Facebook Twitter

საქმე №ას-847-2023 14 აგვისტო, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ჯ.ლ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ლ–ძე, ნ.ს–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ჯ.ლ–ძის სარჩელი რ.ლ–ძისა და ნ.ს–ძის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომლითაც მოიხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

3. აღნიშნულ განჩნებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, აღნიშნულ კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, საჩივრის ავტორს 03 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითარი, რისთვისაც განესაზღვრა 03 დღიანი ვადა.

5. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 20 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც 391-ე და 414-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

12. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15.განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, საჩივრის ავტორს 03 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დამადასტურებელი დედანი ქვითარი, რისთვისაც განესაზღვრა 03 დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინების შინაარსი საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 20 ივლისს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 20 ივლისიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდი (2023 წლის 23 ივლისი იყო არასამუშაო დღე).

16. აღნიშნული ვადის განმავლობაში, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ხარვეზის შევსების შესახებ ან სხვა სახის შესაბამისი განცხადება, რაც ნიშნავს იმას, რომ მან გაუჩვა ხარვეზის შევსების ვადა, ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ლ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე