საქმე №ას-1620-2018 11 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ....“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.თ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „გ....“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით - 11600 ლარის ოდენობით, აგრეთვე - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს სხვაობის - 11000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქ. თბილისში, ....... მდებარე 34 კვ.მ. სარდაფის მესაკუთრე არის მოსარჩელე (საკადასტრო კოდი: .......), ამავდროულად, ხსენებული სარდაფი კომერციული დანიშნულების ფართს წარმოადგენს;
4.2. ქ. თბილისის მერიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ, მომიჯნავედ ...... ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 39.82 კვ.მ-ზე დადგინდა სერვიტუტის უფლება;
4.3. ქ. თბილისში, .........N3ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის აუქციონის გზით შეძენის შედეგად მესაკუთრე არის მოპასუხე კომპანია (საკადასტრო კოდი: ......). დასახელებული მიწის ნაკვეთის 39.82 კვ.მ. ფართზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება, რომელიც რეგისტრირებულია 2009 წლის 13 მარტს;
4.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ქ. თბილისი, N...... საკადასტრო ერთეულზე, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სავაჭრო საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა;
4.5. მოპასუხემ 2014 წლის 22 ივლისიდან ქ. თბილისში, ........ ქუჩების გადაკვეთაზე (საკადასტრო კოდი: ......) დაიწყო მშენებლობა, რის გამოც შემოღობა ფართი, რომელზეც ვრცელდებოდა სერვიტუტის უფლება. მითითებულ მისამართზე მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 5 იანვრის ბრძანებით, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში;
4.6. მოსარჩელეს ქ. თბილისში, ..... N2-ში მდებარე 34 კვ.მ. სარდაფი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე (ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 31 დეკემბრამდე) 2014 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის ივლისამდე იჯარით ჰქონდა გაცემული;
4.7. 2015 წლის 18 დეკემბრის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ დასკვნით, ქ. თბილისში, ...... N2-ზე მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული კომერციული ფართის (34 კვ.მ.) საბაზრო და საიჯარო ღირებულება შეადგენდა 26000 აშშ დოლარს; იჯარის საბაზრო ღირებულება კი - 340 აშშ დოლარს. იმავე ქონების საბაზრო და საიჯარო ღირებულებამ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ანუ მომიჯნავე შენობის აშენების შემდეგ შეადგინა 15 000 აშშ დოლარი; იჯარის საბაზრო ღირებულებამ კი - 230 აშშ დოლარი;
4.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 ივლისის დასკვნით, მოსარჩელის პირად საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი შენობის ნაწილის მზიდი კედლის დეფორმაცია, მასზე ბზარების განთავსება, ბზარების გახსნილობა და მიმართულება დამახასიათებელია სიტუაციისთვის, როცა არსებულ სახლთან მომიჯნავედ მიმდინარეობს მშენებარე სახლის ქვაბულის გათხრა ფერდის დაცვის გარეშე. მზიდი კედლების ტექნიკური მდგომარეობა ამჟამად არ იწვევს ნგრევის საშიშროებას, მაგრამ დაზიანებული კედელი გამაგრებული უნდა იქნას არსებული სტანდარტული მეთოდებით, რადგან ამჟამად ის დაუცველია სეისმური ძალოვანი ზემოქმედებისგან. კომერციული ფართის შენობასთან მისასვლელი კიბე მოსაწყობია, რადგან მანძილი ჯიხურის იატაკის ნიშნულსა და გრუნტის ზედაპირის შორის, დაახლოებით 50-60 სანტიმეტრი, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და მას, გარდა სერვიტუტის ფართისა, სხვა ალტერნატიული შესასვლელი გზა არ გააჩნია.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მშენებლობის დროს შემოსაზღვრა მიწის ის მონაკვეთი, რომელზეც ვრცელდებოდა მოსარჩელის სერვიტუტის უფლება, რის გამოც ამ უკანასკნელს მოესპო შესაძლებლობა ესარგებლა ჩ.... ქუჩიდან არსებული შესასვლელით. მოსარჩელის ეს უფლება შედავებული არ არის სააპელაციო წესით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილ იქნა ისიც, რომ მოპასუხის მიერ თაღოვანი შესასვლელის წინამდებარე ტერიტორიაზე არ იყო მოწყობილი დროებითი შესასვლელი გადახურვით, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სერვიტუტით დატვირთულ შენობა-ნაგებობასთან მუდმივი ან/და დროებითი მისასვლელის მოწყობის ვალდებულება, რითაც მოსარჩელეს შეეზღუდა მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის გამოყენება, რამდენადაც კომერციულ ფართში მოსახვედრად სხვა ალტერნატიული შესასვლელი არ არსებობს.
6. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ მოპასუხემ მშენებლობით შეზღუდა მოსარჩელის სასარგებლოდ დადგენილი სერვიტუტის უფლება, რის გამოც მან ვერ შესძლო ესარგებლა მისი ფართით.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 247.1., 248-ე, 252-ე მუხლებით, ასევე 992-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. ქმედების მართლზომიერების დადასტურების მოვალეობა მის განმახორციელებელ სუბიექტს აკისრია. სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა თაღოვანი შესასვლელის წინამდებარე ტერიტორიაზე დროებითი შესასვლელის გადახურვით მოწყობა (მშენებლობის პერიოდში), რაც მან არ განახორციელა და აღნიშნული ქმედებით დარღვეულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი სერვიტუტის უფლება, მეტიც - აღნიშნული ქმედების შედეგად პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 22 მაისის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ........ ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მშენებლობით შეზღუდულია მშენებლობის უკან მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, სერვიტუტით დატვირთული კომერციული ფართით სარგებლობა, ამავდროულად, 2015 წლის 18 დეკემბრის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის, შპს „ვ–ის“ დასკვნით, ქ. თბილისში, ბ–ის ქ. N2-ზე მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული კომერციული ფართის (34 კვ.მ) საბაზრო და საიჯარო ღირებულებამ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მომიჯნავე შენობის აშენებამდე შეადგინა: ქონების საბაზრო ღირებულება 26000 აშშ დოლარი; იჯარის საბაზრო ღირებულება 340 აშშ დოლარი. იმავე ქონების საბაზრო და საიჯარო ღირებულებამ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მომიჯნავე შენობის აშენების შემდეგ შეადგინა 15 000 აშშ დოლარი; იჯარის საბაზრო ღირებულებამ კი 230 აშშ დოლარი.
9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხისთვის მოცემული სხვაობის დასაკისრებლად, მშენებლობის ფაქტი საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა, რადგან სახეზე არ იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, კერძოდ, განხორცილებული მშენებლობა უნდა ყოფილიყო უკანონო. პალატამ განმარტა, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე საერთოდ დაუშვებელია მშენებლობა, ხოლო ნებართვის არსებობა არ გამორიცხავს წარმოებული მშენებლობის დროს სხვისი ქონების დაზიანების ფაქტს, რაც დაკავშირებულია დელიქტური ვალდებულებების წარმოშობასთან და, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაშიც. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ მშენებლობის პერიოდში არ დაიცვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-11 და 84-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გულისხმობდა სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ მოწესრიგებისა და მშენებლობის უსაფრთხოების უგულებელყოფას მშენებლობის პროცესში. ასევე, ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ მოხდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება და, შესაბამისად, მისი ღირებულების გაუფასურება. იმავე ექსპერტის დასკვნით, ზიანი გამოწვეულია მოპასუხის მიერ მშენებლობის არასწორად განხორციელების, კერძოდ, ფერდის დაცვის გარეშე ქვაბულის გათხრის გამო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას შორის. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ წარმოებული მშენებლობით შემცირდა მისი ქონების ღირებულება, რაც შეადგენს მშენებლობამდე და მშენებლობის შემდეგ არსებულ შენობის ფასებს შორის სხვაობას (26 000 აშშ დოლარს - 25 000 აშშ დოლარი = 11 000 აშშ დოლარს).
10. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე განკარგავდა ბ–ისა და ჩ. ქუჩების კვეთაზე არსებულ და მის საკუთრებაში რიცხულ 39.82 კვ.მ. კომერციულ ფართს, კერძოდ - გაცემული ჰქონდა იგი იჯარით თვეში 400 ლარად, ხოლო მოპასუხის მიერ 2014 წლის 22 ივლისს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და მოსარჩელის სერვიტუტის უფლების უგულებელყოფის შედეგად, მოსარჩელეს მოესპო კომერციული ფართის განკარგვის შესაძლებლობა.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408.1., 411-ე, 412-ე მუხლებით და განმარტა, რომ პრეზუმირებული ზიანის არსებობა/არარსებობის დადგენის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს კრედიტორ სუბიექტს და მისი საქმიანობის ფარგლებს.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე კომერციულ ფართს ყოველთვის მხოლოდ კონკრეტული კომერციული საქმიანობისთვის იყენებდა, გაცემული ჰქონდა იგი იჯარით და აღნიშნული წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს. ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მოესპო მისი ფართის გამოყენების საშუალება, საქმის მასალებით დადგენილია. ამ თვალსაზრისით პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირება იმის თაობაზე, რომ მან თვითონაც შეუწყო ხელი ამ გარემოებას, რადგან არ მოაწყო კიბის საფეხური. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელე მშენებლობამდე სურვილისამებრ იყენებდა მოცემულ ფართს და ამ კუთხით მას პრობლემა არ შექმნია. ეს პრობლემა წარმოიშვა მხოლოდ მშენებლობის შემდეგ. წარმოებული მშენებლობის დროს კი, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ამ ფართამდე მისვლაც კი, კიბის ქონა-არქონას არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა ფართის გაქირავებაზე.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების 11600 ლარის დაკისრების ნაწილშიც დასაბუთებული იყო.
14. 2018 წლის 24 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ასევე დამატებით გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. 2020 წლის 11 ნოემბერს მოპასუხის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განხილვის, აგრეთვე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი ცნობილ უნდა იქნას დაუშვებლად.
19. კასატორის წარმომადგენელმა საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია მოსარჩელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის №3ბ/1637-19 განჩინების გაუქმების მოთხოვნით. მისი განმარტებით, დასახელებული ადმინისტრაციული საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული მოცემულ სამოქალაქო საქმესთან, რადგან ადმინისტრაციულ დავაში დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია მშენებლობას აწარმოებდა კანონის სრული დაცვით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო საქმეზე დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კასატორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ვინაიდან სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა [სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით]. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-857-857-2018, 25 ივლისი, 2018 წელი).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დავა ეხება მშენებლობის ნებართვის ბათილობის საკითხს, ხოლო განსახილველ სამოქალაქო დავაში მოსარჩელე ითხოვს მშენებლობის პროცესში მის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ხელშეშლისთვის მიუღებელ შემოსავალს და ასევე ფართის ღირებულების შემცირების გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად არ აფერხებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული საქმის გადაწყვეტა. შესაბამისად, კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
23. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
25. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს სერვიტუტის უფლება მოსარჩელის სასარგებლოდ. სსკ-ის 247-ე მუხლი ცალსახად ითვალისწინებს სერვიტუტის უფლების საჯარო რეესტრში უძრავი ნივთებისათვის დადგენილი წესით რეგისტრაციას, რას მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. თავის დროზე არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა ჩუღურეთის რაიონში, ....... ქუჩების გადაკვეთაზე, №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე ჯერ 2008 წლის 12 ნოემბერს, ხოლო შემდგომ 2009 წლის 02 მარტს მოამზადა წითელი ხაზები და სერვიტუტის ოდენობა 2008 წლის 12 ნოემბერს განსაზღვრა 39.82 კვ.მ.-ით, ხოლო შემდგომ 2009 წლის 02 მარტს - 40.84 კვ.მ.-ით. სერვიტუტი არ ფიქსირდებოდა არც აუქციონის გამოცხადების დროს, არც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისას და არც საჯარო რეესტრის ამონაწერში. იგი მოგვიანებით, თითქმის 2 წლის შემდეგ დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის სამსახურში სერვიტუტის თაობაზე ჩანაწერი რეგისტრირებულ იქნა 2011 წლის 09 მარტს განაცხადის რეგისტრაციის ნომრით №882011095852, რითაც ვინმე მ.თ–ძემ მოითხოვა ტექნიკური ხარვეზის გასწორება და საჯარო რეესტრის სამსახურმაც ისე დაარეგისტრირა სერვიტუტი 39,82 კვ.მ. ფართზე, რომ არ იცის, ვინ არის სერვიტუტის უფლების მქონე პირი და რატომ არის მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული. ამასთან, სართულებრივი გეგმიდან ირკვევა, რომ სარდაფის ფართს ჩ..... ქუჩის მხარეს არ გააჩნდა ღიობი. ის კედელი, სადაც უკანონო ღიობია გამოჭრილი, წარმოადგენს მზიდ კედელს. მოსარჩელე კი ითხოვს, რომ სარდაფი მოცემული უკანონო კარის ღიობის ხარჯზე აქციოს კომერციულ ფართად. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ სარდაფი კომერციული ფართი იყო.
26. საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სსკ-ის 247.1. მუხლის მოთხოვნები [მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები] და სერვიტუტი რეგისტრირებულია უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესების მიხედვით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №......) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 11.02.2016) გრაფაში „ვალდებულება“ აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე ფართით 39,82 კვ.მ. ვრცელდება სერვიტუტის უფლება; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 13/03/2009; ნომერი 88200837..; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: წერილი, №06-8/10989, გაფორმების თარიღი: 18/12/2008, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური, მიწის ნაკვეთის გეგმა, გაფორმების თარიღი: 05/03/2009, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური (იხ. ტ. I, ს.ფ. 34-36).
27. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გაგოშიძის 2015 წლის 16 იანვრის №08/168-8 წერილის თანახმად, მოქალაქე თ.თ–ძის საკუთრებაში არსებულ ფართს (საკადასტრო კოდი .........) ემიჯნება მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ......), რომელიც დატვირთულია სერვიტუტით, მომიჯნავე შენობის ფასადზე არსებული კარის ღიობის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოქალაქე თ.თ–ძეს გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებულ ფართთან მისასვლელად (იხ. ტ. I, ს.ფ. 30).
28. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების და საინვესტიციო განყოფილების უფროსის - ე. ც–ძის წერილის თანახმად, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 04.11.2008წ. №12/5537 მომართვისა და თანდართული ტოპოგეოდეზიური ნახაზის საფუძველზე, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 12.11.2008წ. ჩუღურეთის რაიონში, ........ ქუჩების გადაკვეთაზე მომზადებული იქნა მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა ფართობით 208 კვ.მ., რომელზეც 39,82 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაიტვირთა სერვიტუტით (იხ. ტ. I, ს.ფ. 31).
29. ამასთან, საქმეში არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 08 მაისის №864 განკარგულებით მოსარჩელის და სხვათა 2013 წლის 25 მარტის №12/30350-7 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე სავაჭრო-საოფისე შენობის განთავსება ხდება ისე, რომ ადგილი არა აქვს სერვიტუტით დატვირთული ტერიტორიის ათვისებას, კერძოდ - აღნიშნული ტერიტორია რჩება ღია, კეთდება მხოლოდ თაღი, რომლის საშუალებითაც საჩივრის ავტორს შეეძლო ესარგებლა (იხ. ტ. I, ს.ფ. 181).
30. ამდენად, არქიტექტურული პროექტი სწორედ სერვიტუტის გამო ითვალისწინებდა თაღის გაკეთებას, რაც გამორიცხავს კასატორის მითითებას, რომ არ იცოდა სერვიტუტის არსებობის თაობაზე.
31. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სარდაფი არ წარმოადგენს კომერციულ ფართს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №..........) ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, მის საკუთრებაშია კომერციული ფართი, სარდაფსართული 34.00 კვ.მ. (იხ. ტ. I, ს.ფ. 22).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
33. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2045.20 ლარის 70% – 1431.64 ლარი.
35. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1 მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1 მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2014 წლის 6 ოქტომბრის წერილი; 2020 წლის 22 ივნისის განცხადება; 2020 წლის 26 ივნისის განცხადება; ექსპერტიზის დასკვნა №003327718; ექსპერტიზის დასკვნა №004236914; 1 CD დისკი), მთლიანობაში „29“ ფურცლად + 1 CD დისკი (ტომი 2, ს.ფ. 205-234).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ....“-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №3ბ/1637-19 განჩინების გაუქმების შესახებ საკასაციო საჩივრის განხილვამდე, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „გ....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. შპს „გ....“-ს (ს/კ: ....) დაუბრუნდეს დ.დ–ის (პ/ნ: ......) მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2045.20 (ორი ათას ორმოცდახუთი ლარი და ოცი თეთრი) ლარის 70% – 1431.64 (ათას ოთხას ოცდათერთმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. შპს „გ....“-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2014 წლის 6 ოქტომბრის წერილი; 2020 წლის 22 ივნისის განცხადება; 2020 წლის 26 ივნისის განცხადება; ექსპერტიზის დასკვნა №003327718; ექსპერტიზის დასკვნა №004236914; 1 CD დისკი), მთლიანობაში „29“ ფურცლად + 1 CD დისკი (ტომი 2, ს.ფ. 205-234);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი