Facebook Twitter

საქმე №ას-595-2023 4 აგვისტო, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.გ–ძის კერძო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – სს „კ.ბ–ის“ სარჩელის გამო, ა.გ–ძისა და გ.დ–ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ა.გ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებაზე. წარმოდგენილ კერძო საჩივარს 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან განახლებული ამონაწერის და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით. ამავე პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით კი, კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით.

2023 წლის 2 აგვისტოს ა.გ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე კერძო საჩივრის გამოხმობის თაობაზე. ამასთან, სასამართლო მოხელესთან სატელეფონო საუბრისას, განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე (იხ. შეტყობინების აქტი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მოცემული მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. მხარის ანალოგიურ უფლებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო/კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, ა.გ–ძის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ა.გ–ძის კერძო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე