საქმე №ას-761-2023 4 აგვისტო, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.გ–ის კერძო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ა–ი ?-ის“ სარჩელის გამო, ა.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ა.გ–ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით ა.გ–ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადასი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩვრის წარმოდგენა. ამავე პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით კი, კერძ საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 (სამი) დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა ა.გ–ის წარმომადგენელ ე.პ–ძეს (იხ.რწმუნებულება ტ.1, ს.ფ.155-156) კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 19 ივლისს ჩაბარდა ნ.ც–ს გადასაცემად (პირადი #........).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 20 ივლისს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 22 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 22 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2023 წლის 24 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.გ–ის კერძო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 420-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.გ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე