საქმე №ას-1013-2020 23 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.ჭ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მოსარჩელესა და მ.გ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) შორის სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 8 იანვარს №68153000019 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 8 იანვრიდან და ჰყავთ ერთი შვილი, 2016 წლის 27 სექტემბერს დაბადებული ე. ჭ–ი;
4.2. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე იმყოფება საბერძნეთში;
4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით, მხარეებს განესაზღვრათ შერიგების ვადა, 2019 წლის 01 დეკემბრამდე, რასაც შედეგი არ მოჰყოლია;
4.4. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მხარი არ დაუჭირა ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტას.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, სსკ-ის 1106-ე და 1127-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს შესარიგებლად განუსაზღვრა 4,5 თვე, რაც გონივრულია. პალატის მითითებით, სასამართლოს მოქმედება სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 1127-ე მუხლის მოთხოვნებიდან და მისი მხრიდან მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
6. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული შერიგების ვადის დაწესებიდან (10.07.2019წ) სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებამდე (05.08.2020წ.) გასულია ერთ წელზე მეტი დრო, თუმცა ამ პერიოდის მიუხედავად, მხარეთა შორის ოჯახური ცხოვრების აღდგენა არ მომხდარა, ამასთან, მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე წინააღმდეგია შერიგებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოსარჩელის პირადი უფლებების ხელყოფას, რაც დაუშვებელია.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო საჩივარში ასევე მან იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის ისევ უნდა მიეცა შესარიგებელი ვადა, რადგანაც მოპასუხის სურვილია ოჯახის შენარჩუნება და შვილის ოჯახურ გარემოში გაზრდა.
14. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას [საქართველოს კონსტიტუციის 30.1. მუხლი]. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი].
15. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (იხ. სუსგ საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (იხ. სუსგ საქმე №ას-1753-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
16. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი [სსკ-ის 1106-ე მუხლი]. ქორწინება წყდება განქორწინებით [სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი]. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა [სსკ-ის 1123.1. მუხლი]. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს [სსკ-ის 1127.2. მუხლი]. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა [სსკ-ის 1127.3. მუხლი].
17. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ საქმე №ას-813-2019, 14 თებერვალი, 2020 წელი; სუსგ საქმე №ას-70-70-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს შესარიგებლად განუსაზღვრა 4,5 თვე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული შერიგების ვადის დაწესებიდან (10.07.2019წ) სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებამდე (05.08.2020წ.) პერიოდშიც კი მხარეთა შორის ოჯახური ცხოვრების აღდგენა არ მომხდარა. დადგენილია ისიც, რომ ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე იმყოფება საბერძნეთში.
19. კასატორს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია. ამასთან, სასამართლომ უკვე მიიღო ზომები მეუღლეთა შესარიგებლად და დაუნიშნა მათ ვადა, თუმცა, მას შედეგი არ მოჰყოლია. გამომდინარე აქედან, მართებულია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
20. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408.3 მუხლი: საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ.გ–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს მ.გ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 16 სექტემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე