

23. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 მაისს მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოპასუხე კომპანიის დირექტორს ელ. ფოსტით შესთავაზა თანაინვესტორად გახდომის ალტერნატივა, ქონების პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის გზით. იქვე შეატყობინა, რომ თუკი აღნიშნული ქონების შეძენა სურდა სრულად (100%-ით) საკუთარი სახსრებით, ასეთ შემთხვევაში გაანგარიშება შეიცვლებოდა და შესყიდვის ფასი იქნებოდა - 8,4 მლნ აშშ დოლარი + მოსარჩელე კომპანიის დირექტორის ინტერესი [როგორც შევთანხმდით, კონფიდენციალობის პირობით გიგზავნით მიმაგრებულ დამატებით ინფორმაციას ქონების შესახებ. . . . იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს ქონება მხოლოდ თქვენთვის გინდათ, გაანგარიშება შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოთვალოთ შესყიდვის ფასი 8,4 მლნ. აშშ დოლარი + ჩემი ინტერესი] (იხ. წინამდებარე განჩინების 4.8. ქვეპუნქტი);

24. 2017 წლის 04 მაისს ნაწარმოები ელექტრონული მიმოწერით მოპასუხე კომპანიის დირექტორი ეკითხება მოსარჩელე კომპანიის დირექტორს, თუ რა არის მისი მიზანი ამ შუამავლობაში: ,,საშა რა არის თქვენი მიზანი ამ შუამავლობაში? ჩემი ინტერესი მოლაპარაკებადია“ - პასუხობს მოსარჩელე კომპანიის დირექტორი (იხ. წინამდებარე განჩინების 4.9. ქვეპუნქტი).

25. დადგენილია, რომ 2017 წლის 09 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს გაუგზავნა პასუხი -„განზრახულობათა წერილი“, რომლითაც მოპასუხე კომპანიის დირექტორი მოსარჩელე კომპანიის დირექტორს სთავაზობდა 7,3 მილიონ აშშ დოლარს ......./. ...... ქუჩა №31ა-ში მდებარე საოფისე ფართში. ამავე წერილში, მოპასუხე კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების და მოგება/სარგებლის ანაზღაურება უნდა მოხდეს მხარეთა შორის, ცალკე შეთანხმების საფუძველზე და ამასთან, ხაზგასმით ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს აშშ-ის კორპორაციის S.U-ის და მისი ქართული კომპანიის S. ფოთის 100%-იან მფლობელს, S. U-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს და SJS ფოთის დირექტორს და ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ერთადერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირს (იხ. წინამდებარე განჩინების 4.11 ქვეპუნქტი).

26. ამდენად, მხარეთა შორის ნაწარმოები მიმოწერებით დასტურდება შეთანხმება შუამავლობასა და გაწეული შუამავლობის შედეგად მოსარჩელის ანაზღაურების არსებობაზე.

27. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ სადავო უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიიღო მოსარჩელე კომპანიის დირექტორისაგან (იხ. წინამდებარე განჩინების 4.14. ქვეპუნქტი). ამასთან, მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მოპასუხე კომპანიის დირექტორს გაუზიარა და მიაწოდა უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ფინანსური ანალიზი, ობიექტის სხვადასხვა სახის ეფექტური ცვლილებები, სრული საინვესტიციო პროსპექტი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი). აღნიშნულს ადასტურებს საკასაციო საჩივარში თავად კასატორიც. მისივე განმარტებით, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა კალკულაცია „მერანის“ ქონებით მისაღები შემოსავლების შესახებ და სხვა დეტალები ქონების დამქირავებლებისა და საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ; ასევე არწმუნებდა მოპასუხეს, რომ უძრავი ქონების საიჯარო ფასი კონკურენტული იყო სხვა პრემიუმ კლასის საოფისე ფართებთან შედარებით და ა.შ.; შესაბამისად, ნათლად იკვეთება მოსარჩელის მიზანი დაერწმუნებინა მოპასუხე „მერანის“ ფართების შეძენის მიზანშეწონილობაში. შედეგად, მოსარჩელემ წარმატებულად გაართვა თავი დასახულ ამოცანას - მოპასუხემ მოიწონა სადავო ქონება (იხ. წინამდებარე განჩინების 16.9. ქვეპუნქტი).

28. დადგენილია ისიც, რომ შუამავლის - მოსარჩელის მიერ საშუამავლო საქმიანობის გაწევიდან ერთი თვის შემდეგ, დაიდო ძირითადი ხელშეკრულება ქონების მესაკუთრეს - შპს „კ.პ–სა“ და მოპასუხეს შორის (იხ. წინამდებარე განჩინების 4.15. ქვეპუნქტი და მე-8 პუნქტი).

29. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელე მოქმედებდა ქონების მესაკუთრის (გამყიდველის) და არა - მოპასუხე კომპანიის (მყიდველის) დაკვეთით. მართალია, თავდაპირველად მოსარჩელის მიზანს, მოქმედებდა რა „განზრახულობათა წერილის“ საფუძველზე, თანაინვესტორების მოძიება წარმოადგენდა, თუმცა მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე, როდესაც მხარეები განიხილავდნენ მოპასუხის მიერ ქონების სრულად საკუთარი სახსრებით შეძენის საკითხს, ისინი აღმოჩნდნენ საშუამავლო-სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

30. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი [სსკ-ის 8.3. მუხლი]. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას [სსკ-ის 361.2. მუხლი].

31. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის, დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასთან კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ სუბიექტთან (მოსარჩელე კომპანია, წარმომადგენელი მისი დირექტორი) არაკეთილსინდისიერ ქცევას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

34. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება), მთლიანობაში „15“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 433-447).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. უცხოური საწარმოს ფილიალი „S.U.I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S.P.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს უცხოური საწარმოს ფილიალი „S.U.I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S.P.“-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს 2019 წლის 15 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საბუთის ნომერი N1573) - 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორს უცხოური საწარმოს ფილიალს „S.U.I.-ის წარმომადგენლობა საქართველოში S.P.“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება), მთლიანობაში „15“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 433-447);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი