საქმე №ას-1147-2019 24 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე _ ი.ბ–ის უფლებამონაცვლე მ.ხ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები _ ზ.ა–ი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ბ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ყადაღისაგან გათავისუფლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 318 I, სანომრე ნიშნით ......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ....... და მოსარჩელე ცნობილი იქნას ავტომანქანის მესაკუთრედ.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ (წარმომადგენელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო) (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელის მითითებით, სადავო ავტომანქანა 1998 წლის 22 აპრილს, ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინა ზ.ა–ისაგან (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“), რომელმაც ნამდვილი უფლების საფუძველზე, 3500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, პირდაპირ მფლობელობაში გადასცა ავტომანქანა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მოსარჩელის მითითებით, ავტომანქანა დღემდე არ აღურიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მის სახელზე;
4.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია: 01/09-09-04255 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 05.12.2008 წლის N1/3659 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თავდაპირველ მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; A12001801 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.12.2011 წლის N1/5849-11 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თავდაპირველ მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; A16061964 სააღსრულებო საქმე, საპატრულო პოლიციის მიერ 15.06.2016 წელს გაცემული ეი170874 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, თავდაპირველ მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა და/ან საურავის სახით 1 000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4.3. მითითებული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 27 ივლისს, 2013 წლის 01 მაისს და 2016 წლის 29 ივლისს ყადაღა დაედო და დაკავებაზე გადაეცა მოვალის - თავდაპირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა BMW 318 I, სახ. ნომრით ...... (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-31);
4.4. საქმის მასალებში წარმოდგენილია 1998 წლის 22 აპრილს თავდაპირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა, განკარგვის უფლებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - BMW 318 I, სანომრე ნიშნით ......., ძრავა - 8661.., შასი N410108661.. (ს.ფ. 18-19).
5. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია სადავო ავტომანქანაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და აღნიშნა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა მოსარჩელის მიერ ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ფლობის ფაქტზე, ავტომანქანასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე - საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული ცნობა, საშვი, მინდობილობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, რაიმე მტკიცებულება ან დასაბუთებული არგუმენტი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1. მუხლით და 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავდაპირველი მოპასუხის საგადასახადო დავალიანებასთან მიმართებაში, რომლის აღსრულების მიზნითაც მოხდა ქონების დაყადაღება, წარმოადგენს მესამე პირს, რის გამოც, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ვერ განხორციელდება მისი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე - მ.ხ–ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, აღმასრულებელმა კანონის სრული დაცვით განახორციელა სააღსრულებო მოქმედებები.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 477.1. [ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი], 186-ე [მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში] მუხლები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები [თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს].
15. საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ საქმე №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი).
16. განსახილველ საქმეში სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია სადავო ავტომანქანაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და ამ მხრივ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე შედავება.
17. გამომდინარე იქედან, რომ სადავო ავტომანქანა მოსარჩელის საკუთრებაა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად), მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის - წარმომადგენელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე