Facebook Twitter

საქმე №ა-3965-შ-105-2023 10 აგვისტო, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ის (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ქ. დრამას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის, ქ. დრამას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) დ.დ–ისს (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.ა–ს (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) შორის, 2007 წლის 26 ივლისს, საქართველოში, თბილისში მერის წინაშე შემდგარი სამოქალაქო ქორწინება შეწყდა.

2. მოპასუხის წარმომადგენელმა მიხეილ ბაიდოშვილმა, 2023 წლის 24 ივლისს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს, განქორწინების თაობაზე, განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა.

7. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, ქ. დრამას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.დ–ისს და ნ.ა–ს შორის, 2007 წლის 26 ივლისს, საქართველოში, თბილისში მერის წინაშე შემდგარი სამოქალაქო ქორწინება შეწყდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ნ. ბაქაქური