საქმე №ას-693-2020 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.პ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „პ.გ.რ“, შპს „ჰ.დ.კ–ი“, შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პრემიის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.პ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „ჰ.დ.კ–ის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე კომპანია“), შპს „პ.გ.რი–სა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე კომპანია“) და შპს „თ.ჰ.დ.ე.კ–ის“ (შემდგომში - მესამე მოპასუხე კომპანია“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და პრემიის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2015 წლის 15 სექტემბერს, ერთი მხრივ, მეორე მოპასუხე კომპანიასა (დირექტორი ი.ვ–ე) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება N04/2015, რომლის პირველი მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე დანიშნულ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დაქირავებულის ხელფასი შეადგენს თვეში 625 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების 3.3 მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საქმიანობის შედეგების და დაქირავებულის მუშაობის ეფექტურობის საფუძველზე დამქირავებელმა შესაძლოა გასცეს პრემია დაქირავებულის სახელზე;
4.2. მეორე მოპასუხე კომპანიიდან მოსარჩელის სახელფასო ამონაწერით, ასევე კომპანიის დირექტორის რ.ა–ძის ბრძანებებით დგინდება მოსარჩელეზე 87 000 ლარის ოდენობით პრემიების გაცემის ფაქტი. კერძოდ: 06.09.2017წ. ბრძანებით მეორე მოპასუხის კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს მიეცა პრემია საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე 5 000 ლარის ოდენობით; 19.10.2017წ. ბრძანებით მეორე მოპასუხე კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს მიეცა პრემია საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე 5 000 ლარის ოდენობით; 15.12.2017წ. ბრძანებით მეორე მოპასუხე კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს მიეცა პრემია საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე 10 000 ლარის ოდენობით; 05.02.2018წ. ბრძანებით მეორე მოპასუხე კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს მიეცა პრემია საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე 10 000 ლარის ოდენობით; 12.03.2018წ. ბრძანებით მეორე მოპასუხე კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს მიეცა პრემია საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე 7 000 ლარის ოდენობით; 02.04.2018წ. ბრძანებით მეორე მოპასუხე კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს მიეცა პრემია საქართველოში მოქმედი გადასახადების გარეშე 50 000 ლარის ოდენობით;
4.3. მეორე მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 18 ივლისის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ N15 ბრძანებით, მოსარჩელეს შეუწყდა მეორე მოპასუხე კომპანიასთან გაფორმებული 2015 წლის 15 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება. ბრძანებით შესაბამის სამსახურებს დაევალათ საბოლოო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა 7 კალენდარული დღის განმავლობაში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი;
4.4. 2015 წლის 22 სექტემბერს, ერთი მხრივ, მესამე მოპასუხე კომპანიასა (დირექტორი ი.ვ–ე) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N04/2015, რომლის პირველი მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე დანიშნულ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მესამე მოპასუხე კომპანიის 21.12.2017წ. 57/3-17 ბრძანებით კომპანიის ბუღალტერს მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრიდან გაუგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დაქირავებულის ხელფასი შეადგენს თვეში 1 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების 3.3 მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საქმიანობის შედეგების და დაქირავებულის მუშაობის ეფექტურობის საფუძველზე დამქირავებელმა შესაძლოა გასცეს პრემია დაქირავებულის სახელზე;
4.5. მესამე მოპასუხე კომპანიიდან მოსარჩელის სახელფასო ამონაწერით, რომელიც მოიცავს 23.09.2015წ-დან 29.06.2018წ-მდე მონაცემებს, დგინდება, რომ მოსარჩელეს პრემიის სახით არ ჩარიცხვია თანხა. ერთადერთი ჩარიცხვა ფიქსირდება 15.01.2018 წელს, 2 561.60 ლარის ოდენობით, 15.01.2017 ბრძანების საფუძველზე;
4.6. მესამე მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 18 ივლისის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ N27 ბრძანებით, მოსარჩელეს შეუწყდა მესამე მოპასუხე კომპანიასთან გაფორმებული 2015 წლის 22 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება. ბრძანებით შესაბამის სამსახურებს დაევალათ საბოლოო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა 7 კალენდარული დღის განმავლობაში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი;
4.7. 2015 წლის 01 იანვარს, ერთი მხრივ, პირველ მოპასუხე კომპანიასა (დირექტორი პ.ფ–ძე) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება N02/2015, რომლის პირველი მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე დანიშნულ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, დაქირავებულის ხელფასი შეადგენს თვეში 2 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების 3.3 მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საქმიანობის შედეგების და დაქირავებულის მუშაობის ეფექტურობის საფუძველზე დამქირავებელმა შესაძლოა გასცეს პრემია დაქირავებულის სახელზე;
4.8. პირველი მოპასუხე კომპანიიდან მოსარჩელის სახელფასო ამონაწერით, რომელიც მოიცავს 23.01.2015წ-დან 25.06.2018წ-მდე მონაცემებს, დგინდება, რომ მოსარჩელეს პრემიის სახით ერთხელ აქვს ჩარიცხული თანხა, 4 813.40 ლარის ოდენობით, რაც უტოლდება დასაქმებულის ყოველთვიურ ანაზღაურებას.
4.9. 2018 წლის 24 ივლისს მოსარჩელის ადვოკატმა დ.გ–ამ წერილით მიმართა პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორს დ.ტ––ს, რომელშიც ადრესატს აცნობა, რომ იგი წარმოადგენს კომპანიაში დასაქმებული მოსარჩელის ინტერესებს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სამ ერთმანეთთან ასოცირებულ კომპანიაში - მეორე მოპასუხე კომპანიაში, მესამე მოპასუხე კომპანიასა და პირველ მოპასუხე კომპანიაში. აქვე წერილის ავტორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე 2018 წლის 18 ივლისის წერილობითი შეტყობინებებით გათავისუფლებულ იქნა მეორე და მესამე მოპასუხე კომპანიებიდან, ხოლო პირველი მოპასუხე კომპანიიდან აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ზეპირსიტყვიერად, რის გამოც არ ცხადდება სამსახურში. წერილის ადრესატს ეთხოვა, ეცნობებინა მხარისთვის მოსარჩელის, როგორც პირველი მოპასუხე კომპანიის დასაქმებულის, ოფიციალური სტატუსი. პირველი მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დ.ტ––მა 2018 წლის 25 ივლისს გაუგზავნა შეტყობინება (წერილობითი) მოსარჩელეს, რომელშიც ამცნობდა, რომ კომპანიაში მიმდინარეობდა მისი საკითხის განხილვა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 26 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. გზავნილს ერთვოდა ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. პირველი მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 25 ივლისის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ HDC-BR-14 ბრძანებით, მოსარჩელეს 2018 წლის 26 ივლისიდან შეუწყდა პირველ მოპასუხე კომპანიასთან გაფორმებული 2015 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულება. ბრძანებით შესაბამის სამსახურებს დაევალათ საბოლოო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა 7 კალენდარული დღის განმავლობაში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი;
4.10. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ანგარიშსწორება განხორციელდა დადგენილი წესით. აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითა მოპასუხის წარმომადგენელმა, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია;
4.11. 2018 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „Nexia TA“ ბუღალტრულ აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს მესამე მოპასუხე კომპანიას. იგივე კომპანია შპს „N. T.“ ბუღალტრულ აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ასევე მეორე მოპასუხე კომპანიას, 2018 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების, ხოლო პირველ მოპასუხე კომპანიას - 2018 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით, კომპანიებში აღარ არსებობს ბუღალტრის საშტატო ერთეული;
4.12. მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთთან ასოცირებულ და დაკავშირებულ კომპანიებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მეორე მოპასუხე კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით: ........., რეგისტრირებულია 31/10/2014 წელს, იურიდიულ მისამართზე: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ...., (ნაკვეთი ..), სართული 6. კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ დირექტორები - ა.კ–ნი (რუსეთის ფედერაცია) და ა.უ–ა (ესტონეთი). კომპანიის 90% წილის მფლობელია შპს O.S.A. L. (......), ესტონეთი, ხოლო 10% წილის მფლობელი - შპს „პ.ლ.პ“. მესამე მოპასუხე კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით:......., რეგისტრირებულია 02/07/2015 წელს, იურიდიულ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ......., (ნაკვეთი 66/17), სართული 6. კომპანიის მმართველობითი ორგანოებია საერთო კრება და სამეთვალყურეო საბჭო - წევრებით: ა.ლ–ი, ა.ნ–ი, ჯ. ვ–ე, მ.ტ–ვი და ს.ტ–ვი. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - ტ. ი–ვა, ხოლო 100% წილის მესაკუთრე საპაიო ამხანაგობა S.A. (....), ესტონეთი. პირველი მოპასუხე კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით: ......., რეგისტრირებულია 05/07/2011 წელს, იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ........ კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - დ.ტ––ი, ხოლო 100% წილის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება S.H. (.....), ესტონეთი. სააპელაციო პალატის მითითებით, მეორე და მესამე მოპასუხე კომპანიების ნაწილში საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა თავად ამონაწერებში მითითებულ პარტნიორებზე, საიდანაც დგინდება, რომ მეორე მოპასუხე კომპანიის 90% წილის და მესამე მოპასუხე კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ორივე შემთხვევაში არის....... საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული ესტონური კომპანია S.A. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს ხსენებული ორი კომპანიის ურთიერთკავშირს. მათ ნაწილში არც მხარეთა შორის არის სადავო ეს გარემოება. რაც შეეხება პირველ მოპასუხე კომპანიას, აღნიშნული კომპანიაც რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ზემოხსენებული მოპასუხეები და ამასთან, ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე კომპანიაც კავშირშია მეორე და მესამე მოპასუხე კომპანიებთან, თავად მოდავე მხარეთა განმარტებებითაც დგინდება. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეთა წარმომადგენელი ცალსახად განმარტავდა, რომ სამივე მოპასუხე კომპანია არის ურთიერთდაკავშირებული. აღნიშნულს მიუთითებდა მოსარჩელეც წარდგენილ სარჩელებსა და დაზუსტებულ სარჩელში. უფრო მეტიც, შეტყობინებაში (ს. ფ. 26, ტ. 2), რომლითაც მისმა წარმომადგენელმა მიმართა პირველ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის, ოფიციალური სტატუსის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირდაპირ წერია, რომ „ე.პ–ძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სამ ერთმანეთთან ასოცირებულ კომპანიაში“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთთან აფილირებულ კომპანიებს;
4.13. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიების ბუღალტრის თანამდებობებიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი გახდა არა მის მიერ კომპიუტერთან დაკავშირებული ინციდენტი (ამ საკითხთან დაკავშირებული გასაუბრების ოქმი, ს.ფ. 76-77, ტ.1) ან/და 50 000 აშშ დოლარის ოდენობით პრემიის ჩარიცხვაზე მოთხოვნის დაყენება, არამედ - მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის სახელზე პრემიების უნებართვო ჩარიცხვასა და შემდგომ ამ თანხების იმ დროს მოქმედი დირექტორისთვის გადაცემაში. როგორც მოპასუხე განმარტავდა, რ.ა–ძის და მოსარჩელის აღნიშნული ქმედება იყო უკანონო და არ შეესაბამებოდა მოპასუხე კომპანიების დამფუძნებელთა ნებას, რასაც, მისი მითითებით, ისიც ადასტურებს, რომ ბრძანებები ოფიციალურად არ არის გატარებული კომპანიის შესაბამის „გამავალ ფოსტაში“. მოწმე ა.კ–ნიც განმარტავდა მის მიერ მიცემულ ჩვენებაში, რომ ე.წ გამავალ ფოსტაში ხდებოდა მდივნის მიერ ყველა ბრძანების გატარება, რომელთა შორის არ არის სადავო პრემიების გამოწერის თაობაზე ბრძანებები შეყვანილი;
4.14. მოსარჩელის სახელზე პრემიები - სულ 87 000 ლარი ჩარიცხულია კომპანიის დამფუძნებლის ნების გარეშე. საქმეში წარმოდგენილ ელექტრონულ წერილში, რომელსაც მოსარჩელე უგზავნის მ.ტ–ს, მოსარჩელე უთითებს, რომ ყველა თანხა, გარდა 50 000 ლარისა, რომელიც ჩარიცხულია მის სახელზე, მან დაუბრუნა რ–ს. ამასთან, მისივე განმარტებით, ერთხელ ეს თანხები მესამე პირის ანგარიშზე ჩაირიცხა, იმიტომ რომ ეს იყო კომპანიის ინტერესებში. აქვე იკითხება, რომ თანხები, რომლებიც მან ჩარიცხა რ–ის სახელზე, 60 000 ევროს გარდა, ასევე ჩაირიცხა კომპანიის ინტერესებში (ტ. 1, ს. ფ. 74). აღნიშნული წერილის ავთენტურობა და სიყალბე მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა, მისი მხრიდან ვერ იქნა კანონით დადგენილი წესით წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა წერილის ნამდვილობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმიდან ამოღების თაობაზე და მართებულად განმარტა, რომ დოკუმენტის სიყალბეზე და ავთენტურობაზე არსებობს შედავების კანონით დადგენილი წესი, პროცედურა და ეტაპი, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა დაცული. ამასთან, ელექტრონული ფოსტის მისამართის მოსარჩელისადმი კუთვნილება, საიდანაც გაგზავნილია წერილი (eka@skinest,ge), არ არის სადავო. სწორედ ამ მისამართიდან გაეგზავნა მ.ტ–ს მოსარჩელის წერილი (ს.ფ. 92-93, ტ. 2), სადაც იგი ითხოვდა 50 000 ევროს ოდენობით პრემიის ჩარიცხვას. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ მოსარჩელის მიერ არ გაგზავნილა ზემოხსენებული წერილი, დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული წერილი არის ის მტკიცებულება, რაც უქმნის სასამართლოს დასაბუთებულ ვარაუდს გაიზიაროს მოპასუხე კომპანიათა შედავება თანხების რ.ა–ძისთვის გადაცემის ნაწილში. მოსარჩელემ სადავო ელექტრონული მიმოწერა და ზოგადად მასში მითითებული ფაქტი სადავოდ გახადა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტი ერთვოდა მოპასუხის შესაგებელს. ამასთან, ბუნდოვანია კომპანიის დამფუძნებლის ნება რ.ა–ძესა და მოსარჩელეზე ამ ოდენობით თანხების ბონუსად გაცემის ნაწილში, რასაც ამყარებს კომპანიების მიდგომა სხვა დანარჩენ შემთხვევებში. კერძოდ, როგორც სახელფასო ამონაწერებიდან ირკვევა, მოსარჩელეს პრემიები ერიცხებოდა მხოლოდ მეორე მოპასუხე კომპანიიდან, მაშინ, როდესაც სამივე მოპასუხე კომპანიის ურთიერთკავშირი დადგენილია. ამასთან, მოსარჩელე აპელირებდა სხვა პირებზე, მაგალითად, მებაღეზე და განმარტავდა, რომ მათზეც გაიცემოდა დიდი ოდენობით თანხები პრემიების სახით. მართალია, მას ეს გარემოება დაუდასტურა მოწმედ დაკითხულმა ელენე კოშაძემ, რომელიც იყო ბუღალტრის - მოსარჩელის დამხმარე, მაგრამ სხვა სარწმუნო მტკიცებულება საქმეში არ არის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ალოგიკურია ერთსა და იმავე ხელმძღვანელებს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა ჰქონოდათ ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით. თუ მათი ნება იყო თანამშრომლებზე გაეცათ კოლოსალური ოდენობით პრემიები, ისმის კითხვა, რატომ ხორციელდებოდა ეს მხოლოდ ერთი კომპანიიდან. ერთი ხელმძღვანელობის პირობებში, მესამე მოპასუხე კომპანიისგან მოსარჩელეზე პრემია არ გამოწერილა. ამ გარემოებების საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე პრემიების გაცემა არ შეესაბამებოდა დამფუძნებელთა ნებას, მით უფრო, რომ მას არც მიუღია ეს თანხები და გადასცემდა რ.ა–ძეს. კომპანიის ხელმძღვანელობის ნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ა.კ–ნის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ, როგორც კი პრემიების ჩარიცხვა იქნა აღმოჩენილი მის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე, დაიწყო მოკვლევა ამ საკითხის გარშემო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მოსარჩელეზე პრემიების უნებართვოდ ჩარიცხვა და შემდგომ მათი რ.ა–ძისთვის გადაცემა მიიჩნია დადგენილ ფაქტად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ შეძლო დაედასტურებინა მისი მტკიცების საგანში შემავალი და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რაც მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერი საფუძველი გახდა;
4.15. არ დგინდება მეორე მოპასუხე კომპანიისგან მოსარჩელეზე 50 000 აშშ დოლარის ოდენობით პრემიის გაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობა. პალატის მითითებით, მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მეორე მოპასუხე კომპანიისათვის 50 000 აშშ დოლარის, როგორც მიუღებელი პრემიის, დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებს მის უფლებაზე, მიეღო პრემია კომპანიისგან „უამრავი მიზეზით დამსახურების“ გამო, თუმცა, საქმეში წარდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც ვალდებულს გახდიდა კომპანიას გადაეხადა დასაქმებულისთვის ამ ოდენობის პრემია. შრომითი ხელშეკრულების 3.3 მუხლით პრემიის გაცემის შესაძლებლობა შეთანხმებულია, მაგრამ მასში საუბარი არის არა რაიმე სახის ვალდებულებაზე, არამედ - შესაძლებლობაზე. ამასთან, მართალია, მოსარჩელე საუბრობდა მ.ტ–ის მხრიდან დაპირებებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ წარდგენილ ელექტრონულ ფოსტაში იგი მხოლოდ საკითხის დაყენებას ჰპირდება აქციონერებთან.
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე უნებართვოდ ჩარიცხული პრემიების გადაცემას იმ დროს დასაქმებული დირექტორისთვის. სასამართლოს მოსაზრებით, ერთი მხრივ, პრემიის ჩარიცხვა არ წარმოადგენს დარღვევას, როცა ის არის დამსაქმებლის ნამდვილი ნება. მიმდინარე დავაში კომპანიის დამფუძნებლების ნება არ გამოიკვეთა, მით უფრო, რომ შემდეგ, სხვა მიმართულება მიეცა თანხებს. კომპანიიდან პრემიის სახით თანხების ჩარიცხვა დასაქმებულის ანგარიშზე დირექტორის მიერ, რომელიც შემდეგ ამ თანხებს ისევ დირექტორს გადასცემს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს არაკანონიერ ტრანზაქციას და მეტყველებს დასაქმებულის არაკეთილსინდისიერებაზე კომპანიის წინაშე, რაც გონივრული განსჯის შედეგად ნამდვილად ქმნის მისი ქმედების უხეშ დარღვევად აღქმის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია მოპასუხე კომპანიების ურთიერთკავშირი და ამის ფონზე, როდესაც დასაქმებული უხეშ გადაცდომას სჩადის ერთ-ერთ მათგანში, ბუნებრივია, რომ დამსაქმებლის ნდობის დაკარგვას იწვევს, რაც შეუძლებელს ხდის მომავალი შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. არასწორია მოპასუხე კომპანიების ასოცირებულ კომპანიებად მიჩნევა და ამის საფუძველზე ფაქტიურად სამი შრომითი დავის ერთ დავად გადაწყვეტა. სასამართლომ ერთ დავაში მოცემული შრომითი ურთიერთობის მოშლის მიზეზი ავტომატურად გაავრცელა დანარჩენ ორზეც. სამივე კომპანია არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომლებსაც ჰყავთ სხვადასხვა დამფუძნებლები;
11.2. მოსარჩელისთვის პრემიის სახით თანხის გაცემა ვერ შეფასდება მის მიერ ვალდებულების უხეშ დარღვევად, რადგან თანხის გაცემა კომპანიიდან ხდებოდა უშუალოდ დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რომელიც განიხილება კომპანიის ფინანსების ჯეროვან გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირად;
11.3. საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი 2018 წლის 28 მაისის ელექტრონული წერილი ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნებს. წერილი წარდგენილია გაურკვეველი დედნის ე.წ. „ქსეროასლის“ სახით და მისი ხარისხი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვევით და გასაგებად იქნას ამოკითხული მასში მოცემული ინფორმაცია. ასევე ზემოაღნიშნული წერილი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ცალსახად დადგინდეს მისი წარმომავლობა.
12. საკასაციო პალატა მოპასუხე კომპანიების ასოცირებულ კომპანიებად მიჩნევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, მეორე მოპასუხე კომპანიის 90% წილისა და მესამე მოპასუხე კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ორივე შემთხვევაში არის....... საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული ესტონური კომპანია „S.A.“ (იხ. ტ. I, ს. ფ. 29, 30, ტ. III, ს.ფ. 28-30). რაც შეეხება პირველ მოპასუხე კომპანიას, აღნიშნული კომპანიაც რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც - მეორე და მესამე მოპასუხე კომპანიები და მისი 100% წილის მესაკუთრე არის ასევე ესტონური კომპანია „S.H.”(იხ. ტ. II, ს. ფ. 32-34). მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ ერთი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ, ერთმანეთთან ასოცირებულ კომპანიებს (იხ. შესაგებლები, ტ. I, ს. ფ. 56, ტ. II, ს. ფ. 59, ტ. III, ს. ფ. 57). ამასთან, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა თავად მოსარჩელეც მის მიერ წარმოდგენილ სარჩელში: „დასაქმებული ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ერთმანეთთან ასოცირებულ სამ კომპანიაში, შესაბამისად, უწევდა ერთსა და იმავე ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა“ (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ. III, ს. ფ. 122). გამომდინარე აქედან, კასატორის პრეტენზია მოპასუხე კომპანიების ერთმანეთთან ასოცირებულ და დაკავშირებულ კომპანიებად არასწორად დადგენის თაობაზე უსაფუძვლოა.
13. რაც შეეხება კასატორის იმ შედავებას, რომ უშუალოდ დირექტორის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელისთვის პრემიის სახით თანხის გაცემა არ წარმოადგენს ვალდებულების უხეშ დარღვევას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მოსარჩელის სასარგებლოდ მეორე მოპასუხე კომპანიისგან პრემიის სახით 87000 ლარის უნებართვოდ ჩარიცხვასა და შემდეგ ამ თანხების იმ დროს კომპანიის დირექტორისთვის გადაცემაში. განსახილველ შრომით დავაში ერთ-ერთი არსებითი საკითხია სწორედ ის, რომ დირექტორის მიერ დასაქმებულის ანგარიშზე პრემიის სახით თანხების ჩარიცხვის შემდეგ ეს უკანასკნელი ამ თანხებს ისევ დირექტორს გადასცემდა, რაც მართებულად ჩათვალა სააპელაციო პალატამ არაკანონიერ ტრანზაქციად და, რაც მეტყველებდა დასაქმებულის არაკეთილსინდისიერებაზე კომპანიის წინაშე.
14. საკასაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედება დამსაქმებელს მის მიმართ ნდობას უკარგავს. მისი თანამდებობრივი პოზიციის გათვალისწინებით, შესაფასებელი ქმედება ისეთ დარღვევას არ წარმოადგენს, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, იმგვარად გამოსწორდეს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი არ დაეკარგოს. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება მართებულად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
16. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის 70% – 630 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.პ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ე.პ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 (ცხრაასი) ლარის 70% – 630 (ექვსას ოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი